Home Blog Page 1575

“სამთავროს სამონასტრო კომპლექსის საკონსერვაციო პროექტი სანიმუშოა”- ICOMOS

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით 2022 წელს მომზადებული, სამთავროს სამონასტრო კომპლექსის ახალი საკონსერვაციო პროექტი ICOMOS-ის (კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო საბჭო) მიერ დადებითად შეფასდა, – ამის შესახებ აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სააგენტოს განცხადებით, 2023 წლის მაისის ICOMOS-ის დასკვნაში ნათქვამია, რომ მოცემული პროექტი სანიმუშოა და მისი გამოყენება საქართველოს ქვის კონსერვატორებს სხვა ძეგლებზეც შეუძლიათ. კერძოდ, ICOMOS-ის შეფასებით, საკონსერვაციო პროექტი არის დეტალური კონსერვაციის გეგმა, რომელიც სიღრმისეული კვლევების შედეგად განსაკუთრებული პროფესიონალიზმით შემუშავდა.

„ICOMOS-ის შეფასებაში ნათქვამია, რომ საკონსერვაციო პროექტი, მაღალი დონის გამო, შეიძლება საქართველოში ქვის კონსერვატორებისთვის პროფესიული საქმიანობისას ნიმუშად და წანამძღვრად იყოს გამოყენებული.
პროექტი მოიცავს გარემო ფაქტორებისა და ეკლესიის ცოკოლის ქვაზე წარსულში განხორციელებული სამუშაოების უარყოფით შედეგებთან გამკლავებისთვის საჭირო კონკრეტულ მეთოდოლოგიურ ნაბიჯებს, რომლებიც აღნიშნული პროექტის ფარგლებში თანამედროვე კვლევებზე დაყრდნობით არის შემუშავებული.
კვლევები და პროექტირების სამუშაოები საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის, სამთავროს მონასტერში ვიზიტის შედეგად დაიწყო და 2022 წელს ჩატარდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ ამ მიზნით გამოყოფილი იქნა შესაბამისი ბიუჯეტი (47164 ლარი) და გამოცხადდა ტენდერი, რომელშიც გაიმარჯვა შპს-მ „ძველი გალავანი“.

მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის – „მცხეთის ისტორიული ძეგლების“ – ერთ-ერთი მთავარი კომპონენტის – სამთავროს მონასტრის ცოკოლის ქვის კონსერვაციისა და წმ. ნინოს ეკლესიის სარინელის გადაწყობის პროექტი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით, მიმდინარე წელს შემუშავდა. იგი მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტისა და მისი მრჩეველი ორგანოების რეკომენდაციების გათვალისწინებით არის შედგენილი. პროექტს ექსპერტიზა ჩაუტარდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საქართველოს მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს მიერ დადებითად შეფასდა.

მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად, მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მრჩეველი ორგანოების შეფასებისა და რეკომენდაციების მიღების მიზნით, აღნიშნული პროექტი მიმდინარე წლის მარტში მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრში გაიგზავნა. მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრიდან სახელმწიფომ ზემოაღწერილი დადებითი შეფასება მიიღო.

ამის გათვალისწინებით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სამთავროს სამონასტრო კომპლექსში საკონსერვაციო სამუშაოებს უახლოეს დღეებში დაიწყებს, რისთვისაც გამოყოფილია 175739,79 ლარი.

დეტალური გეგმის მიხედვით მცხეთის სამთავროს მონასტრის ცოკოლის ქვისა და წმ. ნინოს ეკლესიის სანიაღვრე სისტემის მოსაწყობად საკონსერვაციო სამუშაოები ბოლო ათწლეულების განმავლობაში პირველად განხორციელდება“, – აცხადებენ სააგენტოში.

მაათივე ცნობით, დაინტერესებულ პირებს ICOMOS-ის (კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო საბჭო) დასკვნა შეუზლიათ იხილონ https://cutt.ly/swgp4dAb

“ღრმად მწამს, რომ გონივრული, ნდობის აღდგენაზე ორიენტირებული სამშვიდობო პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ვახორციელებთ, თანამიმდევრულად გვაახლოებს მიზანთან”

31 წელი შესრულდა ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენის – აფხაზეთის ომის დაწყებიდან. გაუმართლებელმა დაპირისპირებამ ორივე მხრიდან მრავალი ჩვენი მოქალაქის – ჯარისკაცთა თუ მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეიწირა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, გონივრული, ნდობის აღდგენაზე ორიენტირებული სამშვიდობო პოლიტიკა, რომელსაც მმართველი გუნდი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ახორციელებს, თანამიმდევრულად გვაახლოებს მიზანთან.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აფხაზებთან და ოსებთან ერთად მშვიდობიანი, ძლიერი, განვითარებული სახელმწიფოს შენება საუკეთესო პერსპექტივაა.

„31 წელი შესრულდა ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენის – აფხაზეთის ომის დაწყებიდან.

გაუმართლებელმა დაპირისპირებამ ორივე მხრიდან მრავალი ჩვენი მოქალაქის – ჯარისკაცთა თუ მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეიწირა.

მთელ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს თითოეული მათგანის ნათელ ხსოვნას.

ტერიტორიული კონფლიქტები და მათი შედეგები – ჩვენი ძირძველი მიწების დროებითი ოკუპაცია, ასეულობით ათასი ადამიანის დევნილობა საკუთარ სამშობლოში, აფხაზებსა და ოსებთან ურთიერთობა – კვლავ რჩება ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების უმთავრეს გამოწვევად, რომელზე პასუხიც მხოლოდ მშვიდობის განუხრელი დაცვით, ნდობის აღდგენით, ქვეყნის საერთო და საყოველთაო განვითარებითაა შესაძლებელი.

აფხაზებთან და ოსებთან ერთად მშვიდობიანი, ძლიერი, განვითარებული სახელმწიფოს შენება საუკეთესო პერსპექტივაა ჩვენთვის, ყველასთვის, და ამდენად, ეს ყოველი ჩვენგანის საერთო საქმეა. ღრმად მწამს, რომ გონივრული, ნდობის აღდგენაზე ორიენტირებული სამშვიდობო პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ვახორციელებთ, თანამიმდევრულად გვაახლოებს ამ მიზანთან”,- აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

თიბისიმ ციფრულ კორპორაციულ სერვისებში Global Finance-ის 8 ჯილდო მიიღო

გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა ყოველწლიური შედეგები გამოაქვეყნა. 2023 წელს თიბისიმ, როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით, განსაკუთრებულ აღიარებას 18 ნომინაციაში მიაღწია.

თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის კორპორაციული ციფრული სერვისების განვითარება და დახვეწა პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოცემამ თიბისი 8 ნომინაციაში დააჯილდოვა წარმატებული ციფრული კორპორაციული ინიციატივებისთვის.

კომპანიები ნომინაციებში რამდენიმე კრიტერიუმით შეფასდნენ, როგორებიცაა: საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილება, სახაზინო სერვისები და სხვა.

„მოხარულები ვართ, რომ თიბისიმ რამდენიმე მიმართულებით მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. აღნიშნული ჯილდოები იმის დადასტურებაა, რომ თიბისი წარმატებით ასრულებს გაციფრულებისა და დისტანციური არხების განვითარების სტრატეგიას. როგორც ერთგული ფინანსური პარტნიორი, მხარს ვუჭერთ თითოეულ პარტნიორ კომპანიას, ბიზნესსა თუ ცალკეულ მომხმარებელს სწორედ იმ სერვისებით, რომლებმაც ეს მნიშვნელოვანი ჯილდოები მოგვაპოვებინა“, – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

ჟურნალი Global Finance 1987 წლიდან გამოდის და მას მსოფლიოს 190 ქვეყანაში კითხულობენ. გავლენიანი გამოცემა უკვე 35 წელია მსოფლიოში სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით საუკეთესო ბანკებს ასახელებს. საერთაშორისო ჟურნალი მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა და დიდი ნდობით სარგებლობს ფინანსურ წრეებში.

Global Finance რეგულარულად აჯილდოებს საუკეთესო შედეგების მქონე ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა მიმწოდებლებს. მსოფლიოს ფინანსური საზოგადოებისთვის კი, Global Finance-ის ჯილდოები საბანკო საქმიანობის შეფასების სანდო და ობიექტური სტანდარტია.

R

“შენ დაუკა “კალმოსანო”, ის იხდის და თქვენ უბერავთ!”- გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ეხმიანება გამომცემლობა „კალმოსანის“ დამფუძნებლის ხვიჩა ყალაბეგაშვილის ინიციატივას, კულტურის სამინისტროს გაუქმების თაობაზე:

„ერთი „კალმოსნის“ სახელოვნებო აზრი: უნდა შეიქმნას აბსოლუტურად (!) დამოუკიდებელი სტრუქტურა ლიტერატორების! სახელმწიფო მხოლოდ დამფინანსებელი უნდა იყოს!

შენ დაუკა „კალმოსანო“ – ის იხდის და თქვენ უბერავთ! თქვენს „ლიტერატურულ“ ოჯახში ბევრნი ხართ ასეთი ჭკვიანები?!“, – წერს ხაინდრავა.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოდესაზე რუსების სამი შეტევა მოიგერიეს, განადგურებულია 15 დრონი და 8 რაკეტა – ომის 537-ე დღე

რუსულმა ძალებმა წუხელ ოდესას სამჯერ შეუტიეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა შეტევა მოიგერიეს და 15 დრონი და “კალიბრის” ტიპის 8 რაკეტა ჩამოაგდეს, – ინფორმაციას უკრაინის სამხრეთის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

„მტერმა ღამით სამჯერ შეუტია ოდესის ოლქს, გამოიყენა დრონების ორი ტალღა, სულ 15 ცალი და “კალიბრის” ტიპის საზღვაო ბაზირების 8 რაკეტა. საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა შეტევა მოიგერიეს”, – აცხადებენ უკრაინის თავდაცვის ძალებში.

გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტების ჩამოგდების შედეგად, ნამსხვრევებით დაზიანდა ერთ-ერთი სასწავლო დაწესებულების საერთო საცხოვრებელი და სუპერმარკეტი, დაშავდა სამი ადამიანი. ასევე, აფეთქების ტალღის შედეგად რამდენიმე კორპუსს მინები და აივნები და ავტომიბილები დაზიანდა.

ღამის განმავლობაში საჰაერო განგაში იყო ზაპოიროჟიესა და ოდესაში. ოკუპანტების თავდასხმის შედეგად აფეთქება მოხდა ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ მელიტოპოლში. საჰაერო ძალები ოლქში ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის საფრთხეზეც მიუთითებდნენ.

აფეთქების ხმები ისმოდა ოდესაშიც. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რაკეტის ფრაგმენტების ჩამოვარდნის გამო ქალაქში რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა და შენობების ფანჯრები დაზიანდა. ამ დროისათვის ცნობილია სამი დაჭრილის შესახებ. განგაში იყო გამოცხადებულ კიევის, სუმის, პოლტავის, ხარკოვის, დონეცკის, ჩერკასის, დნეპროპეტროვსკის, ჩერნიგოვის, კიროვოგრადის, მიკოლაივისა და ხერსონის ოლქებშიც.

გრძელდება უკრაინის კონტრშეტევაც. გავრცელებული ცნობით, უკრაინულმა ძალებმა ორი მიმართულებით, დონეცკსა და ზაპოროჟიეში წინ წაწევა შეძლეს.

უკრაინულმა ძალებმა, 13 აგვისტოს, კონტრშეტევითი ოპერაციები ფრონტის სულ მცირე ორ სექტორზე ჩაატარეს და დონეცკის აღმოსავლეთით და ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთ ნაწილში წინ წაიწიეს, – ამის შესახებ ამერიკული “ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” ანგარიშშია აღნიშნული.

ინსტიტუტში აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციები ჩაატარეს ბერდიანსკის და მელიტოპოლის მიმართულებებით და ნაწილობრივ წარმატებას მიაღწიეს რობოტინოს რაიონში (ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთი ნაწილი, ორეხოვის სამხრეთით 13 კმ-ში).

“ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” ანგარიშის თანახმად, რამდენიმე რუსულმა წყარომ 12 აგვისტოს განაცხადა, რომ რუსული ჯარები დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქების საზღვარზე მდებარე უროჟაინედან გავიდნენ. თუმცა, 13 აგვისტოს ბევრმა რუსულმა წყარომ ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ რუსულ ჯარებს კვლავ ეკავათ უროჟაინის სამხრეთი ნაწილი. „რუსული ჯარები, სავარაუდოდ, კვლავ იკავებენ პოზიციებს დასახლების სამხრეთ ნაწილში“, – აცხადებენ ინსტიტუტის ანალიტიკოსები.

“ეს იყო შეცდომა, დანაშაული, ვის მიერ ინსპირირებული და რა მიზნით”-დავით ქართველიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი აფხაზეთის ომის დაწყების დღეს სოციალურ ქსელში ეხმაურება. ქართველიშვილის თქმით, უკანასკნელი 34 წლის განმავლობაში საქართველო თავისივე მოსახლეობას ისტორიის შესახებ აწვდის ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციებს, ან ნახევრადსიმართლეს, რის გამოც მივიღეთ ახალგაზრდა თაობა, რომელსაც მისი ქვეყნის ისტორიაზე ელემენტარული რეალური ინფორმაცია არ აქვს.

„საქართველოს უახლოეს ისტორიაში პირადად ჩემთვის არსებობს რვა საკრალური თარიღი, როდესაც ადგილი ჰქონდა ჩვენთვის საბედისწერო მოვლენების დასაბამს. დღემდე პასუხგაუცემელია უამრავი კითხვა, აქედან ძირითადია: ეს იყო შეცდომა, დანაშაული, ვის მიერ ინსპირირებული და რა მიზნით. აი ეს თარიღები:

1989 წლის 9 აპრილი

1989 წლის 23 ნოემბერი

1991 წლის 21 დეკემბერი

1992 წლის 14 აგვისტო

2003 წლის 23 ნოემბერი

2004 წლის 31 მაისი

2006 წლის 22 ივლისი

2008 წლის აგვისტო…

საქართველო უკანასკნელ 34 წელიწადს თავისივე მოსახლეობის უკვე მერამდენე თაობას საკუთარ ისტორიაზე აწვდის ან ურთიერთგამომრიცხავ, ან ნახევრადსამართლიან, ან სრულიად გამრუდებულ წარმოდგენებს. ტოტალურ სიცრუესთან გაიგივებულ ამ ვითარებაში მივიღეთ დღევანდელი რთული სახელმწიფოებრივი და ტერიტორიული მდგომარეობა.

მივიღეთ ახალგაზრდა თაობა, რომელსაც ვერ ვაწვდით ელემენტარულ რეალურ ინფორმაციას მათი ქვეყნის უახლოეს ისტორიაზე. ვერ შევქმენით ისტორიის ვერცერთი სახელმძღვანელო, სადაც გულწრფელობასთან მიახლოვებულ ფორმატში, ავსახავდით საკუთარი ქვეყნის საგმირო და სასირცხვილო საქმეებს. დღეს ერთ-ერთი ასეთი თარიღი გაგვითენდა და პასუხები კვლავ არ გაგვაჩნია“, – წერს ქართველიშვილი.

“უკრაინა ყველაზე დანაღმული ქვეყანაა – ერთ კვადრატულ კილომეტრზე 5-მდე ნაღმია”- ოლექსი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, კონტრშეტევის დროს უკრაინელი სამხედროები ზოგჯერ ერთ კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიაზე 5 რუსულ ნაღმს აწყდებიან.

„დღეს უკრაინა ყველაზე დანაღმული ქვეყანაა მსოფლიოში. ასობით კილომეტრი დანაღმული ველი, მილიონობით ასაფეთქებელი მოწყობილობა, ფრონტის ზოგიერთ სექტორში კვადრატულ მეტრზე ხუთი ნაღმია. რუსების მიერ დანაღმული ველები სერიოზული დაბრკოლებაა ჩვენი ჯარებისთვის, მაგრამ არა გადაულახავი. ჩვენ გვყავს კვალიფიციური მესანგრეები და გვაქვს თანამედროვე აღჭურვილობა, მაგრამ ეს უკიდურესად არასაკმარისია ფრონტისთვის, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთით და სამხრეთით ასობით კილომეტრზეა გადაჭიმული”, – აცხადებს ოლექსი რეზნიკოვი.

ამასთან, დნიპროს მეჩნიკოვის საავადმყოფოს მთავარი ექიმის, სერჰი რიჟენკოს განცხადებით, დღეში 50-დან 100-მდე ჯარისკაცს იღებს და მათი უმრავლესობის დაზიანებების მიზეზი არტილერიის შემდეგ ნაღმებია.

“არცერთი დღე არ გადის ისე, რომ რუსულმა ბოროტებამ ჩვენგან არ მიიღოს სამართლიანი პასუხი” -ზელენსკი

არცერთი დღე არ გადის ისე, რომ რუსულმა ბოროტებამ ჩვენგან არ მიიღოს სამართლიანი პასუხი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.

„დღეს რუსი დამპყრობლები სასტიკად დაესხნენ თავს ხერსონის რაიონს. არიან დაღუპულები და დაჭრილები. დაღუპულებს შორის არის 22 დღის გოგონა. დაღუპულია ბავშვის დედაც. ჩვენი მეომრები სამაგიეროს უხდიან ოკუპანტების ტერორს. არ გადის არცერთი დღე, რომ რუსულმა ბოროტებამ არ მიიღოს ჩვენი სრულიად სამართლიანი საპასუხო მოქმედება. ყველა განადგურებული ოკუპანტი, დამწვარი რუსული ტექნიკა, ცეცხლი მათ შტაბსა და საწყობებში, ქერჩის ხიდზე გაჩენილი კვამლი და სხვა – ეს ყველაფერი მოწმობს, რომ რუსეთის არცერთ დანაშაულს უპასუხოდ არ დავტოვებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა ყოველდღე უახლოვდება სამართლიანობის აღდგენასა და გამარჯვებას.

„ჩვენ ყოველთვის გვაქვს საბაბი, რისთვისაც მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს მეომრებს. უკრაინა უახლოვდება სამართლიანობას, უახლოვდება გამარჯვებას და რუსი მკვლელები ჩვენს მიწაზე უახლოვდებიან განადგურებას. მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია, შევქმნათ პირობები, რომ მთელი უკრაინა კვლავ გახდეს თავისუფალი და უსაფრთხო. რუსმა ტერორისტებმა მხოლოდ ერთი რამ უნდა იგრძნონ: ისინი განადგურდებიან“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინელი ხალხი უკიდურესად მამაცი და გაბედულია, მათ კარგად იციან, როგორ დაიცვან საკუთარი ქვეყანა. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც იბრძვის უკრაინისთვის.

“31 წელია, რაც ქართულ სახელმწიფოს მოწყვეტილი აქვს თავისი ძირძველი მიწა”- შალვა პაპუაშვილი

ვაგრძელებთ განვითარებას, რათა მალე მივაღწიოთ სანუკვარ მიზანს, აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად ვაშენოთ ერთიანი ძლიერი საქართველო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„31 წელია, რაც ქართულ სახელმწიფოს მოწყვეტილი აქვს თავისი ძირძველი მიწა. საქართველო აგრძელებს ბრძოლას საკუთარი თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად, თავისუფლებისა და წინსვლისთვის, ვაგრძელებთ განვითარებას, რათა მალე მივაღწიოთ სანუკვარ მიზანს – აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად ვაშენოთ ერთიანი ძლიერი საქართველო.

ოცდათერთმეტი წლის წინ დატრიალებული ტრაგედია არის ათასობით ადამიანის პირადი ტრაგედია, ქვეყნის თავს დამტყდარი უდიდესი განსაცდელი და ჩვენი სამშობლოს წინაშე დამდგარი უმძიმესი რეალობა, რომელსაც ვერასდროს შევეგუებით.

ჩვენი მიზანი უცხადესია – ვიაროთ იმ გზით, რომელიც ჩვენი ძმების გულებისკენ მიდის. მშვიდობით, სიყვარულითა და პატიებით შევძლოთ ჩვენი სამშობლოსთვის იარების მოშუშება, ერთად სიარული და ერთად შენება, კვლავინდებურად ლაღი და ღირსეული თანაცხოვრება. ეს არის დღეს ჩვენი მთავარი ეროვნული ამოცანა.

დარწმუნებული ვარ, ეს დღე აუცილებლად დადგება და 14 აგვისტო საქართველოს ისტორიის ფურცლად იქცევა, ჭკუის სასწავლებელ ფურცლად. ჩვენი ვალია, ეს ტრაგიკული ფურცელი გადავფურცლოთ, რათა მომავალ თაობებს აფხაზეთის ხსენებისას, ტკივილის ნაცვლად, გამარჯვებისა და აღმშენებლობის სიხარული ეუფლებოდეს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 31 წელი გავიდა.

მეტეორული წვიმა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ფოტოგრაფების ობიექტივებში-ფოტოები

გასულ ღამეს, დედამიწის პრაქტიკულად ყველა კუთხის ბინადარს მეტეორული წვიმის ნახვა შეეძლო. მეტეორული ნაკადი პერსევსის თანავარსკვლავედიდან მოძრაობს. ის წარმოიქმნება, როდესაც დედამიწა სვიფტ-ტუტლის კომეტის მტვრის ნაწილაკებში გადის.

მეტეორები წამში 60 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობენ და ატმოსფეროს ზედა ფენებს ეჯახებიან, დაახლოებით 80 კილომეტრის სიმაღლეზე.

შთამბეჭდავი ასტრონომიული მოვლენა ფოტოგრაფებმა დააფიქსირეს.

ჰავაიზე ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა

აშშ-ში, ჰავაის კუნძულ მაუიზე მასშტაბური ტყის ხანძრის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ BBC ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კუნძულზე ასობით ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. შტატის გუბერნატორის, ჯოშ გრინის განცხადებით, გარდაცვლილთა რიცხვი სავარაუდოდ მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ამ დროისთვის მეხანძრე-მაშველები მაუის დასავლეთით ტყის ხანძრის 80%-ს უკვე აკონტროლებენ და უსაფრთხოების მიზნით მოსახლეობის შემდგომი ევაკუაციის საჭიროება აღარ დგას.

კუნძულ მაუიზე ხანძარი 8 აგვისტოს გაჩნდა.

14 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

 

დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელია შეძენისა და მსხვილი კაპიტალდაბანდებისთვის. მოსალოდნელია დიდი ხნის ნანატრი ცნობა ან შეხვედრა პარტნიორთან, რაც თქვენს მიზანმიმართულ მოქმედებებს დააგვირგვინებს. დღის მეორე ნახევარში სრულად გამორიცხეთ კომერციული გარიგებები – პლანეტების არახელსაყრელმა განლაგებამ შეიძლება, ფინანსურად დაგაზარალოთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დროს ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ, რადგან სკანდალის ალბათობა საკმაოდ მაღალია.

 

კურო

 

ხელსაყრელი დღეა კუროებისთვის, რომლებსაც დამოუკიდებლად მოქმედება შეუძლიათ. მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი ან დაწყებული საქმის წარმატებით დასრულება. შესაძლოა, ვიღაცასთან საკუთარ ეჭვებზე და შთაბეჭდილებებზე საუბრის სურვილი გაგიჩნდეთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ეს უამრავ პრობლემას მოგიტანთ.

 

ტყუპები

 

ეცადეთ, მოქმედების გეგმა გონივრულად შეადგინოთ და საქმეს მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგეთ. ამ შემთხვევაში წარმატება გარანტირებული გაქვთ. თუ საქმიან შეხვედრას გეგმავთ, გირჩევთ, ეს დღის პირველ ნახევარში გააკეთოთ, რადგან საღამოს ნეგატიურმა ტენდენციებმა შესაძლოა, ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელი შეგიშალოთ. ხელსაყრელი დღეა ძვირად ღირებული შენაძენისთვის. ერიდეთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. წინდახედულებას თუ გამოიჩენთ, ყველა პრობლემას გადალახავთ.

 

კირჩხიბი

 

ამ დღეს ახალი იდეები გეწვევათ, რომელთა განხორციელება კმაყოფილებას მოგანიჭებთ. ხელმძღვანელობა თქვენს წინადადებებს მოიწონებს, ამიტომ დაწყებული საქმე წარმატებით დასრულდება.

 

ლომი

 

ხელსაყრელი დღეა ფულის დაგროვების, დაწყებული საქმის დასრულებისა და მიზნის მიღწევისთვის. ეცადეთ, წვრილმან პრობლემებზე დრო არ დაკარგოთ. გაითვალისწინეთ, რომ უმიზნო გართობა და უსარგებლო დროსტარება თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე არახელსაყრელად აისახება. დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია ცნობა, რომელსაც დიდი ხანია, ელით ან პარტნიორთან შეხვედრა, რომელიც დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. შესაძლოა, ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ.

 

ქალწული

 

ბოლოდროინდელმა წამოწყებამ ან იდეებმა შეიძლება, სწრაფი და სოლიდური შემოსავალი მოგიტანოთ. მოსალოდნელია სასიხარულო ცნობა, რომელსაც დიდი ხანია, ელით ან პარტნიორთან შეხვედრა, რაც დაწყებული საქმის წარმატებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას მეტი დრო დაუთმოთ.

 

სასწორი

 

ამ დღეს სხვადასხვა საქმიან ოპერაციაში წარმატებას მიაღწევთ. უარს ნუ იტყვით საქმიან წინადადებაზე, რომელიც სამუშაო ადგილის ან მოღვაწეობის სფეროს შეცვლას უკავშირდება. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ახლობელ ადამიანთან ან ნათესავთან შეხვედრა. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს. ცხოვრება გაფრთხილებას გიგზავნით.

 

მორიელი

 

საშიში დღეა, რომელიც ტრამვებს და ავადმყოფობას უკავშირდება. ფრთხილად იყავით, მოსალოდნელია ნერვული სტრესი. თავი შეიკავეთ, რამაც შეიძლება ორგანიზმი დაგიზიანოთ. განსაკუთრებით, სპირტიან სასმელებს, ნიკოტინს, ნერვიულობას და ფიზიკურ დატვირთვას ერიდეთ. სექსუალური კონტაქტები არასასურველია.

 

მშვილდოსანი

 

ამ დღეს ფინანსური წარუმატებლობა ან პროფესიულ საქმიანობაში სერიოზული სირთულეები გელით. შესაძლოა, მომავლის გეგმებში კორექტივების შეტანა და დამატებითი ვალდებულებების აღება მოგიწიოთ. მეგობრებისა და ახლობელი ადამიანების გამოცდილება ძალიან დაგეხმარებათ.

 

თხის რქა

 

თქვენმა ბოლოდროინდელმა იდეებმა შეიძლება სწრაფი და სოლიდური შემოსავალი მოგიტანოთ. თუ პროფესიულ საქმიანობაში საკუთარ ინტუიციას ენდობით, საქმიანი მოლაპარაკებები იმაზე შედეგიანად დასრულდება და იმაზე დიდ შემოსავალს მოგიტანთ, ვიდრე ელოდით. უფლება არ მისცეთ ეჭვებს, რომ ახლობელ ადამიანთან ურთიერთობა გაგირთულოთ.

 

მერწყული

 

ხელსაყრელი დღეა საკუთარი მდგომარეობის შეფასებისა და სამომავლო გეგმების შედგენისთვის. მოსალოდნელია მოვლენების თქვენს საზიანოდ შემობრუნება. თუ პრინციპულობას გამოიჩენთ და უკან არ დაიხევთ, შესაძლოა, საქმიან თუ პირად ცხოვრებაში შესანიშნავ შედეგებს მიაღწიოთ. დღის მეორე ნახევარი მთლიანად პროფილაქტიკურ და გამაჯანსაღებელ პროცედურებს უნდა დაუთმოთ. ბავშვებსა და ხანდაზმულ ადამიანებში მოსალოდნელია ინფექციური დაავადება. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრეთელობაზე.

 

თევზები

 

კარგი დღეა სამომავლო გეგმების შესადგენად და საკუთარი პოზიციების შესაფასებლად. შესაძლოა, სრულიად მოულოდნელად, მოვლენები თქვენს სასიკეთოდ განვითარდეს. ამ დღეს პროვოკაციებს არ აჰყვეთ და საკუთარი ემოციები მაქსიმალურად აკონტროლეთ. მარტოხელა თევზებს საინტერესო ნაცნობობა ელით.