უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოდესაზე რუსების სამი შეტევა მოიგერიეს, განადგურებულია 15 დრონი და 8 რაკეტა – ომის 537-ე დღე

51
spot_img

რუსულმა ძალებმა წუხელ ოდესას სამჯერ შეუტიეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა შეტევა მოიგერიეს და 15 დრონი და “კალიბრის” ტიპის 8 რაკეტა ჩამოაგდეს, – ინფორმაციას უკრაინის სამხრეთის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

„მტერმა ღამით სამჯერ შეუტია ოდესის ოლქს, გამოიყენა დრონების ორი ტალღა, სულ 15 ცალი და “კალიბრის” ტიპის საზღვაო ბაზირების 8 რაკეტა. საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა შეტევა მოიგერიეს”, – აცხადებენ უკრაინის თავდაცვის ძალებში.

გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტების ჩამოგდების შედეგად, ნამსხვრევებით დაზიანდა ერთ-ერთი სასწავლო დაწესებულების საერთო საცხოვრებელი და სუპერმარკეტი, დაშავდა სამი ადამიანი. ასევე, აფეთქების ტალღის შედეგად რამდენიმე კორპუსს მინები და აივნები და ავტომიბილები დაზიანდა.

ღამის განმავლობაში საჰაერო განგაში იყო ზაპოიროჟიესა და ოდესაში. ოკუპანტების თავდასხმის შედეგად აფეთქება მოხდა ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ მელიტოპოლში. საჰაერო ძალები ოლქში ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის საფრთხეზეც მიუთითებდნენ.

აფეთქების ხმები ისმოდა ოდესაშიც. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რაკეტის ფრაგმენტების ჩამოვარდნის გამო ქალაქში რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა და შენობების ფანჯრები დაზიანდა. ამ დროისათვის ცნობილია სამი დაჭრილის შესახებ. განგაში იყო გამოცხადებულ კიევის, სუმის, პოლტავის, ხარკოვის, დონეცკის, ჩერკასის, დნეპროპეტროვსკის, ჩერნიგოვის, კიროვოგრადის, მიკოლაივისა და ხერსონის ოლქებშიც.

გრძელდება უკრაინის კონტრშეტევაც. გავრცელებული ცნობით, უკრაინულმა ძალებმა ორი მიმართულებით, დონეცკსა და ზაპოროჟიეში წინ წაწევა შეძლეს.

უკრაინულმა ძალებმა, 13 აგვისტოს, კონტრშეტევითი ოპერაციები ფრონტის სულ მცირე ორ სექტორზე ჩაატარეს და დონეცკის აღმოსავლეთით და ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთ ნაწილში წინ წაიწიეს, – ამის შესახებ ამერიკული “ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” ანგარიშშია აღნიშნული.

ინსტიტუტში აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციები ჩაატარეს ბერდიანსკის და მელიტოპოლის მიმართულებებით და ნაწილობრივ წარმატებას მიაღწიეს რობოტინოს რაიონში (ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთი ნაწილი, ორეხოვის სამხრეთით 13 კმ-ში).

“ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” ანგარიშის თანახმად, რამდენიმე რუსულმა წყარომ 12 აგვისტოს განაცხადა, რომ რუსული ჯარები დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქების საზღვარზე მდებარე უროჟაინედან გავიდნენ. თუმცა, 13 აგვისტოს ბევრმა რუსულმა წყარომ ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ რუსულ ჯარებს კვლავ ეკავათ უროჟაინის სამხრეთი ნაწილი. „რუსული ჯარები, სავარაუდოდ, კვლავ იკავებენ პოზიციებს დასახლების სამხრეთ ნაწილში“, – აცხადებენ ინსტიტუტის ანალიტიკოსები.