Home Blog Page 1574

,,ეს კაცი ვერ გაიცნეს, საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის ”- მდინარაძე

მოგებული პროცესების მიუხედავად, დე ფაქტო სანქცია დაუწესეს ბიძინა ივანიშვილს და სანქციები ემუქრებაო, გვაშინებენ ყოველდღე. ეს კაცი ვერ გაიცნეს, რომ ფულით კი არა, საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე

სამშობლოსთვის 2011 -12 წლებში და ახლა, ასეთ კაცს რომ აშინებ 2 მილიარდი გაგიჩერეო და ვერ ხვდები, ეს ერთი მხარეა, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ რუსთავი 2-ის გადაცემაში “ღამის კურიერი” განაცხადა. მისი თქმით, როდესაც მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს ეხება საქმე, საქართველოს ხელისუფლება მეგობრულთან ერთად, მომთხოვნიც არის, ოპონენტები კი ცდილობენ, რომ ეს რუსულ ნარატივად წარმოაჩინონ.  “დე ფაქტო სანქციები დაადეს [ბიძინა ივანიშვილს] და  ახლა ვინღა უნდა დაასანქცირონ ან რითი უნდა დაასანქცირონ ისეთით, რომ გული გაუხეთქონ ვინმეს. მაგრამ, როცა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს ეხება, ჩვენ მომთხოვნებიც ვართ მათ მიმართ, მეგობრულებიც და ამას მერე ვიღაც დაიჩემებს და რუსულად გასაღებას შეეცდება.  წეღანაც ვთქვით, ამერიკული კანონი გაუსაღეს საზოგადოების ნაწილს რუსულად და შეიძლება ესეც კი შეძლონ. მაგრამ ჩვენ, ყველა შემთხვევაში, საკუთარი სიტყვა უნდა ვთქვათ და მართლები უნდა ვიყოთ საკუთარი ქვეყნის, საკუთარი საზოგადოების წინაშე და ხვალ რომ სხვა მოქალაქე დაასანქცირონ, ქართული სახელმწიფო ამ ყველაფერს უნდა შეხვდეს მზად.” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

,,სააკაშვილი, როგორც ლიდერი დასრულებულია”- არჩილ თალაკვაძე

შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილი, როგორც ლიდერი დასრულებულია, – ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, ექსპრეზიდენტმა აჩვენა, რომ არ არის ლიდერი და თავისი თანაპარტიელებისგან განსხვავებით, ორი თვეც ვერ შეძლო პატიმრობაში ყოფნა.

„მისმა პარტიამ ეს დაინახა, რომ სინამდვილეში ეს ადამიანი, მათი ლიდერი, რომლებზეც ლეგენდები დადიოდა, რომ თითქოს იყო ყველაზე მამაცი, თითქოს მტერს შიშველი ხელით ხვდებოდა და ტანკებს წინ უდგებოდა და ა.შ. არ არის ლიდერი.შეიძლება ყველაზე სუსტიც არის იმ პოლიტიკოსებს შორის, რომლებიც პასუხისგებაში მიეცნენ დანაშაულებზე, რომლებსაც პოლიტიკურად სააკაშვილი ხელმძღვანელობდა. მას ჩამოართვეს ლიდერობა და მისი მემკვიდრეობის გადანაწილებას, ვხედავთ, რომ მთავრდება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

,,აბსურდი და მარაზმია პრეზიდენტის მხრიდან რაღაც ჩახვეული ლოგიკით ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის არ ჩამორთმევა”-ბოკერია

აბსურდი და მარაზმია პრეზიდენტის მხრიდან რაღაც ჩახვეული ლოგიკით ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის არ ჩამორთმევა , – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მედიასთან განაცხადა.

გიგა ბოკერიას თქმით, ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას არა ოპოზიცია, არამედ კანონი ითხოვს და ეს ჯერ კიდევ ერთი წლის წინ უნდა გაკეთებულიყო.

„სანამ გვყავს რეჟიმი, რომლის სახეც არის ფარცხალაძე, გამარჯვებაზე ვერ იქნება საუბარი, ჩვენი გამარჯვება იქნება, როცა გვეყოლება პროდასავლური და პრო ქართული, ნორმალური ხელისუფლება, ტერიტორიულ მთლიანობას აღვადგენთ და ნატო-ს წევრი გავხდებით, რუსების ჯარს გავყრით აქედან, ნორმალური ქვეყანა გავხდეთ. ესაა გამარჯვება. ფარცხალაძეს თუ მოქალაქეობას შეუწყვეტ, ეს რა გამარჯვებაა?

ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას ოპოზიცია კი არ ითხოვს, კანონი ითხოვს და ეს უნდა მომხდარიყო ახლა კი არა ერთი წლის წინ. ამიტომაა აბსურდი და მარაზმი რაღაც ჩახვეული ლოგიკით პრეზიდენტის მხრიდან ამის არ გაკეთება. ახსნები და მარაზმში შეყოლა ივანიშვილის რეჟიმთან, არის კატასტროფა და დამაბნეველ ვითარებას იწვევს.

ყველაზე უფრო მთავარი არის ის, რომ ფარცხალაძე წარმოადგენს ჩვენს ხელისუფლებას. მას ხელს აფარებდნენ ეროვნული ბანკის ბრძანებულებით, აქამდე არც კი იძიებდნენ, როცა ეს კაცი ჩვენს მტრებთან დადიოდა მოსკოვში. ახლა საკუთარ თავს ხომ არ დასჯიან? საკუთარ შვილს ხომ არ მოაჭრის თავს, როგორც ერთ ცნობილ ანიმაციურ ფილმშია? ეს არის უბედურება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ნიკოლ ფაშინიანსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფაშინიანმა და მაკრონმა მთიან ყარაბაღში არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობა და მთიანი ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სიტუაცია განიხილეს.

მხარეებმა ასევე განიხილეს სომხეთ-საფრანგეთის ორმხრივი დღის წესრიგის საკითხები.

28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს ადამიანების განწყობა ისე კარგად გრძნობთ, რომ შეგიძლიათ თქვენ გარშემო შექმნილი ფსიქოლოგიური გარემო შეცვალოთ. წარსულში მომხდარი შემთხვევის გამო შეიძლება ოჯახურ ურთიერთობებში პრობლემები წარმოიქმნას და კრიტიკის მოსმენაც კი მოგიწიოთ. გირჩევთ, ამ საკითხის განხილვა სამომავლოდ გადადოთ.

კურო

ამ დღეს ნებისმიერ უთანხმოებას უნდა ერიდოთ. ახლა ცვლილებებისა და ექსპერიმენტებისთვის არახელსაყრელი დროა, ამიტომ გირჩევთ, კარგად გამოცდილი ხერხები გამოიყენოთ და ახალ საქმეს ერიდოთ. უმჯობესია ეს დღე სახლში, მშვიდად გაატაროთ.

ტყუპები

მოემზადეთ ფინანსური ან მატერიალური საკითხების განხილვის ან ამ საკითხებთან დაკავშირებულ დისკუსიებში მონაწილეობისთვის. პირად ურთიერთობებშიც ეცადეთ, მეტი მოთმინება და დიპლომატიური უნარები გამოიჩინოთ და დაპირისპირების ნაცვლად, შეთანხმებას მიაღწიოთ. გირჩევთ, განწყობის გასაუმჯობესებლად რამე გემრიელი მიირთვათ.

კირჩხიბი

ამ დღეს რთული და უსიამოვნო საკითხების განხილვას თავიდან ვერ აიცილებთ, ამიტომ ეცადეთ, პრობლემა დროულად მოაგვაროთ. გირჩევთ, ოჯახთან და, საჭიროების შემთხვევაში, ადვოკატებთან საუბარი სამომავლოდ არ გადადოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში სიტუაცია მხოლოდ გაუარესდება. საყვარელი გატაცება სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.

ლომი

თუ შესაძლებელია, ყველა მივლინება და საქმიანი მოლაპარაკება სამომავლოდ გადადეთ და ეს დღე მარტოობასა და სიჩუმეში გაატარეთ. უმჯობესია, აქტივობა შეამციროთ და მეტი ყურადღება მიაქციოთ იმას, რაც გარშემო ხდება. ამ დღეს ახალი ნაცნობობა, პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ, ამიტომ გირჩევთ საღამო სახლში გაატაროთ.

ქალწული

ამ დღეს ყველაზე მეტად გარშემო მყოფებთან ურთიერთობა და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა გიჭირთ. თუ შესაძლებელია, ასეთი საქმიანობა სხვა დროისთვის გადაიტანეთ, დღეს კი ინდივიდუალურად იმუშავეთ. რჩევა პირად ურთიერთობებსაც ეხება. საღამოს საყვარელ ადამიანებთან ან მეგობრებთან საუბარი შესაძლოა კამათში გადაიზარდოს, ამიტომ ეცადეთ, ნაკლები ილაპარაკოთ.

სასწორი

შინაგანად მოემზადეთ იმისთვის, რომ დღეს კრიტიკის მოსმენა მოგიწევთ. უმჯობესია შეხვედრები, მოლაპარაკებები ან მნიშვნელოვანი დოკუმენტების ხელმოწერა სხვა დროისთვის გადადოთ. შესაძლოა, ამ დღეზე წარსულის ნეგატიურმა მოვლენებმა იქონიოს გავლენა.

მორიელი

თუ გსურთ, რომ პოზიტიური განწყობა და ოპტიმიზმი შეინარჩუნოთ, უპირატესობა მხოლოდ საკუთარ სურვილებს უნდა მიანიჭოთ. სამეცნიერო სფეროში მომუშავე მორიელებს წარუმატებელი პერიოდი აქვთ, თუმცა ზოგმა შეიძლება მოულოდნელი შემოსავალი მიიღოს.

მშვილდოსანი

ემოციურად რთული დღეა. ვარსკვლავები გირჩევენ, ბნელი ფიქრები თავიდან მოიცილოთ და ოპტიმისტურად განეწყოთ. რთული და უსიამოვნო საუბარი გელით, რომელსაც თავიდან ვერ აიცილებთ. სტრესის ალკოჰოლით ან ტკბილეულით მოხსნას ნუ ეცდებით. ამის ნაცვლად, სპორტულ დარბაზში უნდა წახვიდეთ ან სუფთა ჰაერზე მაინც ისეირნოთ.

თხის რქა

შესაძლოა, თავშეკავებამ გიმტყუნოთ და ის თქვათ, რასაც მოგვიანებით ინანებთ. ზოგადად, ამ დღეს ძალიან კრიტიკულად ხართ განწყობილი და არავის აზრს არ ითვალისწინებთ. ამ მიზეზით, ჯობს მოლაპარაკებები სხვა დროისთვის გადადოთ და შეხვედრები გააუქმოთ. საღამოს ემოციური ფონი შემცირდება და ურთიერთობა გაგიადვილდებათ.

მერწყული

დილიდან უხასიათოდ ხართ, ამიტომ ეცადეთ მენეჯმენტს არ შეხვდეთ და საქმიანი მოლაპარაკებები არ აწარმოოთ, რომ ზედმეტი არაფერი თქვათ. ფრთხილად იყავით – გამორიცხული არ არის ქრონიკული დაავადებების გამწვავება.

თევზები

ამ დღეს ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან, მაგრამ თუ ყველა საქმის ერთდროულად კეთების ჩვევას არ მოიშლით, საეჭვოა, წარმატებას მიაღწიოთ. სასურველ შედეგს მხოლოდ კარგად გააზრებული, თანმიმდევრული ქმედებები მოგიტანთ. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ ცოტა მოდუნდეთ და დაისვენოთ.

,,მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში 53 ათასზე მეტი ადამიანი ჩავიდა”-  სომხური მედია 

მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში 27 სექტემბრის მდგომარეობით 53 629 ეთნიკურად სომეხი ლტოლვილი ჩავიდა. ამის შესახებ სომხური მედია სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერზე დაყრდნობით იტყობინება.

ინფორმაციისთვის, მთიან ყარაბაღში 120 000 სომეხი ცხოვრობდა.

სომხეთის მთავრობა მთიანი ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულ ყველა მოქალაქეს აძლევს საცხოვრებელს, ვისაც საცხოვრებელი ადგილი არ აქვს. იძულებით გადაადგილებულმა ზოგიერთმა ადამიანმა ნათესავებთან ან მეგობრებთან სომხეთში დარჩენა არჩია.

რაც შეეხება აზერბაიჯანულ მხარეს, აზერბაიჯანის ხელისუფლების განცხადებით, მთიან ყარაბაღში, ქალაქ ხანკენდში ეთნიკურად აზერბაიჯანელების დაბრუნების გეგმებს განიხილავენ.

,,ჩვენი გაერთიანების ერთადერთი გასაღები არის მშვიდობა, განვითარება, ერთმანეთის პატიება და შერიგება”- მდინარაძე

უკვე მთელმა მსოფლიომ და განსაკუთებით რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენმა აფხაზმა  და ოსმა დებმა, ძმებმა იციან, რომ ერთადერთი გასაღები ჩვენი გაერთიანების არის გრძელვადიანი მშვიდობა, განვითარება, ერთმანეთის პატიება და შერიგება, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით საუბრისას რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს გაერთიანების გზაზე მთავარი გზავნილი მშვიდობა, პატიება და შერიგება უნდა იყოს და აღნიშნულ გეზს არც იმ ძალებმა უნდა გადაუხვიონ, ვინც მომავალში ხელისუფლებაში მოვა. “ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ როდესაც ხელისუფლებაში აღარ ვიქნებით, ამის შემდეგაც ისეთი ხელისუფალი ჰყავდეს საქართველოს, სხვა გზაზე არ იფიქროს. არა ომზე და ათასგვარ მავნებლობაზე, რაც დღეს გვესმის შეფარვით და “ჩაფენილი” მესიჯებით, არამედ საქართველომ საბოლოოდ გადაწყვიტა და ეს ასე უნდა გაგრძელდეს: მთავარი გზავნილი ამ ქვეყნის გაერთიანების გზაზე უნდა იყოს შერიგება, ურთიერთპატიება, გრძელვადიანი მშვიდობა და განვითარება.” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

,,ქვეყნის გარეთ, რომ გავიდა პრეზიდენტი, შედეგი რა იყო? ”- მდინარაძე

კონსტიტუციის დარღვევა პრეზიდენტის მხრიდან ფორმალური და სამართლებრივი თვალსაზრისით სახეზეა, ქვეყნის გარეთ რომ გავიდა პრეზიდენტი, შედეგი რა იყო?, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

„ოპოზიცია უბრალოდ გადადის მორალურ მხარეზე, სადაც უნდათ რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანენ, მაგრამ ვერ მოხდება ასე, რადგანაც როდესაც საქართველოს პრეზიდენტი, რომლის კომპეტენციის ფარგლებშიც საგარეო ურთიერთობები არ შედის და მიდის, რომ წარმოადგინოს საქართველო მის ფარგლებს გარეთ – ეს არის დარღვევა, თუკი ამას თან არ ახლავს მთავრობის თანხმობა. ცალსახაა ეს და კონსტიტუციაში წერია იმგვარად, რომ ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა. ქვეყნის გარეთ რომ გავიდა პრეზიდენტი, შედეგი რა იყო? წავიდა პრეზიდენტი შეხვდა ლატვიის მხარეს, ამის შემდეგ გამოვიდა ლატვიის პრეზიდენტი და მიგვითითა, რომ შევუერთდეთ სანქციებს. სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის შემდეგ, რომელიმემ თქვა საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ჩვენ მხარს დავუჭერთო?! პირიქით, გზავნილები მოვისმინეთ, რომ მიუერთდით, დააწესეთ სანქციებიო, ეს იყო მისი შეხვედრების შედეგი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მთიან ყარაბაღში ეთნიკურად აზერბაიჯანელების დაბრუნების გეგმებს განიხილავენ – APA 

აზერბაიჯანის ხელისუფლების განცხადებით, მთიან ყარაბაღში, ქალაქ ხანკენდში ეთნიკურად აზერბაიჯანელების დაბრუნების გეგმებს განიხილავენ. ამის შესახებ აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო APA იუწყება.

„აზერბაიჯანის ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელი როვშან რზაევი შეხვდა აზერბაიჯანელების ჯგუფს, რომლებიც „32 წინ ქალაქ ხანკენდიდან იძულებით გადაადგილებული გახდნენ“, – ნათქვამია მოხსენებაში.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ არსებულ ვითარებაში დიდი დაბრუნება მალე შეეხება ხანკენდის აზერბაიჯანულ მოსახლეობას, რომლებიც იძულებით გადაადგილებული არიან.

27 სექტემბრის შუადღისთვის მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში 47 ათასზე მეტი ეთნიკურად სომეხი ჩავიდა.

,, ნიკა მელიას ვეღარ ვხედავ „ნაციონალურ მოძრაობაში“”- დეკანოიძე

ხატია დეკანოიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, მელია არ გამორიცხავს, რომ „სხვა პლატფორმიდან“ მოუწიოს ბრძოლა.

დეკანოიძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულმა პრობლემებმა, ბევრს არ მისცა საქმიანობის საშუალება, რის გამოც, ამ პარტიაში ვერც ნიკა მელიას ხედავს.

„მე ვერ გეტყვით როგორი იქნება ნიკას გადაწყვეტილება. პირადად მე თუ მკითხავთ, მე მას ვეღარ ვხედავ „ნაციონალურ მოძრაობაში“, იმიტომ რომ იმ პრობლემებმა, რომელიც არის ამ პარტიაში, სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს არ მოგვცა საშუალება, რომ ამ პარტიაში გაგვეგრძელებინა საქმიანობა. ეს გადაწყვეტილება ოპოზიციური ფრონტის გაძლიერებას უნდა ემსახურებოდეს და არა – დასუსტებას“, – განაცხადა დეკანოიძემ.

თბილისში, ავარიული შენობის კედელი ჩამოინგრა

თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე ავარიული შენობის კედელი ჩამოინგრა. შემთხვევა 3 ნომერში, ცოტა ხნის წინ მოხდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ წუთებში, ნანგრევებისგან ტერიტორიას ასუფთავებენ.

უკრაინასთან ომის შედეგების მიუხედავად, რუსეთის ეკონომიკა გაიზრდება – Euronews

მიუხედავად უკრაინის ომისა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) შეფასებით, რუსეთის ეკონომიკა 1,5%-იან ზრდას დაინახავს. წინა პროგნოზით ნავარაუდევი იყო, რომ ის მსგავსი მაჩვენებლით შემცირდებოდა, თუმცა რუსეთის ეკონომიკა დასავლეთის სანქციების ფონზე ბევრად უფრო გამძლეა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ამის შესახებ Euronews წერს.

„ჩვენი ბოლო პროგნოზების დროს, ჩვენ ველოდით, რომ სანქციები, განსაკუთრებით ნავთობის ფასების შეზღუდვა, უფრო ეფექტური იქნებოდა რუსეთის აქტივობის შეზღუდვისთვის… მოსკოვის სახელმწიფო ხაზინა გაძლიერდა. ისევ იმაზე მეტად, ვიდრე მოსალოდნელი იყო“, – აღნიშნულია EBRD-ის განცხადებაში.

ამასთან აღნიშნულია, რომ რუსეთში მშპ-ის მაჩვენებლები – ეკონომიკური ჯანმრთელობის საზომი, რომელიც ქვეყნის მიერ წარმოებული საქონლისა და მომსახურების მთლიან ღირებულებას ასახავს – მეორე კვარტალში ასევე მაღალი იყო.