Home Blog Page 1572

“რუმინეთი, ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, დღეს „უკრაინის ცივ მეზობლად“ ითვლება“ – უცხოური პრესა

ევროპის ქვეყნების დამოკიდებულება რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ სხვადასხვანაირია. იმ დროს როცა დასავლეთი ევროპა კიევს სრულ სოლიდარობას უცხადებს, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიდგომები (იმის მიუხედავად, რომ ისინი ნატოსა და ევროკავშირის წევრები არიან) კიევ-მოსკოვის სამხედრო კონფლიქტისადმი ერთმანეთისაგან განსხვავდებიან. ეს მომენტი ისტორიული მიზეზებით აიხსნება: აღმოსავლეთ ევროპას კარგად ახსოვს თავისი დაკარგული მიწები, რომლებიც ჟამთა სიავის გამო უკრაინის საზღვრებში აღმოჩნდნენ, – ნათქვამია იაპონურ გაზეთ „ტოკიო შიმბუნში“ (Tōkyō Shinbun//東京新聞) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „რუმინეთი, ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, დღეს „უკრაინის ცივ მეზობლად“ ითვლება“ (ავტორი – იუძი კონაინაგი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

უკრაინის ზოგიერთი აღმოსავლეთევროპელი მეზობლის პოზიცია კიევის მიმართ მხარდაჭერისა და დახმარების გაწევის საკითხში ერთმანეთისაგან არსებითად განსხვავდება. ეს დაკავშირებულია ისტორიული მომენტებით – საბჭოთა პერიოდში უკრაინამ მიიღო ის, რაც მისმა დასავლელმა მეზობლებმა დაკარგეს. ეს განსაკუთრებით პოლონეთს, რუმინეთს და უნგრეთს. თუმცა, რასაკვირველია, ასევე განსხვავდება თითოეულის წინამძღვრები და თავისებურებები.

მოდით, განვიხილოთ რუმინეთთან დაკავშირებული მომენტები: რატომ აქვს ბუქარესტს შერეული და წინააღმდეგობრივი გრძნობები უკრაინის მიმართ.

„ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელებს აწამებს“

რუმინეთი ევროკავშირის და ნატოს წევრ სახელმწიფოს წარმოადგენს. ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში – ბუკოვინაში მდებარე ძველი ქალაქი სუჩავა უკრაინის საზღვრისგან სულ ახლოს მდებარეობს და ბევრი ლტოლვილი ომს თავს სწორედ აქ აფარებს. თუმცა, საინტერესოა, რომ ქალაქის ქუჩებში არ ჩანს არც პლაკატები და არც ლოზუნგები უკრაინის მხარდასაჭერად, არ ფრიალებს უკრაინის დროშები. ასეთი სიტუაცია კონტრასტულია ბალტიისპირა ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც ასევე აღმოსავლეთ ევროპაში მდებარეობენ და ძლიერ პროუკრაინულ (და ანტირუსულ) განწყობას გამოხატავენ.

„ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მარიონეტს წარმოადგენს. იგი თავის ხალხს აწამებს და იარაღის მათხოვრად არის გადაქცეული“, – ამბობს ჩემთან საუბარში 58 წლის ფლორიანი, რომელიც ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობების კომპანიაში მუშაობს და თავის აზრებს მიზიარებს. იგი თავისუფლად ლაპარაკობს ინგლისურად, ხოლო მისი შვილები ელიტურ გარემოში ცხოვრობენ და სწავლობენ – ჩრდილოეთ ევროპაში. და მაინც ფლორიანი მხარს არ უჭერს უკრაინისადმი გაწეულ დასავლეთის მხარდაჭერას.

ვის ეკუთვნოდა ბუკოვინა?

სუჩავაში ყოფნისას რაც თვალში აუცილებლად გეცემა, ეს არის საინფორმაციო პლაკატები – „რუმინელისთვის მხოლოდ ერთი ბუკოვინა არსებობს“. ამჟამად ბუკოვინის ისტორიულ-ეთნიკური მხარე ორადაა გაყოფილი – მისი ერთი ნაწილი რუმინეთში მდებარეობს, ცენტრით ქალაქ სუჩავაში, ხოლო მეორე – დასავლეთ უკრაინაში, ცენტრით ქალაქ ჩერნოვცში, თუმცა ოდითგანვე ბოკუვინა ერთ კულტურულ არეალს წარმოადგენდა.

ამ მთიანი ადგილი მმართველები პერმანენტულად სხვადასხვა უფრო ძლიერ მფლობელებს ემორჩილებოდნენ – იყო დროს, როცა ბუკოვინა ძველ სლავურ სახელმწიფოს – კიევის რუსეთის შემადგენლობაში შედიოდა, შემდეგ მოლდოვას სამთავროში, ოსმალეთისა და ავსტრია-უნგრეთის იმპერიაშიც. 1918 წელს შევიდა ახლად შექმნილ რუმინეთის სახელმწიფოში.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, საბჭოთა კავშირ-გერმანიის პაქტის საფუძველზე, ბუკოვინის ჩრდილოეთი ნაწილი უკრაინის სსრ-ს შეუერთდა. საბჭოთა კავშირმა მიიღო რუმინეთის კიდევ ერთი მხარე – ბესარაბია (დღევანდელი მოლდოვის დიდი ნაწილი) და იმიერკარპატისპირეთი, რომელსაც უნგრეთი თავისად თვლის. მეორე მსოფლიო ომის დროს რუმინეთი გარკვეული პერიოდით ფაშისტურ გერმანიის მომხრე იყო – ბუქარესტს ტერიტორიების დაბრუნების იმედი ჰქონდა, მაგრამ იმედი გაუცრუვდა: გერმანია დამარცხდა და მოკავშირეებმა (აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საბჭოთა კავშირმა), იალტის კონფერენციაზე, საბჭოთა კავშირის (ანუ უკრაინის სსრ-ის) საზღვრები რუმინეთთან მიმართებით უცვლელად დატოვეს. სსრკ-ის დაშლის შემდეგ კი ჩრდილოეთი ბუკოვინა უკრაინის რესპუბლიკის შემადგენლობაში დარჩა. ფლორიანი დარდობს: „აი, ამ მიზეზებით ისტორიულად ერთიანი ბუკოვინა ორად იქნა გაყოფილი“.

სუჩავასთან ახლოს მდებარე მე-15 საუკუნეში აგებულ მონასტერში კარგად მოჩანს ფრესკები და მათზე არსებული გერმანული წარწერები. საქმე ისაა, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისამდე ბუკოვინის გარკვეული ნაწილი გერმანულენოვანი იყო, რომელიც ავსტრია-უნგრეთის იმპერიის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. ეს მონასტერიც ამას ადასტურებს. სხვათა შორის, ცნობილი გერმანელი პოეტი (ებრაული წარმოშობით) ჩერნოვცელი იყო.

რუსეთ-უკრაინის ომის ექო ბუკოვინაში

ახლა, როცა ბუკოვინის ისტორიაზე ვწერ, ალბათ, ზოგიერთებს ვლადიმერ პუტინის ნათქვამი გაახსენდება, რომელიც მან ომის დაწყების წინ გააჟღერა: „დღევანდელი უკრაინა საბჭოთა კავშირის მიერ ხელოვნურად იქნა შექმნილიო“, რითაც მან ხელი შეუწყო აღმოსავლეთ ევროპის მეორე მსოფლიოს შემდგომ არსებული წესრიგის შეცვლას.

დღევანდელ საერთაშორისო საზოგადოებაში ხაზგასმულია პრინციპი „უკრაინის მთლიანობა და განუყოფლობა“, მაგრამ ბუქარესტი უკმაყოფილოა იმით, რომ ევროკავშირი ყურადღებას არ აქცევს საზღვრების სამართლიან გადაწყვეტის საკითხს აღმოსავლეთ ევროპაში. შესაბამისად, რუმინეთი გაღიზიანებულია უკრაინის ამბიციებით, რომელსაც, ბუქარესტის აზრით (არაოფიციალურად), ბუკოვინა უსამართლოდ აქვს დაკავებული. რუმინეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტყრის ანდრეი მაგრამ გასული წლის სექტემბერში საჯაროდ განაცხადა, რომ „უკრაინის საზღვრები არაბუნებრივია“: მისი აზრით, „ისტორიული სიმართლისა და საერთაშორისო სამართლის თანახმად, უკრაინამ იმიერკარპატეთი უნგრეთს უნდა დაუთმოს, გალიცია – პოლონეთს, ბუკოვინა – რუმინეთს, დონბასი და ყირიმი კი – რუსეთს“.

ბევრი დამკვირვებლისა და ექსპერტის მიერ არის შენიშნული, რომ რუმინეთის მთავრობა უკრაინას უფრო ნაკლებად უჭერს მხარს, ვიდრე დასავლეთევროპული ქვეყნები. ამერიკული რადიოსადგური „თავისუფალი ევროპა // თავისუფლება“ კი, რომელსაც აშშ-ის კონგრესი აფინანსებს, რუმინეთს „უკრაინის გულცივ მეზობლად“ მოიხსენიებს…

როგორც უკვე ვახსენეთ ზემოთ, უკრაინის დასავლეთ ოლქში – იმიერკარპატეთში (ცენტრი – უჟგოროდი) ბევრი უნგრელი ცხოვრობს. შესაბამისად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ხშირად აცხადებს თანამემამულეთა მხარდაჭერის ლოზუნგებს, კიევის ხელისუფლება კი პერმანენტულ შეშფოთებას გამოხატავს ასეთი „შტატგარეშე“ სიტუაციების გამო.

წყარო

ჰიმალაის მთებში მეწყერს 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ინდოეთში, ჰიმალაის მთებში მეწყერს, სულ მცირე, 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ჰიმალაის მთებში კოკისპირულმა წვიმამ მეწყერი გამოიწვია, დაღუპულია, სულ მცირე, 18 ადამიანი, ათეულობით კი დაკარგულად ითვლება.

„ბოლო 48 საათის განმავლობაში უწყვეტი ნალექის გამო, ინდოეთს ტრაგედია დაატყდა თავს“, – განაცხადა შტატის მინისტრმა, სუხვინდერ სინგმა.

როგორც მედია წერს, შტატის დედაქალაქში, შიმლაში ტაძარი ჩამოინგრა, საიდანაც, სულ მცირე, ცხრა ცხედარი ამოიყვანეს.

ქალაქში დაიხურა სკოლები და სხვა საგანმანათლებლო ინსტიტუტები. მოსახლეობის ნაწილი გადაყვანილია თავშესაფარში.

“როდესაც 11 წელი ვერტმფრენზე ლაპარაკობ, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას ხელისუფლება არა ჰყავს”

როგორ ბედავენ, როგორც ჰყოფნით თავხედობა, რატომ არიან ამდენად უზნეოები, რომ ვერეს ტრაგედიის შემდეგ კვლავ თავის გამართლებასა და ასე უტიფრად ლაპარაკს ბედავენ – როდესაც 11 წელი ვერტმფრენზე ლაპარაკობ, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას ხელისუფლება არა ჰყავს, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის “ევროოპტიმისტების” ხელმძღვანელმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძის თქმით, საქართველოში ლამის ყოველ მეორე ჩინოვნიკს ემსახურება პერსონალური მანქანა თავისი მძღოლით, საწვავითა და სხვა უამრავი ხარჯით, 11 წლის განმავლობაში კი, სამაშველო დანიშნულების ვერტმფრენი ვერ შეიძინეს.

მისივე შეფასებით, მმართველ გუნდს ფულის ხალხის გადასარჩენ საქმეში დახარჯვა ენანება, რადგან თანხები საკუთარი კორუფციული და კლანური მიზნებისთვის აქვთ გადასანაწილებელი.

“შოვის სტიქიასთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა აუცილებელია, რადგან ეს რიგითი შემთხვევა არ არის. მოხდა უდიდესი ტრაგედია და თუ ამ ტრაგედიის შემდეგ კვლავ გაბედავენ დაარღვევენ კონსტიტუციას და სხვადასხვა მანიპულაციის გზით საგამოძიებო კომისიის შექმნას ჩაშლიან, ეს დაამტკიცებს, რომ იმ კატასტროფულ შედეგში დამნაშავეა ხელისუფლება. ეს იქნება არამხოლოდ პოლიტიკურად გაუმართლებელი და უკანონო ქმედება, არამედ უზნეო ნაბიჯი, ეს იქნება ჭირისუფლების ნების გაუთვალისწინებლობა, რომლებიც მომხდარ უბედურებასთან დაკავშირებით ობიექტურ დასკვნას ელიან. “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში არც ერთ გახმაურებულ საქმეზე პროკურატურას ობიექტური გამოძიება არ წარუმართავს.

ისეთ შემთხვევაში, როცა სტიქიის თავიდან აცილება შეუძლებელია, შესაძლებელია მსხვერპლის თავიდან აცილება – რომ ყოფილიყო წინასწარი გაფრთხილების მექანიზმები, მონიტორინგი, სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით დაკვირვება, ადამიანების გადარჩენა 10-15 წუთის საქმე იქნებოდა.

11 წელი გავიდა და ისევ ვერტმფრენებზე ვლაპარაკობთ – რიგში ვდგავართ და ვერტმფრენი 2024 წელს იქნებაო. ვის გაუგია რიგი საბაზრო ეკონომიკაში და თუ რაღაცაზეა რიგი და ეს სპეციალური აღჭურვის აპარატია, რატომ არ დაიჭირეს რიგი აქამდე?!” – განაცხადა დეპუტატმა რომან გოცირიძემ.

“ვახტანგ გომელაური არის წარმატებული მინისტრი, ოჯახური პრობლემებისგან დაზღვეული კი არავინ არის”- კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ ჩავიდა შინაგან საქმეთა მინისტრი სტიქიის ადგილზე რამდენიმე დღის დაგვიანებით, უპასუხა, რომ  ვახტანგ გომელაური არის წარმატებული მინისტრი და ოჯახური პრობლემებისგან დაზღვეული არავინ არის.

„ვახტანგ გომელაურს რაც შეეხება, ის არის წარმატებული მინისტრი და მინდა, მას წარმატებები ვუსურვო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ოჯახური ტრაგედიისგან, პრობლემებისგან, სირთულეებისგან არავინ არ ვართ დაზღვეული. ყველას მინდა გისურვოთ მშვიდობა, ჯანმრთელობა და ყოველივე კარგი. მათ  შორის, ვახტანგ გომელაურს და მის ოჯახს მინდა, ჯანმრთელობა ვუსურვო“, – განაცხადა თბილისის მერმა.

დედაქალაქის მერმა შოვში მომხდარი სტიქიის მასშტაბებზე, ასევე, სახელმწიფოს მხრიდან რეაგირების ღონისძიებებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ   ამინდისა და ადგილზე არსებული პირობების გათვალისწინებით, ვერტმფრენებით ყველაფერი გაკეთდა.

„გულდასაწყვეტია, როდესაც ამხელა ტრაგედიის ფონზე, მიზანმიმართული სპეკულაციები ხდება. იცით, რამხელა უბედურება დაატყდა ჩვენს ქვეყანას თავს, რაჭის რეგიონს, რამდენი ადამიანი გარდაიცვალა, დღესაც მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. რაც შეეხება ღამის ხედვას, მე არ ვარ დარგის სპეციალისტი და შეიძლება უხერხული იყოს ჩემგან ამაზე საუბარი, თუმცა, ვისაც ხელი მიუწვდება ინტერნეტზე, შეუძლია, ნახოს ღამის ხედვის სისტემა, თუ როგორ მუშაობს. რა თქმა უნდა, შეუძლებელია ყველანაირ პირობებში აღნიშნული სისტემის გამოყენება. მთავარი და  მნიშვნელოვანი არის ამინდი. ღამის ხედვის სისტემაზე როცა ვსაუბრობთ, ხაზი უნდა გავუსვათ დრონებს, რომლებიც შესაბამის სამსახურებს გააჩნიათ. ვერტმფრენები შესყიდულია და 2024 წლიდან უკვე  დაიწყება მათი შემოყვანა.

შეიძლება ტელევიზიით არ ჩანს ტრაგედიის ის მასშტაბები, თუ რაზეა საუბარი, რა უბედურება მოხდა და სტიქიამ რა მასა და ღვარცოფი ჩამოიტანა. ვერტმფრენებმა სტიქიის ადგილზე, გასაკეთებელი გააკეთეს – 200-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს სამშვიდობოს. დღეს უკვე სხვა ტიპის სამუშაოები მიმდინარეობს, ჩართულია მძიმე ტექნიკა და ყველა გადაადგილება, თუნდაც მძიმე ტექნიკის, მაშველების თანდასწრებით მიმდინარეობს. ხდება შესაბამისი არეალების მოხაზვა და განსაზღვრა, სად რა ფორმით იმუშაონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პოლონეთში რუსეთის მოქალაქეები ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

პოლონეთის შინაგანი უსაფრთხოების სააგენტომ რუსეთის ორი მოქალაქე დააკავა, რომლებიც კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” პროპაგანდისტულ მასალებს ავრცელებდნენ, – ამის შესახებ პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი მარიუშ კამინსკი “ტვიტერზე” წერს.

„შიდა უსაფრთხოების სააგენტომ და პოლიციამ დააკავა ორი რუსი, რომლებიც „ვაგნერის“ ჯგუფის პროპაგანდისტულ მასალებს ​კრაკოვსა და ვარშავაში ავრცელებდნენ“, – წერს მინისტრი.

მისი თქმით, დაკავებულებს ბრალი ჯაშუშობის მუხლით წაუყენეს.

“სტიქიის დროს გაერთიანების ნაცვლად ვხედავთ სპეკულაციებს, სიცრუის კამპანიას” – კახა კალაძე

არ აქვს მნიშვნელობა ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს. გაერთიანების ნაცვლად ვხედავთ სპეკულაციებს, სიცრუის კამპანიას, მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაციის გავრცელებას იმისთვის, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, ვიღაც ცდილობს, ამ ყველაფერზე პოლიტიკური ქულები დაიწეროს,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, გულდასაწყვეტია, როდესაც ამხელა ტრაგედიის ფონზე მიზანმიმართული სპეკულაციები ისმის.

„ვიცით, რამხელა უბედურება დაატყდა თავს ჩვენს ქვეყანას, კონკრეტულად, რაჭას, უამრავი ადამიანია გარდაცვლილი და დღესაც მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. რაც შეეხება ღამის ხედვას, არ ვარ დარგის სპეციალისტი, თუმცა, მარტივად რომ მოვიძიოთ ინფორმაცია ინტერნეტით, ნებისმიერს შეგიძლიათ ნახოთ, როგორ მუშაობს ღამის ხედვის სისტემა, რა თქმა უნდა, შეუძლებელია ყველანაირ პირობებში აღნიშნული სისტემის გამოყენება. თუ გაქვს ღამის ხედვის სისტემა, ეს არ ნიშნავს, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება გამოიყენოს ვერტმფრენმა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამინდი. ხაზი მინდა გავუსვა, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ღამის ხედვის ტექნოლოგიაზე, ეს არის დრონი, რომელიც ჩვენ შესაბამის სამსახურებს გააჩნია. იცით, რომ ვერტმფრენები შესყიდულია, 2024 წლიდან დაიწყება მათი შემოტანა.

ძალიან ცუდია, როდესაც ვსაუბრობთ ტრაგედიების, სტიქიების პოლიტიკურად გამოყენებასა და სპეკულაციაზე, ეს დამაზიანებელია. პირადად მე და ჩემი ოჯახი აღმოვჩნდით ამ სპეკულაციების დარტყმის ქვეშ. გახსოვთ, კამპანია ჰქონდათ, თითქოს, აღნიშნული ვერტმფრენები, რომელიც სამაშველო სამუშაოებს ახორციელებს შოვში ჩამოვიდა და ჩემი ბავშვები გაიყვანა, ხალხი კი მოატოვა. სიბინძურე წამოვიდა ბოლო დღეების განმავლობაში და არ ვიცი ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდებოდა თუ არა. ძალიან მძიმეა, როდესაც ასეთი ფაქტები ფიქსირდება. სტიქიის, ტრაგედიების დროს, როდესაც ამხელა უბედურება დაატყდა ქვეყანას, მგონია, რომ ყველა უნდა გავერთიანდეთ. არ აქვს მნიშვნელობა ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს. გაერთიანების ნაცვლად ვხედავთ სპეკულაციებს, სიცრუის კამპანიას, მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაციის გავრცელებას იმისთვის, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, ვიღაც ცდილობს, რომ ამ ყველაფერზე პოლიტიკური ქულები დაიწეროს”,-აღნიშნა კალაძემ.

“საუბარი, რომ ვიღაც სამი საათი ებრძოდა სტიქიას, არის წარმოუდგენელი ტყუილი”-ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არის უამრავი სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა მეტი ადამიანის გადარჩენა, რაც, მისი თქმით, მძიმე სპეკულაციაა.

სტიქია იყო მყისიერი და, სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, გადარჩენის შანსი, უბრალოდ, არ ჰქონდათ. საუბარი, რომ ვიღაც სამი საათი ებრძოდა სტიქიას, წარმოუდგენელი ტყუილია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ცენტრალურ ოფისში, ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ტერიტორია სრულად იყო დათვალიერებული, დრონების საშუალებით ყველა ოპერაციის ჩატარება შესაძლებელი იყო.

„ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ კიდევ ერთხელ განვმარტავ, რაშია საქმე. არსებობს დრონები, რომლებიც აქვს სამაშველო სამსახურს, ასევე ვერტმფრენები. როდესაც საუბარია ვერტმფრენებზე ღამის ხედვის საშუალებით, აქ საუბარი არ არის მაინცდამაინც პროჟექტორებზე. არის სპეციალური აპარატურა, რომელიც დამონტაჟებულია ვერტმფრენში და იძლევა უბრალოდ ობიექტების იდენტიფიცირების საშუალებას, ეს არის და ეს. ზუსტად იმავეს გაკეთება, ბუნებრივია, შეუძლია დრონს. ვერტმფრენი თავისი ღამის ხედვის აპარატურით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც საჭიროა იდენტიფიცირება და ამ იდენტიფიცირებული ობიექტის ლოკაციიდან მყისიერად გამოყვანა.

გამომდინარე იქიდან, რომ ტერიტორია სრულად იყო დათვალიერებული მანამდეც, დრონების საშუალებით ყველა ოპერაციის ჩატარება იყო შესაძლებელი და ვერტმფრენების ჩართვას უბრალოდ არ ჰქონდა დამატებითი, რაციონალური საშუალება. ეს არის ის, რაც განმარტა შს მინისტრმა.

მანამდე, შეგახსენებთ, საღამოს 20:00 საათისთვის იყო საშუალება, სრულად დათვალიერებულიყო როგორც ღვარცოფის მასის არეალი, ასევე დამატებით გარშემო სივრცეც, როგორიც არის ტყის მასივი და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ამაზე საუბრობდა შს მინისტრი, რომ ყველა რესურსი იყო გამოყენებული. ყველაფერი, რისი იდენტიფიცირებაც იყო შესაძლებელი, მოხდა ყველაფრის იდენტიფიცირება, ამიტომ აღარ იყო საჭირო რაიმე დამატებითი რესურსის ჩართვა. რომ ყოფილიყო, მაგალითად, ვერტმფრენები ღამის ხედვის აპარატურით, თუნდაც მეზობელი ქვეყნებიდან შეიძლებოდა ამის მობილიზება, მაგრამ ამის საჭიროება, არსებული ვითარების სპეციფიკის გათვალისწინებით, უბრალოდ არ არსებობდა.

ასევე იყო სპეკულაციები. არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ თითქოს ერთ-ერთი ბავშვი სამი საათი ებრძოდა ღვარცოფს, რაც არის წარმოუდგენელი ტყუილი. უბრალოდ შეუძლებელია, ასე განვითარებულიყო იქ პროცესები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სტიქია იყო მყისიერი და, სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, გადარჩენის შანსი უბრალოდ არ ჰქონდათ. საუბარი, რომ ვიღაც სამი საათი ებრძოდა სტიქიას, არის წარმოუდგენელი ტყუილი“, – განაცხადა კობახიძემ.

“ჩემი თანამდებობის დატოვებას წყვეტს პრემიერ-მინისტრი, პარტია, გუნდი, ამაზე საუბარი არ ყოფილა” – ვახტანგ გომელაური

ჩემი თანამდებობის დატოვებას წყვეტს პრემიერ-მინისტრი, პარტია, გუნდი, ამაზე საუბარი არ ყოფილა,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

გომელაურს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, განიხილება თუ არა მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი.

„ჩემი თანამდებობის დატოვებას წყვეტს პრემიერ-მინისტრი, პარტია, გუნდი. არაფერი განიხილება. დაახლოებით ცხრა წელია, რაც თანამდევობაზე ვარ. ერთი 100-ჯერ მაინც ვარ ოპოზიციის გადაყენებული. როგორც გადაწყვეტს გუნდი, ბატონი პრემიერი, ისე იქნება. ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, არ ყოფილა“,- განაცხადა გომელაურმა.

“ვფიქრობ, შევძლებთ, რომ დავიბრუნოთ ერთმანეთი” – კახა კალაძე აფხაზეთზე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ემსახურება.

ამის შესახებ მან 31 წლის წინ, აფხაზეთის ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

„ძალიან მძიმე დღეა საქართველოს ისტორიაში, როდესაც დაიწყო ომი და დავკარგეთ ტერიტორიები; გვყავს უამრავი გარდაცვლილი ადამიანი – მშვიდობიანი მოსახლეობა და ჯარისკაცები; მივიღეთ ლტოლვილად ქცეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. ერთი რამ მინდა ვთქვა: ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას, „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ აქვს აღებული, მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ერთმანეთი დავიბრუნოთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება ქვეყნის განვითარებით, გონიერებითა და ეკონომიკური წინსვლით უნდა მოხდეს.

„დღეს ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ კონსტიტუციაში პირველი, რაც გვიწერია, სწორედ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. ეს ყველაფერი კი უნდა გავაკეთოთ არა ომით და შუღლით, არამედ განვითარებით, გონიერებით, განათლებით, ეკონომიკური წინსვლით. ვფიქრობ, შევძლებთ, რომ დავიბრუნოთ ერთმანეთი“, – განაცხადა თბილისის მერმა.

“თუ შოვის სტიქიის დროს ვერტმფრენების გამოყენება საჭირო არ იყო, მაშინ რატომ ვყიდულობთ სამაშველო ვერტმფრენებს?!” – სერგო ჩიხლაძე

თუ შოვის სტიქიის დროს ვერტმფრენების გამოყენება საჭირო არ იყო, მაშინ რატომ ვყიდულობთ საერთოდ სამაშველო ვერტმფრენებს?! – ხელისუფლების მხრიდან კეთდება არა მხოლოდ არაკომპეტენტური, არამედ ადამიანობისგან შორს მდგომი განცხადებები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” წარმომადგენელმა სერგო ჩიხლაძემ განუცხადა.

ამ კონტექსტში ჩიხლაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და როგორც აღნიშნა, საგამოძიებო კომისიას გამჭვირვალობის მეტი ატრიბუტი აქვს, გააჩნია მაღალი ლეგიტიმაცია და სანდოობა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნების” პოზიციის გათვალისწინებით, დიდი ალბათობით პარლამენტში საგამოძიებო კომისია ვერ შეიქმნება.

“არა თუ კითხვებზე პასუხების გაცემა, ლეგიტიმური კითხვების დასმაც კი აღიზიანებთ, რადგან მხოლოდ კითხვებიც კი აშიშვლებს მათ ბრალეულობას, რომ სათანადოდ მომზადებული არ იყვნენ, ადამიანებს დროული, ეფექტური დახმარება არ აღმოუჩინეს. გამოჩნდა, რომ სისტემის ყველა რგოლი ჩამოშლილია და ერთმანეთთან კოორდინაციაში არ იმყოფება.

ნებისმიერი გაიდლაინის მიხედვით, კრიტიკულია პირველი 5-8 საათი. როდესაც ღამის ხედვის საშუალებას პირველ ღამეს არ იყენებ, მეორე და მესამე ღამეს მის გამოყენებას რა ლოგიკა აქვს?! – თუ პირველ ღამეს მისი გამოყენების საჭიროება არ არის, მომდევნო ღამეს ადამიანების აღმოჩენის მეტი შანსია?! ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ამბობს, რომ გვქონდა ვერტმფრენები და არ გამოვიყენეთ, ვიღაც ამბობს, რომ მათ ჩამოყვანას ერთი წელი სჭირდება, ზოგი ამბობს, რომ საერთოდ არ გვყავს და საჭირო არც ყოფილა – ეს არის არა მხოლოდ არაკომპეტენტური, არამედ ადამიანობისგან შორს მდგომი განცხადებები”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

“სტიქიის ზონაში ყველაფერს ვაკეთებთ, რაც არის ადამიანისა და ტექნიკის შესაძლებლობების ფარგლებში, მუშაობა არ წყდება”

ინტენსიურად გრძელდება და მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები, გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა ოპერატიული თათბირი, მინისტრი ატარებდა, სადაც მივიღეთ მინისტრისგან დავალებები, რა კონკრეტულ ღონისძიებებზე უნდა გადავიტანოთ აქცენტები, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ასევე მიმდინარეობს ამბროლაურამდე 18 სექტორად დაყოფილ რიონის კალაპოტში საძიებო სამუშაოები.

„დღეს ნანახია „ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილი, რომელშიც, ჩვენი ინფორმაციით იმყოფებოდა სამი ადამიანი. ამ დროისთვის კონკრეტულ ლოკაციებზე მიდის სამუშაოები. ასევე, მინდა, დავამატო, რომ სტიქიის ეპიცენტრის ძირითადი ნაწილი გადამუშავებულია, შემოწმებულია, დარჩენილია დაახლოებით 25%-26%, რომელსაც ვფიქრობთ, რომ ორი დღის განმავლობაში სრულად გადავამოწმებთ. ამის შემდეგ გვაქვს გარკვეული მოსაზრებები ანალიზის საფუძველზე და მოგვიანებით მოგახსენებთ. არავითარ შემთხვევაში მუშაობა არ წყდება, იმ დრომდე, ვიდრე იარსებებს, თუნდაც მცირე თეორიული შანსი. აქ ვართ, ვმუშაობთ და ვაკეთებთ ყველაფერს, რაც არის ადამიანისა და ტექნიკის შესაძლებლობების ფარგლებში“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

“ვერავინ შეცვლის ამ სახლის ფუნქციას და ვერც ვერავინ იგრძნობს შინაურულად თავს!”- ლევან თაქთაქიშვილი

“ვინც შუბლის ძარღვზე დაღონდება, ხომ კარგი, მარა ვინც საქმის აღძვრას მოითხოვს ქურდობაზე? მათი სახელი ლეგიონია! ო, რა საშინელებაა ეს კასტა!”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი წერს.

“ბიჭო, თავად-აზნაურობას ჩამოართვეს საუკუნეების განმავლობაში განპირობებული მამულები, ყველაფერი სახელმწიფოსიაო! შეეგუენ კეთილშობილები, ვინც არა და … სარაჯიშვილის სახლიც ხოშტარიას წაართვეს, დიახ, ჩამოართვეს! მერე იყო და პავლე იაშვილი და ტიციან ტაბიძე მივიდნენ ორჯონიკიძესთან – სარაჯიშვილის ყოფილი სახლი, ხოშტარიას რომ წაართვით, მწერალთა კავშირს მიეცითო. მისცა სერგომ ეს სახლი არა შეხვედრებისათვის, არამედ სათაგურად!

დაამწყვდიეს ყველა მწერალი, დაუნიშნეს უფროსად უღმერთო სილიბისტრო თოდრია და მიხვდა ბატონი პავლე, მიხვდა, მარა გვიან იყო! ხო, და მოიკლა თავი! პრაქტიკაა ასეთი თურმე: კაცი თავს იკლავს იმ ადგილას, რაც ყველაზე მეტად მოსწონს!

არასოდეს არ გამხდარა ეს შენობა არავისი! ასეა სულ!

ასე იქნება მარად!

ვერავინ შეცვლის ამ სახლის ფუნქციას და ვერც ვერავინ იგრძნობს შინაურულად თავს! ან როგორ უნდა იგრძნოს, მანდ რაც ცოდვები დატრიალებულა, იხილეთ ჟურნალი მნათობი 1932-1937 წლები, ბოლოს მწერალთა სახლში ჩატარებული ხსდომების სტენოგრაფიული ანგარიშებით!

ასეა ეს!

ქალბატონ ქეთი დუმბაძეს ვულოცავ ამ სახლის ხელმძღვანელობას! იქნებ მან მოახერხოს და ერთად მოუყაროს თავი ამ განხეთქილებაში მყოფ მწერლობას! მხოლოდ ის თუ შეძლებს ასეთი ჩატეხილი ხიდის აღდგენას! რთული მისიაა! შესაძლებელი კი არის ეს?“, – წერს ლევან თაქთაქიშვილი.

საქართველოს მწერალთა სახლს 2023 წლის 4 სექტემბრიდან ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს.

https://www.facebook.com/levan.taktakishvili/posts/pfbid02sq7KVuTNXuHXqMrzY3BLPbF2Vpo9vZmK3M5aYM5ojoe1J9b4GNWEWPzTyLV7gKESl