“როდესაც 11 წელი ვერტმფრენზე ლაპარაკობ, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას ხელისუფლება არა ჰყავს”

64
spot_img

როგორ ბედავენ, როგორც ჰყოფნით თავხედობა, რატომ არიან ამდენად უზნეოები, რომ ვერეს ტრაგედიის შემდეგ კვლავ თავის გამართლებასა და ასე უტიფრად ლაპარაკს ბედავენ – როდესაც 11 წელი ვერტმფრენზე ლაპარაკობ, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას ხელისუფლება არა ჰყავს, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის “ევროოპტიმისტების” ხელმძღვანელმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძის თქმით, საქართველოში ლამის ყოველ მეორე ჩინოვნიკს ემსახურება პერსონალური მანქანა თავისი მძღოლით, საწვავითა და სხვა უამრავი ხარჯით, 11 წლის განმავლობაში კი, სამაშველო დანიშნულების ვერტმფრენი ვერ შეიძინეს.

მისივე შეფასებით, მმართველ გუნდს ფულის ხალხის გადასარჩენ საქმეში დახარჯვა ენანება, რადგან თანხები საკუთარი კორუფციული და კლანური მიზნებისთვის აქვთ გადასანაწილებელი.

“შოვის სტიქიასთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა აუცილებელია, რადგან ეს რიგითი შემთხვევა არ არის. მოხდა უდიდესი ტრაგედია და თუ ამ ტრაგედიის შემდეგ კვლავ გაბედავენ დაარღვევენ კონსტიტუციას და სხვადასხვა მანიპულაციის გზით საგამოძიებო კომისიის შექმნას ჩაშლიან, ეს დაამტკიცებს, რომ იმ კატასტროფულ შედეგში დამნაშავეა ხელისუფლება. ეს იქნება არამხოლოდ პოლიტიკურად გაუმართლებელი და უკანონო ქმედება, არამედ უზნეო ნაბიჯი, ეს იქნება ჭირისუფლების ნების გაუთვალისწინებლობა, რომლებიც მომხდარ უბედურებასთან დაკავშირებით ობიექტურ დასკვნას ელიან. “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში არც ერთ გახმაურებულ საქმეზე პროკურატურას ობიექტური გამოძიება არ წარუმართავს.

ისეთ შემთხვევაში, როცა სტიქიის თავიდან აცილება შეუძლებელია, შესაძლებელია მსხვერპლის თავიდან აცილება – რომ ყოფილიყო წინასწარი გაფრთხილების მექანიზმები, მონიტორინგი, სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით დაკვირვება, ადამიანების გადარჩენა 10-15 წუთის საქმე იქნებოდა.

11 წელი გავიდა და ისევ ვერტმფრენებზე ვლაპარაკობთ – რიგში ვდგავართ და ვერტმფრენი 2024 წელს იქნებაო. ვის გაუგია რიგი საბაზრო ეკონომიკაში და თუ რაღაცაზეა რიგი და ეს სპეციალური აღჭურვის აპარატია, რატომ არ დაიჭირეს რიგი აქამდე?!” – განაცხადა დეპუტატმა რომან გოცირიძემ.