“სტიქიის დროს გაერთიანების ნაცვლად ვხედავთ სპეკულაციებს, სიცრუის კამპანიას” – კახა კალაძე

57
spot_img

არ აქვს მნიშვნელობა ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს. გაერთიანების ნაცვლად ვხედავთ სპეკულაციებს, სიცრუის კამპანიას, მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაციის გავრცელებას იმისთვის, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, ვიღაც ცდილობს, ამ ყველაფერზე პოლიტიკური ქულები დაიწეროს,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, გულდასაწყვეტია, როდესაც ამხელა ტრაგედიის ფონზე მიზანმიმართული სპეკულაციები ისმის.

„ვიცით, რამხელა უბედურება დაატყდა თავს ჩვენს ქვეყანას, კონკრეტულად, რაჭას, უამრავი ადამიანია გარდაცვლილი და დღესაც მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. რაც შეეხება ღამის ხედვას, არ ვარ დარგის სპეციალისტი, თუმცა, მარტივად რომ მოვიძიოთ ინფორმაცია ინტერნეტით, ნებისმიერს შეგიძლიათ ნახოთ, როგორ მუშაობს ღამის ხედვის სისტემა, რა თქმა უნდა, შეუძლებელია ყველანაირ პირობებში აღნიშნული სისტემის გამოყენება. თუ გაქვს ღამის ხედვის სისტემა, ეს არ ნიშნავს, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება გამოიყენოს ვერტმფრენმა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამინდი. ხაზი მინდა გავუსვა, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ღამის ხედვის ტექნოლოგიაზე, ეს არის დრონი, რომელიც ჩვენ შესაბამის სამსახურებს გააჩნია. იცით, რომ ვერტმფრენები შესყიდულია, 2024 წლიდან დაიწყება მათი შემოტანა.

ძალიან ცუდია, როდესაც ვსაუბრობთ ტრაგედიების, სტიქიების პოლიტიკურად გამოყენებასა და სპეკულაციაზე, ეს დამაზიანებელია. პირადად მე და ჩემი ოჯახი აღმოვჩნდით ამ სპეკულაციების დარტყმის ქვეშ. გახსოვთ, კამპანია ჰქონდათ, თითქოს, აღნიშნული ვერტმფრენები, რომელიც სამაშველო სამუშაოებს ახორციელებს შოვში ჩამოვიდა და ჩემი ბავშვები გაიყვანა, ხალხი კი მოატოვა. სიბინძურე წამოვიდა ბოლო დღეების განმავლობაში და არ ვიცი ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდებოდა თუ არა. ძალიან მძიმეა, როდესაც ასეთი ფაქტები ფიქსირდება. სტიქიის, ტრაგედიების დროს, როდესაც ამხელა უბედურება დაატყდა ქვეყანას, მგონია, რომ ყველა უნდა გავერთიანდეთ. არ აქვს მნიშვნელობა ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს. გაერთიანების ნაცვლად ვხედავთ სპეკულაციებს, სიცრუის კამპანიას, მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაციის გავრცელებას იმისთვის, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, ვიღაც ცდილობს, რომ ამ ყველაფერზე პოლიტიკური ქულები დაიწეროს”,-აღნიშნა კალაძემ.