Home Blog Page 1572

ვეტერანების საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები მაუთჰაუზენის ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორიაზე გამართულ ხსოვნის ღონისძიებას დაესწრნენ

მიმდინარე წლის 7 მაისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსთან ერთად, დაესწრნენ ავსტრიის რესპუბლიკაში, მაუთჰაუზენის ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორიაზე გამართულ ხსოვნისა და საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლების 78-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, – ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქართულმა დელეგაციამ ყვავილებით შეამკო მაუთჰაუზენსა და მის ახლომდებარე საკონცენტრაციო ბანაკებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნის მემორიალური დაფა, რომელიც 2018 წელს, ავსტრიის რესპუბლიკაში, ქართველ სტუდენტთა ასოციაციის ინიციატივით გაიხსნა.

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ ავსტრიის რესპუბლიკაში ქართული დიასპორის წარმომადგენლები და მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცთა შთამომავლები.

მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მათი ოჯახის წევრები – 500 ლარს მიიღებენ

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 500 ლარს მიიღებენ.

განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს, ხოლო თბილისში რეგისტრირებულთათვის – დედაქალაქის მერია.

“რეალურად, ეს სპეცოპერცია თავიდან ბოლომდე დაგეგმეს სპეცსამსახურებმა, სუს-მა” – გიორგი ვაშაძე

რეალურად, საქმე გვაქვს იმიტირებულ ქოლცენტრთან. სპეცოპერცია თავიდან ბოლომდე დაგეგმეს სპეცსამსახურებმა და სუს-მა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

გიორგი ვაშაძის თქმით, რეესტრის ამონაწერის მიხედვით, 13 აპრილს ვინმე მიხეილ არახამია არეგისტრირებს კომპანია „ლაიონ 7 გრუპს“, რომელიც ქირაობს ფართს იმ შენობაში, სადაც ვაშაძის ძმა ფლობს 10-ნომრიან სასტუმროს. გიორგი ვაშაძის განმარტებით, ფართის დამქირავებლებმა შენობის დირექტორს განუცხადეს, რომ იქ სასწავლო ცენტრის გახსნა სურდათ. როგორც გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, გავრცელდა ყალბი ინფორმაცია, თითქოს ეს მასთან დაკავშირებული რაიმე ქოლცენტრი იყო.

„ქოლცენტრების საკითხზე რუსული რეჟიმის პროპაგანდისტული არხების მიერ ხდება ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების, ზოგადად, ჩვენი ოპოზიციური ჯგუფის მიზანმიმართული და აღვირახსნილი, პროვოკაციული, პირდაპირ ვიტყვი, სახელის და რეპუტაციის შელახვა. მინდა, საზოგადოებას მივაწოდო სიმართლე ამ საკითხთან დაკაშირებით და მოგიყვეთ კონკრეტული ფაქტები, რეალურად როგორ დაგეგმეს ეს პროვოკაცია, სავარაუდოდ, სუს-მა და სხვა სპეციალურმა სამსახურებმა, როგორ არის ჩართული ამ პროპაგანდისტულ პროვოკაციაში „ქართული ოცნების“ მერ მართული ტელეარხები და სხვა მედიასაშუალებები.

როცა მთელი საქართველო საუბრობს ქოლცენტრებთან დაკავშირებით, ხელთ მაქვს რეესტრის ამონაწერი, სადაც 13 აპრილს, სავარაუდოდ, სუს-ის დავალებით, ვინმე მიხეილ არახამია არეგისტრირებს კომპანიას, „ლაიონ 7 გრუპს“, რომელიც მიდის და ქირაობს ფართს იმ შენობაში, სადაც ჩემი ძმა ფლობს 10-ნომრიან სასტუმროს და, რაც მთავარია, ამ შენობის მეპატრონეებს და დირექტორს, ბატონ ლომგულ ჭკუასელს ეუბნებიან, რომ იქ უნდათ სასწავლო ცენტრის გახსნა. ამავე ოფისში წლების განმავლობაში არსებობდა სასწავლო ცენტრი და დიდი ხანია, ეს ოფისი ვერ ქირავდებოდა. შესაბამისად, დამქირავებლს ეჭვი არ გაუჩნდა და მიაქირავა ვინმე არახამიას ეს ოფისი. ზუსტად სამ კვირაში, ვიდრე შინგან საქმეთა სამინისტრო რამე ოპერაციებს ჩაატარებდა, ქოცპროპაგანდისტმა ექსპერტებმა, მაგალითად, ბატონმა სალუქვაძემ და „ქოცებთან“, რუსულ რეჟიმთან დაკავშირებულმა მედიასაშუალებებმა, მაგალითად, „პრაიმ ტაიმმა“, გაავრცელეს ყალბი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს ეს იყო ჩემთან დაკავშირებული რაიმე ქოლცენტრი. მეტიც, ამ ადამიანებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამართალდამცავ ორგანოებს არანაირი განცხადება არ გაუკეთებიათ ამ შინაარსთან დაკავშირებით, იყო თუ არა იქ ქოლცენტრი, რაიმე სხვა ოფისი იყო, რას ლუქავდნენ. თავიდან ბოლომდე „ქართული ოცნების“ მიერ მართული ტელეარხების და მათი პროპაგანდისტი, იაფფასიანი, სუს-ის მიერ „დავერბორკებული“ ექსპერტების მიერ ხდება რაღაც ინფორმაციის ტირაჟირება. რეალურად, ჩვენ საქმე გვაქვს იმიტირებულ ქოლცენტრთან. ეს სპეცოპერცია თავიდან ბოლომდე დაგეგმეს სპეცსამსახურებმა, სუს-მა და, რაც მთავარია, ეს ვინმე არახამია საერთოდ გაქრა, არსად არ არსებობს ეს ადამიანი, ვერავინ პოულობს ამ ადამიანს. სავარუდოდ, როგორც ამბობენ, საერთოდ ქვეყნიდან გაიყვანეს ეს ადამიანი.

მინდა, მივმართო შსს-ს, სუს-ს, პროკურატურას, ამ საქმესთან დაკავშირებით ვინმე არის დაკითხული ან დაკავებული? ვინმე არის პასუხისგებაში მიცემული? ვინ ჩაიდინა დანაშაული, თუ ასეთი დანაშაული არსებობს, რაიმე მტკიცებულება გაგაჩნიათ? სად არის ეს მიხეილ არახამია, რატომ აფარებთ მას ხელს? იმ ქოცპროპაგანდისტულ არხებს – „იმედს“, „რუსთავი 2“-ს, „პოსტივის“, რომ ლიკლიკებთ და საუბრობთ, ტყლაპივით რომ გაქვთ ენა გადაგდებული, ერთი კითხვა მაინც არ გაგიჩნდათ, სად არის ეს ხალხი? სად არიან ის ადამიანები, ვინც თურმე დანაშაული ჩაიდინა?“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

“კორონავირუსი ჩვეულებრივი რესპირატორული ვირუსების კატეგორიაში გადავიდა”

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე განმარტავს, რა იგულისხმება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან „კოვიდ 19“-თან დაკავშირებული გლობალური საგანგებო მდგომარეობის დასრულებაში.

ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, ეს ნიშნავს, რომ კორონავირუსი გადავიდა ჩვეულებრივი რესპირატორული ვირუსების კატეგორიაში და ქვეყნებს შეუძლიათ, მართონ, როგორც ჩვეულებრივი რესპირაციული ვირუსი.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული გლობალური საგანგებო მდგომარეობის დასრულება გამოაცხადა. ეს ფორმულირება არ არის იდენტური პანდემიის დასრულებისა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, კორონავირუსი გადავიდა ჩვეულებრივი რესპირატორული ვირუსების კატეგორიაში. ანუ ქვეყნებმა უნდა მართონ როგორც ჩვეულებრივი რესპირაციული ვირუსი, ისევე როგორც იმართება გრიპი, ადენოვირუსი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ კორონავირუსი გაქრა, მაგრამ საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე მისი ზემოქმედება იმავე დონეზეა, როგორზეც გრიპისა და სხვა ტიპის ვირუსების შემთხვევაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განმარტავს, რომ მომდევნო პერიოდში ახალი მუტაციის რისკი არ არსებობს. თითქმის ორი წელია, ახალი მუტაცია არ გამოჩენილა, რაც იმას ნიშნავს რომ ეს რისკიც მინიმალურია. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი განცხადებაა და გარკვეულწილად უკვე განსაზღვრავს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში არსებულ მდგომარეობასაც. 2021 წლის იანვარში, როდესაც მსოფლიოში ერთ კვირაში ასი ათასი ადამიანი დაიღუპა, ეს მაჩვენებელი აპრილში ერთ კვირაში სამი ათასი იყო. შესაბამისად, ციფრებიც ნათლად მეტყველებს, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „კოვიდ 19“-თან დაკავშირებული გლობალური საგანგებო მდგომარეობა დასრულებულად გამოაცხადა.

“ახლა „ოცნებას“ უნდა დანიშნოს ადამიანი, რომელიც ხელს მოუწერს არჩევნების სავარაუდო გაყალბებაზე” – გიორგი ვაშაძე

დღეის მდგომარეობით, ცესკო-ს ვადაგასული თავმჯდომარე ასრულებს ცესკო- ს თავმჯდომარის მოვალეობას, ახლა „ოცნებას“ უნდა უკვე ვადით დანიშნოს ადამიანი, რომელიც ხელს მოუწერს არჩევნების სავარაუდო გაყალბებაზე,- ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც საკანონმდებლო ცვლილებებს გამოეხმაურა.

ამასთან, ვაშაძე აღნიშნავს, რომ ვერც პრეზიდენტმა შეძლო მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობის შესრულება და ვერ წარმოადგინა კანდიდატი, რომელსაც მათ შორის, ოპოზიციის მხარდაჭერა ექნებოდა.

„დღეის მდგომარეობით პროცედურების სრული დარღვევით, კანონის უგულებელყოფით ცესკო-ს ვადაგასული თავმჯდომარე ასრულებს ცესკო- ს თავმჯდომარის მოვალეობას. ახლა “ქართულ ოცნებას” უნდა, უკვე ვადით დანიშნოს პირდაპირ ადამიანი, რომელიც ხელს მოუწერს არჩევნების სავარაუდო გაყალბებაზე, ეს არის მთელი შინაარსი ამ ინიციატივის. ჩვენ გვახსოვს, თავის დროზე შეთანხმება იყო, რომ 90 ხმით უნდა ყოფილიყო არჩეული ცესკო- ს თავმჯდომარე, რომელიც უნდა წარადგინოს პრეზიდენტმა. სამწუხაროდ, აქვე მინდა ვთქვა, პრეზიდენტმა ვერ უზრუნველყო თავის წილი პასუხისმგებლობა, რომ ობიექტური და მიუკერძოებელი კანდიდატი წარედგინა პარლამენტისთვის, რომელსაც ექნებოდა მათ შორის, ოპოზიციის მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ არის, რომ ვადაგასული ადამიანი კვლავ ასრულებს მოვალეობას თავმჯდომარის პოზიციაზე,”- განაცხადა ვაშაძემ.

უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივით, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი – თუკი პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა) მხარს დაუჭერს, თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებენ. ამ მიმართულებით „საარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები ფრაქცია “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს და ის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

მკითხველის „საბა“ – ახალი ნომინაცია

ლიტერატურულმა პრემია „საბა“  მესამე ათწლეულში გადასაბიჯებლად ემზადება. 21-ე „საბას“ აღსანიშნავად პრემიის საორგანიზაციო ჯგუფმა გადაწყვიტა მკითხველები ლიტერატურული დღესასწაულის უშუალო თანამონაწილეებად ექცია და მათ განსაკუთრებული შესაძლებლობა მისცა.

„საბა“ 2023-ს ახალი ნომინაცია – „მკითხველის საბა“ დაემატა. მის მფლობელს მკითხველთა ხუთწევრიანი ჟიური  გამოავლენს. ჟიური  იმ ადამიანებისგან დაკომპლექტდება, რომლებმაც აპლიკაცია SABA Reader-ში ყველაზე მეტი დრო დაუთმეს კითხვას, ისინი გამარჯვებულს „წლის საუკეთესო დებიუტის“ ნომინაციაში გამოავლენენ.

შერჩევის პროცესი დღეიდან აიღებს სტარტს. ყველაზე აქტიური მკითხველების სტატისტიკა აპლიკაცია SABA Reader-ში „მკითხველის საბას“ გვერდზე მოიყრის თავს. „მკითხველის საბას“  ჟიურის 5 წევრის ვინაობას 9 აგვისტოს  გავიგებთ. ჟიური გამარჯვებულს დებიუტის მოკლე სიიდან ხმათა უმრავლესობით გამოავლენს. ტრადიციულად, „საბას“ ჟიურის მსგავსად გაიმართება მკითხველთა ჟიურის სხდომები, მათი მუშაობის პრინციპებიც იგივეა. მკითხველების  ჟიური თავის რჩეულს პრემიას შემოდგომით, საბა 2023-ის დაჯილდოების ცერემონიალზე გადასცემს.

თუ გაქვს სურვილი, გახდე „მკითხველის ჟიურის“ წევრი, გადმოწერე აპლიკაცია SABA Reader-ი, იკითხე ბევრი და გახდი საქართველოში ყველაზე დიდი ლიტერატურული პრემიის ჟიურის წევრი.

შეგახსენებთ, რომ „საბას“ ისტორია 2002 წელს, თიბისისა და პოეტ რატი ამაღლობელის მიერ ლიტერატურული პრემია „საბას“ დაარსებით იწყება. კონკურსის კვალდაკვალ 2012 წელს შეიქმნა ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვან ლიტერატურას – კლასიკურ და თანამედროვე, ქართულ და უცხოურ მხატვრულ ტექსტებს. 2019 წლიდან შეიქმნა მკითხველთა პლატფორმა „საბკულტურა“ და მასთან ერთად განახლდა აპლიკაცია Saba Reader-ი. დღესდღეობით „საბას“ ბიბლიოთეკაში 7 000-ზე მეტი ელექტრონული და ხმოვანი წიგნი იყრის თავს.

“სამწუხაროა, რომ ომში მყოფი ქვეყნის პოლიტიკოსი საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე განცხადებების გასაკეთებლად იცლის”

სამწუხარო და სევდიანია, რომ მძიმე ომში მყოფი ქვეყნის პოლიტიკოსი, მაღალი თანამდებობის პირი საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე განცხადებების გასაკეთებლად იცლის, – ასე უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ უკრაინის რადას ფრაქციის „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის დავით არახამიას განცხადებაზე დასმულ კითხვას, რომლის ინფორმაციით, ის ვახტანგ კიკაბიძის დაკრძალვაზე ჩამოსვლას აპირებდა, თუმცა გააფრთხილეს, რომ შეიძლებოდა საზღვრის კვეთის დროს პრობლემები შექმნილიყო.

თალაკვაძის თქმით, „ეს იმაზე მიუთითებს, ეს ადამიანი რამდენად დაცილებულია პრობლემებს, რომელიც ომში მყოფ უკრაინელ ხალხს აქვს“.

„საქართველო მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს და მათ თავისუფლებისთვის ბრძოლას. როგორც ჩანს, ეს საქართველოში უფრო კარგად ესმით, ვიდრე დავით არახამიას უკრაინაში. ჩვენ უკრაინის უპირობო მხარდაჭერას განვაგრძობთ. იმ ფონზე, როცა საქართველოს ხელისუფლება და მთელი საზოგადოება უკრაინის გვერდით დგას, პოლიტიკური პირი საქართველოს შიდა პოლიტიკური პროცესებისთვის და ისეთი განცხადებების გასაკეთებლად იცლის, რომელიც უკრაინის მეგობრობას აზიანებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

“უკრაინას ნამდვილად შეუძლია, იყოს დიდი ადვოკატი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად”

საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროინტეგრაციის გზაზე ისევ ერთად თუ გაივლიან, მნიშვნელოვანი იქნება, უკრაინას ნამდვილად შეუძლია, იყოს ძალიან დიდი ადვოკატი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძე ასევე გამოეხმაურა უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას, სადაც არახამია აღნიშნავს, რომ საქართველოში ჩამოსვლა უნდოდა და ამერიკელებმა თავის შეკავება სთხოვეს.

„დავით არახამია ვერ ჩამოვიდა საქართველოში კონკრეტულად იმ ანტიუკრაინული განცხადებების ფონზე, როდესაც მეგობარი ქვეყნები ურჩევდნენ მას, რომ ეს შეიძლება ახალი დაძაბულობის ფონი ყოფილიყო, ჩემთვის ეს არის კატასტროფა. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინასთან არ მაკავშირებს ძალიან დიდი და მრავალმხრივი ურთიერთობა, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის განცალკევება არ შეიძლებოდა და არ შეიძლება ამ ძალიან მძიმე მომენტში, როდესაც ჩვენ ევროპისკენ და ნატო-ში ინტეგრაციის ძალიან სერიოზულ ფაზას გავდივართ. ეს ძალიან აზარალებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას. დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოში არჩევნების შემდეგ იქნება ხელისუფლება, რომელიც რეალური სტრატეგიული პარტნიორი იქნება როგორც უკრაინის, ასევე მოლდოვის. ასევე, შეწყდება ანტიდასავლური და ანტიუკრაინული ისტერია.

უკრაინა არის ძალიან მძიმე ვითარებაში. რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიაა უკრაინაში, ოკუპირებულია ტერიტორიები, ბავშვებისა და მოქალაქეების გენოციდი მიდის. და მაშინ, როდესაც ამ პოზიციაში საქართველოს ხელისუფლება აკრიტიკებს უკრაინის ხელისუფლებას და ანტიუკრაინულ გზავნილებს ავრცელებს, ეს პირველ რიგში ეხება გზავნილს, ყველას ომი უნდა და საქართველოში ყველას მეორე ფრონტი სურს, ამაზეც პასუხი გასცა. ეს, რა თქმა უნდა, აზიანებს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას.

ჩემი დიდი სურვილია, ისეთი ურთიერთობები დასრულდეს, როგორიც ახლა გვაქვს. ის ურთიერთობები აღდგეს, რომელიც საქართველოს უკრაინასთან აქვს. ქართველ ხალხზე ახლობელი, როგორც უკრაინელები ამბობენ, არავინ არ ეგულებათ. სამწუხაროა, რომ 24 თებერვლის შემდეგ სწორედ საქართველოს ხელისუფლებამ გახსნა ეს ანტიუკრაინული ცეცხლი უკრაინის მიმართ“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

“არახამია ყველა მხრიდან ძარცვავს ევროპელებს” -ვატო შაქარიშვილი

„გაჭრილი ვაშლივით გვანან ერთმანეთს ჩვენი და უკრო-ნაცები, ეტყობათ საერთო პატრონის ხელი! ომები, ტერიტორიების დაკარგვა, ავტოკრატია, ძალადობა, მართლმადიდებლობასთან ბრძოლა, ომებში გამდიდრება… ერთი დრამატურგია, ერთი ხელწერა!“- ამის შესახებ მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

შაქარიშვილი უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელის, დავით არახამიას შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ფულმა და ძალაუფლებამ ისე დააკარგვინა რეალობის შეგრძნება, რომ თავს უფლებას აძლევს საქართველოს და ქართველ ხალხს ამ ტონალობაში ელაპარაკოს… თვლის, რომ შეუძლია ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესზე რაიმე გავლენა იქონიოს და უფრო მეტიც არჩეული ხელისუფლების შეცვლაზე იმუშაოს.

„გაჭრილი ვაშლივით გვანან ერთმანეთს ჩვენი და უკრო-ნაცები, ეტყობათ საერთო პატრონის ხელი! ცხადია, მასშტაბი და არეალი უკრებს ბევრად დიდი აქვთ, მაგრამ შინაარსით ერთი-ერთში… მოვლენათა განვითარების დრამატურგიაც ანალოგიური – დემოკრატიის და პროგრესის სახელით მოჰყავთ ხელისუფლებაში გარე ძალებს და შემდეგ მიზანმიმართულად ანადგურებენ “საკუთარ” ქვეყნებს!
ომები, ტერიტორიების დაკარგვა, ავტოკრატია, ძალადობა, მართლმადიდებლობასთან ბრძოლა, ომებში გამდიდრება… ერთი დრამატურგია, ერთი ხელწერა!
ასიათასობით, დაღუპული, მილიონობით იძულებით გადაადგილებული, მიწასთან გასწორებული ქალაქები… და ამ ყველაფრიდან გამდიდრებული კოლექტიური არახამიები&კეზერაშვილები… ეს ორი პერსონაჟიც როგორ ჰგავს ერთმანეთს…? უცბად, არსაიდან მოსულ ადამიანებს ხელში უვარდებათ შეუზღუდავი ძალაუფლება, რომლებიც იარაღის ვაჭრობაში, წაგებულ ომებში, “საკუთარი” ქვეყნის ჯარისკაცების სისხლზე შოულობენ მილიონებს… შემდეგ “ქოლცენტრები” და ევროპელი პენსიონერები…
dj დევიდ ბრაუნ-არახამია ყველა მხრიდან ძარცვავს ევროპელებს – ჯერ, ევროპული ქვეყნებიდან უკრაინისთვის დახმარების სახით გაგზავნილი ასეულობით მილიონი მიითვისა, ახლა პენსიონერებს მიადგა და “ქოლცენტრების” მეშვეობით ძარცვავს!
ფულმა და ძალაუფლებამ ისე დააკარგვინა რეალობის შეგრძნება, რომ თავს უფლებას აძლევს საქართველოს და ქართველ ხალხს ამ ტონალობაში ელაპარაკოს… თვლის, რომ შეუძლია ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესზე რაიმე გავლენა იქონიოს და უფრო მეტიც არჩეული ხელისუფლების შეცვლაზე იმუშაოს… უკრაინიდან გაქცევა, რომ მოუწევს(თუ გამოასწრო) თავშესაფრად საქართველო ეგულება, სულ ტყუილად dj დევიდ, სულ ტყუილად! ქართველი ხალხი თუ ვინმეს საკადრის პასუხს გასცემს, ეს სწორედ შენ ხარ!
P.S. მას შემდეგ, რაც უკრაინელი ხალხი გაგცემს პასუხს მათ წინაშე ჩადენილი დანაშაულებისთვის!“- წერს ვატო შაქარიშვილი.

“ევროკავშირი სანქციების დაწესებას გეგმავს ჩინური კომპანიებისთვის, რომლებიც რუსეთს ომში ეხმარებიან” – „ფაინენშალ თაიმსი“

ევროკავშირი სანქციების დაწესებას გეგმავს ჩინური კომპანიებისთვის, რომლებიც რუსეთს ომში ეხმარებიან, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშალ თაიმსი“ ავრცელებს.

მედია იუწყება, რომ უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ ეს იქნება ევროკავშირის მიერ ჩინეთისთვის სანქციების დაწესების პირველი შემთხვევა, რამაც, შესაძლოა, გაზარდოს დაძაბულობა პეკინთან.

როგორც მედია წერს, სანქციები მზადდება შვიდი ჩინელი ბიზნესმენის წინააღმდეგ. მათ ბრალი ედებათ აღჭურვილობის გაყიდვაში, რომელიც, შესაძლოა, გამოიყენება შეიარაღებაში, რასაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ იყენებს.

მედიის ცნობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები სანქციების ახალ პაკეტს ამ კვირაში განიხილავენ. ასევე, განიხილავენ სანქციების ახალ მექანიზმს, რომელიც მიმართული იქნება მესამე ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც საკმარისად არ უშლიან ხელს რუსეთს უკვე დაწესებული შეზღუდვებისგან თავის არიდებაში.

ამასთან, „ფაინენშალ თაიმსი“ წერს, რომ რამდენიმე ჩინურ კომპანიას, მაგალითად, King-Pai Technology-ს, უკვე აქვს დაწესებული სანქციები ამერიკის შეერთებული შტატების მიერ.

10 საუკეთესო ღვინის რეგიონს შორის საქართველო პირველ ადგილზე დასახელდა

10 საუკეთესო ღვინის რეგიონი, რომელსაც 2023 წელს  უნდა ესტუმრო –  ტოპ ათეულში საქართველო პირველ ადგილს იკავებს.

სტატიას ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი უდიდესი ღვინის ციფრული პლატფორმა VinePair აქვეყნებს. გამოცემა მკითხველს საქართველოში მოგზაურობას და კახეთში ღვინის დაგემოვნებას ურჩევს.

 საუკეთესო მიმართულებად  საქართველოსთან ერთად საფრანგეთი, პორტუგალია, პერუ, იტალია, ესპანეთი, ხორვატია, ახალი ზელანდია,  კალიფორნია და ტეხასი დასახელდა.

„ღვინის მომზადების უძველესი ტექნიკა საქართველოში იღებს სათავეს. ამიტომ სულ არ არის გასაკვირი, რომ ახლა საქართველო ღვინის პოპულარული რეგიონია. ღვინის წარმოების 8 ათასწლოვანი ისტორიით  საქართველო ღვინის სამშობლოდ არის მიჩნეული. დღეს ქართული ღვინო სწრაფად ხდება პოპულარული და ექსპორტი ყოველწლიურად რეკორდულად იზრდება. ეს ხელს უწყობს საქართველოს პოპულარიზაციას, ტურისტულ ბუმს და ეკონომიკის გაზრდას. ამიტომ თუ ხართ სასმელების მოყვარული დაჯავშნეთ თქვენი მოგზაურობა საქართველოში.“-წერს გამოცემის მიმომხილველი ჰანა სტაბი.

„ღვინოში ჩასაძირად კახეთზე უკეთესი რეგიონი არ არსებობს.  ეს საქართველოში ღვინის წარმოების საუკეთესო რეგიონია.   თბილისიდან ერთი საათის სავალზე მდებარე რეგიონში  საუკეთესო  ყურძნის ჯიშებია, მათ შორისაა: საფერავი და რქაწითელი. ღვინის ფერმენტაცია  თიხის ჭურჭელში, ქვევრში ხდება. ეს ტრადიცია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შესული“,-წერს  ჰანა სტაბი.

სტატიაში კახეთის მარნები, ღვინის ქარხნები და მუზეუმებია მიმოხილული. მათ შორისაა წინანდლის მუზეუმიც. VinePair-ის ცნობით  წინანდლის მამულში სტუმრებს ვენახებთან ერთად შეუძლიათ დაათვალიერონ  1814 წელს გამოშვებული 15000 ბოთლი ღვინო.

“ვადასტურებ, რომ ყველა „ნაცის“ წინაპარი კანიბალი იყო” – გია აბაშიძე

„ვადასტურებ, რომ ყველა „ნაცის“ წინაპარი კანიბალი იყო, სხვანაირად როგორ შეიძლება? „ნაცმა“ კაც კლა და კაც ანადგურა,“ – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ილიაუნის ლექტორის გიგი თევზაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ დღევანდელი საზოგადოების წინაპრები კანიბალები იყვნენ.

აბაშიძის თქმით, თევზაძემ სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების წინაპრები იგულისხმა, როდესაც ფეისბუკზე გამოქვეყნებულ სტატუსში სიტყვები „ჩვენი წინაპრები“ გამოიყენა, რასაც ამ პარტიის იდეოლოგიაც ადასტურებს.

„ვადასტურებ, რომ ყველა „ნაცის“ წინაპარი კანიბალი იყო, სხვანაირად როგორ შეიძლება? „ნაცმა“ კაც კლა და კაც ანადგურა. ამიტომ სწორს ამბობს გიგი თევზაძე, როდესაც სიტყვებს – ჩვენს წინაპრებს – იყენებს. ჩვენში სწორედ „ნაცმოძრაობას“ გულისხმობს… კი და ამიტომაც არის ამ პარტიის იდეოლოგია დამყნობილი კანიბალიზმზე და ადამიანების დაჭმაზე,“ – წერს გია აბაშიძე ფეისბუკზე.