Home Blog Page 1568

“2008 წლის ომში ბოლომდე გავმართლდით” -მიხეილ სააკაშვილი

2008 წლის ომში ბოლომდე გავმართლდით და ვიპოვეთ სამართლიანობა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, – ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„2008 წლის ომში ბოლომდე გავმართლდით და ვიპოვეთ სამართლიანობა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში.

ჩვენ მაშინ გადავარჩინეთ ქართული სახელმწიფოებრიობა და მე ვამბობდი, რომ სრულად აღვადგენდი სამართლიანობასაც. ახლა ვამბობ, რომ საქართველო ისევე, როგორც უკრაინა, 1991 წლის საზღვრებში განახლდება.

ეს სასამართლო გადაწყვეტილება ჩვენი გმირების დამსახურებაა. მათ რომ მაშინ სახელმწიფოებრიობა არ შეენარჩუნებინათ, ევროპელი ლიდერები რომ არ ჩამოსულიყვნენ, ამერიკას მე-6 ფლოტი რომ არ გამოეგზავნა, ჩივილითაც კი არავინ იჩივლებდა. ჩვენ კი მთელი მსოფლიო ფეხზე დავაყენეთ.

ჩვენ უახლოეს თვეებში, წლებში და ათწლეულებში ბევრად მეტად დაგვჭირდება დასავლეთში ინტეგრაცია.

თუმცა, რაც მთავარია, ქართველებს მინიმალური ერთობა გვჭირდება!“ – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს საქართველოსთვის, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის დარღვევებისა და მოქალაქეებისთვის მიყენებული ზარალისთვის კომპენსაციის სახით 129 მილიონ ევროზე მეტის გადახდა დააკისრა.

მარტვილის მუნიციპალიტეტში ვეტერინარული კარანტინი გამოცხადდა

ცოფის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევის დაფიქსირების გამო, მარტვილის მუნიციპალიტეტში ვეტერინარული კარანტინი გამოცხადდა. შესაბამისი განკარგულება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი გუგუჩიამ სურსათის ეროვნული სააგენტოს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე გამოსცა.

კარანტინი გამოცხადდა ქალაქ მარტვილში, დაავადების კერიდან ათი კილომეტრის რადიუსში. განკარგულების თანახმად, ცოფისთვის საშიშ ბუფერულ ზონაში, 2-3 კილომეტრის რადიუსით ჩატარდება ცხოველების ვაქცინაცია. აცრილი ცხოველის იზოლირება უნდა მოხდეს აცრიდან 60 დღის განმავლობაში. კარანტინის პერიოდში იკრძალება ძაღლების ქუჩაში გაყვანაც.

მოხდება ცოფიანი და დაავადებაზე საეჭვო ცხოველების სადგომებისა და დადორბლილი საგნების დეზინფექცია. განკარგულების შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც ცხოველის მიერ დაკბენილი ან დადორბლილი იყვნენ, აყვანილ იქნენ ანტირაბიულ (პრევენციულ) კონტროლზე. კარანტინი მოიხსნება ცოფით ცხოველის დაავადების უკანასკნელი შემთხვევის დაფიქსირებისა და სალიკვიდაციო ღონისძიებების ჩატარებიდან 60 დღის შემდეგ.

24 აპრილს მარტვილში მიუსაფარმა ძაღლმა 10 ადამიანი დაკბინა. ყველა მათგანს ჩაუტარდა პრევენციული (ანტირაბიული) მკურნალობა.

ძაღლი, დაკვირვების მიზნით, გადაყვანილი იყო თავშესაფარში, სადაც ცხოველი მოკვდა. ლაბორატორიული კვლევის შედეგად ცხოველის ცოფით დაავადება დადასტურდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა დღეიდან  ვეტერინარული ღონისძიებები დაიწყეს.

“მორიგი გარდამტეხი გამარჯვება – “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ”- პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება 2008 წლის ომის სარჩელზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც რუსეთს საქართველოსთვის კომპენსაციის სახით 129 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა.

როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, საერთაშორისო სამართალმა საქართველოს სიმართლე კიდევ ერთხელ დაადასტურა.

„მორიგი გარდამტეხი გამარჯვება – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“. საერთაშორისო სამართალმა საქართველოს სიმართლე კიდევ ერთხელ დაადასტურა. სამართლიანობა ყოველთვის იმარჯვებს!“, – წერს ზურაბიშვილი.

ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრს, კატრინ კოლონას შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

„აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს საფრანგეთის ძლიერ და ქმედით მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების მიმართულებით გაწეულ უდიდეს ძალისხმევას. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას.

განიხილეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივა და ამ მიმართულებით აღინიშნა საფრანგეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო აგრძელებს ევროპული ღირებულებებისა და ინტერესების ხელშეწყობას, ასევე კონსტრუქციული როლის შესრულებას რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით. აღინიშნა საფრანგეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოსთვის მიმდინარე წელს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების პროცესში.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი, კონტინენტური ევროპის დირექტორი ფრედერიკ მონდოლონი, მინისტრის კაბინეტის მრჩეველი ადრიენ ფრიერი, ელჩი სამხრეთ კავკასიის საკითხებში, მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ბრის როკფეი და საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე რიშარ რეკენა.

საქართველოს მხრიდან შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილი ესწრებოდნენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

” საქართველოს ევროპული ოცნება უნდა გახდეს რეალობა, ამისთვის კი უნდა დავეყრდნოთ ყველა ძალას, რომელიც ქვეყანაშია”-კატრინ კოლონა

მინისტრმა მითხრა, რომ მოსახლეობის 85% მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ეს გვიძლიერებს სურვილს, რომ დაგეხმაროთ, გახდეთ ევროპელები, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„რუსულმა აგრესიამ უკრაინაში ბევრი რამ შეიცვალა პარადოქსულად, მათ შორის, პარადოქსულად დადებითი გავლენა იქონია ევროკავშირის სურვილზე, რომ წინ წასულიყო. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მითხრა, რომ მოსახლეობის 85% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს გვიძლიერებს სურვილს, რომ დაგეხმაროთ, გახდეთ ევროპელები. ევროპული ოცნება უნდა გახდეს რეალობა, ამისთვის კი უნდა დავეყრდნოთ ყველა ძალას, რომელიც ქვეყანაშია“, – განაცხადა კატრინ კოლონამ.

ძაღლს, რომელმაც მარტვილში 22 ადამიანი დაკბინა, ცოფი დაუდასტურდა

ძაღლს, რომელმაც მარტვილში, სხვადასხვა ლოკაციაზე 22 ადამიანი დაკბინა, ცოფი დაუდასტურდა.

ძაღლი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიამ დაკვირვებისთვის ოზურგეთის თავშესაფარში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, ძაღლი გუშინ გარდაიცვალა.

მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, როზა ჯანაშიას ინფორმაციით, დაზარალებულ მოქალაქეებს პრევენციის მიზნით ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველი აცრა უკვე გაუკეთდათ.

მისივე თქმით, 22 ადამიანიდან ორი პირი უარს აცხადებს მკურნალობაზე.

“ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების დროა”-გონჩარენკო

PACE-ში ხმის მიცემისას საქართველოს მმართველი პარტიის არც ერთმა წარმომადგენელმა არ დაგმო პუტინისა და ლუკაშენკოს გამოსვლები, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო სოციალურ ქსელში წერს.

“საქართველოს მმართველმა პარტიამ თავისი ხალხის ოცნებებს პუტინის ოცნება აირჩია. PACE-ში ხმის მიცემისას საქართველოს მმართველი პარტიის არც ერთმა წარმომადგენელმა არ დაგმო პუტინისა და ლუკაშენკოს გამოსვლები.

დროა, მსოფლიომ გაიღვიძოს და დაინახოს ვის ემსახურებიან. ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების დროა”, – წერს გონჩარენკო.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია გენოციდად აღიარა. ასამბლეამ რეზოლუცია 87 ხმით ერთის წინააღმდეგ სტრასბურგში მიმდინარე საგაზაფხულო სესიაზე მიიღო.

 

1 აშშ დოლარის ღირებულება 2.4967 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.4967 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4991 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0024 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7441 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7605 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0164 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

საერთაშორისო მედიაში სააკაშვილის შესახებ მასალების უმრავლესობა ლობისტური კომპანიის დაკვეთით მომზადდა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე მიხეილ სააკაშვილის ლობისტურ კამპანიასთან დაკავშირებული ახალი მასალები გამოქვეყნდა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ საერთაშორისო მედიაში განთავსებული სტატიების უმრავლესობა ლობისტური კომპანიის დაკვეთით, კონკრეტული ანაზღაურების სანაცვლოდ გამოქვეყნდა.

გამოქვეყნებული მასალებიდან ჩანს, რომ სააკაშვილის ლობისტური კამპანიის ნაწილია და ის კომპანიების აკერმანისა და გლობალფოინთის მიერ არის მომზადებული და საერთაშორისო მედიაში გავრცელებული.

ასევე, ლობისტური ორგანიზაციის მიერ იუსტიციის დეპარტამენტისთვის გაზიარებული დოკუმენტების ნაწილი მოიცავს იმ ექიმების „საპასუხო დასკვნებს“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომლებიც ლობისტურმა კომპანია „აკერმანმა“ დაიქირავა.

აღნიშნული დასკვნები მომზადებულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ქართული მხარის მიერ 23 იანვარს გაცემული დასკვნის საწინააღმდეგოდ.

მასალები ადასტურებს, რომ საპასუხო დასკვნები სწორედ ლობისტური კომპანიის თანამშრომლების დაკვეთით და მათთან შეთანხმებით არის მომზადებული.

ლობისტურ კომპანიასთან ხელშეკრულებას ხელს გიული ალასანია აწერს, ლობისტური საქმიანობისთვის კი მითითებულია თანხა 917 177 აშშ დოლარი.

საქართველოს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა ეწვია

საქართველოს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა ეწვია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საფრანგეთის საგარეო უწყების ხელძმღვანელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია დახვდა.

„ვიზიტის ფარგლებში, ფრანგი დიპლომატი შეხვედრას გამართავს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან, რის შემდეგაც, გაკეთდება ერთობლივი განცხადებები პრესისთვის.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, კატრინ კოლონა ასევე შეხვდება საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

აღსანიშნავია,რომ 2018 წლის შემდეგ, ეს გახლავთ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი საქართველოში“,- ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიდ დიღომში გარდაცვლილი გოგონას საქმეზე, ბავშვის დედას და ადვოკატებს ექსპერტიზის პირველადი დასკვნის ასლი გადაეცათ

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას საქმეზე, ბავშვის დედას და „უფლებები საქართველოს“ ადვოკატებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი დასკვნის ასლი გადაეცათ.

როგორც ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, ისინი კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვენ.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ დღეს, 12 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე, დაზარალებულის უფლებამონაცვლეს (ბავშვის დედას) და „უფლებები საქართველოს“ ადვოკატებს გადაეცათ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი დასკვნის ასლი.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ დღეს, 12 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე, დაზარალებულის უფლებამონაცვლეს (ბავშვის დედას) და „უფლებები საქართველოს“ ადვოკატებს გადაეცათ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი დასკვნის ასლი.

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა საჭიროებს დეტალურ ანალიზს, მათ შორის, შესაბამისი დარგის სპეციალისტების ჩართულობას, რის შემდეგაც „უფლებები საქართველოს“ ადვოკატები საგამოძიებო უწყებას მიაწვდიან იმ კითხვების ჩამონათვალს, რომელთა დასმის საჭიროებასაც დაინახავენ დამატებითი ექსპერტიზის მიზნებისათვის.

ამ ეტაპზე, ცალსახად იკვეთება კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების საჭიროება, რომელიც უნდა დაეფუძნოს იმ კითხვების სრულ ჩამონათვალს, რაზედაც პასუხი არსებულ დასკვნაში არ არის, ან/და არასრულია.

ამჟამად მიმდინარეობს ტოქსიკოლოგიური, ქიმიური, ბიოლოგიური, ტრასოლოგიური და სხვა სახის ექსპერტიზები, რომელთა შედეგები ჯერ ცნობილი არ არის. საქმის გარემოებების სრულფასოვანი შეფასება აღნიშნული ექსპერტიზების დასკვნების შემდეგ გახდება შესაძლებელი.

ამ საქმეს „უფლებები საქართველო“ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

გამოკითხვების თანახმად, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ერდოღანს ქემალ ქილიჩდაროღლუ უსწრებს

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ოპოზიციის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ მოქმედ პრეზიდენტს, რეიეფ თაიფ ერდოღანს უსწრებს.

როგორც გამოცემა Duvar-ი წერს, ასეთია Motto-სა და Bulgu Research-ის მიერ აპრილში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.

გამოკითხვის თანახმად, ქილიჩდაროღლუმ ერდოღანი არჩევნების მეორე ტურშიც შეიძლება დაამარცხოს.

კითხვაზე, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე, კენჭისყრა რომ ამ კვირას ტარდებოდეს, გამოკითხულთა 49,5%-მა ქილიჩდაროღლუს კანდიდატურა დაასახელა, ერდოღანს კი 41,5%-მა დაუჭირა მხარი.

რაც შეეხება მეორე ტურს, ქილიჩდაროღლუს ამ შემთხვევაში რესპონდენტთა 51,4%-ის, ერდოღანს კი – 40,9%-ის მხარდაჭერა აქვს.

თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 14 მაისს გაიმართება.