Home Blog Page 1565

თბილისის რიგით 26-ე ჯაზფესტივალი გაიხსნა

თბილისის რიგით 26-ე ჯაზფესტივალი გაიხსნა. ფესტივალს წელსაც „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ მასპინძლობს.

თიბისი კონცეპტი და ისთერნ პრომოუშენსი ჯაზის მოყვარულებს წელსაც მსოფლიოში აღიარებულ ვარსკვლავებს აცნობენ და ტრადიციულად მრავალფეროვან ღონისძიებებს სთავაზობენ.

ჯაზფესტივალი ლუკა თოფურიამ და მისმა ბენდმა „ჯაზ ლაბის“ დარბაზში გახსნის. მოგვიანებით კი „სთარ სთეიჯზე“ JAZZ/TAKES SUPERGROUP-ი და მისი ოთხი გამორჩეული შემსრულებელი – Bill Evans, Niels Lan Doky, Felix Pastorius და Harvey Mason წარსდგა.

ფესტივალის მნიშვნელობაზე “ჯორჯიან თაიმსს“ ისთერნ პრომოუშენსის დამფუძნებელი მიხეილ გიორგაძე ესაუბრა.

„პირველ რიგში მინდა ყველას მივულოცო საფესტივალო სეზონის გახსნა. დღეს რიგით 26-ე თბილისის საერთაშორისო ჯაზ ფესტივალი იწყება. ტრადიციულად ფესტივალი სრულიად გადაუჭარბებელ მსოფლიო დონის ვარსკვლავებით არის დატვირთული. მაყურებლის წინაშე მართლაც საუკეთესო, წელს ყველაზე მოთხოვნადი არტისტები წარდგებიან. ვფიქრობ, რომ მსგავსი მასშტაბისა და ხარისხის ტრადიციის უწყვეტობის მქონე ღონისძიებები ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არ არის უბრალოდ კარგი, ან თუნდაც ძალიან კარგი კულტურული ღონისძიება. ეს არის გზავნილი დანარჩენი მსოფლიოსთვის, რომ ქვეყანა, რომელშიც ასეთი მასშტაბისა და ხარისხის ღონისძიება იმართება, არის საკმარისად სტაბილური და უსაფრთხო. ქვეყანაში საკმარისად არის განვითარებული სხვადასხვა სერვისი, ინფრასტრუქტურა, ადამიანური და ინტელექტუალური რესურსი, ტექნიკური უზრუნველყოფის რესურსი და ა.შ. ეს ყველაფერი ერთმნიშვნელოვნად ხელს უწყობს ქვეყნის პოზიტიური იმიჯის დამკვიდრებას საერთაშორისო არენაზე და ზოგადად ქვეყნის ცნობადობის გაზრდის თვალსაზრისით,”– განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

 

თბილისის 26-ე ჯაზფესტივალის განმავლობაში სასტუმროს მისაღებში ყოველდღიურად გაიმართება სხვადასხვა აქტივობები. ამის შესახებ ისთერნ პრომოუშენსის თანადამფუძნებელმა გიორგი კერესელიძემ „ჯორჯიან თაიმსთან“ ისაუბრა.

„პირველ რიგში მოსალოცი, ის არის რომ პანდემია დამთავრდა და ყველა ფესტივალი საკუთარ გრაფიკს უბრუნდება და ჩვენც შევძელით ფესტივალის ორგანიზება. დღევანდელი ფესტივალი გაიხსნება არაჩვეულებრივი მუსიკოსების თანხლებით. გარდა მუსიკალური მრავალფეროვნებისა, გახსნილი გვაქვს პატარა კინო დარბაზი, სადაც შეგიძლიათ ნახოთ კახა თოლორდავას რიგით მეორე ფილმი – „პირველ პირში – ერთი ფესტივალის ამბავი“ , რომელიც ჯაზფესტივალების ისტორიას ეხება. ასვე საინტერესო გამოფენა სახელწოდებით – „ჯაზის საათი“ გვაქვს, ახალგაზრდა მხატვარი ირაკლი ჩიქოვანის, რომელიც მუსიკალურ თემაზეა შექმნილი, სპეციალურად ფესტივალისთვის. ასევე, გვაქვს კომპანია „აუდიო ლაბის“ ვინილების გამოფენა/გაყიდვა. ვფიქრობ, კარგი ატმოსფეროა და ვიმედოვნებთ, რომ ეს სამი დღე მხიარულად ჩაივლის,“ – აღნიშნა გიორგი კერესელიძე.

როგორც ზევით აღვნიშნეთ, ფესტივალის ფარგლებში გამოფენა სახელწოდებით – „ჯაზის საათი“ გაიმართა. როგორც გამოფენის ავტორმა ირაკლი ჩიქოვანმა ჩვენთან საუბარში განაცხადა ნახატებზე 2 თვის განმავლობაში მუშაობდა.

„უკვე მესამედ ვიღებ ჯაზფესტივალში მონაწილეობას, როგორც მხატვარი. წარმოვადგენ ჩემს ნახატებს, რომელიც კონკრეტულად ამ საღამოსთვის შეიქმნა. 2 თვის განმავლობაში ვმუშაობდი ამ თემაზე. წარმოდგენილი მაქვს 16 ფერწერული ტილო და ორი გრაფიკა. წელს ძალიან ლამაზი და მრავალფეროვანი ფესტივალი იქნება, რომელიც მსმენელს განსაკუთრებით დაამახსოვრდება,“ -განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

ჯაზფესტივალი ისევ გრძელდება. 10 მაისის საღამოს შესაძლებლობა გექნებათ ჩეხ შემსრულებლებს – Martin Kratochvil-სა და Jazz Q-ს მოუსმინოთ. მოგვიანებით კი გენიოსად აღიარებულ იტალიელ პიანისტსა და კომპოზიტორს Stefano Bollani-ს, რომელიც შემოგთავაზებთ საკუთარ ვარიაციებს ცნობილი როკ-ოპერიდან „Jesus Christ Superstar“.

11 მაისს, ფესტივალის ბოლო დღეს, „ჯაზ ლაბის” დარბაზში იტალიური ბენდი – Motel Kaiju წარდგება. „სთარ სთეიჯს” კი Stanley Clarke დაიკავებს და სამდღიან ფესტივალს თავისი პერფორმანსით დახურავს.

/ ნინო ოთარაშვილი /

“მივმართავ ხელისუფლებას, ხალხის ძალას კი არა, ხალხის ხმას მოუსმინოს” – პრეზიდენტი

მივმართავ ხელისუფლებას, ხალხის ძალას კი არა, ხალხის ხმას მოუსმინოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რუსეთის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ამ საკითხთან მიმართებით საზოგადოება არის ერთიანი.

„ეს არ არის მხოლოდ ის საკითხი, რომელიც ეწინააღმდეგება კანდიდატის სტატუსის მიღებას, ესეც მაფიქრებს, მაგრამ ეს, პირველ რიგში, ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს, საქართველოს ღირსებას.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ სად დგას ეს ქვეყანა, რომელიც არის ოკუპირებული, რომლის ტერიტორიებიც არის ოკუპირებული და რომელიც არის სოლიდარული ჩვენი უკრაინელი მეგობრების. ეს არის ჩვენი პოზიცია და ამ პოზიციის ერთგულნი უნდა ვიყოთ, უნდა ვიყოთ ბოლომდე. ეს არის საზოგადოების მოთხოვნა და დარწმუნებული ვარ თუ სხვანაირად მოხდა და დიდი იმედი მაქვს, რომ არ მოხდება, საზოგადოებასაც ექნება ამაზე პასუხი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

რუსული ავიაკომპანიები მოსკოვიდან თბილისში, კვირაში 7 პირდაპირ რეისს განახორციელებენ

რუსული ავიაკომპანიები მოსკოვიდან თბილისში, კვირაში 7 პირდაპირ რეისს განახორციელებენ. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს პრეს-სამსახურმა განუცხადა.

როგორც რუსული მედია აღნიშნავს, ამჟამად, ავიაკომპანიები საქართველოსთან ფრენების აღსადგენად ემზადებიან.

რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა. პუტინის განკარგულების თანახმად, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვაც მოხსნა.

“სრულიად ნორმალური გადაწყვეტილებაა” – დემურ გიორხელიძე პუტინის განკარგულებებზე

რუსეთის ფედერაციამ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამოსცა.

განკარგულების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან უქმდება.

რუსეთის პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულება სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტპორტალზე გამოქვეყნდა. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ტერიტორიაზე შესვლას პასპორტით შეძლებენ. გამონაკლისი ვრცელდება იმ მოქალაქეებზე, რომლებიც რუსეთში სამუშაო მიზნით ჩადიან ან 90 დღეზე მეტი ვადით გეგმავენ დარჩენას.

ასევე, რუსეთმა საქართველოში პირდაპირი რეისების და ტურების გაყიდვის აკრძალვა გააუქმა.

რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით, უქმდება 2019 წლის 21 ივნისის განკარგულება „რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის, დანაშაულებრივი და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისგან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების დაცვის ცალკეული ზომების შესახებ“.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა თბილისში ანტირუსული საპროტესტო გამოსვლების ფონზე 2019 წლის ზაფხულში შეაჩერა.

როგორ აისახება ეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ფონზე?

აღნიშნულ ფაქტს “ჯორჯიან თაიმსთან” საუბარში ექსპერტი დემურ გიორხელიძე გამოეხმაურა:

“პოლიტიკური და ეკონომიკური ფონი ისევ ისეთივე იქნება, როგორიც იყო. რუსეთი დღეს ოფიციალური სტატისტიკით  ნომერ პირველი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია. ფრენების აღდგენა და ვიზების გაუქმება ამას არ შეცვლის. რაც შეეხება თვითონ ამ ფაქტს, ცხადია იმ ასიათასი ქართველისთვის, რომელიც მოძრაობს, ან დროებით ცხოვრობს რუსეთში, ეს გარკვეული შეღავათია.  გადაწყვეტილება უფრო სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის, ვისაც რუსეთთან მიმოსვლა აქვს და არანაირად არ აისახება არც პოლიტიკურ და არც ეკონომიკურ მდგომარეობაზე,”– აღნიშნა ექსპერტმა.

მისი თქმით, რუსეთს საერთოდ არ უნდა გაეუქმებინა ფრენები.

“ვფიქრობ, საერთოდ არ უნდა გაეუქმებინა ეს ყველაფერი, რადგან ჩვენი ქვეყნები ახლოს არიან ერთმანეთთან. კარგად ვნახეთ რუსეთის ბოლო მოვლენების გამო, ასიათასობით რუსი შემოვიდა საქართველოში. რატომ?! იმიტომ, რომ კარგი ურთიერთობაა ჩამოყალიბებული და საქართველოსადმი ნდობა არსებობს. ქართველებს, როცა 90-იან წლებში გაუჭირდათ რუსეთში წავიდნენ. ეს ადამიანური კავშირებია. პოლიტიკას რაც შეეხება, დიპლომატიური ურთიერთობები არ გაგვაჩნია, რასაც თავისი ახსნა აქვს და ეს კარგი არაა. ამ ფონზე, იმ რეალობის გათვალისწინებით რაც ჩამოყალიბდა, ვფიქრობ, რომ სრულიად ნორმალური გადაწყვეტილებაა და რაღაც განსაკუთრებული ინტერპრეტაციები არ სჭირდება,”– აცხადებს ჩვენთან საუბარში დემურ გიორხელიძე.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მორიგ პროვოკაციას უწოდებს.

„მორიგი რუსული პროვოკაცია. პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო შეზღუდვის მოხსნა საქართველოსთან მიუღებელია, ვიდრე რუსეთი განაგრძობს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციას“, – წერს პრეზიდენტი.

ოპოზიციონერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, საქართველოსთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებები არის ჯილდო საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის მიმართ.

„პუტინის გადაწყვეტილებები ეხება საქართველოს და ეს კატასტროფაა. არის ჯილდო საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული იმ პოლიტიკის მიმართ, რომელსაც ბოლო თვეების განმავლობაში, განსაკუთრებით, 24 თებერვლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება, „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის შემდეგ ქვეყანაში ატარებს. ეს არის ანტიდასავლური და ანტიუკრაინული პოლიტიკა. პუტინის გადაწყვეტილება, დააჯილდოვოს საქართველოს ხელისუფლება, ეხება იმას, რომ მან თავისი გადმოსახედიდან კრემლის გავლენების გასაძლიერებლად, აკრძალვა მოხსნა ფრენებზე, ავიამიმოსვლაზე და სავიზო შეზღუდვაზე. ეს არის პირდაპირ ის გზავნილი, რომელსაც პუტინი და კრემლი უშვებს საქრთველოს ხელისუფლების მიმართ, ასევე იმ „პროქსების“ მიმართ, ვინც რეალურად ცდილობს, რუსეთის და კრემლის გზავნილების გასაძლიერებლად იმოქმედოს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ანტიდასავლური და ანტიუკრაინული პოლიტიკა იქნება წინ წამოწეული, მაშინ პუტინი ასეთ ხელისუფლებებს მსგავსი გადაწყვეტილებებით დააჯილდოებს.

ყველამ უნდა იცოდეს, განსაკუთრებით ავიაკომპანიებმა, ვინც შეასრულებს პუტინის სურვილს, შესაძლებელია, მოყვნენ იმ სანქციებში, რომლებიც დაწესდა და კიდევ უფრო ძლიერდება 24 თებერვლის შემდეგ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

„ხალხის ძალის“ წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით სამართლებრივად ეს ცალმხრივი გადაწყვეტილებაა, თუ უვიზოდ ჩვენი მოქალაქეები, მათ შორის იქიდან აქ გადმოვლენ, ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს.

„თქვენ იცით, რომ ეს ცალმხრივ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, როგორც საქართველოს, ისე რუსეთის ფედერაციის მხრიდან, საქართველოს მხრიდან ცალმხრივად ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს იქნა მიღებული, თუ რუსეთი გადაწყვეტს, რომ შეწყვიტოს, ესეც მისი გადაწყვეტილებაა.

თქვენ მე პუტინის პირადი სპიკერი გგონივართ. ზოგადად, თქვენ უფრო კარგად იცით ხოლმე, რუსეთში რა ხდება, ფეესბეში რა ხდება, ფეესბეს ნიშანი როგორია, ვინ სად გადაადგილდება, თქვენგან ვგებულობ ხოლმე, თქვენ უკეთ გეცოდინებათ ამ გადაწყვეტილების მიზეზი. გითხარით, რომ სამართლებრივად ეს არის ცალმხრივი გადაწყვეტილება, თუ უვიზოდ ჩვენი მოქალაქეები, მათ შორის იქიდან აქ გადმოვლენ და არ იქნება გადაადგილების პრობლემა, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ზუგდიდში, ვეტერანებისთვის, უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩატარდება

მიმდინარე წლის 13-14 მაისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, ჩაატარებს უფასო ოფთალმოლოგიურ გამოკვლევებს და საჭიროების შემთხვევაში, მინი-ოპერაციებს. საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობას მიიღებს კვალიფიციურ მედიკოსთა 13 კაციანი ჯგუფი (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) მაღალტექონოლოგიური აპარატურით. საჭიროების შემთხვევაში, სამსახურის ბენეფიციარებს, უსასყიდლოდ გადაეცემათ ოპტიკური საშუალებები; ( სათვალე)

ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 11:00 საათიდან.

მისამართი: ქ. ზუგდიდი კ.გამსახურდიას 1-ლი შესახვევი N2 ( ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკა)

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა-საქართველოს შორის, პირველად, 2016 წელს გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. უფასო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებთან არსებული მემორანდუმების ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.

PSP-მ 44 584 კოლოფი თურქული იაფი მედიკამენტების ახალი პარტია შემოიტანა

კომპანია PSP-მ თურქეთიდან 34 დასახელების მედიკამენტი, 44 584 კოლოფი, შემოიტანა.

დღეს PSP-ს სააფთიაქო ქსელში ქართველ მომხმარებლებს 200-ზე მეტი დასახელების თურქულ მედიკამენტს სთავაზობს.

„თურქეთიდან მედიკამენტების პროაქტიულად და გამარტივებული „აღიარებითი“ რეჟიმით შემოტანის დაშვებამ, შესაძლებლობა მოგვცა იაფი თურქული მედიკამენტები ჩვენი ქევყნის ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი გაგვეხადა.

ახალი რეგულაციის ამოქმედების დღიდან, 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული, PSP-მ შემოიტანა 315 დასახლების, 11 მლნ ლარზე მეტი მეტი ღირებულების იაფი მედიკამენტი თურქეთიდან, რაც ჯამში 500 000 კოლოფზე მეტ პრეპარატს შეადგენს.

PSP-ს მთავარი ორიენტირი მოხმარებელია, სწორედ ამიტომ არა მარტო საკუთარი სააფთიაქო ქსელის მეშვეობით, საქართველოს ყველა კუთხეში ვაწვდით მომხარებელს გარანტირებული ხარისხის მედიკამენტების ფართო არჩევანს.

თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანის მიზნით, კომპანია ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს კომუნიკაციას თურქეთის სადისტრიბუციო კომპანიებთან ყველა მოთხოვნადი მედიკამენტის ხელმისაწვდომ ფასად შემოტანის მიზნით; რეგისტრირებული დასახელებების ზრდის პარალელურად, 10-მდე კომპანიასთან თვიდან თვემდე მუდმივად მზარდი იმპორტის მოცულობით თანამშრომლობს“- აცხადებენ PSP-ში.

(R)

“სააკაშვილისგან განსხვავებით, ამ ხელისუფლებას არაფერი გაუუქმებია და მიუყიდია რუსეთისთვის” – ამირან სალუქვაძე

რა მოხდა დღეს? საქართველომ გაუუქმა რუსეთს ვიზები? არა. რუსეთმა გაუუქმა საქართველოს მოქალაქეებს. ვის სჭირდება რუსეთში უვიზო მიმოსვლა? სჭირდება იმ ქართველებს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ, – ამის შესახებ სამხედრო ექსპერტი, ამირან სალუქვაძე, სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, რუსეთის მოქალაქეები, სააკაშვილის გადაწყვეტილებით, ისედაც უვიზოდ მოგზაურობდნენ საქართველოში, ხოლო ცალმხრივად მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ, რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებს ერევნის გავლით ქვეყანაში დაბრუნება აღარ მოუწევთ.

„პუტინმა ძალიან კარგად იცოდა, ვიზების გაუქმებით კოლექტიური ნაცმოძრაობა ხმაურს რომ ატეხავდა. ამ აჟიოტაჟს ყველა პარტიის მხრიდან მივიღებ, ნაციონალების გარდა. მოდით დავაზუსტოთ: სააკაშვილმა რუსეთის მოქალაქეებს აგვისტოს ომის და ჩვენი ორი რეგიონის ოკუპაციის შემდეგ რუსეთის მოქალაქეები დაასაჩუქრა და სავიზო რეჟიმი შეუმსუბუქა.

ანუ, რუსეთის მოქალაქეები სააკაშვილის გადაწყვეტილებით ისედაც უვიზოდ ჩამოდიოდნენ საქაეთველოში, მიუხედავად ოკუოაციისა. რა მოხდა დღეს? საქართველომ გაუუქმა რუსეთს ვიზები? არა. რუსეთმა გაუუქმა საქართველოს მოქალაქეებს. ვის სჭირდება რუსეთში უვიზო მიმოსვლა? სჭირდება იმ ქართველებს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ.

სააკაშვილი 2008 წელს კულტურის წერილს აგზავნის, 2009 წელს პატრიარქს მოსკოვში მოკითხვას ატანს, 2009 წლიდან მოყოლებული რუს ტურისტებს ეპატიჟება და როგორც გვიან გავიგეთ, თურმე არაერთხელ დახვედრია მათ საზღვარზე, ააქტიურებს სავაჭრო ურთიერთობებს, წინ მოუძღვის რუსულ კაპიტალს და ხელში უგდებს სტრატეგიულ ობიექტებს და ბოლოს, უნთებს მწვანე შუქს WTO-ში.

უამრავჯერ დამოძღვრა მოსახლეობა, აბა რა ვქნათ, ღვინო და ვაშლი ხომ უნდა გავიტანოთო (ყველა ეს განცხადება დევს ინტერნეტში და რამდენჯერმე გამოვაქვეყნე). ამ ყველაფერს თავად ჰყვება 2013 წელს ევროსაბჭოში. მეტიც, რუსეთის დელეგაციას ეტრაბახება რუსულ პოეზიას და კულტურას ყველაზე კარგად ვიცნობ და რუსულად ბიძინა ივანიშვილზე უკეთ ვლაპარაკობო.

ჰოდა, ზემოთ აღწერილის შემდეგ რა ნამუსით ხმაურობთ, წარსულზე მაინც მოიხადეთ ჯერ ბოდიში? მით უმეტეს, რომ სააკაშვილისგან განსხვავებით, ამ ხელისუფლებას არაფერი გაუუქმებია და მიუყიდია რუსეთისთვის. პირიქით, გამოსყიდვა მიდის. ჰოდა, თქვით, რომ შეცდომებს სჩადიოდით.

ქართველები რუსეთიდან რომ მაინც ჩამოდიან და უკან მიდიან, ოღონდ ერევნის გავლით, ესეც ხომ იცით? ვინ იგებს და აგებს ამით? ანუ აგვისტოს ომის შემდეგ შეიძლებოდა და ახლა არა? ესაა თემა, თორემ გულწრფელები რომ იყოთ, შესაძლებელი იქნებოდა მსჯელობაში შემოსვლა. თქვენ ოღონდ სახმაურო თემა ნახოთ. როგორც შემოგელევათ, გადმოგიგდებენ ხოლმე“, – წერს ამირან სალუქვაძე.

“პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო შეზღუდვის მოხსნა მორიგი რუსული პროვოკაციაა”-პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მორიგ პროვოკაციას უწოდებს.

პრეზიდენტის განცხადებით, პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო შეზღუდვის მოხსნა საქართველოსთან მიუღებელია, ვიდრე რუსეთი განაგრძობს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციას.

„მორიგი რუსული პროვოკაცია. პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო შეზღუდვის მოხსნა საქართველოსთან მიუღებელია, ვიდრე რუსეთი განაგრძობს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციას“, – წერს პრეზიდენტი.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დღეს გამოსცა განკარგულებები, რომლებიც საქართველოსთან სავიზო რეჯიმის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას ითვალისწინებს.

https://www.facebook.com/zourabichvilisalome/posts/pfbid0J8JfKwkoJ1Zw3GQzkTeGFtFamM8Rqk8Nw6EKpyh1YAVsr6hFfUdoLV8d7Tfenrful

მოსკოვის 9 მაისი – მოკრძალებული აღლუმი და წარუმატებელი საჰაერო თავდასხმა კიევზე – რას წერს როიტერსი

ბრიტანულმა საინფორმაციო სააგენტომ „როიტერმა“ (Reuters) გამოაქვეყნა სტატია სათაურით „მოკრძალებული აღლუმი და წარუმატებელი საჰაერო თავდასხმა კიევზე – მოსკოვის 9 მაისი“ (ავტორი – რობერ ბენვილი), რომელშიც მიმოხილულია მოსკოვში და კიევში გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ჩატარებული ღონისძიებები, საომარი მოქმედებების ფონზე.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

უკრაინაში ზამთრის წარუმატებელი საომარი კამპანიისა და შეიარაღების დეფიციტის ფონზე, მოსკოვმა ფაშიზმზე გამარჯვების დღე წითელ მოედანზე აღლუმითა და კიევზე ფრთოსანი რაკეტებით თავდასხმით აღნიშნა. კრემლის კედელთან ათწუთიანი სიტყვით გამოსვლისას, ვლადიმირ პუტინმა „დასავლური გლობალური ელიტების“ შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ცივილიზაციები „გარდამტეხი შემობრუნების მომენტშია“. „ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ ნამდვილი ომი გაჩაღდა“ – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა, რომელმაც დასავლეთის შეფასებით, უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული, სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო, რომელსაც ათობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმი პუტინის რუსეთში, მნიშვნელოვანი დღეა და ტრადიციულად, პომპეზურად აღინიშნება. თუმცა, დამკვირვებლების აზრით, წელს ის გაცილებით ნაკლები ზარზეიმით აღინიშნა. თანამედროვე საბრძოლო ტანკების ფლანგების ნაცვლად, მოედანზე მეორე მსოფლიო ომის დროინდელი T-34 ტიპის ტანკი გამოჩნდა. ავია გამანადგურებლების ფრენა კი, რომელიც ტრადიციულად იმართებოდა, გაუქმდა. ამ ყველაფერს კი ფონად გასდევდა დაქირავებულ მებრძოლთა ჯგუფის, „ვაგნერის“ ლიდერის განცხადება, რომელიც რუს გენერლებს აკრიტიკებდა. „გუშინ მოვიდა საბრძოლო ბრძანება, რომელშიც ნათლად იყო ნათქვამი, რომ თუ [ბახმუტში] ჩვენს პოზიციებს დავტოვებთ, ეს ღალატად ჩაითვლება. თუ საბრძოლო მასალა არ იქნება, ჩვენ დავტოვებთ ჩვენს პოზიციებს და ვიკითხავთ, – ვინ ღალატობს სამშობლოს?“ – ამბობს ევგენი პროგოჟინი გავრცელებულ აუდიომიმართვაში.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მოსკოვმა ვერ შეძლო ბახმუტის აღება, მიუხედავად იმისა, რომ დაგეგმილი იყო, 9 მაისისთვის პუტინს ეს გამარჯვება მიეღო. გარდა ამისა, კიევი აცხადებს, რომ მისმა საჰაერო თავდაცვა, კიევის მიმართულებით გასროლილი 25 ფრთოსანი რაკეტიდან, 23 ჩამოაგდო. ღამით, დედაქალაქზე განხორციელებულ რუსულ საჰაერო თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ეს იყო რუსული საჰაერო თავდასხმების ზედიზედ მეორე ღამე და მეხუთე, მიმდინარე თვეში. მაშინ, როცა მოსკოვი ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ზეიმობს, კიევმა ევროპის დღე აღნიშნა. პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებით, უკრაინა ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ამიერიდან 8 მაისს აღნიშნავს, როგორც ევროპული ქვეყნები უმრავლესობა. წელს, ევროპის დღე უკრაინამ, ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მასპინძლობით აღნიშნა. „ჩვენი ძალისხმევა ერთიანი ევროპისთვის, უსაფრთხოებისთვის და მშვიდობისთვის უნდა იყოს ისეთივე ძლიერი, როგორც რუსეთის სურვილი, გაანადგუროს ჩვენი უსაფრთხოება, ჩვენი თავისუფლება, ჩვენი ევროპა“ – თქვა ზელენსკიმ, ფონ დერ ლეიენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

წყარო

“ჩვენი ხაბე მოვიდა “ნაცმოძრაობის” ხელმძღვანელობაში და რეფორმები დაიწყო, ბუნებით აღმშენებელი კაცია”- ირაკლი ზარქუა

ჩვენი ხაბე მოვიდა „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელობაში და რეფორმები დაიწყო, ბუნებით აღმშენებელი კაცია და „ჩისტკა“ დაიწყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

როგორც ირაკლი ზარქუამ განაცხადა, შიდა პარტიული თემებია და რაც უნდა ის ქნან, დაშლილები არიან.

„მელია იქ უსუსური იყო, ხაბეიშვილი კადრებს რატომ დატოვებს. სწორს აკეთებს. იბრძვის, ბრძოლობს. დღეს და ხვალ არ სცალია მიშას გამოსახსნელად, ზეგ აუცილებლად მივა. ჯერ უნდა გააძლიეროს თავისი ორგანიზაცია. IRI-მ 14% დაუწერა, მაგრამ NDI-მ ლახვარი ჩაგვცა, 5%-მდე დაუწია რეიტინგი. ახლა ეს რეიტინგი ამოსაქაჩია, ვიდრე რეფორმას არ განახორციელებს პარტიის შიგნით, შედეგს ვერ მიაღწევს. ასე რომ, მე ხაბესკენ ვარ. სერიოზულად რომ გიპასუხოთ, შიდა პარტიული თემებია და რაც უნდათ, ის ქნან. დაშლილები არიან. ხაბე რომ თავმჯდომარეა, იქ უკვე რა პარტიაზე მელაპარაკებით“, – განაცხადა ზარქუამ.

რა დევს სასწორზე თურქეთის არჩევნებში – რას წერს „როიტერი“

ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ (Reuters) აქვეყნებს სტატიას სათაურით „რა დევს სასწორზე თურქეთის არჩევნებში“ (ავტორი – დომინიკ ევანსი), რომელშიც განხილული და გაანალიზებულია თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში ძირითადი მეტოქეების გამარჯვების შანსები. ყურადღება განსაკუთრებით ეთმობა რეჯეფ ერდოღანის პოლიტიკურ პერსპექტივას – აირჩევენ თუ არა თურქები მას ისევ ქვეყნის მეთაურად?

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი რამდენიმე დღის შემდეგ თავის ყველაზე დიდ პოლიტიკურ გამოწვევის წინაშე დადგება, როცა თურქები საარჩევნო ურნებთან მივლენ პრეზიდენტობის რომელიმე კანდიდატისათვის ხმის მისაცემად, ოპოზიცია კი იგრძნობს, რომ მისთვის საუკეთესო შანსი დგება დაასრულოს სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ლიდერისა და თვითონ პარტიის მმართველობაც.

საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც 14 მაისს უნდა გაიმართოს (სავარაუდო მეორე ტური – 28 მაისს) გადაწყვეტს არა მხოლოდ იმ საკითხს, თუ ვინ იქნება თურქეთის სახელმწიფოს მეთაური, არამედ იმასაც, თუ როგორ უნდა იმართებოდეს ქვეყანა, როგორ უნდა განვითარდეს მისი ეკონომიკა და როგორი უნდა იყოს თურქეთის საგარეო პოლიტიკა.

რეჯეფ ერდოღანი, რომელიც თანამედროვე თურქეთის ყველაზე ხანგრძლივ მმართველს წარმოადგენს, საშინაო პოლიტიკაში მხარს უჭერს რელიგიურობას (ღვთისმოსაობას) და დაბალ გადასახადებს, საგარეო პოლიტიკაში – განამტკიცებს თურქეთის გავლენას რეგიონში, ასუსტებს ნატოსთან და დასავლეთთან კავშირებს.

თურქეთში წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს სამი თვის წინ მომხდარი მიწისძვრის კატასტროფული შედეგების ფონზე – სტიქიამ 50 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
რეჯეფ ერდოღანის მთავარი მეტოქეს წარმოადგენს ქემალ ქილიჩდაროღლუ, საერო სახალხო-რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, რომელსაც მხარს უჭერს ექვსი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ალიანსი.

ბედისწერა თურქეთისათვის…

რეჯეფ ერდოღანი თურქეთის ყველაზე უძლიერესი ლიდერია მუსტაფა ქემალ ათა-თურქის („თურქთა მამის“) შემდეგ, რომელმაც ასი წლის წინათ თანამედროვე თურქეთის რესპუბლიკა შექმნა, მაგრამ რომლის საერო კურსი რეჯეფ ერდოღანმა და მისმა ისლამურმა პარტიამ „გვერდზე გასწია“.
რეჯეფ ერდოღანმა ხელისუფლების ცენტრალიზება განახორციელა და ყველაფერი დაუქვემდებარა პრეზიდენტს, ანუ თვითონ გახდა უზენაესი ლიდერი და ანკარის გარეუბანში მდებარე თავისი 1000-ოთახიანი სასახლიდან განსაზღვრავს თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკურ კურსს, მის ეკონომიკასა და უსაფრთხოების საკითხებს.

რეჯეფ ერდოღანის კრიტიკოსების თქმით, მისი ხელისუფლება ახშობს განსხვავებულ აზრს და ზღუდავს სხვაგვარად მოაზროვნე ადამიანებს, მან ქვეყნის სასამართლო სისტემა მთლიანად თავის ხელში მოაქცია და ამით არღვევს დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს. ხელისუფლების განცხადებით კი, მის უპირველეს საზრუნავს სწორედ მოქალაქეთა უფლებების დაცვა და მათი უსაფრთხო ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა წარმოადგენს, რაც ნათლად გამოვლინდა 2016 სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დროს – რეჯეფ ერდოღანმა თურქული საზოგადოება საშინელი პერსპექტივისაგან იხსნა.

ეკონომისტები ამბობენ, რომ რეჯეფ ერდოღანის მოწოდებებმა დაბალი გადასახადებისა და საპროცენტო განაკვეთების შემოღების თაობაზე ქვეყანაში ინფლაციის ზრდა გამოიწვია, რომელიც გასულ წელს 24-წლიან მაქსიმუმს – 85%-ს მიაღწია, ხოლო ეროვნული ვალუტის – ლირის კურსი დოლართან მიმართებით თითქმის ათჯერ შემცირდა.

… და დანარჩენი მსოფლიოსათვის

რეჯეფ ერდოღანის მმართველობის დროს გაძლიერდა თურქეთის სამხედრო გავლენა ახლო აღმოსავლეთში და მის ფარგლებს გარეთაც. თურქეთის არმია ოთხჯერ შეიჭრა სირიაში და ორჯერ ერაყში (ქურთ ამბოხებულთა და ტერორისტთა დევნის მიზნით), უწევდა სამხედრო დახმარებას ლიბიას და აზერბაიჯანს.

თურქეთმა ასევე გადაიტანა (პირდაპირი და არაპირდაპირი სახით) დიპლომატიური გართულებების სერია როგორც რეგიონულ სახელმწიფოებთან – საუდის არაბეთთან, არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან, ეგვიპტესთან და ისრაელთან, ასევე თავის ძველ მეტოქესთან – საბერძნეთთან აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში (საზღვრების გამო) და არ შეუცვლია კურსი კვიპროსთან დაკავშირებით.

რეჯეფ ერდოღანმა პრინციპულობა გამოიჩინა და რუსეთისაგან ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საზენიტო-სარაკეტო სისტემა С-400 შეიძინა, რის გამოც აშშ-მა თურქეთს სანქციები გამოუცხადა. გარდა ამისა, რეჯეფ ერდოღანი დაუახლოვდა თავის რუს კოლეგას ვლადიმერ პურინს, რის გამოც კრიტიკოსებმა ეჭვი შეიტანეს მის ერთგულებაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმართ. თურქეთის გაბედულმა ნეგატიურმა დამოკიდებულებამ ნატოში ფინეთისა და შვედეთის მიღების თაობაზე ორგანიზაციაში მნიშვნელოვანი დაძაბულობა გამოიწვია.

პარალელურად თურქეთი შუამავლად გამოვიდა რუსეთსა და უკრაინას შორის „ხორბლის ექსპორტთან“ დაკავშირებით, რითაც ხაზი გაესვა რეჯეფ ერდოღანის პოტენციურ როლს ომის შეწყვეტის საკითხში.

დიახ, თურქეთის ლიდერმა საერთაშორისო არენაზე მნიშვნელოვანი ავტორიტეტი მოიპოვა. გაურკვეველია, ასეთივე ავტორიტეტი ექნება თუ არა მის სავარაუდო „მემკვიდრეს“ და ამიტომ ეს ფაქტორი, ალბათ, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს არჩევნების შედეგებზე.
რას ჰპირდება ხალხს ოპოზიცია?

ორი ძირითადი ოპოზიციური ძალა – საერო სახალხო-რესპუბლიკური პარტია და მემარჯვენე ცენტრისტული „კარგი“ პარტია, პლატფორმის სახით, გაერთიანდნენ დანარჩენ შედარებით ოთხ სუსტ პარტიასთან, რომლებსაც რეჯეფ ერდოღანის პოლიტიკურ კურსში ბევრი მომენტის შეცვლა სურთ. მაგალითად, ისინი ამომრჩევლებს ჰპირდებიან, რომ აღადგენენ ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობას საფინანსო სფეროში და მთლიანად შეცვლიან რეჯეფ ერდოღანის ნეორთოდოქსალურ ეკონომიკურ პოლიტიკას. ოპოზიცია მოსახლეობას ჰპირდება, რომ საპრეზიდენტო მართვის სისტემას გააუქმებს და თურქეთს საპარლამენტო მართვის სისტემას დაუბრუნებს. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიცია უკან, სირიაში დააბრუნებს მილიონობით ლტოლვილს.

რეჯეფ ერდოღანის მოწინააღმდეგეები ასევე პირობას დებენ, რომ გააუმჯობესებენ თურქეთის ურთიერთობას დასავლეთთან, აშშ-სა და ნატოსსხვა ქვეყნების ჩათვლით, დააბრუნებენ თურქეთს ამერიკული თვითმფრინავის F-35-ის წარმოების პროგრამაში. როგორც ცნობილია, თურქეთის მონაწილეობა პროგრამაში აშშ-მა იმიტომ დაბლოკა, რომ ანკარამ რუსული რაკეტები იყიდა.
ანალიტიკოსების ვარაუდით, ის პოლიტიკური კურსი, რომლის რეალიზებას ოპოზიცია აცხადებს, ხელს შეუწყობს თურქეთში უცხოური ინვესტიციების მიზიდვას.

რეჯეფ ერდოღანი მხარს უჭერდა სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის დამხობის იდეას, ამ მიზნით თანამშრომლობდა სირიის ოპოზიციასთან, მიიღო 3,6 მილიონი სირიელი ლტოლვილი, მაგრამ საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა, რომ თურქმა ლიდერმა არასწორად გათვალა – ბასარ ასადი ისევ ხელისუფლებაშია, იგი ავტორიტეტს იმტკიცებს და იბრუნებს თავის ადგილს არაბულ სახელმწიფოთა ლიგაში, საიდანაც ადრე გარიცხეს… მილიონობით სირიელი ლტოლვილი კი თურქეთისათვის სულ უფრო არასასურველი სტუმრებად იქცნენ. რეჯეფ ერდოღანი, თურქეთის მძიმე ეკონომიკური სიტუაციის გათვალისწინებით, იძულებული გახდა მიეღო გადაწყვეტილება ლტოლვილების უკან, სირიაში დაბრუნების თაობაზე, მაგრამ… ამ გადაწყვეტილები შესრულება ძნელია და თითქმის შეუძლებელიც. ოპოზიციამ მხარი დაუჭირა მთავრობის გეგმას სირიელების სამშობლოში დაბრუნების თაობაზე, მაგრამ არც მთავრობას და არც ოპოზიციას ჯერ-ჯერობით არ შეუმუშავებია გეგმა, თუ როგორ უსაფრთხოდ შეიძლება განხორციელდეს „დაბრუნების ოპერაცია“ – ბაშარ ასადს ნამდვილად არ სურს ლტოლვილების უკან მიღება და არც თვითონ ლტოლვილები არ არიან ამისთვის განწყობილნი.

რამდენად რეალურია პრეზიდენტობის კანდიდატთა შანსები?

ბოლო გამოკითხვების შედეგები ადასტურებს, რომ ქემალ ქილიჩდაროღლუ რეიტინგით რეჯეფ ერდოღანს წინ უსწრებს. ბუნებრივია, რომ პრეზიდენტის ავტორიტეტი დაქვეითდა ცხოვრების გაძვირების გამო, მაღალმა ინფლაციის წყალობით. ანალიტიკოსების აზრით, ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის გამარჯვების შანსი საკმაოდ მაღალია.

მაგრამ არც რეჯეფ ერდოღანი ზის გულზე ხელდაკრეფილი. მართალია, მისი პოზიციები შელახულია, მაგრამ კიდევ აქვს შანსები იმისა, რომ მმართველობა გაიხანგრძლივოს. სავარაუდოდ, რეჯეფ ერდოღანი და ქემალ ქილიჩდაროღლუ ერთმანეთს მეორე ტურში დაუპირისპირდებიან. როგორც მიწისძვრის შემდეგ ჩატარებულმა გამოკითხვებმა აჩვენა, პრეზიდენტმა, ოპოზიციის ბრალდებების მიუხედავად („უხარისხო და უკონტროლო მშენებლობა“), ამომრჩევლებში რეჯეფ ერდოღანმა გარკვეული მხარდაჭერა შეინარჩუნა.

დღეისათვის საკვანძო მნიშვნელობის მქონე საკითხად რჩება ის, თუ ვის დაუჭერს მხარს ქურთი ამომრჩეველი, რომელიც თურქეთის მთლიანი ელექტორატის 15%-ს შეადგენს.

მართალია, პროქართული სახალხო-დემოკრატიული პარტია არ შედის ოპოზიციურ ალიანსში, მაგრამ ის მწვავედ აკრიტიკებს პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანს ბოლო წლებში ქურთების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების გაფართოების გამო.

წყარო

რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები აღადგინა

რუსეთმა საქართველოში პირდაპირი რეისების და ტურების გაყიდვის აკრძალვა გააუქმა. ვლადიმერ პუტინის შესაბამისი განკარგულება რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტ-პორტალზე გამოქვეყნდა.

რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით, უქმდება 2019 წლის 21 ივნისის განკარგულება „რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის, დანაშაულებრივი და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისგან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების დაცვის ცალკეული ზომების შესახებ“.

რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმიმოსვლა თბილისში ანტირუსული საპროტესტო გამოსვლების ფონზე 2019 წლის ზაფხულში შეაჩერა.

ამასთან, ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 15 მაისიდან უქმდება საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი.