“სრულიად ნორმალური გადაწყვეტილებაა” – დემურ გიორხელიძე პუტინის განკარგულებებზე

639
spot_img

რუსეთის ფედერაციამ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამოსცა.

განკარგულების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან უქმდება.

რუსეთის პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულება სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტპორტალზე გამოქვეყნდა. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ტერიტორიაზე შესვლას პასპორტით შეძლებენ. გამონაკლისი ვრცელდება იმ მოქალაქეებზე, რომლებიც რუსეთში სამუშაო მიზნით ჩადიან ან 90 დღეზე მეტი ვადით გეგმავენ დარჩენას.

ასევე, რუსეთმა საქართველოში პირდაპირი რეისების და ტურების გაყიდვის აკრძალვა გააუქმა.

რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით, უქმდება 2019 წლის 21 ივნისის განკარგულება „რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის, დანაშაულებრივი და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისგან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების დაცვის ცალკეული ზომების შესახებ“.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა თბილისში ანტირუსული საპროტესტო გამოსვლების ფონზე 2019 წლის ზაფხულში შეაჩერა.

როგორ აისახება ეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ფონზე?

აღნიშნულ ფაქტს “ჯორჯიან თაიმსთან” საუბარში ექსპერტი დემურ გიორხელიძე გამოეხმაურა:

“პოლიტიკური და ეკონომიკური ფონი ისევ ისეთივე იქნება, როგორიც იყო. რუსეთი დღეს ოფიციალური სტატისტიკით  ნომერ პირველი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია. ფრენების აღდგენა და ვიზების გაუქმება ამას არ შეცვლის. რაც შეეხება თვითონ ამ ფაქტს, ცხადია იმ ასიათასი ქართველისთვის, რომელიც მოძრაობს, ან დროებით ცხოვრობს რუსეთში, ეს გარკვეული შეღავათია.  გადაწყვეტილება უფრო სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის, ვისაც რუსეთთან მიმოსვლა აქვს და არანაირად არ აისახება არც პოლიტიკურ და არც ეკონომიკურ მდგომარეობაზე,”– აღნიშნა ექსპერტმა.

მისი თქმით, რუსეთს საერთოდ არ უნდა გაეუქმებინა ფრენები.

“ვფიქრობ, საერთოდ არ უნდა გაეუქმებინა ეს ყველაფერი, რადგან ჩვენი ქვეყნები ახლოს არიან ერთმანეთთან. კარგად ვნახეთ რუსეთის ბოლო მოვლენების გამო, ასიათასობით რუსი შემოვიდა საქართველოში. რატომ?! იმიტომ, რომ კარგი ურთიერთობაა ჩამოყალიბებული და საქართველოსადმი ნდობა არსებობს. ქართველებს, როცა 90-იან წლებში გაუჭირდათ რუსეთში წავიდნენ. ეს ადამიანური კავშირებია. პოლიტიკას რაც შეეხება, დიპლომატიური ურთიერთობები არ გაგვაჩნია, რასაც თავისი ახსნა აქვს და ეს კარგი არაა. ამ ფონზე, იმ რეალობის გათვალისწინებით რაც ჩამოყალიბდა, ვფიქრობ, რომ სრულიად ნორმალური გადაწყვეტილებაა და რაღაც განსაკუთრებული ინტერპრეტაციები არ სჭირდება,”– აცხადებს ჩვენთან საუბარში დემურ გიორხელიძე.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მორიგ პროვოკაციას უწოდებს.

„მორიგი რუსული პროვოკაცია. პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო შეზღუდვის მოხსნა საქართველოსთან მიუღებელია, ვიდრე რუსეთი განაგრძობს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციას“, – წერს პრეზიდენტი.

ოპოზიციონერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, საქართველოსთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებები არის ჯილდო საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის მიმართ.

„პუტინის გადაწყვეტილებები ეხება საქართველოს და ეს კატასტროფაა. არის ჯილდო საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული იმ პოლიტიკის მიმართ, რომელსაც ბოლო თვეების განმავლობაში, განსაკუთრებით, 24 თებერვლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება, „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის შემდეგ ქვეყანაში ატარებს. ეს არის ანტიდასავლური და ანტიუკრაინული პოლიტიკა. პუტინის გადაწყვეტილება, დააჯილდოვოს საქართველოს ხელისუფლება, ეხება იმას, რომ მან თავისი გადმოსახედიდან კრემლის გავლენების გასაძლიერებლად, აკრძალვა მოხსნა ფრენებზე, ავიამიმოსვლაზე და სავიზო შეზღუდვაზე. ეს არის პირდაპირ ის გზავნილი, რომელსაც პუტინი და კრემლი უშვებს საქრთველოს ხელისუფლების მიმართ, ასევე იმ „პროქსების“ მიმართ, ვინც რეალურად ცდილობს, რუსეთის და კრემლის გზავნილების გასაძლიერებლად იმოქმედოს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ანტიდასავლური და ანტიუკრაინული პოლიტიკა იქნება წინ წამოწეული, მაშინ პუტინი ასეთ ხელისუფლებებს მსგავსი გადაწყვეტილებებით დააჯილდოებს.

ყველამ უნდა იცოდეს, განსაკუთრებით ავიაკომპანიებმა, ვინც შეასრულებს პუტინის სურვილს, შესაძლებელია, მოყვნენ იმ სანქციებში, რომლებიც დაწესდა და კიდევ უფრო ძლიერდება 24 თებერვლის შემდეგ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

„ხალხის ძალის“ წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით სამართლებრივად ეს ცალმხრივი გადაწყვეტილებაა, თუ უვიზოდ ჩვენი მოქალაქეები, მათ შორის იქიდან აქ გადმოვლენ, ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს.

„თქვენ იცით, რომ ეს ცალმხრივ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, როგორც საქართველოს, ისე რუსეთის ფედერაციის მხრიდან, საქართველოს მხრიდან ცალმხრივად ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს იქნა მიღებული, თუ რუსეთი გადაწყვეტს, რომ შეწყვიტოს, ესეც მისი გადაწყვეტილებაა.

თქვენ მე პუტინის პირადი სპიკერი გგონივართ. ზოგადად, თქვენ უფრო კარგად იცით ხოლმე, რუსეთში რა ხდება, ფეესბეში რა ხდება, ფეესბეს ნიშანი როგორია, ვინ სად გადაადგილდება, თქვენგან ვგებულობ ხოლმე, თქვენ უკეთ გეცოდინებათ ამ გადაწყვეტილების მიზეზი. გითხარით, რომ სამართლებრივად ეს არის ცალმხრივი გადაწყვეტილება, თუ უვიზოდ ჩვენი მოქალაქეები, მათ შორის იქიდან აქ გადმოვლენ და არ იქნება გადაადგილების პრობლემა, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.