Home Blog Page 1565

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

„პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ბრალდებულმა დაარწმუნა, თითქოს იგი დაახლოებული იყო როგორც საქართველოს პროკურატურის, ისე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების ცალკეული თანამდებობის პირებთან და მიმდინარე გამოძიების მის სასარგებლოდ დასრულებაში შეეძლო დახმარება.

აღნიშნულის სანაცვლოდ ბრალდებულმა, სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტს 220 000 აშშ დოლარის ორ ეტაპად გადაცემა მოსთხოვა, საიდანაც პირველ ეტაპზე დაზარალებულმა ბრალდებულს 100 000 დოლარი გადასცა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

„რუსული არმიის ძლიერება: მითი თუ რეალობა?“ – რას წერს „ამერიკის ხმა“

ამერიკული სამაუწყებლო ტელერადიოკომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“) აქეყნებს სტატიას სათაურით რუსული არმიის ძლიერება: მითი თუ რეალობა?“.

გთავაზობთ მცირე შემოკლებით:

რუსეთის არმია 2022 წლამდე თავისი ძლიერებით მსოფლიოში მეორე არმიად ითვლებოდა (აშშ-ის შემდეგ), მაგრამ უკრაინაში რუსული არმიის სუსტმა პროგრესმა მოსკოვის სამხედრო ძალის აღქმა შეარყია. „ჯარის რეალურ ძალას იქამდე ვერ აფასებ, სანამ მოქმედებაში არ ნახავ“, – ამბობს ჰარი შმიტი, “ამერიკის წამოწყებათა ინსტიტუტის” უფროსი მკვლევარი და დასძენს, რომ რუსულ ჯარზე დასავლეთში არსებული გადაჭარბებული წარმოდგენები მოსკოვის მიერ ამ მიმართულებით დახარჯული რესურსის ანალიზს ეყრდნობოდა. ჰარი შმიტის თქმით, „აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები იმ რესურსს და თანხებს უყურებდნენ, რომლებსაც კრემლი რუსულ ჯარზე ხარჯავდა და მას ამ მონაცემების მიხედვით აფასებდნენ“.

წარმოდგენები რუსეთის სამხედრო ძლიერებაზე კიდევ უფრო გაამყარა 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის სწრაფმა, გასროლის გარეშე, ანექსიამ. თუმცა, 8 წლის შემდეგ, რუსული არმიის არაეფექტურობა მსოფლიომ ნათლად იხილა.

კრემლი, რომელიც კიევის აღებას სამ დღეში გეგმავდა, უკვე 18 თვეა უკრაინაში მნიშვნელოვანი წარმატების გარეშე იბრძვის. მოსკოვს მოუწია უკან დაეხია კიევიდან, ხარკივიდან და ხერსონიდან. წარუმატებლობის მიზეზებს შორის, გარდა იმისა, რომ კრემლმა არასწორად გათვალა უკრაინელთა მზაობა, დაეცვათ საკუთარი ქვეყანა, მიმომხილველთა შეფასებით, მოკლევადიან კამპანიაზე გათვლილი შეჭრა და ჯარის პოლიტიკური მიზნებზე დაქვემდებარებაა. როცა ომის სამ დღეში მოგებას გეგმავ და ლოგისტიკა ამაზეა გათვლილი, კურსის შეცვლა ბრძოლის პირობებში რთულია, ამბობენ ექსპერტები. თუმცა, განმარტავენ, რომ რუსეთი შეცდომებზე სწავლობს.

„ბრძოლის ველზე მეტ ეფექტურობას ვხედავთ, ვიდრე ადრე. რა თქმა უნდა, ისინი დღეს განსხვავებულ მდგომარეობაში არიან, ვიდრე წელიწადნახევრის წინ. მაშინ შეტევაზე იყვნენ, ახლა კი თავდაცვაში. შეტევა ყოველთვის ბევრად უფრო რთულია, ვიდრე თავდაცვითი ოპერაცია. მათ, სამწუხაროდ, დიდი დრო ჰქონდათ სანგრების გასამაგრებლად, ველების დანაღვმისთვის და 18 თვის გამოცდილების გასათვალისწინებლად“, – ამბობს იან ბრჟეზინსკი, „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარი.

საბჭოთა არმიის 5 მილიონიან შემადგენლობასთან განსხვავებით, რუსეთის ჯარში 1 მილიონი ჯარისკაცია. უკრაინაში განცდილი დანაკარგების გამო, მობილიზაციის მიუხედავად, ჯარის დიდ ნაწილს, საბრძოლო მზაობა არ აქვს. ომის დასაწყისში, რუსეთმა საუკეთესო დანაყოფები დაკარგა.

დამოუკიდებელი მედიის ანალიზის მიხედვით, უკრაინაში 47,000 რუსი სამხედრო დაიღუპა. პენტაგონის თებერვლის მონაცემებით, უკრაინაში, დაახლოებით, 200,000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაშავდა. 6 თვის თავზე ეს მონაცემი, სავარაუდოდ, გაიზარდა, რაც ჯამში უკრაინაში თავდაპირველად გაგზავნილ ჯარისკაცთა რაოდენობას, დაახლოებით 150,000-ს აღემატება.

„ისინი ვერ ახერხებენ კომბინირებული კამპანიის წარმოებას, რასაც ჩვენ ვვარაუდობდით“, – ამბობს ჰარი შმიტი და აცხადებს, რომ „კომბინირებული ოპერაციების შესაძლებლობების გარეშე, ამის განსახორციელებლად საჭირო ლოგისტიკის გარეშე და საჰაერო ძალების ერთგვარი კომბინირებული გამოყენების გარეშე, სიძლიერე უბრალოდ არ არსებობს“.

2008 წლის აგვისტოს ომში, რუსეთის არმიაში გამოვლენილი დისციპლინის, სარდლობის და სტრუქტურის ხარვეზების შემდეგ, კრემლმა ამბიციური სამხედრო რეფორმები წამოიწყო.

„ჩვენ ყველას გვახსოვს მთვრალი რუსი ჯარისკაცები საქართველოში, ფრონტზე“, – იხსენებს ბრჟეზინსკი. „ამ საშინელი პერფორმანსის შემდეგ, პუტინმა პირობა დადო, რომ ვითარება შეიცვლებოდა და 10-15 წლიანი მოდერნიზაციის გეგმა შეიმუშავეს, ახალი შეიარაღების ინკორპორაციის და პროფესიონალიზმის გაზრდის იმედით“, – ამბობს „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარი.

მოსკოვმა საკუთარი ძალის უფრო მოდერნიზებულ, მცირე, საკონტრაქტო ჯარზე გადასვლა და დასავლურ ყაიდაზე ბატალიონ-ტაქტიკურ ჯგუფებად რეორგანიზების გეგმის განხორციელება დაიწყო. თუმცა, აქვე, კომპრომისზე წავიდა უფრო მეტი დანაყოფის შექმნისთვის, პერსონალის ფასად. ექსპერტების ვარაუდით, სამხედრო სარდლობა, მის შესაძლებლობებს, პოლიტიკურ ლიდერებთან გადაჭარბებით წარმოადგენდა.

რეფორმები, როგორც ამას უკრაინის ომიც ადასტურებს, წარუმატებელი აღმოჩნდა. ზოგიერთ შემთხვევაში, დანაყოფები ერთადაც კი არ იწვრთნებოდნენ, არ იცოდნენ როგორ უნდა წარემართად ერთობლივი ოპერაციები და არ არსებობდა გეგმა, როგორ შეევსოთ მათ რიგებში, ბრძოლის ველზე განცდილი დანაკარგები.

„სტრუქტურის კუთხით ბევრი ცვლილება გატარდა, მაგალითად, სამხედროების რაოდენობის შემცირებით, რათა არმია უფრო ელიტური და შესაბამისად, უფრო პროფესიონალი გამხდარიყო“, – ამბობს ჰარი შმიტი და სისტემურ კორუფციაზე მიუთითებს. „ეს ყველაფერი ეყრდნობოდა იმ დაშვებას, რომ რეალურად ფული დაიხარჯებოდა იმაში, რაც აუცილებელია ამ შესაძლებლობების მისაღწევად. აღმოჩნდა, რომ უზარმაზარ კორუფციას ქონდა ადგილი და ფული რჩებოდა გენერლების და კონტრაქტორების ჯიბეებში“, – ამბობს ექსპერტი.

ამ შეხედულებას იზიარებს ატლანტიკური საბჭოს უფროსი მკვლევარი იან ბრჟეზინსკიც და ამბობს, რომ „კორუფციამ ხელი შეუშალა ჭეშმარიტად პროფესიონალი, კარგად გაწვრთნილი, მოწესრიგებული ოფიცერთა კორპუსის განვითარებას“.

თუმცა, კორუფცია რუსული ჯარის მხოლოდ პრობლემის ერთი მხარეა. ჩავარდნების მიზეზი წარსული გამოცდილებაც იყო. მოსკოვი წინა ომებში სწრაფ, მაღალი ინტენსივობის საარტილერიო კამპანიას ეყრდნობოდა, სუსტი მოწინააღმდეგის პირისპირ, იქნებოდა ეს ჩეჩნეთის, საქართველოს თუ სირიის ომები, სადაც არ იყო საჭირო გრძელვადიანად საოკუპაციო ძალები, ხანგრძლივი ომის საწარმოებლად.

რუსეთი ახლა ცოცხალი ძალის პრობლემის წინაშე დგას. თუმცა, მხოლოდ დამატებითი სამხედროები რუსეთის თავსატეხს ვერ გადაჭრის.

რუსული ჯარის უფრო ფართო, სარდლობის გაუმართაობის, ლოგისტიკური მომარაგების ჯაჭვის, ტექნიკის მოძველების და მორალის ნაკლებობის გამოწვევების წინაშეა, რაც ართულებს გრძელვადიანი კამპანიის წარმოებას.

თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ გასული წლის ბოლოს განაცხადა, რომ შეიარაღებულ ძალებში, „მნიშვნელოვან ცვლილებებს“ გეგმავს. ეს განცხადება უკრაინის ფრონტზე არსებული გამოწვევების აღიარებაა, თუმცა ამის მიუხედავად, რუსეთი კვლავ ანგარიშგასაწევ სამხედრო ძალად რჩება.

„თუ ფიქრობთ, რომ რუსეთი აქ დამთავრდა, ცდებით. მას ბევრი შესაძლებლობა და უნარი ჯერ კიდევ აქვს”, – ამბობს გადამდგარი გენერალი ფილიპ ბრიდლავი, აშშ-ის ევროპის ძალების ყოფილი სარდალი. თუმცა აღნიშნავს, რომ ეს რუსეთს ლიდერს მაღალი ფასი და ისეთ არაპოპულარულ ნაბიჯებად დაუჯდება, როგორიც გაწვევაა. „ახლა ბატონი პუტინი წუხს როგორც ქვეყნის შიდა, ისე გარე უსაფრთხოებაზე. ეს აჩვენა პრიგოჟინის და “ვაგნერის” ამბავმა. ასე რომ, მართალია, ბატონ პუტინს საბრძოლო მასალა კიდევ დარჩა, მაგრამ მას ფრთხილი მოქმედება მოუწევს“, – ამბობს გენერალი.

დამკვირვებლების შეფასებით, მოსკოვს რჩება საჰაერო, საზღვაო და სხვა სამხედრო რესურსი იმისთვის, რომ უკრაინის ფრონტზე ბრძოლა გააგრძელოს. ამიტომ, ისინი ვაშინგტონსა და მოკავშირეებს მოუწოდებენ, კიევს ერთობლივი სამხედრო ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო შეიარაღება მიაწოდონ, როგორიცაა მოიერიშე თვითმფრინავები და მეტი სარაკეტო სისტემები, – კონტრშეტევის წარმატების უზრუნველსაყოფად.

წყარო

“შოვში, სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 90 პროცენტი გადამოწმებულია” – შსს

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მეხანძრე-მაშველები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ სამძებრო სამუშაოებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც სტიქიის ეპიცენტრში, ასევე მდინარეების – რიონისა და ჭანჭახის კალაპოტში.

„ამ დროისთვის სტიქიის ეპიცენტრის, მიწის მასის 90 პროცენტი გადამოწმებულია. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები. სამძებრო ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია 25 ადამიანის ცხედარი და რვა პირთან დაკავშირებით გრძელდება სამძებრო სამუშაოები“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

“ამათი ხელისუფლებიდან გაშვების ერთი გზაა რიგგარეშე არჩევნები”-ზურაბ ჯაფარიძე

როგორ შეიძლება, ესენი ხელისუფლებიდან გავუშვათ – ერთი გზაა, რომ მიაღწიო რიგგარეშე არჩევნებს და გაყარო, მეორე გზაა, რაღაცნაირად მიდიხარ რეგულარულ არჩევნებამდე, რომელიც არის მომავალ წელს ოქტომბერში, შემდეგ არჩევნებზე უგებ და თუ მაინც არ გაძლევენ საშუალებას, ისევ ქუჩიდან გაყარო, გულწრფელები თუ ვიქნებით, ალბათ ყველაზე რეალისტური სცენარი ეს არის, – ამის შესახებ „გირჩი მეტი თავისუფლების“ წევრმა, ზურაბ ჯაფარიძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სჯერა, რომ ქუჩის გზა გარდაუვალია.

„არის ხალხი, ვისაც სჯერა, რომ მაგის გარეშეც შესაძლებელია, არჩევნებით მოგება. მე მაგ ხალხს და მაგ ჯგუფს არ მივეკუთვნები, მაგრამ სხვა გზა არ არის, ხომ? რიგგარეშე არჩევნები არ გამოდის. რამდენიმე თვე დავხარჯეთ ჩვენ, „გირჩი მეტი თავისუფლებამ“ ჯერ ცალკე, შემდეგ „დროასთან“ ერთად, რომ მოგვეძებნა ის ხალხი, ვისაც იგივე განწყობა აქვს და ვინც მზადაა, გამოვიდეს ქუჩაში, პროტესტის გზით სცადოს, ამათ დაათმობინოს და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები. არ გამოვიდა, რადგან ამ იდეის გარშემო კონსოლიდაცია ვერ ხერხდება. მთავარი მიზეზი არის ის, რომ პოლიტიკური სპექტრის ნაწილი, ის ხალხი, რომლებიც დღეს, პარლამენტს რომ ვეძახით, ამ შენობაში სხედან, ჩემი აზრით, დღემდე აგრძელებენ პარლამენტარობანას თამაშს და გულწრფელი სურვილი აქვთ, ეს პარლამენტი მიიყვანონ ბოლომდე. შესაბამისად, ამ საკითხის გარშემო პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდირება ვერ ხდება. ამ საკითხს ვერასდროს ღიად მხარს ვერ დაუჭერენ ვერც ჩვენი დასავლელი პარტნიორები, მათ შორის არც სამოქალაქო სექტორში არ არის ამ საკითხში ერთიანობა“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

“ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, კალოუბნის N18-ში სამშენებლო სამუშაოები დაიწყება” – კალაძე

ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, კალოუბნის ქუჩის N18-ში სამშენებლო სამუშაოები დაიწყება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, უკვე დასრულდა აღნიშნულ მისამართზე განსახორციელებელ სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერი.

„გამოვლინდა გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „ბი ქეი ქონსთრაქშენი“, რომელთანაც შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმდა და დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. დაახლოებით, 30-მდე ოჯახი ელოდება ახალი საცხოვრებლის მიღებას. ჯერ ავარიული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი მოხდება, შემდეგ კი ახალი კორპუსი აშენდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

2023 წელს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ენდოპროთეზირების 3 400-ზე მეტი ოპერაცია ჩატარდა, რომელიც 15 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება

მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრის ენდოპროთეზირების ოპერაციები, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ტარდება.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის მონაცემებით, ენდოპროთეზირების ოპერაციების 5 600-ზე მეტი შემთხვევა 23 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა. 2023 წელს, განვლილი 7 თვის მანძილზე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ენდოპროთეზირების 3 400-ზე მეტი ოპერაცია ჩატარდა, რომელიც 15 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება.

ენდოპროთეზირების ოპერაციები უფინანსდებათ: პენსიონერებს, პედაგოგებს, სოციალურად დაუცველებს და პირველი ჯგუფის შშმ პირებს. ასევე, გარკვეულ შემთხვევებში, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის საბაზისო პაკეტით მოსარგებლე ბენეფიციარებს.

მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2023 წლის მაისიდან, ქირურგიული მომსახურების დროს გამოსაყენებელი სახარჯი მასალების და მათ შორის, ორთოპედიული ენდოპროთეზის მინიმალური მოთხოვნები და მახასიათებლები ამოქმედდა. ცვლილების შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სერვისის მიმწოდებელი ყველა სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტების, FDA (The United States Food and Drug Administration), MDR (Medical Device Reporting ) ან CE (Certified in Eu) სერტიფიკატის მქონე მასალები გამოიყენოს. სახარჯი მასალების ევროპული და ამერიკული სტანდარტები, თითოეული ბენეფიციარისთვის, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს.

“ყველა საპარლამენტო ბერკეტს გამოვიყენებთ, რათა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით კითხვებს პასუხი გაეცეს” – ანი წითლიძე

ყველა საპარლამენტო ბერკეტს გამოვიყენებთ, რათა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით კითხვებს პასუხი გაეცეს. შინაგან საქმეთა მინისტრი არის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი, რომლის პირდაპირი პასუხისმგებლობაა, კითხვებზე პასუხი გასცეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანი წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ვახტანგ გომელაურს მოუწევს, პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში კითხვებს პასუხი გასცეს.

„იცით, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა გვაქვს დაანონსებული. ხელისუფლების წარმომადგენლები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან საგამოძიებო კომისიის შექმნას, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით ხელისუფლებას რაღაც აქვს დასამალი. შინაგან საქმეთა მინისტრი არის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი, რომლის პირდაპირი პასუხისმგებლობა, მოვალეობაა, რომ ამ კითხვებზე პასუხი გასცეს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შემთხვევის ადგილზე განცხადებები გააკეთა. საზოგადოება და დაღუპულების ოჯახები იმსახურებენ პასუხებს კონკრეტულ კითხვებზე, რამდენად იყო შესაძლებელი ამ ტრაგედიის თავიდან აცილება. სტიქიური უბედურებებისგან დაზღვეული არავინ არის, თუმცა სტიქიური უბედურებების დროს სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი, საქმე  არის რისკის მინიმუმამდე დაყვანა. ჩვენ უნდა მივიღოთ პასუხი კითხვაზე, რამდენად შესაძლებელი იყო ჯერ პრევენციული სამუშაოები, რათა სახელმწიფოს წინასწარ სცოდნოდა სტიქიასთან დაკავშირებით, ასევე რამდენად დაგვიანებული იყო სამაშველო სამუშაოები, რატომ დაიწყო ის სამი საათის დაგვიანებით, რატომ ჩათვალა ხელისუფლებამ, რომ აუცილებელი არ იყო მეზობელი ქვეყნებისთვის დახმარებისთვის მიემართა, რატომ შეწყვიტეს ღამე ვერტმფრენით სამუშაოები მაშინ, როდესაც ყველაზე მნიშვნელოვანი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო პირველი ღამე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დაიღუპნენ და რამდენად არის სახელმწიფო მზად, კიდევ მსგავსი რამე თუ დამუქრება საქართველოს მოქალაქეებს, შესაბამისი პრევენცია მოახდინოს. ეს არის კითხვები, რომლებსაც დავუსვამთ შინაგან საქმეთა მინისტრს. შინაგან საქმეთა მინისტრს მოუწევს, ინტერპელაციზე გვიპასუხოს ამ კითხვებზე“, – განაცხადა ანი წითლიძემ.

დონალდ ტრამპს 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

ჯორჯიის შტატის ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობაზე ბრალი წაუყენა. 98-გვერდიან საბრალდებო დასკვნაში აღნიშნულია, რომ ტრამპის გარდა ბრალი კიდევ 19 პირს წაუყენეს.

საბრალდებო დასკვნაში, რომელიც 41 პუნქტისგან შედგება, დეტალურადაა მოცემული, რაში ედება ბრალი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს. მათ შორისაა: ჯორჯიის შტატის რეკეტული აქტის დარღვევა; საჯარო მოხელის მიერ ფიცის დარღვევის მოთხოვნა; საჯარო მოხელედ თავის წარმოჩენა; დოკუმენტების გაყალბება; ყალბი განცხადებები, ნაწერები და ყალბი დოკუმენტების წარდგენა და სხვა.

საბრალდებო დასკვნა ბრალდებულებს „კრიმინალურ ორგანიზაციად“ მოიხსენიებს და მათ ბრალს სდებს სხვა დანაშაულებშიც, მათ შორის მოწმეებზე ზემოქმედების, კომპიუტერის ხელყოფის, ქურდობისა და ცრუ ჩვენების მიცემაში.

შეგახსენებთ, რომ ტრამპისთვის ეს უკვე მეოთხე საბრალდებო აქტია.

“კორონავირუსის ახალი ვარიანტი EG.5 მკვეთრად იზრდება და უკვე 50 ქვეყანაში დაფიქსირდა” – Reuters

გამოცემა Reuters აშშ-სა და ევროპის ქვეყნების ჯანდაცვის სამინისტროებზე დაყრდნობით წერს, რომ მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ვარიანტის EG.5 შემთხვევები მკვეთრად იზრდება.

როგორც ცნობილია, EG.5 იგივე „ერისი“ კორონვირუსის „ომიკრონის“ შტამის ქვევარიანტია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ისინი ახალი შტამის გავრცელების დინამიკას ყურადღებით აკვირდებიან, რადგან მისი მუტაცია შესაძლოა სწრაფად გავრცელდეს.

ბოლო მონაცემებით, „ერისით“ დაინფიცირების შემთხვევები მსოფლიოს 50 ქვეყანაში დაფიქსირდა და მხოლოდ აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირებულ პირთა 17%-ს EG.5 შტამი დაუდასტურდა.

“დაიმახსოვრეთ, ნაცობა არა მარტო სირცხვილია, არამედ, საშვილთაშვილო სასჯელია!”- თამარ ჩიბურდანიძე

“ამდენი სიბინძურისთვის აუცილებლად მოგეკითხებათ უფლისგან! უბედურება ის არის, რომ ცოდვა შემდეგ თაობებს მოეკითხებათ და ამდენი არ გესმით,” – წერს  სოციალურ  ქსელში მ “ხალხის ძალის” წევრი, თამარ ჩიბურდანიძე

ჩიბურდანიძის თქმით, “ნაცობა” არა მხოლოდ სირცხვილია, არამედ, სასჯელიც არის ამ ადამიანებისთვის.

“მოკლედ, ვკითხულობ ირაკლი კობახიძეზე კომენტარებს და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ნაცობა არა მარტო სირცხვილია, არამედ, სასჯელია!!!

ამდენი სიბინძურისთვის აუცილებლად მოგეკითხებათ უფლისგან! უბედურება ის არის, რომ ცოდვა შემდეგ თაობებს მოეკითხებათ და ამდენი არ გესმით. ან საიდან უნდა იცოდეთ, ეკლესიაში თქვენ არ დადიხართ, ღმერთის თქვენ არ გწამთ და ცოდვის შიში საიდან უნდა გქონდეთ?
როგორც შოვი ჩაახრჩო აზვირთებულმა ტალახმა, ისე ახრჩობს საქართველოს სიძულვილის და სიბინძურის ტალახში ნაცმოძრაობა და მის ირგვლივ შემოკრებილი ქართული ოპოზიცია.
როგორ არ გეშინიათ? შვილები ხომ გყავთ? თქვენს შვილებს რას ერჩით? რატომ ჰკიდებთ ამხელა ცოდვას? ხომ იცით, რომ ამქვეყნად ყველა დროებით არის…
საბოლოოდ დავრწმუნდი, ნაცებმა პასუხი უნდა აგონ ყველაფერზე. თუ ვინმეზე და რამეზე უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, ეს არის ნაცმოძრაობის საქმიანობის შესწავლა. თუმცა, რაღა შესწავლა უნდა, მათ ღალატზე და ბოროტებაზე ფაქტები მეტყველებს.
დაიმახსოვრეთ, ნაცობა არა მარტო სირცხვილია, არამედ, საშვილთაშვილო სასჯელია!” – წერს ჩიბურდანიძე.

ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, ცისკარა ტოხოსაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული, საქართველოს მოქალაქე ც.ტ. ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრიანდა და სირიის ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ წარმოებულ შეიარაღებულ მოქმედებებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა.

გარდა ამისა, როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, ბრალდებული ტერორისტული ორგანიზაციის მხარდასაჭერად ტერორისტული საქმიანობის პროპაგანდას ეწეოდა.

„ბრალდებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2022 წლის 7 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) წარედგინა.

სასამართლომ ც.ტ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

“მართლაც ამორალურია, როდესაც უზარმაზარი, მთელი ერის ტრაგედია სასპეკულაციო თემად უნდათ რომ გადააქციონ” – მიხეილ სარჯველაძე

სტიქიიდან მეცამეტე დღეს, რაჭაში დატრიალებული ტრაგედიის განხილვა კვლავ აქტუალურია პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიცია ისევ ხელისუფლებას აკრიტიკებს, მმართველი პარტია კი ოპონენტებს სპეკულაციებში სდებს ბრალს. სახელისუფლებო გუნდში განმამარტავენ, რომ ოპოზიცია დღის წესრიგს არ ცვლის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გზით პოლიტიკური ქულების ჩაწერას ცდილობს.

„კონტექსტიდან გლეჯენ ცალკეულ წინადადებებს და ამ წინადადებებზე აბამენ კონსპირაციის თეორიებს. სინამდვილეში, საქმე გვაქვს მორიგ მცდელობასთან, რომ იქ, სადაც უბრალოდ არ არსებობს მიზეზი ხელისუფლების ბრალდებისთვის, გააჩინონ რაღაც მიზეზი და ვერსია ააწყონ, რომლის მეშვეობითაც შეძლებენ ტალახი ესროლონ ხელისუფლებას. ამაში არ არის პრობლემა რასაკვირველია, პრობლემა არის იმაში, რომ მართლაც ამორალურია, როდესაც უზარმაზარი, მთელი ერის ტრაგედია უნდათ, რომ გადააქციონ სასპეკულაციო თემად“, – აცხადებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე.