Home Blog Page 1565

ირაკლი ღარიბაშვილი პორტუგალიის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პორტუგალიის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრს, ჰელენა კარეირასს შეხვდა, – ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობის დინამიკა მიმოიხილეს და არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

„ხაზი გაესვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ პორტუგალიის მხარდაჭერის მნიშვნელობას. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.

მთავრობის მეთაურმა პორტუგალიის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და გამოწვევებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ პორტუგალიის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის პოლიტიკის დირექტორის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ანა ბალთაზარი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

“სამწუხაროა, რომ უკრაინის მიმართ ქართველი ხალხისა და ხელისუფლების სოლიდარობის მიუხედავად, ელჩი დღემდე დანიშნული არ არის”-პაპუაშვილი

ძალიან სამწუხაროა, რომ იმ სოლიდარობის პასუხად, რომელსაც ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მიმართ იჩენს, დღემდე საქართველოში უკრაინის ელჩი არ არის დანიშნული, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინის რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას, რომ თუ „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას გაათავისუფლებენ, ის იქნება პირველი, ვინც წავა პრეზიდენტთან და თბილისში ელჩის გაშვებას სთხოვს.

მისივე თქმით, აღნიშნულ თემაზე წინაპირობების დაყენება სწორი არ არის.

„სოლიდარობის პასუხად, რომელსაც ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის მიმართ იჩენს, სამწუხაროდ, გვაქვს ის, რომ დღემდე არ არის დანიშნული საქართველოში უკრაინის ელჩი. წინაპირობების დაყენება არ მგონია, რომ სწორი იყოს. უფრო მნიშვნელოვანია, უკრაინამ აღადგინოს ის დამოკიდებულება ქართველი ხალხის და სახელმწიფოს მიმართ, რომელიც მას ჰქონდა. დამოკიდებულების შეცვლის ნიშანი იქნებოდა ელჩის დანიშვნა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებით, თუ ნიკა გვარამიას გაათავისუფლებენ, ის იქნება პირველი, ვინც წავა პრეზიდენტთან და თბილისში ელჩის გაშვებას სთხოვს.

 

რამხელა სიამაყეა მთელი საქართველოსთვის! როგორ შეიძლება ამ ბიჭს „ჰეითერები“ ჰყავდეს? – ზაზა შენგელია

„ბრავო რექორდსის“ დამფუძნებელი ზაზა შენგელია „სტადიო მარადონაზე“ გამართულ დიდ ზეიმს ეხმაურება და წერს, რომ ქართველ ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც საქართველოს დროშით გამოჩნდა „სტადიო მარადონაზე“, ყველაზე დიდი ოვაციებით შეხვდნენ.

„ნეაპოლის დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე, „ნაპოლის” გაჩემპიონების ცერემონიალზე, რამხელა ოვაციებით შეხვდნენ ხვიჩა კვარაცხელიას, რომელსაც საქართველოს დროშა ჰქონდა ზურგზე მოსხმული.

იტალიის გარდა ტელესიგნალი მთელს მსოფლიოში გადაიცემოდა. რამხელა სიამაყეა მთელი საქართველოსათვის!

როგორ შეიძლება ამ ბიჭს „ჰეითერები“ ჰყავდეს? ვერასოდეს და ვერაფრით ვერ გავუგებ მათ“, – წერს ზაზა შენგელია.

 

https://www.facebook.com/zaza.shengelia.1/posts/pfbid0cdQJTerywBgyeTL7HQibDjWcD1bk76xZfMHd7NoJirhixBrwQ75qWQ8EQXDVMEXnl

უსაფრთხოების სტანდარტები პარაპლანით ფრენებისთვის – პროექტი მთავრობის სხდომაზე დაამტკიცეს

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა პროექტი, რომელიც პარაპლანით ფრენასთან დაკავშირებულ საკითხებსა და უსაფრთხოების სტანდარტებს განსაზღვრავს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღინიშნა, რომ მოცემული სფერო, უსაფრთხოების კუთხით, მნიშვნელოვან რისკებს უკავშირდება და შესაბამისი საკანონმდებლო აქტის მიღებამდე, პარაპლანით ფრენების სამართლებრივი რეგულირების აუცილებლობაა, დროებითი წესის საფუძველზე.

წარმოდგენილი პროექტით მტკიცდება „პარაპლანით ფრენების წარმოების, ექსპლუატაციის, უსაფრთხოებისა და ამ წესით განსაზღვრული საქმიანობისთვის დადგენილი საფასურების ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის დროებითი წესი“.

„პროექტი განსაზღვრავს პროცესში ჩართულ პირთა უფლება-მოვალეობებს, საფრენი ლოკაციის ვარგისიანობის დადგენის მოთხოვნას და შესაბამის წესს, ოპერატორის სერტიფიცირების საკითხს, მოთხოვნებს მფრინავის მიმართ, მფრინავთა კატეგორიებს/ქვეკატეგორიებს, მათი მინიჭების/აღიარების და გამოცდის ჩატარების წესს, პარაპლანისა და მისი ელემენტების ვარგისიანობის დადგენის მოთხოვნას და შესაბამის პროცედურას, ფედერაციის კომპეტენციასა და უფლება-მოვალეობებს, ზედამხედველობას ფედერაციის საქმიანობაზე, წესით გათვალისწინებული შესაბამისი საქმიანობის განსახორციელებლად დაწესებული საფასურების  ოდენობას და სხვა.

წესი არეგულირებს პარაპლანით კომერციულ, არაკომერციულ და საწვრთნელ-სავარჯიშო ფრენებს. წესი არ ვრცელდება ექსპერიმენტულ და საჩვენებელ ფრენებზე, თუმცა ასეთი სახის ფრენების შესრულებაზე განისაზღვრება გარკვეული მოთხოვნები“,- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

ურსულა ფონ დერ ლაიენი “ევროპის დღესთან” დაკავშირებით უკრაინაში ჩადის

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სამშაბათს, “ევროპის დღის” აღსანიშნავად კიევს ეწვევა, – ინფორმაციას CNN-ი ევროკომისიის პრეზიდენტის პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა 9 მაისს „მეორე მსოფლიო ომში“ ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღის ნაცვლად „ევროპის დღეს“ აღნიშნავს.

ზელენსკიმ პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც “გამარჯვების დღის“ ერთი დღით ადრე, 8 მაისს აღნიშვნას ითვალისწინებს.

რაც შეეხება „ევროპის დღეს“, ეს არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც ევროპაში მშვიდობასა და ერთიანობას აღნიშნავს. 9 მაისი არის ისტორიული „შუმანის დეკლარაციის“ წლისთავი. დეკლარაცია 1950 წლის 9 მაისს საფრანგეთის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, რობერტ შუმანმა წარადგინა და მან ევროპის ქვეყნების გაერთიანებას და დღევანდელი ევროკავშირის შექმნას ჩაუყარა საფუძველი.

“ბადრი ესებუა 2008 წლიდან აყვანილია ამბულატორიულ აღრიცხვაზე ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში” – პროკურატურა

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ,,საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. როგორც საქმის პროკურორმა დიმიტრი ხვიტიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, ბადრი ესებუა 2009 წლის 27 მაისიდან 1 ივნისამდე მიხეილ ასათიანის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში სტაციონარულ მკურნალობას გადიოდა.

მისივე თქმით, აღნიშნული ინფორმაცია ესებუამ ფსიქიატრიული დაწესებულების წარმომადგენლებს თავად მიაწოდა. ამასთან, პროკურორის განცხადებით, ესებუა 2008 წლიდან დღემდე აყვანილია ამბულატორიულ აღრიცხვაზე ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში.

ბრალდების მხარემ ამ გარემოების საქმეზე დართვა მოითხოვა და შუამდგომლობა დააყენა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიდან ესებუას სამედიცინო დოკუმენტების ამოღების მიზნით განჩინების გაცემის თაობაზე, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

აღნიშნულ საკითხზე განჩინების გაცემას დაცვის მხარეც დაეთანხმა.

„როცა ბადრი ესებუა ჯარში მსახურობდა, ასათიანზე იყო გადაყვანილი და ჩანაწერები რომ არსებობდა ვიცოდით. რა თქმა უნდა, ეს მითხრა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა. ბრალდებული ამ საკითხთან დაკავშირებით აქამდე არც დაუკითხიათ და არც სამედიცინო დოკუმენტები მოუთხოვიათ, ახლა ითხოვენ მოპოვებას და ჩვენ თანახმა ვართ“, – განაცხადა ესებუას ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ.

სასამართლო პროცესს ბრალდებული ბადრი ესებუაც ესწრებოდა, რომელსაც უკვე ჩაუტარდა ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

შეგახსენებთ, ბადრი ესებუას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების გამო 4 წლიანი პატიმრობა უკვე მიესაჯა. საქმე ეხება 2023 წლის 8 თებერვალს, ჯიხაშკარში, ესებუას დაკავების დროს აღმოჩენილ იარაღს. აღნიშნულ ეპიზოდზე ბრალს აღიარებს დაკავებულიც. „საქართველოს ბანკის“ ძარცვის საქმეზე კი, ესებუა ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს.

“სჯობს, არახამიამ გადახედოს, რას ფიქრობს საზოგადოება მასსა და მისნაირ მავნებელ ადამიანებზე”

დავით არახამიას შეუძლია, ნებისმიერი განცხადება გააკეთოს მაშინ, როდესაც ოფიციალურ პოზიციაზე არ იქნება და მის განცხადებებს არავინ შეაფასებს. მისი განცხადებები კონკრეტული მიზნისკენაა მიმართული და თავის გეგმაში, ნებისმიერ განცხადებასა და წინადადებაში მავნებლობა აქვს ჩადებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, სჯობს, არახამიამ გადახედოს, რას ფიქრობს ქართული საზოგადება მასზე.

„დააკვირდით ერთ ასპექტს, მან თავი დაანება ომში ჩართვის თემაზე საუბარს. მიხვდა, რომ ეს საზოგადოებაში არა თუ არაპოპულარულია, არამედ ამ ყველაფერს უსამშობლო ადამიანების მიერ გამოხატული ემოცია დაერქვა. სჯობს, გადახედოს, რას ფიქრობს ქართული საზოგადოება პირადად მასზე და მისნაირ მავნებელ ადამიანებზე, რომლებიც სულ მცირე, ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გაუმჯობესებაზე არ ზრუნავენ. უნდა იცოდეს, რომ უკრაინელი ხალხის გვერდით დგას მთელი საქართველო, მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა. მისი ქართული წარმოშობა არაფერს ნიშნავს. ეს არის აზრ გამოცლილი ადამიანი, რომელიც ფაქტია, მავნებელია თავის გამონათქვამებშიც და საქციელშიც“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვინ გაანადგურა ფაშისტური გერმანია აღმოსავლეთ ევროპის ფრონტებზე – “ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ვინ გაანადგურა ფაშისტური გერმანია აღმოსავლეთ ევროპის ფრონტებზე 1945 წელს – უკრაინამ, ბელარუსმა თუ საბჭოთა კავშირმა? – წერს “ჯორჯიან თაიმსის” ბლოგში პოლიტიკური მიმომხილველი სიმონ კილაძე.

მისივე განმარტებით, ეს საკითხი დღემდე დავის საგანია.

“ეს საკითხი საკმაოდ საინტერესოა და ხშირად გარკვეულ დავას იწვევს: ზოგი ამბობს, რომ საბჭოთა კავშირმა, ზოგიერთი კი, სსრკ-სთან ერთად, ასახელებს უკრაინისა და ბელორუსიის სსრ-ებს.
მაგრამ ისმება შემხვედრი კითხვა: განა უკრაინა და ბელორუსია საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში არ იყვნენ? განა სსრ კავშირი ერთი საერთაშორისო სამართალსუბიექტი არ იყო?

1944 წელს, როცა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია იქმნებოდა, წესდების პროექტის თანახმად, ყოველ დამფუძნებელ სახელმწიფოს მხოლოდ ერთი ხმა უნდა ჰქონოდა. იოსებ სტალინი, ხედავდა რა იმას, რომ სსრ კავშირი უმცირესობაში მოხვდებოდა, წინადადება წამოაყენა, რომ გაეროს წევრები უნდა ყოფილიყვნენ მოკავშირე საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკებიც – სულ 16 სსრ.
უინსტონ ჩერჩილს უთქვამს:

– მისტერ სტალინ, კარგი ახლა, რანაირი დამფუძნებლები ეგენი იქნებიან, დამოუკიდებლობის ნატამალი არ აქვთო..

იოსებ სტალინს ასეთი პასუხი გაუცია:

– მისტერ ჩერჩილ, თუ არ არიან, იქნებიან, სწრაფად მივიღებ შესაბამის გადაწყვეტილებას მათი დამოუკიდებლობის თაობაზეო და შენ რომ მაგდენი დომინიონი გინდა გაეროს დამფუძნებელი გახადო, მეც ეგრე გავაკეთებო.

მოკლედ, 1944 წლის 28 იანვარს, პირველად გაგანია ომის დროს, ჩატარდა საკავშირო კომპარტიის პლენუმი, რომელზეც მიიღეს დადგენილება მოკავშირე რესპუბლიკების უფლებების გაფართოების შესახებ თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობების სფეროში. დადგენილების მიხედვით, ყოველ მოკავშირე რესპუბლიკაში იქმნებოდა თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები, რომლებიც იმდროინდელი საერთაშორისო სამართლით მხოლოდ დამოუკიდებელი სახელმწიფოების სტრუქტურებად მოიაზრებოდნენ.

პლენუმის დადგენილება იურიდიულად გააფორმა სსრკ უმაღლესმა საბჭომ, საბჭოთა კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილების შეტანით.

ანუ ეს ნიშნავდა, რომ 16-ვე მოკავშირე რესპუბლიკა (კარელია-ფინეთის სსრ-ის) ჩათვლით უეცრად “დამოუკიდებელ სახელმწიფოებად” გადაიქცნენ.

სხვათა შორის, საქართველოს სსრ-ის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ჯერ გიორგი კიკნაძე, შემდეგ მიტროფანე კუჭავა, არჩილ გიგოშვილი, გიორგი ჩოგოვაძე, რევაზ ფრუიძე, შალვა კიკნაძე, თეიმურაზ გორდელაძე და ბოლოს, გიორგი ჯავახიშვილი (1985-90 წლებში).

დასავლეთმა (ანტიჰიტლერული კოალიციის წევრებმა) კოლექტიურად უარი განაცხადეს მისტერ სტალინის წინადადებაზე, მაგრამ კრემლს მაინც გაუწიეს “შეღავათი” – დათანხმდნენ, რომ გაეროს დამფუძნებლები 1945 წლის 24 ოქტომბერს ყოფილიყვნენ უკრაინისა და ბელორუსიის სსრ-ები, როგორც ფაშისტურ გერმანიის განადგურებაში დიდი წვლილის შემტანი რესპუბლიკები.

კონკრეტულად რუსეთის სფსრ გაეროს ოფიციალური წევრი არ ყოფილა, მისი ფუნქციის შესრულება უშუალოდ საბჭოთა კავშირმა იკისრა.

დიდმა ბრიტანეთმა გაეროს დამფუძნებლებად წარმოადგინა ავსტრალია, ინდოეთი, კანადა და ახალი ზელანდია (დომინიონები).

მოკლედ, რადგან იმდროინდელი საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, ხოლო დღევანდელი რუსეთი გაეროს წევრი 1990-იან წლებამდე არ ყოფილა, გამოდის, რომ კონკრეტულად ფაშისტურ გერმანიასთან 1941-45 წლების ომში, სახელმწიფოს სტატუსით, გაუმარჯვიათ უკრაინას, ბელარუსს და საბჭოთა კავშირს”, – წერს სიმონ კილაძე.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 მაისისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 9 მაისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.4830 ლარი ეღირება, ევრო – 2.7430 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1440 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.4834 ლარი ღირდა, ევრო – 2.7377 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.1321 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 9 მაისს ამოქმედდება.

“საინტერესო იქნება „სისხლისა და რევოლუციის“ ე.წ. ტრენინგებზე სასამართლოზე ეჭვმიტანილთა პასუხები” – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში აზიარებს სურამში პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ტრენინგში მონაწილე-მენტორების სიას და აღნიშნავს, რომ აუცილებელია რევანშისტების ამ სეგმენტის საქმიანობის და სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე სამართალდამცველთა დროული და მტკიცებულებებით გამყარებული პასუხები.

როგორც ანალიტიკოსი წერს, უამრავ შეკითხვას ბადებს ასევე IRI-ს ადგილობრივი ოფისის სპონსორობა.

„დასახელება და შერცხვენა (naming & shaming) მხოლოდ არ კმარა. აუცილებელია რევანშისტების ამ სეგმენტის საქმიანობის და ე.წ. ბანაკებში სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე სამართალდამცველთა დროული და მტკიცებულებებით გამყარებული პასუხები. სავარაუდოდ, ეს სია უფრო ვრცელია. უამრავ შეკითხვას ბადებს ასევე IRI-ის ადგილობრივი ოფისის სპონსორობა.
საინტერესო იქნება “სისხლისა და რევოლუციის” ე.წ. ტრენინგებზე სასამართლოზე ეჭვმიტანილთა პასუხები. ამათნაირ დესტრუქციულებს აშშ-ში თუ ევროპაში აქვთ და ექნებათ უდიდესი პრობლემები სამართალთან“, – წერს გია აბაშიძე.

“პრეზიდენტის ადმინისტრაცია დღემდე ვერ ახერხებს, პარლამენტს ცესკო-ს წევრობის კანდიდატები წარუდგინოს”

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პრაქტიკამ აჩვენა, რომ საჭიროა ცვლილებების შეტანა „საარჩევნო კოდექსსა“ და რეგლამენტში.

მისივე თქმით, დღევანდელი საკანონმდებლო რეგულირება აბსურდულია.

„უპრეცენდენტო და აბსურდულია საკანონმდებლო რეგულირება, რომელიც დღეს არსებობს და მაღალი რანგის თანამდებობის პირების 6 თვის ვადით არჩევას ითვალისწინებს. ევროკავშირის არც ერთ ქვეყანას მსგავსი ჩანაწერი არ აქვს. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს საკანონმდებლო ჩანაწერი ვერ ფუნქციონირებს. დღემდე პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვერ ახერხებს, სრულად დააკომპლექტოს ცესკო-ს წევრობის კანდიდატები და წარუდგინოს პარლამენტს. რამდენჯერმე გამოაცხადეს კონკურსი. ამ კონკურსში არ შეიტანეს საბუთები და კონკურსი ჩაიშალა. ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული სამართლებრივი მოწესრიგება პრაქტიკაში ვერ მუშაობს. ეს არის უპრეცედენტო რეგულირება, რომელიც თავის დროზე კომპრომისის სახით და იმ დათქმით მივიღეთ, რომ პრაქტიკაში დავაკვირვებოდით, იმუშავებდა თუ – არა. დავთმეთ და ვთქვით, რომ შეიძლება, ასეთი ჩანაწერი არსებობდეს. პრაქტიკაში ამ რეგულაციამ ვერავითარი სწორი ფუნქციონირება ვერ უზრუნველყო და ხარვეზების მეტი არაფერი გამოავლინა. საბოლოოდ, მივედით იქამდე, რომ საჭიროა გამართული საკანონმდებლო ჩანაწერის არსებობა. ჩვენი ამოცანაა, საკითხი მოწესრიგდეს და პრაქტიკაში ასეთი ხარვეზები აღარ წარმოიქმნას. ჩვენი მიზანია, არსებობდეს სამართლებრივი ჩანაწერი, რომელიც უზრუნველყოფს კვალიფიციური, პროფესიონალი და კეთილსინდისიერი კანდიდატების არჩევას და ეს პროცესი არ იქნება გაჯერებული პოლიტიკური მოტივაციით. მაგალითად, ცესკო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან მიმართებით პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ წარადგენდა კანდიდატს. კვალიფიციურიც არის, კეთილსინდისიერიც, კარგადაც ჩაატარა არჩევნები, საუკეთესოდ უზრუნველყო არჩევნების ადმინისტრირება, თუმცა არ წარვადგენო. ეს ეწინააღმდეგება პრინციპს, რომ კანდიდატი უნდა შეარჩიო არა პოლიტიკური მოტივაციით, არამედ კეთილსინდისიერების, პროფესიონალიზმისა და გამოცდილების გათვალისწინებით. პრეზიდენტი პროცესში ჩართული იქნება მისი წარმომადგენლის მეშვეობით. ყველა კონსტიტუციური ნორმა დაცულია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

„საარჩევნო კოდექსსა“ და რეგლამენტში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ცესკო-ს თავმჯდომარისა და რამდენიმე წევრის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება, პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.

” არახამია თუ ბრძანებს, რომ მას უნდოდა ჩამოსვლა და გადაიფიქრა, რადგან უცხო ქვეყნის სახელმწიფომ ასე ურჩია, ამ უცხო ქვეყნის სახელმწიფოს დაუსვით შეკითხვა”- წულუკიანი

არახამია თუ ბრძანებს, რომ მას უნდოდა ჩამოსვლა და არ ჩამოვიდა, გადაიფიქრა, გადაწყვეტილება შეცვალა იმიტომ, რომ უცხო ქვეყნის სახელმწიფომ მას ასე ურჩია, გთხოვთ, რომ ამ უცხო ქვეყნის სახელმწიფოს დაუსვათ შეკითხვა, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დავით არახამიას განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

კერძოდ, მინისტრს კითხვა დაუსვეს უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განაცხადებაზე, რომ ვახტანგ კიკაბიძის დაკრძალვაზე ჩამოსვლას აპირებდა, თუმცა გააფრთხილეს, რომ საზღვრის კვეთისას პრობლემები შეიძლებოდა შექმნილიყო.

„ეს შეკითხვა მე ან ჩემს რომელიმე თანამოქალაქეს არ ეკუთვნის. მქონდა პატივი, ვყოფილიყავი სამძიმარზე და პატივი მიმეგო, ამ (ბუბა კიკაბიძის) დიდი ადამიანისა და კულტურის მოღვაწის ღვაწლის წინაშე მომეხადა ის ვალი, რომელიც თითოეული ჩვენთაგანის ვალია. სულ ეს შემიძლია გითხრათ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

რაც შეეხება დავით არახამიას იმ განცხადებას, რომ „ნიკა გვარამია პოლიტიკოსი არ არის, ჟურნალისტია და თუ მას გაათავისუფლებენ, პირველი იქნება, ვინც წავა პრეზიდენტთან და თბილისში ელჩის გაშვებას სთხოვს“, – თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს უპასუხა: „არ ვიცი, რაზე მესაუბრებით, ნიკა გვარამია იხდის კანონიერ სასჯელს და არც შეწყალების უფლებამოსილება ჩემთვის არავის მოუცია“.