” არახამია თუ ბრძანებს, რომ მას უნდოდა ჩამოსვლა და გადაიფიქრა, რადგან უცხო ქვეყნის სახელმწიფომ ასე ურჩია, ამ უცხო ქვეყნის სახელმწიფოს დაუსვით შეკითხვა”- წულუკიანი

1044
spot_img

არახამია თუ ბრძანებს, რომ მას უნდოდა ჩამოსვლა და არ ჩამოვიდა, გადაიფიქრა, გადაწყვეტილება შეცვალა იმიტომ, რომ უცხო ქვეყნის სახელმწიფომ მას ასე ურჩია, გთხოვთ, რომ ამ უცხო ქვეყნის სახელმწიფოს დაუსვათ შეკითხვა, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დავით არახამიას განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

კერძოდ, მინისტრს კითხვა დაუსვეს უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განაცხადებაზე, რომ ვახტანგ კიკაბიძის დაკრძალვაზე ჩამოსვლას აპირებდა, თუმცა გააფრთხილეს, რომ საზღვრის კვეთისას პრობლემები შეიძლებოდა შექმნილიყო.

„ეს შეკითხვა მე ან ჩემს რომელიმე თანამოქალაქეს არ ეკუთვნის. მქონდა პატივი, ვყოფილიყავი სამძიმარზე და პატივი მიმეგო, ამ (ბუბა კიკაბიძის) დიდი ადამიანისა და კულტურის მოღვაწის ღვაწლის წინაშე მომეხადა ის ვალი, რომელიც თითოეული ჩვენთაგანის ვალია. სულ ეს შემიძლია გითხრათ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

რაც შეეხება დავით არახამიას იმ განცხადებას, რომ „ნიკა გვარამია პოლიტიკოსი არ არის, ჟურნალისტია და თუ მას გაათავისუფლებენ, პირველი იქნება, ვინც წავა პრეზიდენტთან და თბილისში ელჩის გაშვებას სთხოვს“, – თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს უპასუხა: „არ ვიცი, რაზე მესაუბრებით, ნიკა გვარამია იხდის კანონიერ სასჯელს და არც შეწყალების უფლებამოსილება ჩემთვის არავის მოუცია“.