“სამწუხაროა, რომ უკრაინის მიმართ ქართველი ხალხისა და ხელისუფლების სოლიდარობის მიუხედავად, ელჩი დღემდე დანიშნული არ არის”-პაპუაშვილი

141
spot_img

ძალიან სამწუხაროა, რომ იმ სოლიდარობის პასუხად, რომელსაც ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მიმართ იჩენს, დღემდე საქართველოში უკრაინის ელჩი არ არის დანიშნული, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინის რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას, რომ თუ „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას გაათავისუფლებენ, ის იქნება პირველი, ვინც წავა პრეზიდენტთან და თბილისში ელჩის გაშვებას სთხოვს.

მისივე თქმით, აღნიშნულ თემაზე წინაპირობების დაყენება სწორი არ არის.

„სოლიდარობის პასუხად, რომელსაც ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის მიმართ იჩენს, სამწუხაროდ, გვაქვს ის, რომ დღემდე არ არის დანიშნული საქართველოში უკრაინის ელჩი. წინაპირობების დაყენება არ მგონია, რომ სწორი იყოს. უფრო მნიშვნელოვანია, უკრაინამ აღადგინოს ის დამოკიდებულება ქართველი ხალხის და სახელმწიფოს მიმართ, რომელიც მას ჰქონდა. დამოკიდებულების შეცვლის ნიშანი იქნებოდა ელჩის დანიშვნა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებით, თუ ნიკა გვარამიას გაათავისუფლებენ, ის იქნება პირველი, ვინც წავა პრეზიდენტთან და თბილისში ელჩის გაშვებას სთხოვს.