Home Blog Page 1561

შოვში, ტრაგიკულად დაღუპულთაგან კიდევ სამი პირია იდენტიფიცირებული – დეტალები

ოფიციალური ინფორმაციით, შოვში ტრაგიკულად დაღუპულთაგან იდენტიფიცირებულია კიდევ სამი პირი. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც შოვის კოტეჯებში სარემონტო სამუშაოებს ახორციელებდნენ. სულ 26 ადამიანია იდენტიფიცირებული.

ამ დროისთვის სტიქიის ეპიცენტრი ფაქტობრივად უკვე შესწავლილია. გადასამოწმებელია დამეწყრილი ტერიტორიის დაახლოებით ხუთი პროცენტი. განუწყვეტლივ გრძელდება სამძებრო – სალიკვიდაციო სამუშაოები.

სტიქიიდან მეთოთხმეტე დღეს ეპიცენტრში არსებული ვითარება ასეთია – აღდგენილია ხიდები, გაწმენდილია გზები, მდინარე ჭანაჭახი ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ახლა მთავარ გამოწვევად რჩება შვიდი დაკარგულის პოვნა.

“ვიდრე საქართველოს ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული, ძმობაზე საუბარი შეუძლებელია”

ვიდრე საქართველო იმყოფება მდგომარეობაში, როცა მისი ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული, რასაკვირველია, ძმობაზე საუბარი შეუძლებელია, – ასე უპასუხა “ქართული ოცნების” დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ Black Sea Arena-ს დარბაზში, The Killers-ის კონცერტზე სოლისტის მიერ სცენაზე რუსი დრამერის აყვანასთან და ამით გამოწვეულ პროტესტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

რაც შეეხება კონცერტზე მისულ მსმენელთა რეაქციას, როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ეს ცალკე საკითხია და არ ჰგონია, რომ “ცალკეული რეაქციები გადაჭარბებულად უნდა შეფასდეს”.

“თუ ვინმეს სურს, ქართველები და რუსები ძმები იყვნენ, ასეთ შემთხვევაში უალტერნატივოდ დღის წესრიგში მთავარი პრიორიტეტი დგას – უნდა მოხდეს საქართველოს დეოკუპაცია – ყველა საკითხი ამით იწყება და მთავრდება!

მნიშვნელოვანია, რაციონალურად, პრაგმატულად გვესმოდეს და ყველას კარგად გვქონდეს გათავისებული, რომ დეოკუპაცია ამ ქვეყნისთვის არის ხელშეუხებელი და ნომერ პირველი პრიორიტეტი. არავის უნდა დაავიწყდეს – იქნება ქართველი თუ უცხოელი, რომ ეს საქართველოსთვის არის მთავარი რამ. ეს არის ის, რასაც ვერასდროს შევურიგდებით!” – განაცხადა დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ.

გუშინ, Black Sea Arena-ზე კონცერტის დროს, The Killers-ის სოლისტმა აუდიტორიიდან სცენაზე რუსი დრამერი აიყვანა. აღნიშნულს მსმენელთა პროტესტი მოჰყვა. კონცერტზე მისულთა ნაწილმა კონცერტი პროტესტის ნიშნად დატოვა.

“ქეთევან დუმბაძე ურთულეს წლებში, დიდი რისკის ფასად ამზადებდა აქტუალურ და მნიშვნელოვან გადაცემებს, რომლითაც ავტორიტარულ რეჟიმს უპირისპირდებოდა”

ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ქეთი დუმბაძისადმი მილოცვას აქვეყნებს, სადაც კულტურის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ როგორც ავტორი და პროდიუსერი, ქეთევან დუმბაძე ურთულეს წლებში, დიდი რისკის ფასად ამზადებდა აქტუალურ და პრინციპულად მნიშვნელოვან გადაცემებს, რომლითაც ავტორიტარულ რეჟიმს უპირისპირდებოდა.

„კულტურის სფეროს წარმომადგენლები ქეთევან დუმბაძეს წარმატებას ვუსურვებთ. ქეთევან დუმბაძე ლიტერატორებისა და მწერლების დიდი ოჯახის წევრია. სტუდენტობის წლებიდან მოყოლებული, მონდომებითა და პასუხისმგებლობით ეკიდებოდა მინდობილ საქმეს მთარგმნელობით კოლეგიასა თუ სატელევიზიო ჟურნალისტიკის სფეროში. როგორც ავტორი და პროდიუსერი, ურთულეს წლებში, დიდი რისკის ფასად ამზადებდა აქტუალურ და პრინციპულად მნიშვნელოვან გადაცემებს, რომლითაც ავტორიტარულ რეჟიმს უპირისპირდებოდა.

ქეთევან დუმბაძე მუშაობდა კულტურის სამინისტროში, ლიტერატურული სფეროს მრჩევლად და არაერთი სასიკეთო საქმე გააკეთა თანამედროვე ლიტერატურის, წიგნისა და ავტორთა პოპულარიზაციისთვის. პროექტით „ცოცხალი წიგნები“, უკვე აღიარებულ თუ ახალბედა ავტორებთან ერთად, მან საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტი მოიარა. თანამედროვე ავტორები უკვე მერვე წელია ხვდებიან საზოგადოებას, მკითხველებს, ახალგაზრდებს საქართველოს ყველა კუთხეში, უნივერსიტეტებში, სახლ-მუზეუმებში, სკოლებში. ამავე პროექტის წიაღში შეიქმნა „მწერლის თეატრიც“, რომელიც თავდაპირველად მარჯანიშვილის თეატრში იმართებოდა, ახლა კი თუმანიშვილის თეატრში იმართება. ამავე პროექტით ქართველი ავტორები მონაწილეობენ ლიტერატურულ ფესტივალებში იტალიაში, გერმანიაში, შვედეთში, ისრაელში, თურქეთში, ხვდებიან ქართულ სათვისტომოებს, საკვირაო სკოლებს, მონაწილეობენ მთარგმნელობით ვორკშოპებში. ქართველი ავტორების არაერთი კრებული გამოიცა უცხოეთში, რომელთა თარგმანის ხელშეწყობაც სწორედ „ცოცხალი წიგნების“ მეშვეობით ხორციელდება.

ქეთევან დუმბაძის ინიციატივით შეიქმნა 120-ზე მეტი თანამედროვე ქართველი მწერლის ვიდეო პორტრეტი და უნიკალური ვიდეო ფონდი. ასევე შეიქმნა დოკუმენტური ფილმი ჭაბუა ამირეჯიბზე, მწერლის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავად. სახელმწიფო ლიტერატურული კონკურსები („ლიტერა“, იაკობ გოგებაშვილის სახელობის კონკურსი საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურის დარგში, „მუზა“) მისი უშუალო ინიციატივით ან აქტიური მონაწილეობით დაფუძნდა. და, რაც ხაზგასმით აღსანიშნავია: ნებისმიერ პროექტში, კონკურსში, ფესტივალსა თუ შეხვედრაში მონაწილეობისთვის, ქეთევან დუმბაძეს არასოდეს შეურჩევია ხელოვანები მათი პოლიტიკური შეხედულებების გათვალისწინებით.
ზემოთქმული მხოლოდ ნაწილობრივი აღნუსხვაა იმ საქმეებისა, რაც ქართული მწერლობის წინსვლისთვის ქეთევან დუმბაძეს დღემდე გაუკეთებია.
საყოველთაოდ ცნობილია ქეთევან დუმბაძის საუკეთესო პიროვნული თვისებები – სიკეთე, გულისხმიერება, ურთიერთობის იშვიათი უნარი… სხვადასხვა თაობის უამრავ ქართველ მწერალს პირადად უგრძნია მისი გამორჩეული ყურადღება და გულისხმიერება.

ვულოცავთ ქეთევან დუმბაძეს მწერალთა სახლის ხელმძღვანელად დანიშვნას და ვუსურვებთ წარმატებას ქართული კულტურის სასიკეთოდ.

1. ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი
2. ვასილ ჩიგოგიძე, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პრეზიდენტი, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
3. დიმიტრი ხვთისიაშვილი, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
4. რობერტ სტურუა, საქართველოს სახალხო არტისტი, რუსთაველის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
5. ბადრი მაისურაძე, ოპერის მომღერალი, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
6. გიორგი დონაძე, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი, მუსიკოსი, ანსამბლ „ბასიანის“ დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი
7. ლევან ბრეგაძე, ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი
8. ნინია სადღობელაშვილი, მწერალი, დრამატურგი, ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე (2023)
9. ლომგულ მურუსიძე, საქართველოს დამსახურებული მხატვარი
10. მირიანე (გურამ) ოდიშარია, მწერალი, საქართველოს კულტურის ყოფილი მინისტრი
11. ირაკლი სამსონაძე, დრამატურგი, მწერალი
12. მაყვალა გონაშვილი, პოეტი, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე
13. ბაღათერ არაბული, პოეტი, საქართველოს მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარე
14. გურამ ბათიაშვილი, დრამატურგი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი
15. სვიმონ ჯანგულაშვილი, მუსიკოსი, დირიჟორი, თბილისის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის ხელმძღვანელი, საქართველოს კამერული გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი
16. ლალი სეთურიძე, ანზორ ერქომაიშვილის მეუღლე
17. ალექსანდრე ქანთარია, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
18. გიორგი გეგეჭკორი, მხატვარი, საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის პროფესორი
19. ბელა შალვაშვილი, მწერალი, „შაჰნამეს“ მთარგმნელი ქართულ ენაზე
20. გიორგი კალანდია, ისტორიკოსი, საქართველოს ხელოვნების სასახლის – კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორი
21. ყარამან ქუთათელაძე, მხატვარი, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის რექტორი, პროფესორი
22. გიორგი ხარებავა, კინორეჟისორი, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი
23. გიორგი სიხარულიძე, დმანისის ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
24. ნანა ფაჩუაშვილი, საქართველოს სახალხო არტისტი, რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი
25. რამაზ იოსელიანი, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობი
26. ირინე ლომინაძე, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის საოპერო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
27. შერმანდი ჭკუასელი, ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი
28. ლერი ალიმონაკი, კრიტიკოსი, მწერალი, მთარგმნელი
29. რაულ ჩილაჩავა, მწერალი, მთარგმნელი, მეცნიერი
30. მიშო ჯავახიშვილი, მომღერალი, ანსამბლ „მართვეს“ სამხატვრო ხელმძღვანელი
31. მანანა კვაჭანტირაძე, ლიტერატურათმცოდნე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერი, პროფესორი
32. რამინ მიქაბერიძე, მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, „ხელოვნების ქურუმი“
33. ამირან არაბული, ფოლკლორისტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის პროფესორი
34. მანანა პაიჭაძე, გერმანისტი, ფილოლოგი
35. მარიამ ხუცურაული, მწერალი, პრემია „საბას“ ლაურეატი
36. ლევან თაქთაქიშვილი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი
37. გიორგი თავაძე, რეჟისორი, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
38. გოჩა კაპანაძე, რეჟისორი, ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
39. პაატა გულიაშვილი, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი
40. ნიკოლოზ საბაშვილი, რეჟისორი, თოჯინების სახელმწიფო თეატრების გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელი, ორგზის პრემია „დურუჯის“ ლაურეატი
41. ირაკლი კიკვაძე, რეჟისორი, ბათუმის მოზარდ მაყურებელთა და თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
42. იოანე ხუციშვილი, რეჟისორი, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
43. ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე, რეჟისორი, გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
44. ნინო ხოფერია, მკვლევარი, დოკუმენტალისტი
45. ლევან ლორია, მწერალი
46. გიორგი ლობჟანიძე, პოეტი, მთარგმნელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
47. მარიამ წიკლაური, პოეტი, საბავშვო მწერალი, მთარგმნელი, ლიტერატურული პრემია „გალას“, პრემია „ანას“, იაკობ გოგებაშვილის პრემიების ლაურეატი.
48. ფარნაოზ რაინაული, ჟურნალ „ოლეს“ რედაქტორი
49. ნორა სიხარულიძე, მწერალი, პრემია „ანას“ ლაურეატი
50. ნოდარ არდოტელი, მწერალი, ფილოლოგი
51. მანანა კარტოზია, გამომცემელი, გამომცემლობა „სეზანის“ დირექტორი
52. ლია მეტრეველი, გამომცემელი, გამომცემლობა „საქწიგნის“ ხელმძღვანელი
53. სალომე კაპანაძე, მწერალი, ფილოლოგი
54. გივი ჩიღვინაძე, მწერალი, ფილოლოგი
55. ნინო მშვიდობაძე, მწერალი
56. გიორგი სოსიაშვილი, მწერალი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
57. ვახტანგ ნიკოლავა, რეჟისორი, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
58. დავით ნიკოლაძე, რეჟისორი, ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
59. ვახტანგ ჯუღელი, რეჟისორი, ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
60. ნაირა მარშანია, აფხაზეთის მწერალთა სახლის ხელმძღვანელი
61. მარინე ცხვედიაშვილი, მწერალი, ქვემო ქართლის მწერალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე
62. საბა ასლამაზიშვილი, რეჟისორი, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, სიღნაღის თეატრალური ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი
63. მანანა ბერიკაშვილი, რეჟისორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი
64. დავით ანდრიაძე, ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, ჟურნალ „თეატრის“ მთავარი რედაქტორი
65. გელა ფოცხიშვილი, საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი
66. ბადრი ქუთათელაძე, მწერალი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი
67. ჯემალ კუხალაშვილი, მხატვარი, მწერალი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი
68. ეკა ჭკუასელი, ანსამბლ „ერისიონის“ მთავარი ქორეოგრაფი
69. ირაკლი გოგია, რეჟისორი, თბილისის ალექსანდრე ახმეტელის სახელობის მუნიციპალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
70. გურამ ცერცვაძე, საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე
71. გიორგი შავერზაშვილი, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე
72. ლაშა ჩხარტიშვილი, ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამების დირექტორი, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
73. გიორგი ყაჯრიშვილი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
74. ლევან როხვაძე, საქართველოს თეატრალური საზოგადოების იმერეთის განყოფილების ხელმძღვანელი, თოჯინების სახელმწიფო თეატრების გაერთიანების ხელმძღვანელის მოადგილე
75. მიხეილ მრევლიშვილი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, თბილისის სანდრო მრევლიშვილის სახელობის მუნიციპალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
76. ელენე მაცხონაშვილი, რეჟისორი, პრემია „დურუჯის“ მფლობელი
77. ვახტანგ ფილფანი, ლოტბარი, ანსამბლ „რიჰოს“ სამხატვრო ხელმძღვანელი
78. ვანო იანტბელიძე, საქართველოს დამსახურებული არტისტი, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი, თეატრალური საზოგადოების ქართლ-კახეთის რეგიონული განყოფილების ხელმძღვანელი
79. ლელა რაზიკაშვილი, ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელი
80. დავით შემოქმედელი, პოეტი, სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი
81. გეგი ფალიანი, მსახიობი, მესტიის ლეო ფილფანის სახელობის ხელოვნების ცენტრის ხელმძღვანელი, თეატრალური საზოგადოების სვანეთის რეგიონული განყოფილების ხელმძღვანელი
82. თამაზ დაუშვილი, ამბროლაურის მუნიციპალური თეატრის ხელმძღვანელი, თეატრალური საზოგადოების რაჭა-ლეჩხუმის რეგიონული განყოფილების ხელმძღვანელი
83. ივანე ჩხაიძე, ანსამბლ „ერისიონის“ პროექტებისა და ღონისძიებების მენეჯერი
84. გიორგი გურგულია, კინომსახიობი, საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე
85. ხალხური სიმღერის ანსამბლი „დიდგორი“
86. ზაზა ჯინჭარაძე, ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დირექტორი, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის დირექტორი
87. ნინო (დოდო) ხურცილავა, თეატროლოგი, ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებლის პედაგოგი
88. მაია მიქაბერიძე, მუსიკოსი, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, გუნდის „საგალობელი“ ხელმძღვანელი
89. გაბრიელ მდინარაძე, საქართველოს სახალხო არტისტი, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი
90. პავლე ნოზაძე, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი
91. ნუგზარ ყურაშვილი, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი, თბილისის ალექსანდრე ახმეტელის სახელობის მუნიციპალური თეატრის მსახიობი
92. ხათუნა კიკვაძე, ხელოვნებათმცოდნე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სერვისებისა და ახალი ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
93. ლალი თაბაგარი, რეჟისორი, რუსთაველის ეროვნული თეატრის დირექტორის მოადგილე
94. ნიკოლოზ ფაიქრიძე, მსახიობი, პოეტი, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი
95. რეზო იუკურიძე, ჟურნალ „კულტურა პლუსის“ რედაქტორი“, – აღნიშნულია მილოცვის ტექსტში.

“ივლისში ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 1.6 პროცენტით შემცირდა” – ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 301.1 მლნ აშშ დოლარი, ანუ 782.0 მლნ ლარი შეადგინა, რაც 1.6%-ით, ანუ 5.0 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია 2022 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ცენტრალური ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.6% იმ 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ივლისში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 25 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების 93.7% მოდიოდა.

გზავნილების სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა – 73.82 მილიონი აშშ დოლარი რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა. მეორე ადგილზეა იტალია 45.34 მილიონი აშშ დოლარით. მესამე ადგილს 40.03 მილიონი აშშ დოლარით აშშ იკავებს, ხოლო მეოთხე ადგილზეა საბერძნეთი 21.64 მილიონი აშშ დოლარით, მეხუთე ადგილზე კი – გერმანია 20.54 მილიონი აშშ დოლარით.

2023 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 28.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 73.7 მლნ ლარი გადაიგზავნა, რაც 2022 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2.5%-ით მეტია.

“სამწუხაროდ, საწვავზე ფასების ზრდა ნეგატიურად აისახება სასურსათო ფასებზე და ინფლაციაზე” – გიორგი ცუცქირიძე

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი: გიორგი ცუცქირიძე

საქართველოში საწვავის გაძვირება მოსალოდნელი იყო, როდესაც საერთაშორისო ბაზრებზე რეგულარის ტიპის საწვავზე პლაცი ტონაზე 1000 დოლარიან ნიშნულს ასცდა, და დღეს უკვე ფასი 1050 დოლარის ნიშნულზეა, იანვრის 950 დოლართან შედარებით. საერთაშორისო ბაზრებზე ფასების ზრდა უკრაინის კრიზისთან ერთად აშშ ში ნედლი ნავთობის მარაგების შემცირებამ გამოიწვია, რასაც მაღალი გაურკვევლობის და ნეგატიური მოლოდინების გამო, საერთაშორისო ბირჟებზე საბაზრო სპეკულაციამაც შეუწყო ხელი.

შესაბამისად, საერთაშორისო ფასების მატებამ განაპირობა ის, რომ საქართველოში ყველა ტიპის საწვავი 5 თეთრით გაძვირდა. ქვეყანაში მოქმედ ბენზინგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი ბენზინის ფასი 2.50-დან 2. 72 ლარამდე მერყეობს, დიზელის ფასი კი 2.80-დან 3.07 ლარამდე აღწევს.

დაიწყო რა გაძვირება ლონდონში ერთი ბარელი ნავთობის ფასმა, მიუხედავად ბოლო დღეებში გარკვეული შემცირებისა 84 აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო ნიუ-იორკში – 80 აშშ დოლარს.

ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასი კომპანიებმა ერთდროულად გაზარდეს, რაც ხშირად ყოფილა კრიტიკის საგანი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თითქმის მთლიანად იმპორტირებულ საწვავზე ვართ დამოკიდებული. მოგეხსენებათ, წლის დასაწყისიდან ფასები მნიშვნელოვნად 30-40 თეთრით იყო შემცირებული, რაც გარდა დადებითი საერთაშორისო საბაზრო კონიუნქტურისა, მთავრობის ჩარევამაც უზრუნველყო, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს აქტიური ჩართულობით!

თუმცა ამჯერად, ობიექტურობისათვის უნდა ითქვას, რომ იმ ქვეყნებში, სადაც საწვავის იმპორტი ხდება, ფასი გაზრდილია. მაგალითისათვის საფრანგეთში, ბოლო 6 თვეში საწვავზე ყველაზე მაღალი ფასები ფიქსირდება. იგივე შეიძლება ითქვას, იტალიაზე, ესპანეთსა და საბერძნეთზე. ნავთობზე ფასი გაიზარდა, რადგან საწვავის იმპორტიორთან დადებული ოფიციალური ხელშეკრულებები მიბმულია საერთაშორისო პლაცზე. ეს თანაბრად ეხება არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებიდან, არამედ აზერბაიჯანიდან და თუნდაც ვენენსუელიდან შემოტანილ საწვავსაც, რომლებიც თავადაც არიან ნავთობის ექსპორტიორი ქვეყანა, რადგან ნავთობის მსოფლიო ბაზარზე ფასწარმოქმნაზე გავლენას ვერ ახდენს.

სამწუხაროდ, საწვავზე ფასების ზრდა ნეგატიურად აისახება სასურსათო ფასებზე და ინფლაციაზე, და ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაც მიუხედავად ინფლაციისა დაბალი 3 %-იანი წლიური ბაზისური მაჩვენებლისა, მხოლოდ 0.25 პროცენტული პუნქტით შეემცირებინა რეფინანსირების განაკვეთი, სავსებით ლოგიკური იყო.

“2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი თურქეთიდან შემოვიდა” – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.7 მილიონი შემოსვლა, რაც 57.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 46.4 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

საქსტატის ცნობით, აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.5 მილიონი შეადგინა, რაც ასევე 58.7 პროცენტით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ამასთან, 2023 წლის მეორე კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.2 მილიონს მიაღწია, რაც 58.1 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.1 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 44.8 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

უწყების ინფორმაციით, საერთაშორისო ვიზიტორების 73.5 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 22.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.9 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 290.8 ათასი, დაფიქსირდა თურქეთიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 24.0 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა რუსეთის ფედერაცია 22.1%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 12.4%-იანი წილით. საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი, 51.5 პროცენტი განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით. ხოლო ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში, შესაბამისად, 709.3 ათასი და 661.8 ათასი ვიზიტი.

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის მეორე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 4.8 ღამე შეადგინა, რაც 2022 წლის მეორე კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.2 ღამე) 22.3 პროცენტით ნაკლებია. განხორციელებული ვიზიტების 73.9 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

რაც შეეხება 2023 წლის მეორე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯებს, ის 3.4 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 49.1 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით 6.1 პროცენტით შემცირდა და 2 292.0 ლარი შეადგინა.

ომბუდსმენმა კანონშეუსაბამოდ მიიჩნია გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილება აბიტურიენტის ისტორიის დამატებით გამოცდაზე არდაშვებასთან დაკავშირებით

საქართველოს სახალხო დამცველმა კანონშეუსაბამოდ მიიჩნია „სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის“ გადაწყვეტილება არ დაეშვა ერთ-ერთი აბიტურიენტი ისტორიის დამატებით გამოცდაზე, – ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, განსახილველი საქმის შესწავლის შედეგად საქართველოს სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ აბიტურიენტის ისტორიის დამატებით გამოცდაზე დაშვების საკითხის განხილვისას სსიპ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა“ სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების და „კარგი მმართველობის“ პრინციპი დაარღვია და განმცხადებელს გონივრულ ვადაში ისტორიის დამატებითი გამოცდის თარიღის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ჯერ კიდევ აქვს დრო უზრუნველყოს აბიტურიენტის უმაღლესი განათლების მიღების უფლება და აღასრულოს სასამართლოს დროებითი განჩინება.

„საქართველოს სახალხო დამცველმა კანონშეუსაბამოდ მიიჩნია „სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის“ გადაწყვეტილება არ დაეშვა ერთ-ერთი აბიტურიენტი დამატებით გამოცდაზე და 2023 წლის 16 აგვისტოს რეკომენდაციით მიმართა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, რომლითაც ს.ბ.-თვის უმაღლესი განათლების მიღების უფლების უზრუნველსაყოფად ისტორიის დამატებითი გამოცდის დაუყოვნებლივ დანიშვნა მოითხოვა.

განსახილველი საქმის შესწავლის შედეგად საქართველოს სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ აბიტურიენტის ისტორიის დამატებით გამოცდაზე დაშვების საკითხის განხილვისას სსიპ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა“ სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების და „კარგი მმართველობის“ პრინციპი დაარღვია და განმცხადებელს გონივრულ ვადაში ისტორიის დამატებითი გამოცდის თარიღის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ჯერ კიდევ აქვს დრო უზრუნველყოს აბიტურიენტის უმაღლესი განათლების მიღების უფლება და აღასრულოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ივლისს გამოცემული დროებითი განჩინება. აღნიშნული ქმედების დამაბრკოლებელი ობიექტური ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ არსებობს.

საქართველოს სახალხო დამცველი ადმინისტრაციულ ორგანოს მოუწოდებს, მომავალშიც, უფლების შეზღუდვის ყოველი შემთხვევის განხილვისას, იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და მოახდინოს იმ პირთა სათანადო ინფორმირება ვის ინტერესებზეც შეიძლება გავლენა იქონიოს მიღებულმა გადაწყვეტილებამ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

იხილეთ რეკომენდაცია

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში – თიბისი Global Finance-ის რჩეულია!

Global Finance-მა თიბისის კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში საუკეთესოდ დაასახელა, აღნიშნული ჯილდოს გარდა, თიბისიმ, როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით, განსაკუთრებულ აღიარებას ჯამში 18 ნომინაციაში მიაღწია. გამარჯვებული ფინანსური ინსტიტუტები სპეციალურმა ჟიურიმ შეარჩია, რომლის წევრები საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტები არიან ტექნოლოგიების, საკონსულტაციო და სხვა სფეროების მიმართულებით.

საუკეთესო ციფრული ბანკები შემდეგი კრიტერიუმებით შეირჩნენ:

  • გამორჩეული სტრატეგია
  • მომხმარებლისთვის შეთავაზებული ინოვაციური და მრავალფეროვანი ციფრული სერვისები და პროდუქტები;
  • მომხმარებლების რაოდენობის ზრდა;
  • ციფრული ბანკის დიზაინი და ფუნქციონალი და სხვა.

„ეს აღიარება ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებით საამაყოა. საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა თიბისი საქართველოში საუკეთესო კორპორაციულ ციფრულ  ბანკად დაასახელა  და რაც აუცილებლად ხაზგასასმელია, ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი მომხმარებელზე და მის საჭიროებებზე ზრუნვა იყო. თიბისის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა და ვფიქრობ, რომ ეს ჯილდო  კიდევ ერთხელ ადასტურებს თიბისის საქმიანობის კომპანიის მისიასთან სრულ შესაბამისობას..“- ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

ჟურნალი Global Finance 1987 წლიდან გამოდის და მას მსოფლიოს 190 ქვეყანაში კითხულობენ. გავლენიანი გამოცემა უკვე 35 წელია მსოფლიოში სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით საუკეთესო ბანკებს ასახელებს. საერთაშორისო ჟურნალი მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა და დიდი ნდობით სარგებლობს ფინანსურ წრეებში.

Global Finance რეგულარულად აჯილდოებს საუკეთესო შედეგების მქონე ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა მიმწოდებლებს. მსოფლიოს ფინანსური საზოგადოებისთვის კი, Global Finance-ის ჯილდოები საბანკო საქმიანობის შეფასების სანდო და ობიექტური სტანდარტია.

R

 

“შესაძლოა, ხრიკს მიმართონ და ინტერპელაცია გადაიწიოს – შს მინისტრი ან ავად გახდეს, ან საზღვარგარეთ წავიდეს”

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი სერგო ჩიხლაძე არ გამორიცხავს, მმართველმა გუნდმა შოვის სტიქიის თემაზე პარლამენტში, ინტერპელაციის წესით შს მინისტრის დაბარებასთან დაკავშირებით გარკვეულ ხრიკებს მიმართოს, თუმცა მისივე თქმით, ვახტანგ გომელაურს პარლამენტში მოსვლა მაინც მოუწევს.

ჩიხლაძის აზრით, შს მინისტრისგან კითხვებზე პასუხების მიღება მნიშვნელოვანია, კითხვებს კი, მის მიერ გაკეთებული განცხადებები აჩენს.

„ინტერპელაცია პარლამენტში აუცილებლად შედგება. შესაძლოა ხრიკს მიმართონ და ინტერპელაცია გადაიწიოს – მინისტრი ან ავად გახდეს ან საზღვარგარეთ წავიდეს, თუმცა როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ინტერპელაცია დაგვიანებით მაინც გაიმართება. მთავარი ბერკეტი მაინც დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაა, რადგან საგამოძიებო კომისია არის კომპლექსური და შესაძლებელია ყველა მინისტრისა და შესაბამისი სფეროს ყველა წარმომადგენლის დაბარება და გამოკითხვა. კითხვები, პირველ რიგში, არსებობს პრემიერ-მინისტრისადმი და შემდეგ მთელი კაბინეტის მიმართ“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ვახტანგ გომელაური პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბარა.

“მივმართავ მმართველ გუნდს, სირცხვილია ყველაფრის „გაპრავება“, ამორალურია ის, რასაც აკეთებთ” – ლევან სამუშია

მინდა მმართველი გუნდის წარმომადგენლებს მივმართო, სირცხვილია ყველაფრის „გაპრავება“. ამორალურია ის, რასაც თქვენ აკეთებთ. ამორალურია, როცა გამოძიების მაგივრად სცემთ საზოგადოებას პასუხებს და გამოძიებაზე საერთოდ არაფერს ლაპარაკობთ, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ლევან სამუშიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მან საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოუწოდა, რაჭაში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყოს.

„მოგმართავთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყეთ გამოძიება და დაუყოვნებლივ იმოქმედეთ უფლებამოსილების ფარგლებში“,-განაცხადა სამუშიამ.

მისივე შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, თითქოს სტიქიასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, „საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრაა“.

„შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, „ლელომ“ 6 აგვისტოს გამართა ბრიფინგი და გააკეთა განცხადება პროკურატურის მიმართ სავარაუდო სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების შესახებ. შემდგომ, ჩვენ მოვისმინეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადება გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით. შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის „საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრა“ და პირდაპირი მესიჯი იმისა, რომ ხელისუფლება გამოძიებას არ აპირებს, გამოძიება შესაბამისი მუხლებით არ მიმდინარეობს. პირველ რიგში, როგორც შსს-ს წარმომადგენელმა განაცხადა, მითითებული მუხლების გარდა, შესაძლოა კვალიფიკაცია შეცვლილიყო, როდესაც სამოხელეო დანაშაულზეა საუბარი. მინდა გითხრათ, რომ აქ პირველ რიგში, არის ინტერესთა კონფლიქტი. შესაძლოა, საუბარი იყოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების მხრიდან სავარაუდო დანაშაულთან. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ შსს-ს გამომძიებლები იძიებდნენ თავისი უფროსების მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულს“,-განაცხადა სამუშიამ.

მისი თქმით, გამოძიება სავარაუდო სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით უნდა დაიწყოს.

„მივმართავ საქართველოს გენერალურ პროკურატურას, ნუ აიცილებთ თავიდან გამოძიების დაწყებას. ნუ ჩადიხართ დანაშაულს, ვინაიდან გამოძიების განზრახ არდაწყება, სამსახურებრივი უფლებამოსილების განზრახ არგანხორციელება, ესეც დანაშაულია. თქვენ ვალდებული ხართ დაიწყოთ გამოძიება და არა ის, რა ფარსსაც დღეს შსს აწარმოებს. ათქმევინეს შსს-ს წარმომადგენლებს, რომ ვითომ გამოძიება მიმდინარეობდა. სრულიად ნათელია, რომ არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობს სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით“, – განაცხადა სამუშიამ.

გარდა ამისა, მან განმარტა, რომ „ლელო“ ან საქმეს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ბოლომდე გაჰყვება. ლევან სამუშიას განმარტებით, პარტიის საპარლამენტო გუნდი ამ საქმეში თავიდან ბოლომდე ჩართულია.

“ახალი ბოლშევიკური მოწოდებები გაჩნდა” – რომან გოცირიძე

ხელისუფლების დაფინანსებულ კონცერტებზე არ უნდა წავიდეს ჭეშმარიტად ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეო, ახალი ბოლშევიკური მოწოდებები გაჩნდა, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების” ხელმძღვანელი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც გუშინ, The Killers-ის სოლისტის მიერ სცენაზე რუსი დრამერის აყვანას და ამის გამო გამოწვეულ პროტესტს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, კონცერტები ხალხის ფულით არის დაფინანსებული და „სისულელეა ვინმესადმი საყვედური, რატომ დადის კონცერტებზე“.

„ხელისუფლების დაფინანსებულ კონცერტებზე არ უნდა წავიდეს ჭეშმარიტად ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეო, ახალი ბოლშევიკური მოწოდებები გაჩნდა. ყალბი მორალიზმია ეს. ეს კონცერტები ხალხის (ბიუჯეტის) ფულითაა დაფინანსებული (რაც ცუდია) და ზედ ჩვენი ყოფიდან გამომდინარე, საკმაოდ დიდ ფულსაც ამატებენ ადამიანები. ეს არაა პარტიული ღონისძიება, ესწრება თუ არა მას რომელიმე პარტიული საძულველი პირი. ხელისუფლების დაფინანსებული პენსიაც არ უნდა აიღოს ოპოზიციონერმა და მეტროშიც ორჯერ მეტი უნდა გადაიხადოს, რადგან ხელისუფლების მიერაა სუბსიდირებული? მაშინ არც სუბსიდირებული ღვინო უნდა დალიოს და არც თეატრებში იაროს. სისულელეა ვინმესადმი საყვედური, რატომ დადის კონცერტებზე. ამ ხელისუფლების მომხრე მწერლების წიგნებიც არ წავიკითხოთ, მაგალითად, ჭაბუა ამირეჯიბის? არც ლაშა ტალახაძის გამარჯვება გაგვიხარდეს? ძალიან ბოლშევიკური მიდგომაა,“ – წერს რომან გოცირიძე.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქის დასახლება უროჟაინოე გაათავისუფლეს – ომის 539-ე დღე

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქის დასახლება უროჟაინოე გაათავისუფლეს. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი ავრცელებს.

„უროჟაინოე გათავისუფლებულია. სამხდროები პოზიციებზე მაგრდებიან. შეტევითი ოპერაცია გრძელდება“, – განაცხადა მალიარმა.

მისივე თქმით, მიუხედავად მძიმე ბრძოლებისა, შეტევითი მოქმედებები ასევე ბახმუტის, მელიტოპოლის და ბერდიანსკის მიმართულებებზე გრძელდება.

დისკუსია ტერიტორიების ნაწილის დათმობის სანაცვლოდ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე აბსოლუტურად მიუღებელია, – ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო ნატო-ს გენერალური მდივნის აპარატის ხელმძღვანელის, სტიან იენსენის განცხადებას, რომ რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობა შეიძლება კიევისთვის მშვიდობის მიღწევისა და ნატო-ში გაწევრიანების გზა იყოს.

“დისკუსია უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე მისი ტერიტორიების ნაწილის დათმობის სანაცვლოდ აბსოლუტურად მიუღებელია. ყოველთვის ვთვლიდით, რომ ალიანსი, ისევე როგორც უკრაინა, ტერიტორიებით არ ვაჭრობს”, – დაწერა ნიკოლენკომ “ფეისბუქზე”.

მისი თქმით, ნატო-ს ოფიციალური პირების შეგნებული თუ გაუცნობიერებელი ჩართულობა უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობის შესახებ ნარატივის ფორმირებაში რუსეთის ინტერესებშია.

„ევროატლანტიკური უსაფრთხოების ინტერესებში კი უკრაინის გამარჯვებისა და ნატო-ში მისი გაწევრიანების დაჩქარების გზების განხილვაა“, – აცხადებს ნიკოლენკო.