“სამწუხაროდ, საწვავზე ფასების ზრდა ნეგატიურად აისახება სასურსათო ფასებზე და ინფლაციაზე” – გიორგი ცუცქირიძე

86
spot_img

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი: გიორგი ცუცქირიძე

საქართველოში საწვავის გაძვირება მოსალოდნელი იყო, როდესაც საერთაშორისო ბაზრებზე რეგულარის ტიპის საწვავზე პლაცი ტონაზე 1000 დოლარიან ნიშნულს ასცდა, და დღეს უკვე ფასი 1050 დოლარის ნიშნულზეა, იანვრის 950 დოლართან შედარებით. საერთაშორისო ბაზრებზე ფასების ზრდა უკრაინის კრიზისთან ერთად აშშ ში ნედლი ნავთობის მარაგების შემცირებამ გამოიწვია, რასაც მაღალი გაურკვევლობის და ნეგატიური მოლოდინების გამო, საერთაშორისო ბირჟებზე საბაზრო სპეკულაციამაც შეუწყო ხელი.

შესაბამისად, საერთაშორისო ფასების მატებამ განაპირობა ის, რომ საქართველოში ყველა ტიპის საწვავი 5 თეთრით გაძვირდა. ქვეყანაში მოქმედ ბენზინგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი ბენზინის ფასი 2.50-დან 2. 72 ლარამდე მერყეობს, დიზელის ფასი კი 2.80-დან 3.07 ლარამდე აღწევს.

დაიწყო რა გაძვირება ლონდონში ერთი ბარელი ნავთობის ფასმა, მიუხედავად ბოლო დღეებში გარკვეული შემცირებისა 84 აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო ნიუ-იორკში – 80 აშშ დოლარს.

ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასი კომპანიებმა ერთდროულად გაზარდეს, რაც ხშირად ყოფილა კრიტიკის საგანი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თითქმის მთლიანად იმპორტირებულ საწვავზე ვართ დამოკიდებული. მოგეხსენებათ, წლის დასაწყისიდან ფასები მნიშვნელოვნად 30-40 თეთრით იყო შემცირებული, რაც გარდა დადებითი საერთაშორისო საბაზრო კონიუნქტურისა, მთავრობის ჩარევამაც უზრუნველყო, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს აქტიური ჩართულობით!

თუმცა ამჯერად, ობიექტურობისათვის უნდა ითქვას, რომ იმ ქვეყნებში, სადაც საწვავის იმპორტი ხდება, ფასი გაზრდილია. მაგალითისათვის საფრანგეთში, ბოლო 6 თვეში საწვავზე ყველაზე მაღალი ფასები ფიქსირდება. იგივე შეიძლება ითქვას, იტალიაზე, ესპანეთსა და საბერძნეთზე. ნავთობზე ფასი გაიზარდა, რადგან საწვავის იმპორტიორთან დადებული ოფიციალური ხელშეკრულებები მიბმულია საერთაშორისო პლაცზე. ეს თანაბრად ეხება არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებიდან, არამედ აზერბაიჯანიდან და თუნდაც ვენენსუელიდან შემოტანილ საწვავსაც, რომლებიც თავადაც არიან ნავთობის ექსპორტიორი ქვეყანა, რადგან ნავთობის მსოფლიო ბაზარზე ფასწარმოქმნაზე გავლენას ვერ ახდენს.

სამწუხაროდ, საწვავზე ფასების ზრდა ნეგატიურად აისახება სასურსათო ფასებზე და ინფლაციაზე, და ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაც მიუხედავად ინფლაციისა დაბალი 3 %-იანი წლიური ბაზისური მაჩვენებლისა, მხოლოდ 0.25 პროცენტული პუნქტით შეემცირებინა რეფინანსირების განაკვეთი, სავსებით ლოგიკური იყო.