“ივლისში ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 1.6 პროცენტით შემცირდა” – ეროვნული ბანკი

63
spot_img

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 301.1 მლნ აშშ დოლარი, ანუ 782.0 მლნ ლარი შეადგინა, რაც 1.6%-ით, ანუ 5.0 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია 2022 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ცენტრალური ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.6% იმ 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ივლისში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 25 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების 93.7% მოდიოდა.

გზავნილების სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა – 73.82 მილიონი აშშ დოლარი რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა. მეორე ადგილზეა იტალია 45.34 მილიონი აშშ დოლარით. მესამე ადგილს 40.03 მილიონი აშშ დოლარით აშშ იკავებს, ხოლო მეოთხე ადგილზეა საბერძნეთი 21.64 მილიონი აშშ დოლარით, მეხუთე ადგილზე კი – გერმანია 20.54 მილიონი აშშ დოლარით.

2023 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 28.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 73.7 მლნ ლარი გადაიგზავნა, რაც 2022 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2.5%-ით მეტია.