Home Blog Page 1553

“გიორგი ანწუხელიძის სახელი ჩვენი ეროვნული იდენტობის ნაწილად, თავისუფლებისა და ღირსების სიმბოლოდ იქცა” – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე წერს, გიორგი ანწუხელიძის გმირობა მუდამ იქნება ღირსებისა და თავდადების მაგალითი.

„გიორგი ანწუხელიძის სახელი ჩვენი ეროვნული იდენტობის ნაწილად, თავისუფლებისა და ღირსების სიმბოლოდ იქცა. დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. საქართველო ერთდროულად გლოვობს და ზეიმობს ამ დღეს, რადგან ის გვამწუხრებს და გვავსებს იმედით, რომ კიდევაც დაიზრდებიან სამშობლოს სიყვარულით გულანთებული თაობები, ვისთვისაც ანწუხელიძის გმირობა მუდამ იქნება ღირსებისა და თავდადების მაგალითი“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

“ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდის ეფექტი პირველ რიგში დასაქმებაზე აისახება” – გიორგი ცუცქირიძე

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი: გიორგი ცუცქირიძე

ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდის ეფექტი პირველ რიგში აისახება დასაქმებაზე, როგორც უმუშევრობის დონის შემცირებით, ისე სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით.

ბოლო ორი წლის მსგავსად, მაღალი ეკონომიკური აქტივობის პირობებში, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში გაძლიერდა პოზიტიური ტენდენციები შრომის ბაზარზე, უმუშევრობის დონის შემცირებასთან ერთად, გაიზარდა დასაქმება და რაც ასევე მნიშვნელოვანია სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე.

2023 წლის მეორე კვარტალში მნიშვნელოვნად – 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა უმუშევრობის დონე, მეორე კვარტლის მინიმალურ მაჩვენებელს მიაღწია და 16.7% შეადგინა.

ამასთან, უმუშევართა რაოდენობა წინა წლის მეორე კვარტალთან შედარებით 14.6 ათასით შემცირდა და 266.9 ათასს გაუტოლდა.

აღსანიშნავია, რომ დასაქმებულთა რაოდენობა წლიურად მნიშვნელოვნად – 57.4 ათასით გაიზარდა და 1,327.4 ათასი შეადგინა. 2023 წლის მეორე კვარტალში დასაქმების დონე 44.3%-ს გაუტოლდა, რაც წინა წელთან შედარებით 2.1 პროცენტული პუნქტით ზრდას წარმოადგენს.

ნიშანდობლივია, რომ დასაქმების ზრდა ფიქსირდება არა სამუშაო ძალის გადინების ხარჯზე, რასაც ოპოზიცია ხშირად აპელირებს, არამედ სამუშაო ძალის ზრდის პარალელურად და ის ადამიანები ვინც ადრე ეკონომიკურ აქტივობაში არ მონაწილეობდნენ, უკვე გადადიან ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში და ამავე დროს საქმდებიან, რაც შრომის ბაზრის მიმართულებით ჯანსაღ ტენდენციებსა და სტრუქტურულ გაუმჯობესებაზე მიანიშნებს და რაც არის დასაქმების სამთავრობო სტრატეგიის, მათ შორის ინფრასტრუქტურულ პროექტებში სოციალურად დაუცველი ადამიანების ინტეგრირების შედეგი.

შესაბამისად, მეორე კვარტალში სამუშაო ძალა 42.8 ათასით გაიზარდა და 1594.3 ათასი შეადგინა, ხოლო სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე 1.6 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი და 53.2%-ს უტოლდება.

აღსანიშნავია, რომ დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა განპირობებული იყო როგორც დაქირავებით დასაქმებულების, ასევე თვითდასაქმებულების ზრდით, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 48.7 ათასით, ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობა 9.0 ათასით გაიზარდა და შესაბამისად, 916.7 ათასი და 410.2 ათასი შეადგინა.

უმუშევრობის დონე შემცირებასთან ერთად, დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შესაბამისად, 2.1 და 2.0 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონის
პარალელურად, ქალებში მეტად არის გაზრდილი სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე: 2.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 0.9 პროცენტული პუნქტით, რაც ქალების ეკონომიკურ აქტივობაში მზარდ ჩართულობაზე მიუთითებს.
უმუშევრობის დონის შემცირება იმ თვალსაზრისითაც არის მნიშვნელოვანი, რომ შედარებისათვის ევროკავშირის ქვეყნებში ივნის-ივლისის მონაცემებით უმუშევრობის საშუალო დონე კვლავ მაღალი რჩება, საშუალოდ 5.9 %, ხოლო ცალკეული ქვეყნებში გაზრდილია. თურქეთში წინა პერიოდთან შედარებით, გაზრდილია 0.5 %-ით, 9.6 %-მდე, სერბეთში 9.2 %დან 10.1%-მდე, ლიტვაში 8.1% დან 8.6%-მდე, შვედეთში სადაც ტრადიციულად დაბალი უმუშევრობა იყო, გაზრდილია 7.9 % დან 9.2%-მდე, საფრანგეთში7.1% დან 7.2 %-მდე, ესტონეთში 5.3% დან 6.7 %-მდე, სომხეთში 12.7% დან 13.7%-მდეა გაზრდილი.

“შოვში, სტიქიის ზონაში მიწის მცირედი ფრაგმენტებია დარჩენილი, სადაც საძიებო სამუშაოები გაგრძელდება” – პაპუნა მარგველიძე

შოვში, სტიქიის ზონაში მიწის მცირედი ფრაგმენტებია დარჩენილი, სადაც საძიებო სამუშაოები გაგრძელდება – მდინარის კალაპოტში კი მძიმე ტექნიკის საშუალებით ხდება ყველა შესაძლო ადგილის მოძიება, – ამის შესახებ რაჭა ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ძებნის არეალი ამბროლაურამდე არის გაფართოებული.

„ძებნის არეალი, რა თქმა უნდა, გაფართოებულია. ამბროლაურამდე არის ჩასული. დაემატა მძიმე ტექნიკა, რომელიც უკვე კალაპოტშია ჩასული და მძიმე ტექნიკის საშუალებით ხდება ყველა შესაძლო ადგილის მოძიება. იმ ადგილას [სტიქიის ზონაში] მიწის მცირედი ფრაგმენტებია დარჩენილი, სადაც გაგრძელდება საძიებო სამუშაოები. დანარჩენი მთლიანად უკვე მდინარის კალაპოტში გაგრძელდება საძიებო სამუშაოები,“ – განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.

შეგახსენებთ, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის, მაშველების მიერ სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 27 ცხედარი და საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს 6 პირთან დაკავშირებით.

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საწვავის ბაზარზე მოქმედი 5 მსხვილი რეალიზატორი დააჯარიმა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, საავტომობილო საწვავის ბაზარზე, ხუთი ეკონომიკური აგენტის მიმართ წარმოებული მოკვლევა დაასრულა.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, საკითხი ეხება – 2022 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში, კოორდინირებული ქცევის შედეგად, საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნებას.

„კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოებული მოკვლევის შედეგად დადასტურდა – შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას““, შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ და შპს „რომპეტროლ საქართველოს“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევა. კერძოდ, შესყიდვის ან გაყიდვის ფასის ან სხვა სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა“, – აცხადებენ სააგენტოში.

სააგენტოს შეფასებით, განსახილველ პერიოდში, კონკრეტული კომპანიების შემთხვევაში ხელმისაწვდომი იყო ევროპულ საწვავთან შედარებით დაბალი თვითღირებულების მქონე არაევროპული საწვავი, ხოლო, რიგ შემთხვევებში, კონკრეტული კომპანიის/კომპანიების მიერ ხდებოდა დაბალი თვითღირებულების მქონე ევროპული საწვავის რეალიზაცია მხოლოდ საბითუმო ბაზარზე, მათ შორის, კონკურენტ კომპანიებზე. ორივე შემთხვევაში (ევროპული და არაევროპული საწვავი), ადგილი ჰქონდა საწვავის თვითღირებულებიდან მომდინარე კონკურენტული უპირატესობის გამოუყენებლობას. შედეგად, საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე შენარჩუნებულ იქნა მაღალი ფასი, რაც სააგენტოს გადაწყვეტილებით მოპასუხე 5 კომპანიის კოორდინირებული ქმედების შედეგს წარმოადგენდა.

სააგენტოს გადაწყვეტილებით, ხუთ ეკონომიკურ აგენტს შესაბამისი ფინანსური სანქცია – ჯამში, 4 მილიონ ლარამდე დაეკისრა. კერძოდ: შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია – 1 073 998 ლარი; შპს რომპეტროლ საქართველო – 987 886 ლარი; შპს სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი – 719 310 ლარი; სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია – 693 576 ლარი; შპს ლუკოილ ჯორჯია – 450 590 ლარი.

„ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, შესასრულებლად აუცილებელი რეკომენდაცია გაიცა, რაც გულისხმობს – საწვავის ჩასხმის სიზუსტის კონტროლის უფრო ეფექტურად განხორციელებისათვის საჭირო პროცედურული მექანიზმების შემოღებას.

კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება კომპანიებს შეუძლიათ  თბილისის საქალაქო სასამართლოში.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და ბაზრის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, სააგენტო საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) ბაზრის მონიტორინგს აგრძელებს.

მოკვლევა, 2022 წლის 16 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეკომენდაციის და კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგების საფუძველზე დაიწყო. სააგენტოს შეფასების პერიოდი 2022 წლის იანვარ-აგვისტოს შუალედს მოიცავს“, – აცხადებენ სააგენტოში.

რუსების მიერ კუპიანსკის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა

რუსული ძალების მიერ კუპიანსკის დაბომბვას 61 წლის ქალი ემსხვერპლა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინიგუბოვის განცხადებით, თავდასხმის შედეგად კიდე ერთი, 60 წლის ქალიც დაშავდა. დაბომბვამ სახლებიც დააზიანა.

შეგახსენებთ, თვის დასაწყისში უკრაინის ხელისუფლებამ კუპიანსკიდან და მისი მიმდებარე ტერიტორიებიდან მოქალაქეების სავალდებულო ევაკუაციის განკარგულება გასცა, რადგან რუსეთმა ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით დაბომბვა გაახშირა.

შრომითი მიგრაციის კანონში შესული ცვლილებები 2023 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება

შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა. სიახლეების მთავარი მიზანია საზღვარგარეთ დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეების უფლებების მაქსიმალური დაცვა. ასევე – საქართველოში მცხოვრები და დასაქმებული უცხოეთის მოქალაქეების სისტემური აღრიცხვა და მათი უფლებების დაცვა.

ახალი კანონმდებლობის მიხედვით, შუამავალ კომპანიებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს, საზღვარგარეთ დასაქმებაში ეხმარებიან, სერტიფიცირების ვალდებულება უჩნდებათ. ამასთან, სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში მოხდება საქართველოში დასაქმებული უცხოეთის მოქალაქეების აღრიცხვა. გარდა ამისა, ქვეყანაში, შრომითი ბინადრობისა და ემიგრაციის ვიზების ფლობისთვის, სავალდებულო ხდება ამავე სისტემაში რეგისტრაცია.

ცვლილებების მაქსიმალური ეფექტურობისთვის, ახალი კანონი მონიტორინგისა და აღსრულების მექანიზმებსაც ითვალისწინებს, რომელსაც შრომის ინსპექციის სამსახური განახორციელებს

კანონში შესული ცვლილებები, იმ შუამავალ კომპანიებს, რომლებიც საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების დასაქმების მიმართულებით მუშაობენ, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, პირადად გააცნეს.

როგორც ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ აღნიშნა, სახელმწიფო მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლებს სექტორის წარმომადგენლებთან, რომ პროცესების გამჭვირვალედ წარიმართოს და ცვლილებები მაქსიმალურად დადებითად აისახოს როგორც დასაქმებულების, ისე – შუამავალი კომპანიების საქმიანობაზე.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ: ჯანდაცვის სამინისტროს, შრომის ინსპექციის სამსახურის, ევროკავშირის, გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

შრომითი მიგრაციის შესახებ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები, ძალაში, 2023 წლის 1-ლი სექტემბრიდან შევა.

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

სააგენტოს ცნობით, 18 და 19 აგვისტოს უმეტესად დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით კავკასიონის ჩრდილოეთ მთიან და მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი.

„მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

წინანდლის ფესტივალის საიუბილეო სეზონი

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, წინანდლის ისტორიული მამული, 31 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით, „წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალს“ საიუბილეო სეზონს უმასპინძლებს.

წინანდლის ფესტივალი მეხუთე, საიუბილეო სეზონზე მსოფლიო ვარსკვლავებითა და პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრით ბრუნდება. პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი წინანდლის საერთაშორისო ფესტივალის ძირითადი სიმფონიური ორკესტრია, რომელიც რეგიონში რჩეული ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსებით არის დაკომპლექტებული.

წელს წინანდალს კვლავ ეწვევიან მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები, თუმცა საიუბილეო სეზონზე ორგანიზატორები განსაკუთრებით საინტერესო პროგრამასა და მუსიკოსების გამორჩეულ შემადგენლობას გვპირდებიან.

„ფესტივალს 5 წელი უსრულდება. ხუთი წელი ეს ის ზღვარია, რომლის გადალახვის შემდეგ ფესტივალი სხვა განზომილებაში გადადის და მნიშვნელოვან ადგილს იმკვიდრებს ქვეყნის და საზოგადოების ცნობიერებაში. უაღრესად დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, წინანდლის ფესტივალის მუსიკალური ხელმძღვანელი ჯანანდრეა ნოზედა, წელს კვლავ ეწვევა წინანდალს. ეს მნიშვნელოვანი შენაძენია ფესტივალის დამფუძნებლების და მთელი გუნდის დაუღალავი შრომის შედეგად მიღებული.“ – დავით საყვარელიძე, წინანდლის ფესტივალის გენერალური დირექტორი.

საიუბილეო სეზონი პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის კონცერტით გაიხსნება, რომელსაც მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა გაუწევს დირიჟორობას. შესრულდება შუმანისა და ჩაიკოვსკის ნაწარმოებები.

11 დღიან პროგრამაში ვიხილავთ კლასიკური მუსიკის ისეთ გამოჩენილ სახელებს, როგორებიც არიან: მანფრედ ჰონეკი, ვახტანგ კახიძე და კრისტოფ კონცი, იეფიმ ბრონფმანი, ნობუიუკი ცუძი, ალექსანდრე მალოფეევი, მარკ ბუშკოვი, ზლატომირ ფანგი, ბეჰზოდ აბდურაიმოვი, აუგუსტინ ჰადელიხი, ამიჰაი გროში, ჟულიენ კანტონი, მაო ფუჯიტა, მიხაელ ბარენბოიმი, დევიდ გარეტი, ოლგა შეპსი, გოტიე კაპუსონი.

მსმენელის წინაშე წარდგებიან ასევე ქართველი ვარსკვლავები: გიორგი გიგაშვილი და 13 წლის „ვუნდერკინდი“, ცოტნე ზედგენიძე. ორ კონცერტს გამართავს ცნობილი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი. 2 სექტემბრის პროგრამა ქართველი პიანისტის, ლექსო თორაძის ხსოვნას მიეძღვნება. სცენაზე ვიხილავთ მეცო-სოპრანო ირინა შერეზადაშვილს და პიანისტ ნინო ჟვანიას. მსახიობ ნინო კასრაძის პერფორმანსი: ჟან კოქტო – „ადამიანის ხმა“ ერთ გამორჩეულ საღამოს შემატებს წინანდლის ფესტივალს.

წინანდლის ფესტივალის წიაღში 2019 წელს დაბადებულ პანკავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრს, წელს, მუსიკოსები 7 ქვეყნიდან უერთდებიან – საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, უკრაინა, ყაზახეთი, თურქმენეთი.

წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი 2019 წელს წინანდლის ისტორიული მამულში, კომპანია სილქნეტის მხარდაჭერით დაფუძნდა. გამორჩეული საკონცერტო პროგრამისა და კლასიკური მუსიკის სფეროში აღიარებული მუსიკოსების მოწვევის გარდა, ფესტივალის დაარსების იდეა საგანმანათლებლო და სამშვიდობო მიზნებს ემსახურება.

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს, შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ ფესტივალის ფარგლებში გათვალისწინებული ნაკრებები 25%-მდე ფასდაკლებით და დაესწრონ წინანდლის ფესტივალს.

ნაკრებების შესაძენად, უნდა დაუკავშირდნენ კონცეპტ ასისტენტს ნომერზე  032 2 27 27 00.

*ასევე, თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს, ფესტივალის ცალკეული ბილეთების შეძენა შეუძლიათ 15%-იანი ფასდაკლებით tkt.ge-ის ვებგვერდზე.

 

R

“ღრმა მწუხარებას გამოვხატავ გამოჩენილი მსახიობის გოგი ხარაბაძის გარდაცვალების გამო” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოჩენილი მსახიობის გოგი ხარაბაძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოხატავს.

პრემიერი სამძიმარსა და თანადგომას უცხადებს გოგი ხარაბაძის ოჯახს, ახლობლებსა და მთლიანად ქართველ საზოგადოებას.

„ბატონმა გოგიმ ათწლეულების განმავლობაში თეატრალური და კინოხელოვნების ერთგული მსახურებით საერთო სახალხო სიყვარული და პატივისცემა მოიპოვა. მის მიერ შექმნილმა დაუვიწყარმა სახეებმა ქართულ კულტურულ საგანძურში დაიმკვიდრეს ადგილი.

გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ გოგი ხარაბაძის ოჯახს, ახლობლებსა და მთლიანად ქართველ საზოგადოებას”, – აღნიშნულია მთავრობის მეთაურის განცხადებაში.

“დრონები არის გარანტია იმისა, რომ ადამიანებს არ მოუწიოთ თავიანთი სიცოცხლის გაწირვა” – ზელენსკი

დრონები არის გარანტია იმისა, რომ ადამიანებს არ მოუწიოთ თავიანთი სიცოცხლის გაწირვა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ჯარისკაცები სვამენ კითხვებს თვითმფრინავების, ელექტრონული ომის აღჭურვილობისა და სამხედრო საჰაერო თავდაცვის შესახებ. ამ კითხვებზე პასუხი ასევე არის ჩვენი მუშაობა პარტნიორებთან, რათა მივაწოდოთ საჭირო დრონები და სისტემები, ეს უნდა მოხდეს აქ, უკრაინაში. საჭიროა წარმოება. ჩვენ ვაძლიერებთ წარმოებას, მაგრამ აუცილებელია სისტემატიზაცია იმის, რაც უკვე მიეწოდება ჯარებს და გამოიყენება. დრონები არის „თვალები“ და დაცვა წინა ხაზზე. სხვადასხვა დიაპაზონი, სხვადასხვა სამიზნე. დრონები არის გარანტია იმისა, რომ ადამიანებს არ მოუწევთ, გადაიხადონ თავიანთი სიცოცხლე, როდესაც დრონებს შეუძლიათ მუშაობა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთმა მეშვიდედ განახორციელა მასიური შეტევა უკრაინის პორტებზე.

„რუსმა ტერორისტებმა კვლავ დაარტყეს ჩვენს პორტებს. სულ რაღაც ერთი თვის მანძილზე ეს იყო რუსეთის მეშვიდე მასიური შეტევა. რენის პორტი, იზმაილის პორტი, იუჟნის პორტი, ოდესის პორტი, ჩერნომორსკის პორტი, ნიკოლაევი – რუსეთის ყოველი დარტყმა მათ წინააღმდეგ არის დარტყმა სურსათის მსოფლიო ფასებზე, ეს არის დარტყმა სოციალურ და პოლიტიკურ სტაბილურობაზე. ძირითადი რამ, რაც ყველა საზოგადოებას აძლევს ნორმალური ცხოვრების საშუალებას, არის საკვები ოჯახებში. მსოფლიოში არცერთ ტერორისტს, გარდა რუსეთისა, არასოდეს არ ჰქონია ასე ღიად და მიზანმიმართულად თავდასხმა ამდენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე ერთდროულად. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ამას. წინააღმდეგობა აუცილებელია – აქტიურად, ზუსტად საერთო ძალისხმევით!” – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველა ლიდერს და სახელმწიფოს, რომლებიც ეხმარებიან უკრაინას და აღნიშნა, რომ სანქციები, ფინანსური და პოლიტიკური ზეწოლა არის ის მთავარი რამ, რაც გარანტიას იძლევა უსაფრთხოებისა და მშვიდობის დაბრუნებაზე ყველასთვის, მთელ მსოფლიოში.

“გიორგი ანწუხელიძის გმირობა სამშობლოს ერთგულების, თავგანწირვისა და შეუდრეკელობის უკვდავ მაგალითად დარჩა თითოეული ჩვენგანისა თუ მომავალი თაობებისთვის” – პრემიერი

გიორგი ანწუხელიძის გმირობა სამშობლოს ერთგულების, თავგანწირვისა და შეუდრეკელობის უკვდავ მაგალითად დარჩა თითოეული ჩვენგანისა თუ მომავალი თაობებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, სამშობლოსათვის თავდადებული მამულიშვილის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა.

კიდევ ერთხელ, ტკივილით, და ამავე დროს, სიამაყით ვიხსენებთ გაუტეხელი ქართული სულის საუკეთესო გამოვლინებას, რომელმაც სამუდამოდ ჩაწერა გიორგი ანწუხელიძის სახელი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მისი გმირობა სამშობლოს ერთგულების, თავგანწირვისა და შეუდრეკელობის უკვდავ მაგალითად დარჩა თითოეული ჩვენგანისა თუ მომავალი თაობებისთვის“, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

18 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ახალი მთვარის დადებითი გავლენა შაბათ-კვირამდე გაგყვებათ, ასე რომ შეგიძლიათ ყველა საზრუნავი დაივიწყოთ და გაერთოთ. თუ ხშირად არ იღიმით, მაშინ არასწორად ცხოვრობთ.

კურო

მშრომელი და კეთილი ადამიანი ხართ და ხშირად სხვის გასაკეთებელ საქმესაც თქვენ აკეთებთ, მაგრამ შეიძლება ვიღაცამ სიკეთის კეთება ვალდებულებად ჩაგითვალოთ და იფიქროს, რომ ყოველთვის ასე იქნება. იქნებ დროა, დახმარება შეზღუდოთ და ადამიანებს საშუალება მისცეთ, საკუთარ თავზე ზრუნვა ისწავლონ.

ტყუპები

სიფრთხე, რომელიც აქტიურად მოქმედებაში ხელს გიშლიდათ, ახალმთვარეობამ გააქარწყლა. ახლა თამამად შეგიძლიათ გარისკოთ და ამისგან დივიდენდები მიიღოთ. ეს ახალი გამოწვევების და შესაძლებლობების დროა, მაგრამ ინიციატივა ხელში უნდა აიღოთ.

კირჩხიბი

მომდევნო 24 საათის განმავლობაში შემოსავლის მიღების სხვადასხვა შესაძლებლობაზე იფიქრებთ. მთავარია, გადაწყვეტილება დაუფიქრებლად არ მიიღოთ, რადგან ამას შეიძლება, მძიმე შეცდომა მოჰყვეს. დრო საკმარისად გაქვთ, ამიტომ ნუ აჩქარდებით და ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ.

ლომი

პლანეტების ხელსაყრელი განლაგების წყალობით, ამ დღეს იღბალი თქვენ მხარესაა, მაგრამ ასე დიდხანს არ გაგრძელდება. გუშინდელმა ახალმა მთვარემ თქვენ წინაშე ახალი შესაძლებლობები გააჩინა, მაგრამ გირჩევთ ყველა ნაბიჯი წინასწარ დაგეგმოთ და წარმატებისკენ აუჩქარებლად იაროთ.

ქალწული

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ საქმიანობაში ხელს ის მოვლენები გიშლით, რომლებსაც ვერ აკონტროლებთ, მაგრამ ზოგჯერ ასე ჯობს. ამ დღეს სასურველია, რომ მშვიდად და წინდახედულად იმოქმედოთ და აქტიურობა სხვა ადამიანებს დაუთმოთ. თქვენი აქტიურობის დროც მალე მოვა, მანამდე შეგიძლიათ დასვენოთ.

სასწორი

ვარსკვლავებმა შენიშნეს, რომ ადრე არასდროს გაინტერესებდათ, რას ფიქრობენ გარშემო მყოფები თქვენს ქმედებებზე, მაშინ ახლა რატომ უნდა იდარდოთ? როგორიც არ უნდა იყოს მიზეზი, ყურადღებას ნუ მიაქცევთ, თუკი თქვენი გადაწყვეტილებები გარკვეულ უკმაყოფილებას გამოიწვევს. ეს მათი პრობლემაა და არა თქვენი.

მორიელი

შესაძლოა სამსახურში რაღაცამ ქაოსი გამოიწვიოს, მაგრამ როგორც ხშირად ხდება, ქაოსი ახალ შესაძლებლობებს წარმოშობს. თქვენ იდეალურ მდგომარეობაში იქნებით იმისთვის, რომ აქედან სარგებელი მიიღოთ. ცვლილებები თქვენთვის სასარგებლოა.

მშვილდოსანი

სავარაუდოდ, ამ დღეს ოპონენტებს თქვენთან შედარებით უპირატესობა აქვთ, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. პლანეტების ხელსაყრელი განლაგება საშუალებას მოგცემთ, სიტუაცია შეცვალოთ და სიტუაციის ბატონ-პატრონი გახდეთ.

თხის რქა

ამ დღეს შეგიძლიათ პრობლემებს თავი ადვილად დააღწიოთ, მაგრამ ისინი მოგვიანებით ისევ გაჩნდება. იქნებ ჯობს, მათი მოგვარება სამომავლოდ არ გადადოთ და პრობლემებს ახლავე გაუმკლავდეთ?

მერწყული

თუ საკუთარ მიზანზე უარს არ იტყვით და მომდევნო დღეების განმავლობაში მისი განხორციელებისთვის არაფერს დაიშურებთ, თავადაც გაოცდებით, ისე სწრაფად მიუახლოვდებით მას. ეს პროგრესი შეიძლება კიდევ უფრო სწრაფი იყოს, თუ საკუთარ გეგმებს სხვებსაც გაუზიარებთ.

თევზები

თუ მეგობარი ან კოლეგა დახმარებას არ გთხოვთ, ეცადეთ, ამ დღეს არავის საქმეში ჩაერიოთ. იმის მიუხედავად, რომ კეთილი განზრახვა გაქვთ, შეიძლება ვიღაცამ თქვენი ძალისხმევა არ დააფასოს, კარისკენ მიგითითოთ და ამით გული გატკინოთ.