Home Blog Page 1547

“მიხეილ სააკაშვილი საარჩევნო კამპანიას ვერ უნდა ახორციელებდეს” – მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სააკაშვილი საარჩევნო კამპანიას წესით ვერ უნდა ახორციელებდეს. ქართულ პოლიტიკაში მას ადგილი უბრალოდ, აღარ დარჩა. ეს შეიძლება მისი სურვილია და ამის მცდელობები ვიხილოთ, მაგრამ ეს არ არის მართლზომიერი,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სოფო ჯაფარიძე „გამარჯვების კამპანიას“ იწყებს და რეგიონებში მიხეილ სააკაშვილის სახელით მოსახლეობას შეხვდება.

სარჯველაძე აცხადებს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობა ეზღუდება და „როცა ცდილობენ ამ ნორმას პატივი არ სცენ, ეს კარგად არ გამოიყურება, სულ მცირე უპატივცემულობაა ქვეყნის კანონმდებლობის მიმართ“.

მისივე თქმით, წინასწარ ვერ იტყვის კანონმდებლობის ეს ნორმა ირღვევა თუ არა ამ კამპანიით, რადგან არ იცის კონკრეტული გეგმა როგორ იქნება განხორციელებული.

„მას მოუწევს პატივი სცეს და ანგარიში გაუწიოს ჩვენი სუვერენული ქვეყნის კანონმდებლობას, წესს და რიგს. რაც შეეხება მის მცდელობებს საარჩევნო კამპანია გააჩაღოს, მას აქვს ნეგატიური დამოკიდებულებები მისი პარტიის არაერთი დაჯგუფებისა და ფლანგის მიმართ, მათ შორის იმ ხალხის მიმართ, ვინც წავიდა, ვინც შეიძლება დარჩა და ეცდება წამოიწყოს ახალი, განსხვავებული თამაში, რომლითაც შეძლებს რაღაც ახალი შესთავაზოს საზოგადოებას ისე, რომ ფოკუსის ფუნქცია არ იყოს დაკარგული და შეძლოს, რომ დამალოს ის მანკიერებები, რომელიც მისი პოლიტიკური პარტიისთვის არის დამახასიათებელი, მაგრამ მე არ მგონია, რომ ეს მცდელობა წარმატებული იქნება, რადგან საზოგადოებამ კარგად იცის, რომ რეალურად არანაირი შინაარსი ამ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს.

ქართული კანონმდებლობით უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობა ეკრძალება. თვითონ არ იციან, რა იქნება მათი ქმედებები მომავალში და ამას [ირღვევა თუ არა კანონი] წინასწარ ვერ შევაფასებ. რაც არ უნდა იყოს, თუ ეს გულისხმობს სააკაშვილის მონაწილეობას ქართულ პოლიტიკაში, ეს იქნება არამართლზომიერი აქტი,“ – განაცხადა სარჯველაძემ.

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მაღალჩინოსნები პუტინისგან სერგეი შოიგუსა და ვალერი გერასიმოვის გადაყენებას მოითხოვენ -Bloomberg

Bloomberg-ის ინფორმაციით, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მაღალჩინოსნები ქვეყნის პრეზიდენტისგან თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენერალური შტაბის მეთაურის, ვალერი გერასიმოვის გადაყენებას მოითხოვენ.

გამოცემის ცნობით, „ეფესბეს“ მაღალჩინოსანთა ჯგუფი „ვაგნერის“ დაჯგუფების ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის პოზიციას იზიარებს, რომ უკრაინაში აგრესიული ომის წარმოებაა საჭირო, რაც მობილიზაციის გამოცხადებასაც ითვალისწინებს. ამასთან, როგორც Bloomberg-ში აღნიშნავენ, ამ დროისთვის იმის არანაირი ნიშანი არ ჩანს, რომ პუტინი შოიგუსა და გერასიმოვის გადაყენებას აპირებს.

შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად დაკარგულთა ძებნა 36 ლოკაციაზე მიმდინარეობს

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ლევან შერაზადაშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში 5 მოქალაქის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

მისივე თქმით, სამძებრო სამუშაოები, როგორც ონის მუნიციპალიტეტის, ასევე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხორციელდება.

„ამ დროისათვის ნაპოვნია 28 მიცვალებულის ცხედარი. მიმდინარეობს 5 დაკარგული მოქალაქის სამძებრო სამუშაოები. აქვე მინდა გითხრათ, რომ დღეს მოხდება სამი გარდაცვლილის ქუთაისის პროზექტურიდან გადმოსვენება სოფელ ლაგვანთაში და ხვალ, 28 აგვისტოს თემურ ჩარკვიანს, დიმიტრი ფირცხალავასა და ნიკოლოზ ჩალაძეს საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.

სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს 36 ლოკაციაზე. მოგეხსენებათ, გაზრდილია პერიმეტრი, როგორც ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ასევე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ძებნითი სამუშაოები“, – განაცხადა ლევან შერაზადაშვილმა.

“ივლისში საარსებო მინიმუმი შემცირდა” – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის ივლისში, მაისთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა.

საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივნისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 254.5 ლარი იყო, ივნისში კი ეს მაჩვენებელი 4 ლარითა და 70 თეთრით შემცირდა და, ჯამში, 249.8 ლარი შეადგინა.

ამასთან, საქსტატის ცნობით, 2023 წლის ივნისთან შედარებით, ივნისში 4 ლარითა და 10 თეთრით არის შემცირებული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 221.3 ლარს შეადგენს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, 2021 წლიდან, ახალ სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამის შესაბამისად, აღნიშნული მაჩვენებლის წარმოებას საქსტატი აღარ ახორციელებს (იგულისხმება ორსულიანი, სამსულიანი და ა.შ.). როგორც საქსტატში აღნიშნავენ, ეს ინდიკატორი არ გამოიყენება არანაირი დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

საქსტატის ცნობით, საარსებო მინიმუმი მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე დგინდება, მინიმალური სასურსათო კალათა კი, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან. ესენია: პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.

“ხვალიდან ვიწყებ „გამარჯვების კამპანიას“ – სოფო ჯაფარიძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი სოფო ჯაფარიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელით მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს. ამის შესახებ სოფო ჯაფარიძემ კლინიკა “ვივამედთან” განაცხადა.

მისივე თქმით, კამპანია სიმბოლურად, ბათუმიდან დაიწყება და ის შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართავს.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, მოსახლეობის წერილობით მოსაზრებებს მიხეილ სააკაშვილი გაეცნობა.

„ისე როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ჩვენი ერთიანობა და ერთად სათანადოდ მომზადება გადამწყვეტი ბრძოლისთვის. მიხეილ სააკაშვილმა აქ ჩამოსვლით და ამ თავგანწირვით გვაჩვენა პატრიოტიზმის უმაღლესი სტანდარტი. მიუხედავად იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან რთული, ის აი, აქედან, ამ ოთხი კედლიდან აგრძელებს ბრძოლას სამშობლოს გადარჩენისთვის. მისი საბრძოლო განწყობა არის უმაღლესი და ის აუცილებლად იბრძოლებს ბოლომდე ქვეყნის თავისუფლებისთვის და სამშობლოს გადარჩენისთვის.

ხვალიდან, ვიწყებ ძალიან დიდ კამპანიას. ჩამოვალ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქვეყნის ყველა კუთხეში მიხეილ სააკაშვილის სახელით. მოგისმენთ ყველას, მოვუსმენ თითოეული თქვენგანის პრობლემას და მოსაზრებას ამ ურთულესი პოლიტიკური პროცესების მართვის კუთხით. თქვენ აუცილებლად უნდა გახდეთ მონაწილეები ამ ძალიან რთული პროცესის და არა მხოლოდ მონაწილეები, არამედ პროცესის შემქმნელები, რათა ძალიან მალე ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება. გამარჯვება არის ისე ახლოს, როგორც არასოდეს. მიხეილ სააკაშვილი მზადაა მოგისმინოთ ყველას, მოისმინოს ყველას მოსაზრება. არა მხოლოდ მზად არის, არამედ მისი ძალიან დიდი სურვილი არის, რომ თქვენთან ერთად შექმნას ეს პოლიტიკური პროცესები, რომელიც მიგვიყვანს გამარჯვებამდე. გამარჯვება არის გარდაუვალი.

მე გაძლევთ პირობას, თითოეული თქვენგანის წერილობითი მოსაზრება მივა უშუალოდ მიხეილ სააკაშვილამდე და ჩვენ ყველა ერთად შევქმნით გამარჯვების ძალიან დიდ ფორმულას, რომელიც ძალიან მალე მოგვიყვანს გამარჯვებამდე,“ – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას, რომელშიც ჩართულია თავად მიხეილ სააკაშვილი, სოფო ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ შეიძლება ასეც ითქვას.

„დიახ, თუნდაც დავარქვათ საარჩევნო კამპანიის დაწყება. ეს ნიშნავს გამარჯვების კამპანიის დაწყებას,“ – აღნიშნა ჯაფარიძემ.

Twitter-ი დაბლოკვის ფუნქციას ზღუდავს

Twitter-ის, რომელიც ახლა X-ის სახელით არის ცნობილი, მომხმარებლებს დაბლოკვის ფუნქციას უზღუდავს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სოციალური ქსელის მფლობელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ სხვა ანგარიშების დაბლოკვა უბრალოდ „უაზრობაა“. ამასთან, მან დასძინა, რომ მომხმარებლები კვლავ შეძლებენ თავი აარიდონ არასასურველი ანგარიშებისგან პირადი შეტყობინებების მიღებას.

სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ახალი წესის გამო მათ გაუჭირდებათ ფიდის შეურაცხმყოფელი პოსტებისგან გაწმენდა.

ამასთან, დაბლოკვის ფუნქციის გაუქმება შესაძლოა Apple’s App Store-ისა და Google Play-ს წესებს არღვევდეს. ორივე ონლაინ-მაღაზიის პირობებში აღნიშნულია, რომ სოციალური ქსელების აპლიკაციების მომხმარებლებს შევიწროებისა და ბულინგის შემცველი პოსტების გაფილტვრის საშუალება უნდა ჰქონდეთ. შედეგად, არ არის გამორიცხული, რომ ამ მაღაზიებიდან X-ის გადმოწერა შეუძლებელი გახდეს.

კინემატოგრაფისტების ნაწილი ქართული კინოს თავისუფლების მოთხოვნით კულტურის სამინისტროს ბოიკოტს უცხადებს

კინემატოგრაფისტები ქართული კინოს თავისუფლების მოთხოვნით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბოიკოტს უცხადებს.

როგორც კინემატოგრაფისტების განცხადებაშია ნათქვამი, ისინი პროტესტის ნიშნად კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსებსა და პროექტებში მონაწილეობას არ მიიღებენ.

„ჩვენ, ქართული კინოს თავისუფლებისთვის გაერთიანებული კინემატოგრაფისტები, რომლებიც ვეწინააღმდეგებით კულტურისა სამინისტროს რეპრესიულ პოლიტიკას, 2023 წლის აგვისტოდან ვაცხადებთ ბოიკოტს!

პროტესტის ნიშნად, ჩვენ აღარ მივიღებთ მონაწილეობას მიტაცებული კინოცენტრის გამოცხადებულ კონკურსებსა და პროექტებში, ჩვენ უარს ვამბობთ საკონკურსო კომისიების წევრობაზე, რადგან არ გვსურს ვიქცეთ ფორმალურ თანამონაწილედ იმ პროცესისა, რომელსაც ქართული თანამედროვე კინო, კულტურა და მეცნიერება განადგურებისაკენ მიჰყავს.

პროტესტის პირველივე დღიდან, ჩვენ ვითხოვთ სისტემურ ცვლილებას – კინოცენტრის დირექტორის დანიშვნის წესის შეცვლას! გვჯერა, რომ კინოცენტრის დირექტორი უნდა იყოს არჩეული მხოლოდ გამჭვირვალე და საჯარო პროცესით, სფეროს წარმომადგენლების მიერ და არ იყოს დანიშნული მინისტრის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით. მხოლოდ დემოკრატიული წესით არჩეული მმართველის პირობებში შეძლებს კინოცენტრი უზრუნველყოს ქართველი კინემატოგრაფისტების სიტყვის, გამოხატვისა და შემოქმედების თავისუფლება!

დამოუკიდებლობა კინოცენტრს! ხელოვნება ცოცხალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკურია!

პირველი 200 ხელმწერის სიას იხილავთ მითითებულ ბმულზე.

თანდართული ფორმის გამოყენებით, კინოს სფეროში მომუშავე ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეუძლია, შემოუერთდეს ჩვენს პოზიციასა და ბრძოლას კულტურის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. https://forms.gle/Y5tLaK68BanzcVLh6“, – ნათქვამია კინემატოგრაფისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, 2023 წლის 11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ კულტურის სამინისტრომ კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, კობა ხუბუნია დანიშნა, რომელმაც კინოცენტრის დირექტორის მოადგილის ორი პოსტი გააუქმა და ცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა.

“ჩვენში დაშლა არ მოშლის საკითხს მასპინძელი წყვეტს და არა სტუმარი” – გოგა ხაინდრავა კელი დეგნანს

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა.

„ეს იმაზეა დამოკიდებული ამიერიდან რას აპირებთ?! სხვებიც არ აპირებდნენ, ყველას აღარ ჩამოვთვლი, ვიკიპედიაში ჩაიხედეთ უკანა გზაზე. ჩვენში დაშლა არ მოშლის საკითხს მასპინძელი წყვეტს და არა სტუმარი“, – წერს ხაინდრავა.

აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, რომელსაც ამ პოსტზე თავისი საქმიანობის ვადა ეწურება, ინტერვიუში განაცხადა „აქ ვართ, საქართველოსთან ერთად 30 წელზე მეტია და არსად წასვლას ვაპირებთ“.

“საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების სამეულს სომხეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი წარმოადგენს”

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივლისში, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 105.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.0 პროცენტით მეტია.

საქსტატის ინფორმაციით, აქედან ექსპორტი 3 583.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 15.9 პროცენტით), ხოლო იმპორტი 8 522.1 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 19.0 პროცენტით).

„საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარ-ივლისში, 4 938.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტია. 2023 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.8 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: სომხეთი (495.0 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (485.3 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (416.2 მლნ. აშშ დოლარი).

2023 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.7 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 420.6 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 087.5 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (975.3 მლნ. აშშ დოლარი).

2023 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.7 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 687.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 503.7 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (1 023.1 მლნ. აშშ დოლარი).

2023 წლის იანვარ-ივლისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1 177.8 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 32.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 380.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 10.6 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 150.3 მლნ. აშშ დოლარით (4.2 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2023 წლის იანვარ-ივლისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 1 620.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 19.0 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 608.5 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.1 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 307.7 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 3.6 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“უნგრეთი და თურქეთი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ” – პიტერ სიიარტო

უნგრეთი და თურქეთი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ თურქეთის პრეზიდენტის უნგრეთში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვიქტორ ორბანი ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბების პრიორიტეტულობასა და კრიზისულ სიტუაციებში ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერაზე შეთანხმდნენ.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უნგრეთი დაინტერესებულია თურქეთიდან გაზის იმპორტში. სიიარტოს თქმით, თურქეთის სატრანზიტო როლი კიდევ უფრო გაძლიერდება, როდესაც ძალაში შევა შეთანხმება ბუნებრივი აირის აზერბაიჯანიდან და თურქმენეთიდან ევროპის ბაზარზე იმპორტის შესახებ.

ბუდაპეშტში აცხადებენ, რომ ერდოღანი უნგრეთს კიდევ ერთხელ 18 დეკემბერს ესტუმრება, როდესაც სტრატეგიული საბჭოს უმაღლესი დონის შეხვედრა გაიმართება.

“უკრაინაში გერმანელი ჯარისკაცები არ არიან და არც იქნებიან” – ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის შეეცდება თავიდან აიცილოს გერმანიის ჩათრევა უკრაინის ომში. ამის შესახებ Deutsche Welle წერს შოლცის Augsburger Allgemeine-თან მიცემულ ინტერვიუზე დაყრდნობით.

„ჩემი სურვილია თავიდან ავიცილოთ[ომში ჩართვა] ამიტომ, მაგალითად, უკრაინაში არ არიან გერმანელი ჯარისკაცები – და არც იქნებიან”, – განაცხადა შოლცმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ ხედავს ბერლინისა და მოსკოვის ურთიერთობის პერსპექტივას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის კრემლში, ხელისუფლებაში დარჩენის პირობებში, ოლაფ შოლცმა უპასუხა: „ვინ სად ზის[რა თანამდებობებს იკავებს] ჩვენ არ ვწყვეტთ”.

„ჩვენ არც რეჟიმის შეცვლას ვგეგმავთ” – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

“უნდა აღიძრას საქმე საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ შეთქმულებისა და ქართველი ხალხის მოტყუების გამო”

ამერიკულმა პროკურატურამ ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი ხმამაღალი სათაურით: „შეთქმულება შეერთებული შტატების მოტყუებისთვის“. საბრალდებო დოკუმენტში ნათქვამია, რომ „არჩევნების დღიდან ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, ბრალდებული ავრცელებდა სიცრუეს, რომ არჩევნები გაყალბდა და რეალურად მან გაიმარჯვა, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” განცხადებაშია ნათქვამი.

ეს პრეტენზიები მცდარი იყო, რაც ბრალდებულმა იცოდა, მაგრამ მაინც გამოთქვამდა, რათა უნდობლობისა და ბრაზის ინტენსიური ატმოსფერო შეექმნა და არჩევნების ადმინისტრირების მიმართ საზოგადოების რწმენა შეერყია“.

გამოდის, რომ ამერიკული სტანდარტით, საქართველოში დასაჭერი ყოფილა მთელი ოპოზიცია, ყველა ოპოზიციური ტელევიზიის ხელმძღვანელი და მდიდარი ენჯეოების ყველა თავმჯდომარე. იგივეს ვერ შევკადრებთ ამერიკის ელჩს და ევროკავშირის მაშინდელ „ამერიკელ“ ელჩს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ქართველი ხალხის მოტყუება თავადაც სცადეს, ოპოზიციის ყალბი ბრალდებები არჩევნების გაყალბების შესახებ პოლიტიკურ კრიზისად მონათლეს და ამ ყველაფრის საფუძველზე, მმართველ პარტიას 19 აპრილის კაბალურ შეთანხმებაზე მოაწერინეს ხელი.

ჩვენი აზრით, არჩევნების გაპროტესტების საქმეზე ტრამპისთვის ბრალის წაყენება სრული აბსურდია. როგორც ჩანს, უცხოელი აგენტების შესახებ კანონის არ იყოს, ამერიკაში ამ სფეროშიც რუსული კანონი მოქმედებს. როდესაც პოლიტიკოსი, ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი არჩევნების ლეგიტიმურობის შესახებ მხოლოდ ეჭვს გამოთქვამს, მაგრამ არავითარ აქტიურ ქმედებას არ ახორციელებს და ამისათვის მას პროკურატურა ბრალს უყენებს, აშკარაა, რომ ამერიკული დემოკრატია ტოტალურ კრიზისშია. ეს ყველაფერი მით უფრო აბსურდულია, რომ 2020 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე ეუთო-ოდირმაც უამრავი სერიოზული ხარვეზი დააფიქსირა.

თუმცა, რაც შეეხება საქართველოს შემთხვევას, აქ რადიკალებისთვის ბრალის წაყენების ყველანაირი საფუძველი არსებობს. შეგახსენებთ, რომ ქართველი რადიკალები არა მხოლოდ ეჭვს გამოთქვამდნენ, არამედ პერმანენტულ აქციებს აწყობდნენ, ცესკოში შეჭრას ცდილობდნენ, პოლიციას შეურაცხყოფას აყენებდნენ, რამდენიმე თვე პარლამენტის წინააღმდეგ საბოტაჟს ახორციელებდნენ და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ. ეს ყველაფერი პირდაპირ იყო მხარდაჭერილი მდიდარი ენჯეოების მიერ, რომლებმაც ცესკოში შეჭრის მოსურნე რადიკალების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენებაც კი გააპროტესტეს და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას ღიად უჭერდნენ მხარს. მათვე გააყალბეს პარალელური ხმის დათვლის შედეგები, ოქმებში ზედმეტობის მონაცემები, იტყუებოდნენ, რომ ცესკომ დაგვიანებით გამოაქვეყნა არჩევნების შედეგები და ამ ყველაფრის გამო, არჩევნების ლეგიტიმურობა თავადაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს.

ყალბ ბრალდებებზე საპასუხოდ, ხელისუფლებამ შექმნა საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, გადათვალა მრავალი ათეული საარჩევნო უბანი, უტყუარად დაამტკიცა, რომ არა არჩევნები, არამედ პარალელური ხმის დათვლის შედეგები იყო გაყალბებული. თუმცა, ოპოზიცია და მისი უცხოელი და შიდა მფარველ-სატელიტები პარლამენტის არალეგიტიმურობაზე კიდევ დიდი ხნის განმავლობაში აგრძელებდნენ სიცრუის გავრცელებას.

მიგვაჩნია, რომ არა ამერიკაში მოქმედი რუსული კანონით, არამედ საქართველოში მოქმედი ქართული, ადამიანის უფლებებთან შესაბამისობაში მყოფი სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე, ნამდვილად უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ შეთქმულებისა და ქართველი ხალხის მოტყუების გამო. იმედი გვაქვს, პროკურატურა სერიოზულად დაინტერესდება ამ საკითხით, რასაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვისაც მნიშვნელოვანი პრევენციული ეფექტი ექნება”, – ნათქვამია განცხადებაში.