Home Blog Page 1447

შვედეთი ნატო-ს 32-ე მოკავშირე გახდება, რაც ყველას უფრო ძლიერსა და უსაფრთხოს გაგვხდის -იენს სტოლტენბერგი

შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირებასთან დაკავშირებით, უნგრეთის პარლამენტის კენჭისყრის შედეგებს მივესალმები, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირებასთან დაკავშირებით, უნგრეთის პარლამენტის კენჭისყრის შედეგებს მივესალმები. ახლა, როცა ეს ყველა მოკავშირემ დაამტკიცა, შვედეთი ნატო-ს 32-ე მოკავშირე გახდება. შვედეთის გაწევრიანება ყველას უფრო ძლიერსა და უსაფრთხოს გაგვხდის“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

დღეს, უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირება 188 ხმით 6-ის წინააღმდეგ მოახდინა.

არცერთი სახელისუფლო შტოს მართვაში ქვეყნის გარედან არავის ჩართვას არ ვაპირებთ, ყველას ვაფრთხილებთ, ამის საშუალებას არავის მივცემთ -მდინარაძე

ვერავის მივცემთ შესაძლებლობას, სასამართლოში პროცესი გარედან მართონ. არცერთი სახელისუფლო შტოს მართვაში ქვეყნის გარედან არავის ჩართვას არ ვაპირებთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნას „ვეტინგის“ სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით, რომელიც მოსამართლეების მიერ ე.წ. კეთილსინდისიერების ტესტის გავლას გულისხმობს.

„არათუ ოფიციალურ, ფორმალურ დონეზე, არაფორმალურ დონეზეც კი არ ვაპირებთ ქვეყნის გარედან არავის ჩართვას არც ერთი სახელისუფლო შტოს მართვაში. საქართველოს და ხელისუფლების ნებისმიერი შტოს შესახებ გადაწყვეტილებები საქართველოში მიიღება, ამას ყველა უნდა შეეგუოს. ეს არა მხოლოდ სასამართლოში, არამედ ყველგან ასე იქნება. ვერავის მივცემთ შესაძლებლობას, სასამართლოში პროცესი გარედან მართონ და აქედან გამომდინარე, შემდეგ მთლიანად ქვეყანაში, ქვეყნის მართვაში გარედან ვერავინ ჩაერთვება. ყველას ვაფრთხილებთ, ამის საშუალებას არავის მივცემთ. ფორმალურად სასამართლო შტოს მართვა მოითხოვეს, რაც გამორიცხულია. სასამართლოს რეფორმაზე სწორედ ამიტომ ბრაზდებიან. „ნაცებს“ და მის პატრონებს სურთ, სასამართლო მართონ, რათა შემდეგ ქვეყნის მართვა ისე ჩაიგდონ ხელში, რომ არჩევნებში არ მოიგონ, ეს არ იყოს ქართველი ხალხის ნება. ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები საქართველოში მიიღება, ამ ქვეყნის გადაწყვეტილებები ამ ქვეყანაში მიიღება. ეს იმას ნიშნავს, რომ არაოფიციალურ რაღაც დონეზეც კი არ ჩავრთავთ ქვეყნის მართვაში სხვა ქვეყნის მოქალაქეებს. ისინი ამბობენ, ოფიციალურად ჩართეთო, ჩვენ ვამბობთ, არაოფიციალურადაც არ ჩავრთავთო. წარმოიდგინეთ, რამხელა აცდენაა ჩვენს პოზიციებში. ალბანეთს გვადარებენ, რომელიც, სასამართლო რეფორმის თვალსაზრისით, დაახლოებით 40 პუნქტით უკან არის. გვეუბნებიან, იმ ქვეყანას მივბაძოთ, რომელიც ამ მიმართულებით მსოფლიო რეიტინგებში საქართველოს დაახლოებით 40 პუნქტით ჩამორჩება. როგორ წარმოგიდგენიათ, ამაში რა ლოგიკაა? ანუ, მათ სჭირდებათ, რომ სასამართლო მართონ და სასამართლოს შანტაჟის გზით – ქვეყანა. ეს წარმოუდგენელია.

რა სახელი და გვარებიც არ უნდა აბრახუნონ, სასამართლო იქნება დამოუკიდებელი. ის უნდა განვითარდეს დამოუკიდებლად, რაც არ უნდა აღქმები გააჩინონ. აღქმებიც უსაფუძვლოა, რადგან სტრასბურგში წასული საქმეების თაობაზე თავად სტრასბურგმა დაადასტურა, რომ იყო სპეკულაციური – ეს იქნებოდა „რუსთავი 2“-ის საქმე თუ „ნაცების“ საქმეები. ქართული სასამართლო ყველა საქმეზე მართალი აღმოჩნდა. სასამართლოს დამოუკიდებლობის გზაზე მივდივართ, ისინი – სასამართლოს დამოკიდებულების, რასაც არ დავუშვებთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

უნგრეთის პარლამენტი დღეს დაამტკიცებს შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადს -ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ქვეყნის პარლამენტი ორშაბათს დაამტკიცებს შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადს.

24 თებერვალს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მისი შვედი კოლეგის ბუდაპეშტში ვიზიტმა აღადგინა ნდობა და გზა გაუხსნა უნგრეთის პარლამენტს, რათა ორშაბათს კენჭი უყაროს შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადის რატიფიცირებას.

„ჩვენ მზად ვართ ვიბრძოლოთ ერთმანეთისთვის, გავწიროთ სიცოცხლე ერთმანეთისთვის“, – განაცხადა ორბანმა ბუდაპეშტში შვედ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

“დღევანდელი შეხვედრა ხანგრძლივი პროცესის მნიშვნელოვანი ეტაპია. ამ ხანგრძლივ პროცესს ასევე შეიძლება ვუწოდოთ ნდობის აღდგენის პროცესი”, – აღნიშნა მან.

“სამშვიდობო გეგმები რუსეთის მონაწილეობის გარეშე არასერიოზული და სასაცილოა” – დიმიტრი პესკოვი

რუსეთის გარეშე სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის იდეა სასაცილოა , – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ეს უცნაური ფორმატია, რადგან გარკვეული სამშვიდობო გეგმები რუსეთის მონაწილეობის გარეშე ხორციელდება, რაც თავისთავად არასერიოზულია და სასაცილოც კი არის“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

გუშინ, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ შვეიცარიაში გასამართი სამშვიდობო სამიტის გეგმა მოგვიანებით შეიძლება რუსეთსაც გადაეცეს.

„შეიძლება შეიქმნას სიტუაცია, როდესაც ჩვენ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები მოვიწვიოთ, სადაც მათ გეგმას იმ შემთხვევაში წარუდგენენ, თუ ის, ვინც იმ დროს აგრესორ ქვეყანას წარმოადგენს, მოინდომებს, რომ ომი რეალურად დაასრულოს და სამართლიან მშვიდობას დაუბრუნდეს“, – აღნიშნა ანდრეი ერმაკმა.

პარლამენტის წევრს კომპენსაციის ოდენობა 440 ლარით გაეზრდება

პარლამენტის წევრს ყოველთვიურად კომპენსაციის სავარაუდო ოდენობა 440 ლარით გაეზრდება და სავარაუდოდ 1000 ლარით განისაზღვრება. აღნიშნულს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილები ითვალისწინებს.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი პარლამენტის წევრებისათვის ყოველწლიურად კომპენსაციის სავარაუდო ოდენობა 3 685 440 ლარია.

ამავე პროექტის თანახმად, პარლამენტის აპარატის თანამშრომელს ყოველთვიურად კომპენსაციის სავარაუდო ოდენობა 332 ლარით გაეზრდება და სავარაუდოდ 882 ლარით განისაზღვრება. პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისათვის ყოველწლიურად კომპენსაციის სავარაუდო ოდენობა 263 095 ლარია.

ცვლილებები მოიცავს ასევე ყოფილი მოსამართლეებისთვის, ყოფილი პროკურორებისთვის, ყოფილი დიპლომატებისთვის, სამოქალაქო ავიაციის ყოფილი მოსამსახურეებისთვის, ყოფილი გენერალური აუდიტორის და მისი მოადგილისათვის კომპენსაციის ზედა ჭერის გაზრდას.

ცვლილებების თანახმად, გენერალურ აუდიტორსა და მისი მოადგილეს (მოადგილეებს) ყოველთვიურად კომპენსაციის სავარაუდო ოდენობა გაეზრდება 440 ლარით და 1000 ლარით განისაზღვრება. უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირს კი ყოველთვიურად კომპენსაციის სავარაუდო ოდენობა 157 ლარით გაეზრდება და 717 ლარით განისაზღვრება.

განმარტებითი ბარათის თანახმად, გენერალური აუდიტორისა და მისი მოადგილისათვის (მოადგილეებისათვის) ყოველწლიურად კომპენსაციის სავარაუდო ოდენობაა 26 400 ლარი. უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირთათვის კომპენსაციის სავარაუდო ოდენობა კი – 73 616 ლარი.

რაც შეეხება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის 70 წლამდე მოსამსახურეებს, ხომალდის ყოფილ მეთაურს ყოველთვიურად კომპენსაციის ოდენობა სავარაუდოდ გაეზრდება 162.7 ლარით; ყოფილ მეორე პილოტს, შტურმანს, ბორტმექანიკოს-ინჟინერს, „ან-2“-ის მეთაურს − 146.2 ლარით; ყოფილ ბორტგამცილებელს, ბორტრადისტს − 91.8 ლარით; ყოფილ ბორტაეროლოგს, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეს, საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების იმ პერსონალის წევრს, რომელიც უშუალოდ ემსახურებოდა თვითმფრინავებს – 71 ლარით.

განსხვავებული ოდენობით იზრდება კომპენსაცია იმ პირებისთვის, რომლებიც არიან 70 წლის ან მეტის. კერძოდ ამ ასაკობრივ კატეგორიაში, პენსიის ოდენობა ხომალდის ყოფილ მეთაურს – 429.1 ლარით; ყოფილ მეორე პილოტს, შტურმანს, ბორტმექანიკოს-ინჟინერს, „ან-2“-ის მეთაურს − 225.3 ლარით; ყოფილ ბორტგამცილებელს, ბორტრადისტს − 145.9 ლარით; ყოფილ ბორტაეროლოგს, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეს, საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების იმ პერსონალის წევრს, რომელიც უშუალოდ ემსახურებოდა თვითმფრინავებს – 127.4 ლარით გაეზრდებათ.

პროკურატურის მოსამსახურეებს ყოველთვიურად კომპენსაციის სავარაუდო ოდენობა გაეზრდებათ 440 ლარით, განსხვავებული ოდენობა ემატება საშუალო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე 70 წლამდე პირს, რომელსაც კომპენსაცია 296.8 ლარით გაეზრდება.

საერთო სასამართლოების (გარდა უზენაესი სასამართლოსი) მოსამართლეს ყოველთვიურად კომპენსაციის სავარაუდო ოდენობა 440 ლარით გაეზრდება.

ყოფილი ძალოვანების პენსია 560 ლარიდან 1000 ლარამდე გაიზრდება, ხოლო მათთვის, ვისაც მარჩენალის გარდაცვალების გამო კომპენსაცია ჰქონდათ დანიშნული, ზედა ზღვარი 1200 ლარი ხდება.

ცესკო NDI-ის რეკომენდაციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, იმისათვის, რომ პარლამენტის არჩევნები საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში იყოს, განსაკუთრებით, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის ჭრილში, საარჩევნო ადმინისტრაცია ინტენსიურად ეცნობა როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილებას, ისე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებსა თუ რეკომენდაციებს.

როგორც ცესკოს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის პირველი წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისია უკვე დაასრულა ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI), გამოაქვეყნა ანგარიში და საპარლამენტო არჩევნებისთვის შემუშავებული რეკომენდაციები.

ინფორმაციის თანახმად, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ცესკო არის მაღალი პროფესიონალიზმის მქონე, კომპეტენტური საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანო, რომელმაც ბოლო წლების არჩევნებში კენჭისყრის დღის პროცესების ადმინისტრირებისა და საქართველოს კანონმდებლობის დაცვით ჩატარების მაღალი ტექნიკური ექსპერტიზა გამოავლინა.

„ანგარიშში მოცემულია რამდენიმე რეკომენდაცია ცესკოსთან მიმართებაში, რომელთან დაკავშირებითაც გვინდა საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდოთ.

რეკომენდაცია 1:

„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გააძლიეროს კენჭისყრის ფარულობის შესახებ ეჭვების დაძლევისკენ მიმართული ძალისხმევა; იმუშაოს ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა ამომრჩეველთა ინფორმირების გზით, დაარწმუნოს მოსახლეობა, მათ შორის ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფები, რომ მათი ხმის ფარულობა დაცულია.“

კენჭისყრის ფარულობის უზრუნველყოფა საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში, ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე, შემუშავდა ჩარჩო-კონვერტის ისეთი ფორმა და ხმის დათვლის აპარატში ბიულეტენის მოთავსების ისეთი წესი, რომელიც უზრუნველყოფს ფარულობას. ამასთან, კენჭისყრის ფარულობა საარჩევნო ადმინისტრაციის საინფორმაციო კამპანიის ერთ-ერთ მთავარ შემადგენელ საკითხს წარმოადგენს.

რეკომენდაცია 2:

„სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განიხილოს არჩევნების ტექნოლოგიების ეროვნული მასშტაბის ტესტირება, რომელიც გაიმართება არჩევნების დღისთვის დამახასიათებელ პირობებში, რათა კიდევ უფრო გაზარდოს საზოგადოების ნდობა.“

საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა 2018 წლიდან დაიწყო. 2024 წლამდე საპილოტე რეჟიმში, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა 8 (შუალედური/ რიგგარეშე) არჩევნები. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებამდე თითქმის წელიწად-ნახევრით ადრე დაიწყო ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით მიმდინარეობს. კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლებს შესაძლებლობა აქვს პირადად გაეცნონ თუ როგორ მუშაობს საარჩევნო ელექტრონული აპარატები და მონაწილეობა მიიღონ იმიტირებულ არჩევნებში. მხოლოდ 2023 წელს ქვეყნის მასშტაბით 1 700-ზე მეტი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც ინფორმაცია 150 000-მდე ამომრჩეველმა მიიღო. საერთო ჯამში კი საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ 2024 წლამდე 300 000-მდე ამომრჩეველი იყო ინფორმირებული. მათ შორის, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 122 000-მდე ამომრჩეველმა. ინფორმირების კამპანია კიდევ უფრო ინტენსიურად გრძელდება მიმდინარე წელს.

რეკომენდაცია 3:

„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უზრუნველყოს ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, არჩევნებში სრულფასოვანი მონაწილეობა, ამ ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული პირობებისა და ამომრჩეველთა საგანმანათლებლო მასალების შემუშავებით.“

რაც შეეხება რეკომენდაციას ეთნიკური უმცირესობების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების არჩევნებში სრულფასოვან მონაწილეობასთან დაკავშირებით, ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაცია არაერთ აქტივობას ახორციელებს.

ცესკოში შექმნილია როგორც ეთნიკურ უმცირესობების, ისე შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფები, სადაც გაწევრიანებული არიან შესაბამის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები და ყველა მნიშვნელოვანი საკითხი მათთან განიხილება.

კენჭისყრაში მონაწილეობისთვის უზრუნველყოფილია: უსინათლო პირებისთვის საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ჩარჩო ფორმა; მცირემხედველი პირებისთვის გამადიდებელი ლინზა; ეტლით მოსარგებლე პირებისთვის ადაპტირებულ/მისაწვდომ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის კაბინა; კენჭისყრაში მონაწილეობის ამსახველი პოსტერი QR კოდით, ყრუ პირებისთვის – ჟესტურ ენაზე, ხოლო უსინათლო პირებისთვის აუდიო ფორმატში. ცესკოს ვებგვერდზე უსინათლო პირებს დამოუკიდებლად შეუძლიათ ამომრჩეველთა სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმება, საარჩევნო პერიოდში ყრუ პირებს შეუძლიათ ისარგებლონ ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორის მომსახურებით ცესკოს კონტაქტ-ჰაბში.

 

რაც შეეხება ეთნიკურ უმცირესობებს, მათ შესაძლებლობა აქვთ ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი მონაცემები გადაამოწმონ, ასევე მიიღონ კონტაქტ-ჰაბის ოპერატორის მომსახურება აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე საარჩევნო პერიოდში. კენჭისყრაში მონაწილეობისთვის ასევე ნათარგმნია ამომრჩეველთა ერთიანი სია, საარჩევნო ბიულეტენი, ბიულეტენის შევსების წესი, კენჭისყრაში მონაწილეობის ამსახველი პოსტერი.

საინფორმაციო ვიდეორგოლები ითარგმნება ეთნიკური უმცირესობების ენებზე, ვიდეორგოლები უზრუნველყოფილია სურდო თარგმანით.

საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრები იმართება მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში.

სულ ცოტა ხნის წინ საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით მომზადდა ვიდეორგოლი შშმ პირთა სერვისების შესახებ. ვიდეორგოლი ითარგმნა ეთნიკური უმცირესობების ენებზეც.

რეკომენდაცია 4:

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ წარმართოს საზღვარგარეთ უბნების შექმნის უფრო გამჭვირვალე პროცესი და, სადაც შესაძლებელია, უზრუნველყოს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლების რეალიზება.

საარჩევნო ადმინისტრაცია ამ მიმართულებით კანონმდებლობის სრული დაცვით მოქმედებს და აქტიურ ინფორმირების კამპანიას გეგმავს საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა ხსენებულ რეკომენდაციასთან მიმართებაში გააგრძელებს კონსულტაციებს თავად ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტთან (NDI) და სხვა ჩართულ მხარეებთან იმისთვის, რომ შესაძლებლობის ფარგლებში არ დარჩეს კითხვები რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით.

შეჯამების სახით კი გვინდა დავეთანხმოთ და გავიმეოროთ სადამკვირვებლო მისიის მოსაზრება, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს რომ არჩევნები საერთო საქმეა. „მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებისთვის თავისუფალი გარემოს შექმნა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ხოლო არჩევნების ჩატარება, კონსტიტუციის მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მანდატია, საბოლოოდ, ქვეყნის დემოკრატიული ნორმებისადმი ერთგულების დემონსტრირება, ამომრჩეველთა ინფორმირება და წინასაარჩევნო პროცესში მათი ჩართულობის უზრუნველყოფა არჩევნებში ჩართული ყველა მხარის, მათ შორის ყველა პოლიტიკური პარტიის, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის პასუხისმგებლობაც არის“. – ნათქვამია NDI-ის ანგარიშში“, – ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის გავრცელებულ ინფორმაციაში.

“გვჯერა, საერთაშორისო თანამეგობრობის ძლიერი პოზიცია არის გადამწყვეტი, რათა რუსეთმა შეასრულოს ვალდებულებები, მათ შორის გაიყვანოს ძალები საქართველოს ტერიტორიიდან”

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 55-ე სესიის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, საკუთარ გამოსვლაში ილია დარჩიაშვილმა ყურადღება გაამახვილა მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ ვითარებაზე.

„მინისტრმა ისაუბრა ქართული მხარის მიერ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე. აღნიშნა 2022-2030 წლების ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების მნიშვნელობა.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტებზე და არსებული გამოწვევების ფონზე, ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების დაშვების აუცილებლობას“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამინისტროს ცნობით, ილია დარჩიაშვილმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და მათ როლზე, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ისე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით.

„ჩვენ გვჯერა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ძლიერი პოზიცია არის გადამწყვეტი, რათა რუსეთმა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის მედიაციით დადებული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და საქართველოს ტერიტორიიდან გაიყვანოს საკუთარი სამხედრო ძალები“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოზე რეზოლუციის „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მნიშვნელობა და იმედი გამოთქვა, რომ რეზოლუციას კვლავაც ექნება დიდი მხარდაჭერა.

„სიტყვით გამოსვლისას, რეგიონში არსებულ გამოწვევებზე საუბრისას, მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხრიდან უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა.

ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მანდატის სრულად გამოყენება კრიტიკულად მნიშვნელოვანია და საქართველო, როგორც საბჭოს წევრი, მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს ამ საქმეში.

ილია დარჩიაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს, როგორ წევრი ქვეყნის მზადყოფნა, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, როგორც ეროვნულ დონეზე, ისე საერთაშორისო ფორმატებში“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“გერმანია არ გადასცემს უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ რაკეტა „ტაურუსს“, რადგან ამან შესაძლოა, გერმანიის ომში ჩაბმა გამოიწვიოს” – შოლცი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია არ გადასცემს უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ რაკეტა „ტაურუსს“, რადგან ამან შესაძლოა, გერმანიის ომში ჩაბმა გამოიწვიოს.

„მაკვირვებს, როცა ზოგიერთს საერთოდ არ აწუხებს, რომ ისინი საერთოდ არ ფიქრობენ, რომ საქმე შეიძლება, გერმანიის ომში ჩაბმამდე მივიდეს იმის გამო, რასაც ვაკეთებთ“, – განაცხადა შოლცმა.

შოლცის თქმით, აუცილებელია ბალანსის დაცვა კიევის რეალურ საჭიროებებსა და „ტაურუსის“ შესახებ დისკუსიებს შორის. გერმანიის კანცლერის შეფასებით, უკრაინას ახლა უპირველეს ყოვლისა საბრძოლო მასალის დანაკლისი აქვს.

„ტაურუსის“ რაკეტების გადაცემას გერმანიისგან უკრაინა ითხოვს. ამ რაკეტებით სამიზნეების განადგურება 500 კილომეტრის მანძილზეა შესაძლებელი.

“თბილისი-კიევი- უპრეცედენტო კრიზისი ურთიერთობებში, რომელსაც დასასრული არ უჩანს”-“ამერიკის ხმა”

ამერიკული სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სათაურით: “თბილისი-კიევი: უპრეცედენტო კრიზისი ურთიერთობებში, რომელსაც დასასრული არ უჩანს”, რომელშიც გაანალიზებულია საქართველო-უკრაინის ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობა, რუსეთთან მიმდინარე ომის ფონზე.

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:

უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალების შეჭრის მეორე წლისთავზე, საქართველოს და უკრაინას შორის ორმხრივი ურთიერთობები, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. კიევს უკვე მეორე წელია გაწვეული ჰყავს ელჩი საქართველოდან იმის გამო, რომ თბილისი არ შეუერთდა, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს.

2023 წლის ივლისში, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციით, კიევი ასევე დატოვა უკრაინაში საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა. უკრაინის ეს დემარში, უკრაინის მოქალაქის, ამჟამად, საქართველოში პატიმრობაში მყოფი, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის „მკვეთრ გაუარესებას“ მოჰყვა.

ივლისშივე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის გამოსახატად დაიბარეს, უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული. თბილისმა ასე უპასუხა უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რუსეთში ფრენების დაწყების გამო, სანქციები დაეწესებინა ქართულ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისისა“ და მისი პრეზიდენტის თამაზ გაიაშვილისთვის.

„ეს რომ არანაირად არ წაადგება, არც საქართველოს და არც უკრაინას, მე მგონი ყველასთვის ცხადია. ურთიერთობების გაფუჭება უსასრულოდ შეიძლება, მაგრამ უნდა ვიფიქროთ იმ შედეგზე, რაც ორივე ქვეყნისთვის შეიძლება დადგეს“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ თენგიზ ფხალაძემ, საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის (ECIPE) უფროსმა მკვლევარმა, საქართველოს პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა.

თენგიზ ფხალაძის თქმით, „თანამედროვე საქართველოს და უკრაინის ურთიერთობები, ამ 30 წლის მანძილზე, ძალიან დიდი რუდუნებით და შრომით შენდებოდა. არაფერს ვამბობ, ქართველი და უკრაინელი ხალხების ისტორიულ კავშირებზე. ჩვენ ორივეს გვყავს ერთი მტერი ეს არის რუსეთი და არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა რომ გაგვხლიჩოს.

ჩვენ ორივე მივდივართ, ევროკავშირისკენ და ნატოსკენ, აქაც ცალ-ცალკე სიარული ძალიან გაგვიჭირდება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ურთიერთობების გაფუჭება ძალიან ადვილია, მაგრამ ურთიერთობების აშენება და გაფუჭებულის გამოსწორება არის ძალიან რთული. ერთის მხრივ, საქართველოს მხარე, დიდი ხანია ნაწყენია უკრაინაზე, რადგან „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ოპონენტები იყვნენ და არიან აქტიურები უკრაინაში. მეორეს მხრივ, უკრაინის ხელისუფლება ნაწყენია იმ განცხადებების გამო, რომელიც კეთდება საქართველოს მხრიდან, ომის პერიოდში განსაკუთრებით. ამ ფონზე ურთიერთობების განვითარება არის შეუძლებელი“, – მიაჩნია თენგიზ ფხალაძეს.

ის, რომ საქართველოსა და უკრაინას ორმხრივ ურთიერთობებში სერიოზული კრიზისია, დაადასტურა უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეორე წლისთავისადმი მიძღვნი პანელურ დისკუსიაზე, ოლექსანდრ შულგამ აღნიშნა, რომ „ამჟამად ჩვენი ურთიერთობა დიპლომატიურ კონტექსტში საკმაოდ დაბალია“.

„მშვიდად ვერ შევხედავთ, რუსი ტურისტების იმ რაოდენობას, რომელიც საქართველოში ჩამოდის, რუსული ეკონომიკური გავლენის გაძლიერებას საქართველოში და ავიამიმოსვლის აღდგენას, როდესაც რუსეთში ფრენაზე ყველა უარს ამბობს. ვფიქრობ, რომ ეს საკითხი კომპლექსურადაა განსახილველი“ – განაცხადა უკრაინელმა დიპლომატმა და ხაზი გაუსვა, რომ „უკრაინა არასდროს საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებში არ ჩარეული“.

უკრაინა ასევე უკმაყოფილოა, რომ ჯერჯერობით ვერ მიიღო თბილისიდან პასუხი საინჟინრო ტექნიკის მიწოდებაზე. „ჩვენ არ გვითხოვია სამხედრო ტექნიკა, საქართველოს მთავრობას ვთხოვეთ, რომ საინჟინრო ტექნიკა მოგვაწოდონ, იმ პირობებში როდესაც მუდმივად იბომბება უკრაინის ინფრასტრუქტურა, აუცილებელია აი ამ ნანგრევებისგან გასუფთავება, იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე მივუღებთ ამის შესახებ პასუხს” – თქვა შულგამ.

თბილისსა და კიევსა შორის უკიდურესად დაძაბული სიტუაცია, შესაძლოა არც გამოსწორდეს, თუ საქართველოში (ან უკრაინაში) ხელისუფლება არ შეიცვალა, თვლიან ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტია „გირჩში“.

„მე მაგალითად, სინამდვილეში ახალი მთავრობა თუ ეყოლება საქართველოს, გადავტვირთავდი ამ ურთიერთობებს, როგორც დასავლეთთან, ახალი პირობებით, ისე განსაკუთრებით უკრაინასთან“ – ამბობს საპარლამენტო უმცირესობის წევრი, „გირჩელი“ ვახტანგ მეგრელიშვილი, რომელიც იმ 9-კაციანი საპარლამენტო დელეგაციის წევრი იყო, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დასაწყისში, 2022 წლის აპრილში, კიევში, ირპენსა და ბუჩაში ჩავიდა და რუსი ოკუპანტების შემზარავ დანაშაულს ადგილზე გაეცნო.

მას შემდეგ, ასეთი ან უფრო მაღალი დონის, ოფიციალური შეხვედრა საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებას შორის აღარ გამართულა. თუ არ ჩავთვლით, პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ ზურაბიშვილის დაუგეგმავ, რამდენიმეწუთიან გადაკვეთას, ახლახან, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.

„მე მგონია, რომ ეს არის ანტიუკრაინული პროპაგანდა, რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა. შეიძლება რაღაც გაგებით, ეს ვიღაცისთვის მისაღები პოლიტიკაა (საქართველოში), მაგრამ ჩვენ სინამდვილეში არ ვფლობთ იმ ინფორმაციას, რაზეც „ქართული ოცნება“ ამ პოლიტიკას აგებს. თუ რაიმე პრეტენზია გვაქვს (უკრაინასთან), ამაზე დაველაპარაკებოდი, ვეტყოდი, რომ შენთან ამ პრობლემებს ვხედავ და ამიტომ ასე და ასე ვიქცევი. მაგრამ ეს განმარტებები (კიევთან) ხომ არ გვქონია? და, ურთიერთობების სურვილიც არ გვქონია“, – მიაჩნია დეპუტატ ვახტანგ მეგრელიშვილს.

საქართველოს ხელისუფლება, პირიქით, ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში არსებულ უპრეცედენტო კრიზისში, მთელ პასუხისმგებლობას კიევს აკისრებს.
„ქართული ოცნებაში“ აცხადებენ, რომ უკრაინამ თავშესაფარი, მოქალაქეობა და თანამდებობები მისცა პირებს, რომლებზეც საქართველო სისხლის სამართლებრივ დევნას ახორციელებდა. მათ შორის, ყოფილ მთავარ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს.
პარლამენტის სპიკერის მტკიცებით, 2021 წელს, უკრაინის კონტრდაზვერვის სამსახურმა საქართველოში არეულობის მოსაწყობად, უკანონოდ შემოაპარა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

„რა გგონიათ, რომ (მიხეილ სააკაშვილმა) მარტომ დაგეგმა ეს ყველაფერი? ვიცით ოფიციალურად, რომ მთლიანად უკრაინის კონტრდაზვერვამ დაუგეგმა ეს შემოპარვა. ვინ დგას უკრაინის კონტრდაზვერვის უკან ეს კიდევ ცალკე საკითხია. ფაქტია, რომ ის შემოაპარეს, იმისთვის, რომ საქართველოში მომხდარიყო არეულობა. ეს ოპერაცია ებარა გია ლორთქიფანიძეს, რომელიც არის უკრაინის კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილე. იგი ამ სპეცოპერაციის შემდეგ დაწინაურდა, ოფიციალური პირი არის, ყოფილი ქართველი, ახალ უკრაინის მოქალაქე, გია ლორთქიფანიძე, რომელიც ჩვენი სამართალდამცველების მიერ იძებნება“, – ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

თბილისსა და კიევს შორის შორის ბოლო დაძაბულობა, თებერვლის დასაწყისში მოხდა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ „აღკვეთა უკრაინაში დაგეგმილი ტერორისტული აქტი”.
სუს-ის მტკიცებით, უკრაინის ქალაქ ოდესიდან, რუმინეთის, ბულგარეთის, თურქეთის და საქართველოს გავლით რუსეთის ქალაქ ვორონეჟში შენიღბულად გზავნიდნენ ასაფეთქებელ მოწყობილობებს, რომელსაც ხალხმრავალ ადგილას აფეთქების შემთხვევაში, „დიდი მსხვერპლის“ გამოწვევა შეეძლო.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს) ამ განცხადების გამო, მკაცრად გააკრიტიკა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა და საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, თადარიგის გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

„წინასწარ რუსული ტერმინების გამოყენება, რომ ეს ტერორისტული აქტი იქნებოდა, არასწორი და არამართებულია. თუ ეს აფეთქება მოხდებოდა, ეს იქნებოდა არა ტერაქტი, არამედ დივერსიული აქტი, რადგან უკრაინა ომშია რუსეთთან. ვინაიდან რუსეთი დაესხა თავს, კიევს ლეგიტიმური უფლება აქვს მოწინააღმდეგე ქვეყნის ტერიტორიაზე ნებისმიერ მიზანზე მიიტანოს იერიში.

მეორეც გაუგებარია, რატომ მოხდებოდა საქართველოს დადანაშაულება, როცა ამ მანქანამ, როგორც თავად ამბობენ, ჩვენამდე, ევროპის სამი ქვეყანა გამოიარა?“ – აღნიშნა ვახტანგ კაპანაძემ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადების საპასუხოდ, საქართველოში უკრაინის საელჩომ იმედი გამოთქვა, რომ „ქართული მხარე ამ საქმის პოლიტიზებისგან თავს შეიკავებს“.

“უკრაინის საელჩო ამოწმებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგზე გავრცელებულ ინფორმაციას, არკვევს ყველა გარემოებას, კერძოდ, უკრაინის მოქალაქეების უკანონო საქმიანობაში ჩართულობასთან დაკავშირებით” – განაცხადა უკრაინის საელჩომ.

მოხდა თუ არა კონტაქტი ამ საქმესთან დაკავშირებით, თბილისსა და კიევს შორის უცნობი დარჩა და დამატებითი კომენტარი აღარ გაკეთებულა.

წყარო:

“გირჩი“ ოქროთი ვაჭრობის დღგ-გან გათავისუფლების ინიციატივით გამოდის

პოლიტიკური ჯგუფი “გირჩი“ ოქროთი ვაჭრობის დღგ-გან გათავისუფლების ინიციატივით გამოდის.

მათ პარლამენტს შესთავაზეს პროექტი, რომლის გათვალისწინებით, ოქროსა და ოქროს ნაწარმის მიწოდება დღგ-გან გათავისუფლება.

როგორც “გირჩი“ განმარტავს, ოქროსა და ოქროს ნაკეთობებზე არსებული დამატებითი ღირებულების გადასახადი სტაბილური ინვესტიციების წახალისებას უშლის ხელს. მათივე განცხადებით, აღნიშნული საგადასახადო შეღავათი მიზნად ისახავს მოქალაქეების მიერ ოქროში – ისტორიულად სტაბილურ აქტივში ინვესტირების გამარტივებას.

პროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები: – იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი და ჰერმან საბო.

სუს-მა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორი თანამშრომელი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები თ. მ. და ბ. ძ. დააკავეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში მდებარე 1550 კვ/მ მიწის ნაკვეთის აუქციონზე გამოტანის სანაცვლოდ, მათ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს 20 000 ლარი.

სუს-ის ცნობით, გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 11 წლამდე.

“ხალხის მხარდაჭერის გარეშე ხელისუფლებაში ვერავინ მოვა, მოიპოვონ მხარდაჭერა და, კი ბატონო, ოპოზიციაში გადავალთ”

ხალხის მხარდაჭერის გარეშე ხელისუფლებაში ვერავინ მოვა. ხალხის მხარდაჭერა მოიპოვონ და, კი ბატონო, ოპოზიციაში გადავალთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ხელისუფლებაში მოსასვლელად ოპოზიციაში ახლა ალტერნატიულ გზებზე ფიქრობენ, რომელიც რევოლუციურ საწყისებზეა აგებული.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ამას ქართული სახელმწიფო არ დაუშვებს.

„დღეს „ნაცმოძრაობასთან“ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის ჯერი კი არ იყო, დღეს იყო სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის ჯერი „ნაცმოძრაობასთან“, რადგან მის მთავარ თანამზრახველებსა და პარტნიორებს შეხვდა, სადაც მათ როლები უნაწილდებათ. ისინი დღეს როლს ასრულებდნენ – ერთი მხარე პრეზიდენტისას, მეორე კონსტრუქციული ოპოზიციისას. რაც არ უნდა ირონიული იყოს, ამ „კონსტრუქციულ“ ოპოზიციას „ნაცმოძრაობა“ ჰქვია. მისი განშტოებებია ხაზარაძე და გახარიები. როლების შესრულების ბოლო ის ფინალი არ იქნება, რაც მათ წარმოუდგენიათ, რადგან მათი წარმოდგენა არ არის რელევანტური. მათი წარმოდგენა უტოპიურია, მათ ხელისუფლებაში ისე უნდათ მოსვლა, რომ ამისთვის ხალხის მხარდაჭერა არ იყოს საჭირო, რაც შეუძლებელია.

ხალხის მხარდაჭერის გარეშე ხელისუფლებაში ვერავინ მოვა. ხალხის მხარდაჭერა მოიპოვონ და, კი ბატონო, ოპოზიციაში გადავალთ. 60 პროცენტი ერთ პარტიას როცა უჭერს მხარს, 20 პროცენტი ერთს და დანარჩენ 20 პროცენტზე ჭიდაობაა, ამ მოცემულობაში, 20 პროცენტამდე რეიტინგში ჩარჩენილი ადამიანები ხელისუფლებაში ვერ მოვლენ. ახლა ალტერნატიულ გზებზე ფიქრობენ, რასაც ამ ქვეყანაში გასავალი არ ექნება და ვერ გაიყიდება, რადგან რევოლუციურ საწყისებზეა აგებული. ამას ქართული სახელმწიფო არ დაუშვებს. ქვეყანა ძლიერად არის და მათ სწორედ ეს აწუხებთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.