პარლამენტის წევრს კომპენსაციის ოდენობა 440 ლარით გაეზრდება

32
spot_img

პარლამენტის წევრს ყოველთვიურად კომპენსაციის სავარაუდო ოდენობა 440 ლარით გაეზრდება და სავარაუდოდ 1000 ლარით განისაზღვრება. აღნიშნულს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილები ითვალისწინებს.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი პარლამენტის წევრებისათვის ყოველწლიურად კომპენსაციის სავარაუდო ოდენობა 3 685 440 ლარია.

ამავე პროექტის თანახმად, პარლამენტის აპარატის თანამშრომელს ყოველთვიურად კომპენსაციის სავარაუდო ოდენობა 332 ლარით გაეზრდება და სავარაუდოდ 882 ლარით განისაზღვრება. პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისათვის ყოველწლიურად კომპენსაციის სავარაუდო ოდენობა 263 095 ლარია.

ცვლილებები მოიცავს ასევე ყოფილი მოსამართლეებისთვის, ყოფილი პროკურორებისთვის, ყოფილი დიპლომატებისთვის, სამოქალაქო ავიაციის ყოფილი მოსამსახურეებისთვის, ყოფილი გენერალური აუდიტორის და მისი მოადგილისათვის კომპენსაციის ზედა ჭერის გაზრდას.

ცვლილებების თანახმად, გენერალურ აუდიტორსა და მისი მოადგილეს (მოადგილეებს) ყოველთვიურად კომპენსაციის სავარაუდო ოდენობა გაეზრდება 440 ლარით და 1000 ლარით განისაზღვრება. უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირს კი ყოველთვიურად კომპენსაციის სავარაუდო ოდენობა 157 ლარით გაეზრდება და 717 ლარით განისაზღვრება.

განმარტებითი ბარათის თანახმად, გენერალური აუდიტორისა და მისი მოადგილისათვის (მოადგილეებისათვის) ყოველწლიურად კომპენსაციის სავარაუდო ოდენობაა 26 400 ლარი. უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირთათვის კომპენსაციის სავარაუდო ოდენობა კი – 73 616 ლარი.

რაც შეეხება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის 70 წლამდე მოსამსახურეებს, ხომალდის ყოფილ მეთაურს ყოველთვიურად კომპენსაციის ოდენობა სავარაუდოდ გაეზრდება 162.7 ლარით; ყოფილ მეორე პილოტს, შტურმანს, ბორტმექანიკოს-ინჟინერს, „ან-2“-ის მეთაურს − 146.2 ლარით; ყოფილ ბორტგამცილებელს, ბორტრადისტს − 91.8 ლარით; ყოფილ ბორტაეროლოგს, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეს, საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების იმ პერსონალის წევრს, რომელიც უშუალოდ ემსახურებოდა თვითმფრინავებს – 71 ლარით.

განსხვავებული ოდენობით იზრდება კომპენსაცია იმ პირებისთვის, რომლებიც არიან 70 წლის ან მეტის. კერძოდ ამ ასაკობრივ კატეგორიაში, პენსიის ოდენობა ხომალდის ყოფილ მეთაურს – 429.1 ლარით; ყოფილ მეორე პილოტს, შტურმანს, ბორტმექანიკოს-ინჟინერს, „ან-2“-ის მეთაურს − 225.3 ლარით; ყოფილ ბორტგამცილებელს, ბორტრადისტს − 145.9 ლარით; ყოფილ ბორტაეროლოგს, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეს, საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების იმ პერსონალის წევრს, რომელიც უშუალოდ ემსახურებოდა თვითმფრინავებს – 127.4 ლარით გაეზრდებათ.

პროკურატურის მოსამსახურეებს ყოველთვიურად კომპენსაციის სავარაუდო ოდენობა გაეზრდებათ 440 ლარით, განსხვავებული ოდენობა ემატება საშუალო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე 70 წლამდე პირს, რომელსაც კომპენსაცია 296.8 ლარით გაეზრდება.

საერთო სასამართლოების (გარდა უზენაესი სასამართლოსი) მოსამართლეს ყოველთვიურად კომპენსაციის სავარაუდო ოდენობა 440 ლარით გაეზრდება.

ყოფილი ძალოვანების პენსია 560 ლარიდან 1000 ლარამდე გაიზრდება, ხოლო მათთვის, ვისაც მარჩენალის გარდაცვალების გამო კომპენსაცია ჰქონდათ დანიშნული, ზედა ზღვარი 1200 ლარი ხდება.