არცერთი სახელისუფლო შტოს მართვაში ქვეყნის გარედან არავის ჩართვას არ ვაპირებთ, ყველას ვაფრთხილებთ, ამის საშუალებას არავის მივცემთ -მდინარაძე

37
spot_img

ვერავის მივცემთ შესაძლებლობას, სასამართლოში პროცესი გარედან მართონ. არცერთი სახელისუფლო შტოს მართვაში ქვეყნის გარედან არავის ჩართვას არ ვაპირებთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნას „ვეტინგის“ სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით, რომელიც მოსამართლეების მიერ ე.წ. კეთილსინდისიერების ტესტის გავლას გულისხმობს.

„არათუ ოფიციალურ, ფორმალურ დონეზე, არაფორმალურ დონეზეც კი არ ვაპირებთ ქვეყნის გარედან არავის ჩართვას არც ერთი სახელისუფლო შტოს მართვაში. საქართველოს და ხელისუფლების ნებისმიერი შტოს შესახებ გადაწყვეტილებები საქართველოში მიიღება, ამას ყველა უნდა შეეგუოს. ეს არა მხოლოდ სასამართლოში, არამედ ყველგან ასე იქნება. ვერავის მივცემთ შესაძლებლობას, სასამართლოში პროცესი გარედან მართონ და აქედან გამომდინარე, შემდეგ მთლიანად ქვეყანაში, ქვეყნის მართვაში გარედან ვერავინ ჩაერთვება. ყველას ვაფრთხილებთ, ამის საშუალებას არავის მივცემთ. ფორმალურად სასამართლო შტოს მართვა მოითხოვეს, რაც გამორიცხულია. სასამართლოს რეფორმაზე სწორედ ამიტომ ბრაზდებიან. „ნაცებს“ და მის პატრონებს სურთ, სასამართლო მართონ, რათა შემდეგ ქვეყნის მართვა ისე ჩაიგდონ ხელში, რომ არჩევნებში არ მოიგონ, ეს არ იყოს ქართველი ხალხის ნება. ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები საქართველოში მიიღება, ამ ქვეყნის გადაწყვეტილებები ამ ქვეყანაში მიიღება. ეს იმას ნიშნავს, რომ არაოფიციალურ რაღაც დონეზეც კი არ ჩავრთავთ ქვეყნის მართვაში სხვა ქვეყნის მოქალაქეებს. ისინი ამბობენ, ოფიციალურად ჩართეთო, ჩვენ ვამბობთ, არაოფიციალურადაც არ ჩავრთავთო. წარმოიდგინეთ, რამხელა აცდენაა ჩვენს პოზიციებში. ალბანეთს გვადარებენ, რომელიც, სასამართლო რეფორმის თვალსაზრისით, დაახლოებით 40 პუნქტით უკან არის. გვეუბნებიან, იმ ქვეყანას მივბაძოთ, რომელიც ამ მიმართულებით მსოფლიო რეიტინგებში საქართველოს დაახლოებით 40 პუნქტით ჩამორჩება. როგორ წარმოგიდგენიათ, ამაში რა ლოგიკაა? ანუ, მათ სჭირდებათ, რომ სასამართლო მართონ და სასამართლოს შანტაჟის გზით – ქვეყანა. ეს წარმოუდგენელია.

რა სახელი და გვარებიც არ უნდა აბრახუნონ, სასამართლო იქნება დამოუკიდებელი. ის უნდა განვითარდეს დამოუკიდებლად, რაც არ უნდა აღქმები გააჩინონ. აღქმებიც უსაფუძვლოა, რადგან სტრასბურგში წასული საქმეების თაობაზე თავად სტრასბურგმა დაადასტურა, რომ იყო სპეკულაციური – ეს იქნებოდა „რუსთავი 2“-ის საქმე თუ „ნაცების“ საქმეები. ქართული სასამართლო ყველა საქმეზე მართალი აღმოჩნდა. სასამართლოს დამოუკიდებლობის გზაზე მივდივართ, ისინი – სასამართლოს დამოკიდებულების, რასაც არ დავუშვებთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.