Home Blog Page 1444

“რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე ოკუპანტი ქვეყნის დანაკარგებმა 411 500 ჯარისკაცს გადააჭარბა” – უკრაინის გენშტაბი

უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია გრძელდება. საოკუპაციო ძალების მხრიდან თავდასხმების საფრთხის გამო, უკრაინის სამხრეთ ტერიტორიის აღმოსავლეთ ნაწილში საჰაერო განგაში გამოცხადდა. გასული ღამის განმავლობაში რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 13 დრონი გაუშვეს. არცერთი რაკეტა მიზანს არ მოხვედრია.

აფეთქებების ხმა ისმოდა პოლტავაშიც.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მათ მტრის 850 ჯარისკაცი მოკლეს. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე ოკუპანტი ქვეყნის დანაკარგებმა 411 500 ჯარისკაცს გადააჭარბა.

ანტიკორუფციული ბიურო, პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს 30 ოპოზიციონერი დეპუტატის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმებას გეგმავს

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის გამო, ანტიკორუფციული ბიურო, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს, დამატებით 30 ოპოზიციონერი დეპუტატის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმებას გეგმავს.

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ანტიკორუფციული ბიურო შემდეგი თანამდებობის პირების ქონებრივ დეკლარაციებს შეამოწმებს: პარლამენტის წევრები: თეონა აქუბარდია; სალომე სამადაშვილი, გელა მიქაძე, ალექსანდრე მოწერელია, ტარიელ ნაკაიძე, ანა ნაცვლიშვილი, ჰერმან საბო, ხათუნა სამნიძე, გუბაზ სანიკიძე, დავით უსუფაშვილი, ბაჩუკი ქარდავა, ანა წითლიძე, არმაზ ახვლედიანი, გიორგი ბოტკოველი, ანა ბუჩუკური, გიორგი გოდაბრელიძე, პაატა მანჯგალაძე, გიორგი ვაშაძე, ქეთევან თურაზაშვილი, აბდულა ისმაილოვი, მანუჩარ კვირკველია, დავით კირკიტაძე, თამარ კორძაია, იაგო ხვიჩია, თეიმურაზ ჯანაშია. საკრებულოს წევრები: ირაკლი ნადირაძე, სოფიო ჯაფარიძე, სალომე კობალაძე, საბა ბუაძე და ცოტნე კობერიძე.

ცნობისთვის, ანტიკორუფციულმა ბიურომ, იანვარში, ჯამში, 300 თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმების გადაწყვეტილება მიიღო. მიმდინარე წლის განმავლობაში, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის გამო, ანტიკორუფციული ბიურო საქართველოს მთავრობის წევრების, პარლამენტის დეპუტატების, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოსა და მთავრობის წევრების ქონებრივი დეკლარაციების შემოწმებას გეგმავს.

„საქართველო ღვინის სამშობლო“ – ამ გზავნილით პორტუგალიაში გამოფენა Simplesmente Vinho ოთხი დღის განმავლობაში მასპინძლობდა სტუმრებს

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და ფინანსური მხარდაჭერით, პორტუგალიის ქალაქ პორტოში გართულ გამოფენაში Simplesmente Vinho ქვევრის ღვინის მწარმოებელი 11 მარანი მონაწილეობდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, გამოფენაში ბუნებრივი ღვინის 112 მწარმოებელი მონაწილეობდა პორტუგალიიდან, ესპანეთიდან და საქართველოდან. ქართველი მეღვინეების შეფასებით, ქვევრის ღვინის მიმართ დაინტერესება დიდი იყო, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს, ახალი სავაჭრო პარტნიორები მოიძიონ.

„ღვინის ეროვნული სააგენტოს სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციიის სამმართველოს უფროსის, ნინო მჭედლიშვილის განცხადებით, ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის, მათ შორის, ქვევრის ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე პოპულარიზაციის ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებს. ქვევრის ღვინის მწარმოებელი კომპანიები მსოფლიოს მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობენ, პროდუქცია წარმოდგენილია სპეციალიზებულ დეგუსტაციებზე.

გამოფენის Simplesmente Vinho ფარგლებში, ღვინის პროფესიონალებისა და სავაჭრო სფეროს წარმომადგენლებისთვის ქართული ღვინის დეგუსტაციები და გალა-ვახშამი გაიმართა; ჩატარდა კონფერენცია Qvevri, Dolia E Talha, რომელიც ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგიას მიეძღვნა. კონფერენციაზე საუბარი შეეხო პორტუგალიის ზოგიერთ რეგიონზეც, სადაც ღვინოს თიხის ჭურჭელში აყენებენ. მონაწილეებს ქვევრის ღვინო ქართველმა მეღვინე ზურაბ თოფურიძემ წარუდგინა. კონფერენციის დასრულების შემდეგ მოეწყო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის „ჩვენს ძარღვებში ღვინო სჩქეფს“ ჩვენება. საქართველოს მეღვინეობის რვა ათასწლიან ტრადიციებზე დოკუმენტური ფილმი „ჩვენს ძარღვებში ღვინო სჩქეფს“ ამერიკელმა კინორეჟისორმა ემილი რელსბეიკმა (Emily Railsback) 2017 წელს გადაიღო და მისი პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, გამოფენაზე Simplesmente Vinho ქართული ღვინის წარდგენა პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზაციული მხარდაჭერით გაიმართა.

„ქართველი მწარმოებლების მონაწილეობა აღნიშნულ გამოფენაში ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობის ზრდისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა ღვინომ აღიარება ჰპოვა ისეთ ქვეყანაში, რომელსაც თავად აქვს ღვინის წარმოების დიდი ტრადიციები“, – აღნიშნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პორტუგალიის რესპუბლიკაში გიორგი მირცხულავამ.

“ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიხედვით, რამადანის პერიოდში ისრაელი ღაზაში მოქმედებებს შეაჩერებს” – ჯო ბაიდენი

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიხედვით, რამადანის პერიოდში ისრაელი ღაზაში მოქმედებებს შეაჩერებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

„რამადანი ახლოვდება და ისრაელი დათანხმდა შეთანხმებას, რომ რამადანის დროს მოქმედებებში არ ჩაერთვებიან, რათა ყველა მძევლის გასათავისუფლებლად მეტი დრო მოგვეცეს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ასევე, დღეს, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმების მიღწევა მომავალი კვირის ორშაბათამდე მოხდება.

კოსმეტიკურ პროდუქციასთან დაკავშირებული საქმიანობა შესაძლოა, მარეგულირებელ ჩარჩოში მოექცეს

კოსმეტიკურ პროდუქციასთან დაკავშირებული საქმიანობა შესაძლოა, მარეგულირებელ ჩარჩოში მოექცეს. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია ნათქვამი.

კოსმეტიკური საშუალებების რეგულირების შესახებ კანონპროექტს ჯანდაცვის სამინისტრო შეიმუშავებს.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრება ბაზარზე განთავსებამდე და განთავსების შემდეგ ადმინისტრირების საკითხები და მასზე პასუხისმგებელი უწყებები.

ამასთან, ნათქვამია, რომ ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრება ეკონომიკური ოპერატორების როლი და ვალდებულებები, მათ შორის მწარმოებლის, იმპორტიორის, დისტრიბუტორის და ხელშეკრულებით განსაზღვრული „პასუხისმგებელი პირის”.

„ქვეყანას არ გააჩნია კოსმეტიკურ პროდუქციასთან დაკავშირებული ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩო, რაც ასევე ასახულია ევროკომისიის სამუშაო ჯგუფის საქართველოს 2023 წლის ანგარიშშიც.

კანონპროექტის შემუშავების ერთ-ერთი საფუძველია საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზება ევროკავშირის რეგულაციასთან (Regulation (EC) N 1223/2009), რომელიც კანონის პროექტისა და ტექნიკური რეგლამენტის შემუშავების პროცესში სახელმძღვანელოდ იქნა გამოყენებული. ,,ტექნიკური რეგლამენტი – კოსმეტიკური პროდუქციის შესახებ” ადგენს ბაზარზე კოსმეტიკური პროდუქციის განთავსების წესებსა და ნორმებს, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.

რეგლამენტი არ ვრცელდება იმ ნივთიერებებზე ან ნარევებზე, რომლებიც განკუთვნილია ენდოგენურად მისაღებად, ინჰალაციის, ინექციის ან ადამიანის სხეულში იმპლანტაციისათვის. ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრება ეკონომიკური ოპერატორების როლი და ვალდებულებები, მათ შორის მწარმოებლის, იმპორტიორის, დისტრიბუტორის და ხელშეკრულებით განსაზღვრული “პასუხისმგებელი პირის”. ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრება ბაზარზე განთავსებამდე და განთავსების შემდეგ ადმინისტრირების საკითხები და მასზე პასუხისმგებელი უწყებები.

აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება საჭიროებს საქართველოს კანონებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” და ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებების შეტანას”,- აღნიშნულია დოკუმენტში, რომელიც პარლამენტის გვერდზე გამოქვეყნდა.

საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმის თანახმად, კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას.

რუსეთი ბენზინის ექსპორტის 6 თვით აკრძალვას გეგმავს

რუსეთის მთავრობა 1-ელი მარტიდან ბენზინის ექსპორტის თვით აკრძალვას გეგმავს, – ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო TASS-ს რუსეთის ვიცე-პრემიერის, ალექსანდრე ნოვაკის წარმომადგენელმა განუცხადა.

მისი განმარტებით, დროებითი აკრძალვის დაწესების მიზანი გაზაფხულსა და ზაფხულში მოთხოვნის ზრდის დარეგულირებაა.

„გადაწყვეტილება საჭიროა საზაფხულო არდადეგების და საველე სამუშაოების დროს მოთხოვნის გაზრდის კომპენსაციისთვის, ასევე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დაგეგმილი რემონტის დროს“, – განაცხადა ნოვაკის წარმომადგენელმა.

TASS-ის ინფორმაციით, „შეზღუდვა არ შეეხება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებს, ასევე ე.წ. სამხრეთ ოსეთს, აფხაზეთს, მონღოლეთსა და უზბეკეთს“.

ინფორმაცია TASS-ს მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურშიც დაუდასტურეს.

“შვედეთის გაწევრიანება ნატო-ში უდავოდ გააძლიერებს ალიანსს” -ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ მიესალმება უნგრეთის პარლამენტის კენჭისყრას შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების დამტკიცების შესახებ.

„ეს არის ისტორიული დღე შვედეთისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. ვულოცავ შვედეთის პრემიერ-მინისტრს, ულფ კრისტერსონს და ყველა შვედს. შვედეთის გაწევრიანება უდავოდ გააძლიერებს ალიანსს, განსაკუთრებით თავისუფალი სამყაროსთვის რუსეთის საფრთხის გათვალისწინებით“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა მოუთმენლად ელოდება შვედეთთან და ნატო-ს სხვა მოკავშირეებთან მჭიდრო თანამშრომლობას უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების წინსვლისთვის.

შეგახსენებთ, უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადს მხარი დაუჭირა. უნგრეთი ნატო-ს 31 წევრს შორის ბოლო იყო, რომელმაც სკანდინავიური ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა.

ისრაელის არმია „ჰამასისა“ და „ჰეზბოლას“ ობიექტებზე იერიშს განაგრძობს

ისრაელის არმია ღაზის სექტორში „ჰამასის“ ობიექტების განადგურებას განაგრძობს. „ცაჰალმა“ ანკლავის ცენტრალურ ნაწილში აღმოჩენილი კიდევ ერთი, 10-კილომეტრიანი გვირაბის კადრები გავრცელა, რომელიც, სამხედროების ცნობით, ღაზის უნივერსიტეტისა და საავადმყოფოს ქვეშ გადის და ანკლავის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებს აკავშირებს.

„ჰამასთან“ ბრძოლის პარალელურად, ისრაელმა ღამით მორიგი იერიში მიიტანა „ჰეზბოლას“ ობიექტებზეც. ოპერაცია ლიბანში ბაზირებული დაჯგუფების მხრიდან ისრაელის ტერიტორიაზე 60 რაკეტის გაშვების საპასუხოდ ჩატარდა. „ცაჰალის“ ცნობით, შედეგად, „ჰეზბოლას“ უფროსი მეთაური, ჰასან ჰუსეინ სალამი დაიღუპა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპარლამენტში შეხვედრებს გამართავს

კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპარლამენტში შეხვედრებს პირველად გამართავს.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი სტრასბურგში, ევროპარლამენტარებს ყველა პოლიტიკური ჯგუფიდან შეხვდება.

საქართველოს მთავარი გზავნილი ევროინტეგრაციის გაძლიერებას, 9 რეკომენდაციის შესრულებასა და შემდეგ ეტაპზე ქვეყნის გადასვლას უკავშირდება.

რაც უფრო მეტ ქვეყანასთან გვექნება უვიზო მიმოსვლა, მით უკეთესი ჩვენთვის -ალექსანდრე რაქვიაშვილი

ეს წაახალისებს როგორც ტურიზმს, ისე ზოგადად, ეკონომიკურ ურთიერთობებს, ამიტომ ეს კარგი გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩი“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შეფასებისას განაცხადა.

„რაც უფრო მეტ ქვეყანასთან გვექნება უვიზო მიმოსვლა, მით უკეთესი ჩვენთვის“, – აღნიშნა რაქვიაშვილმა.

ჩინეთში საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ. ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

არასამთავრობო ორგანიზაციები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ევროკავშირისა და საქართველოს საერთო ღირებულებების უზრუნველსაყოფად-პაველ ჰერჩინსკი

არასამთავრობო ორგანიზაციები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ევროკავშირისა და საქართველოს საერთო ღირებულებების უზრუნველსაყოფად,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც პაველ ჰერჩინსკი აღნიშნავს, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ.

„დღეს, არასამთავრობო ორგანიზაციების საერთაშორისო დღეს, ჩვენ მთელ მსოფლიოში არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას აღვნიშნავთ. არასამთავრობო ორგანიზაციები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ევროკავშირისა და საქართველოს საერთო ღირებულებების უზრუნველსაყოფად, როგორებიცაა დემოკრატია, თავისუფლება, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები, მათ შორის უმცირესობათა უფლებები.

როლი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ასრულებენ მთავრობის მონიტორინგის კუთხით, ნებისმიერი დემოკრატიის არსებითი ელემენტია. არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად არიან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სოციალური სერვისების მიმწოდებლები, განსაკუთრებით მოწყვლადი თემებისთვის. საქართველო სარგებელს იღებს მისი აქტიური სამოქალაქო საზოგადოებისგან. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ.

მათი მუშაობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხიდია მოქალაქეებსა და პოლიტიკურ ლიდერებს შორის. ისინი აძლიერებენ ხმებს, რომლებიც სხვაგვარად შეიძლება გაგონილი არ ყოფილიყო.

არასამთავრობო ორგანიზაციების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ნება მიბოძეთ კვლავ დავადასტურო ევროკავშირის ერთგულება, მხარი დაუჭიროს არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. მათი არსებითი ჩართულობის უზრუნველყოფა გადამწყვეტია ყველასთვის უფრო სამართლიანი, თანასწორუფლებიანი და კეთილდღეობით აღსავსე მომავლის ასაშენებლად“,- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს ევროკავშირის საელჩო ავრცელებს.

“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა რუსეთმა არ მოიგოს ეს ომი”-ემანუელ მაკრონი

პარიზში უკრაინის მხარდასაჭერად საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც 20 სახელმწიფოს ლიდერი მონაწილეობდა. კონფერენციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ონლაინ ესწრებოდა.

ზელენსკიმ არაფორმალური სამიტის მონაწილეები შვეიცარიაში დაგეგმილ „სამშვიდობო სამიტზე“ მიიწვია.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ სამიტის მონაწილე ქვეყნები შეთანხმდნენ იმ სახელმწიფოების მიმართ სანქციებზე მუშაობაზე, რომლებიც მისი თქმით, ეხმარებოდნენ რუსეთს უკრაინის გამო დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში.

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის მოკავშირეები შექმნიან კოალიციას უკრაინისათვის საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდებისთვის.

მისივე თქმით, პარიზში გამართულ კონფერენციაზე ლიდერებმა განიხილეს დასავლეთის ქვეყნების სახმელეთო ძალების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობა, მაგრამ ამ საკითხზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს.

„ჩვენ ეს განვიხილეთ. ახლა არ არსებობს კონსენსუსი ჯარების გაგზავნაზე, მაგრამ მომავალში ამ საკითხთან დაკავშირებით არაფერია გამორიცხული. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა რუსეთმა არ მოიგოს ეს ომი“, – აღნიშნა მაკრონმა.