Home Blog Page 1441

საქართველოში დაბადებულთა რიცხოვნობა 5%-ით არის შემცირებული – „საქსტატი“

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2023 წელს, საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 40 214 ბავშვი შეადგინა, მათ შორის 21 010 ბიჭი და 19 204 გოგოა. „საქსტატის“ ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით 5.0 პროცენტით არის შემცირებული.

„2023 წელს, დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა დაფიქსირდა თბილისში (13 697 ბავშვი), ხოლო ყველაზე მცირე – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (226 ბავშვი).

ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, რიგით პირველი დაბადებულის წილი შემცირდა 39.1 პროცენტიდან 37.7 პროცენტამდე, მეორე შვილის წილი თითქმის უცვლელი დარჩა და შეადგინა 33.6, ხოლო მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი გაიზარდა 26.6 პროცენტიდან 27.5 პროცენტამდე.

2023 წელს, ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, წინა წელთან შედარებით, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 26.5 პროცენტიდან 24.6 პროცენტამდე შემცირდა, 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის დედების წილი 69.6 პროცენტიდან 69.4 პროცენტამდე შემცირდა. ზრდა შეინიშნება 40 წლის და უფროსი ასაკის დედებში, მათი წილი 4.0 პროცენტიდან 6.0 პროცენტამდე გაიზარდა.

2023 წელს, დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 26.7 წლით განისაზღვრა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

თიბისის მხარდაჭერით, თბილისი ჰილსში განსხვავებული კონცეფციის აპარტამენტების მშენებლობა იწყება

თბილისი ჰილსის მულტიფუნქციურ კომპლექსში, ქალაქის ცენტრიდან 15 წუთის გზაზე, თიბისის მხარდაჭერით, ახალი აპარტამენტების მშენებლობა იწყება.

ტერიტორიაზე ახალი აპარტამენტების 3 ოთხსართულიანი შენობა აშენდება. თითოეულ შენობაში კი 44 აპარტამენტი იქნება.

თბილისი ჰილსის ახალი აპარტამენტები მომავალი მაცხოვრებლების სურვილებსა და საჭიროებებზე მორგებული, საერთაშორისო სტანდარტების, თანამედროვე საცხოვრებელი სივრცე იქნება.

პროექტს სამი ფაქტორი გამოარჩევს: პირადი სივრცის განცდა, უმაღლესი ხარისხის სტანდარტები და რეკრეაციული სივრცეები.

პირადი სივრცის განცდა

თითოეულ აპარტამენტში 3.4-3.6 მეტრი სიგრძის სლაიდური ვიტრაჟები სივრცის შეგრძნებას შეუწყობს ხელს. იზოლირებული აივნები და ხმაგაუმტარი კედლები კი მაცხოვრებლების პირად სივრცეს უზრუნველყოფს.

აპარტამენტების დიდი ტერასები იძლევა საშუალებას რეკრეაციული გარემოს შესაქმნელად და მცენარეების გასამრავლებლად. რამდენიმე ტერასაზე, სურვილის შემთხვევაში, გამოყოფილი იქნება ადგილი აუზისთვისაც. არასასურველი მზის სხივებისგან დასაცავად კი, თითოეული ტერასა აღჭურვილი იქნება საჩრდილობელი სისტემით.

მაღალი ხარისხის სტანდარტები

აპარტამენტების მშენებლობისას, გამოყენებული იქნება უმაღლესი ხარისხის ევროპული სამშენებლო მასალა. პროექტში გათვალისწინებული იქნება გამართული ინფრასტრუქტურა, სახანძრო უსაფრთხოება და ლიფტი. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვისაც. ყოველი შენობის მიწისქვეშა სართული დაეთმობა პარკინგს, სადაც ასევე მოეწყობა სპეციალური სივრცეები და სათავსოები მაცხოვრებლების ნივთების შესანახად.

აპარტამენტები ბარდება თეთრი კარკასის კონდიციით, ინტერიერის პროექტირება კი, საშუალებას იძლევა შეიქმნას დახვეწილი და გამორჩეული დიზაინი.

რეკრეაციული სივრცეები

თბილისი ჰილსის აპარტამენტებს მზის ელემენტებზე მომუშავე, თვითგაგრილებადი ატრიუმიც გამოარჩევს, რომელიც კომფორტული ავეჯითა და მცენარეებით აღჭურვილი, მოსასვენებელი სივრცე იქნება აპარტამენტებს შორის.

აპარტამენტების წინ, რეკრეაციული ზონაც მოეწყობა, რომელიც გააერთიანებს: სტადიონს, პარკს, ბავშვთა გასართობ კუთხეს და სხვა.

ასევე, კომპლექსის ტერიტორიაზე მაცხოვრებლებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ საქართველოში გოლფის პირველი პროფესიონალური მოედნებით.

იმისათვის, რომ მაცხოვრებლების ყოველდღიურობა მაქსიმალურად კომფორტული იყოს, აპარტამენტებთან ახლოს აშენდება კომერციული სივრცე, სადაც განთავსდება მაღაზიები, აფთიაქი, კაფე და სხვა.

პროექტის შესახებ დამატებით დეტალებს გაეცანით ბმულებზე:

(R)

2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 13%-ით შემცირდა – „საქსტატი“

2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 13.0 პროცენტით შემცირდა და 42 756 ერთეული შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ცნობით, გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში (12 229 კაცი), ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (580 კაცი) დაფიქსირდა.

„2023 წლის მონაცემების მიხედვით, ჩვილ ბავშვთა მოკვდაობის კოეფიციენტმა (1 წლამდე გარდაცვლილთა რიცხოვნობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 8.2 პრომილე შეადგინა. 2023 წელს, 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილთა კოეფიციენტმა (1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 9.5 პრომილე შეადგინა.

2023 წელს, საქართველოში დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) და -2 542 ერთეულით განისაზღვრა. ამასთან, უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში, გარდა თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლის რეგიონისა“,-აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“წითელი კომისარი დუნიაღა გვაკლდა! შიგ ევროპაში!“ – გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის განცხადებას გამოეხმაურა.

„დუნია მიატოვიჩმა საჯაროდ დაგმო!
ქართველი ხალხის უფლება თავი დაიცვას – სოდომური ცოდვის, გაუკუღმართებული
ცხოვრების წესის,
ჩვენნაირი მცირერიცხოვანი ერის
თვითმკვლელობის –
ერთსქესიანთა ქორწინების პროპაგანდისაგან!
წითელი კომისარი დუნიაღა გვაკლდა!
შიგ ევროპაში!“,- წერს ხაინდრავა.

თიბისის შეხვედრები „გლობალური ფულის კვირეულის“ ფარგლებში

„გლობალური ფულის კვირეულის“ ფარგლებში, თიბისის თანამშრომლები, ზესტაფონისა და საჩხერის სკოლებს ესტუმრნენ. მათ სკოლის მოსწავლეებს ფინანსური და ეკონომიკური განათლების, ასევე სამეწარმეო საქმიანობის შესახებ გაუზიარეს ცოდნა. შეხვედრები ინტერაქციული ხასიათის იყო და მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მათთვის საინტერესო კითხვებზე მიეღოთ პასუხები.

კამპანია „გლობალური ფულის კვირეული“ საქართველოში, ეროვნული ბანკის ინიციატივით, უკვე მეათედ ჩატარდა. მსოფლიოში კი, კვირეული 2012 წლიდან 170-ზე მეტ ქვეყანაში, ყოველწლიურად, გაზაფხულზე იმართება. მისი მთავარი მიზანი, ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო ცნობიერების ამაღლებისა და ამ მიმართულებების პოპულარიზაციის ხელშეწყობაა.

თიბისი, ყოველწლიურად, აქტიურადაა ჩართული კვირეულში და ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიებს ატარებს, როგორც სოციალური ქსელებში ასევე, ფიზიკურ გარემოში.   გარდა ამისა, საქართველოს ეროვნულ ბანკთან და მასთან არსებულ, ფინანსური განათლების პლატფორმა – ფინედუსთან ერთად, თიბისი მონაწილეობს მოსწავლეთა და მასწავლებლების სხვადასხვა შემეცნებით-საინფორმაციო კამპანიებში.

(R)

 

 

რომ არა მშვიდობა, ეს შედეგიც არ იქნებოდა -კახა კალაძე

ჩვენ დღეს განსხვავებულ, ამაყ საქართველოში გავიმარჯვეთ, რომელმაც იცის გამარჯვების გემო. რა თქმა უნდა, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობა კიდევ გაიზარდოს, კიდევ უფრო მაგარი ფეხბურთი აჩვენოს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არ იყო უბრალოდ ერთი თამაშის მოგება, არამედ იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო.

„შეიძლება საბერძნეთს რომ მოეგო, მათთვის ყოფილიყო ერთი რიგითი თამაშის მოგება, რადგან ისინი ევროპის ჩემპიონატზე ბევრჯერ გასულან, ბევრჯერ უთამაშიათ, მაგრამ ჩვენთვის იყო განსაკუთრებული, გუშინდელი გამარჯვება ხვალინდელი საქართველოსთვის იყო უმნიშვნელოვანესი. ჩვენ დღეს განსხვავებულ, ამაყ საქართველოში გავიმარჯვეთ, რომელმაც იცის გამარჯვების გემო. რომელმაც იცის წარმატების გემო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული წლები გამოვიარეთ, უამრავი პრობლემა გვქონდა, დაწყებული 90-იანი წლებიდან მოყოლებული, უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. დღესაც ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ქვეყანა, მშვიდობა შევინარჩუნოთ. რომ არა მშვიდობა, რომ არა სიმშვიდე, ეს შედეგიც არ იქნებოდა. ამიტომ იმასაც მნიშვნელობა აქვს ხელისუფლება რა პოლიტიკას ატარებს, როგორი დამოკიდებულება აქვს სპორტის მიმართ, როგორი მიდგომები აქვს ქართული ფეხბურთის მიმართ და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი აუცილებლად მოიტანს შედეგს. რა თქმა უნდა, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობა კიდევ გაიზარდოს, კიდევ უფრო მაგარი ფეხბურთი აჩვენოს. ეს ჩვენ, ქართველებს გენში გვაქვს, სპორტი, ფეხბურთის თამაში. ძალიან ნიჭიერი ხალხი ვართ. უბრალოდ კიდევ უფრო მეტად უნდა ვირწმუნოთ საკუთარი თავის, უნიჭიერესები ვართ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

სამტრედია-გრიგოლეთის ხიდის აღდგენისთვის საპროექტო კვლევებში ევროპელი სპეციალისტები ჩაერთნენ

სამტრედია-გრიგოლეთის პირველ მონაკვეთზე, მდინარე რიონზე დაზიანებული მშენებარე ხიდის აღსადგენად, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, საპროექტო კვლევებისთვის ევროპელი სპეციალისტები მოიწვია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ქართველი, ავსტრიელი და გერმანელი ექსპერტებისგან დაკომპლექტებული საერთაშორისო ჯგუფი, ხიდის აღდგენის პროექტის შესამუშავებლად, სტრუქტურულ, გეოლოგიურ, ჰიდროლოგიურ და სხვა ტიპის კვლევებს ჩაატარებს.

„მშენებარე ხიდის ბურჯისა და მალების ჩავარდნის მიზეზების დასადგენად საექსპერტო კვლევა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 2023 წლის დეკემბერში დაასრულა. მოცემულ ეტაპზე, მოწვეული ევროპელი ექსპერტები კომპლექსურ საპროექტო საველე კვლევით სამუშაოებს ჩაატარებენ, რის საფუძველზეც შემუშავდება ხიდის აღდგენის პროექტი.

ამასთან, ხიდის ბურჯისა და მალის ჩავარდნის ფაქტზე გრძელდება გამოძიება. პარალელურად კი, ზიანის ანაზღაურების მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაწყებული აქვს შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები.

სამტრედია-გრიგოლეთის გზა, რომელიც, საერთო ჯამში, 52 კმ-იანი მონაკვეთისაგან შედგება, ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზისა და სამტრედიის გზის 42-ე კმ-ზე, მდინარე ოჩოფასთან იწყება და გრიგოლეთის ტერიტორიაზე, მდინარე სუფსასთან მთავრდება. პროექტი 4 მონაკვეთად (ლოტად) ხორციელდება. სამტრედია-გრიგოლეთის გზის მეორე და მეოთხე მონაკვეთებით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

“ქუთაისის აეროპორტიდან ავტობუსის დანიშვნა ტურისტებს გადაადგილებას გაუმარტივებს” – მარიამ ქვრივიშვილი

28 მარტიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, 3 უახლესი SHUTTLE BUS ივლის, რომელიც საქართველოში ჩამოსულ ვიზიტორებს მოემსახურება.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის აეროპორტში ჩამოსული ტურისტები, პირველ რიგში, რჩებოდნენ იმერეთში, ეცნობოდნენ იმერეთის ტურისტულ პოტენციალს და თავისი წვლილი შეჰქონდეთ რეგიონის ტურისტული ინდუსტრიის გაძლიერებაში. ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს აეროპორტსა და ქალაქ ქუთაისს შორის პირდაპირ კავშირს და ტურისტებს გადაადგილებას გაუმარტივებს“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა.

მისი თქმით, ეს სიახლე, თანმდევი მარკეტინგული კამპანიის კვალდაკვალ, რომელიც უკვე ხორციელდება იმერეთის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზების კუთხით, კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის როლს იმერეთის რეგიონის ეკონომიკის გაძლიერებაში.

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის აეროპორტებს შორისაც. მას ძალიან დიდი როლი აქვს როგორც იმერეთის, ისე ზოგადად ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის, ისევე როგორც ავიაციის ინდუსტრიის გაძლიერებაში. სასიხარულოა, რომ ყველაზე მეტი მიმოსვლა ევროპისკენ, 28 მიმართულებით, სწორედ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხორციელდება. ამ აეროპორტიდან ასევე სრულდება რეისები ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებში“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ Euro 6 ემისიის სტანდარტის ძრავის მქონე, M3 კატეგორიის სამი ახალი ავტობუსი შეისყიდა. ავტობუსების განრიგი ფრენების განრიგზე იქნება მორგებული. ქუთაისის აეროპორტიდან შატლები DMO იმერეთის ოფისის მიმართულებით იმოძრავებენ, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს და იქიდან, ისევ დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში დაბრუნდებიან.

“რუსულმა სპეცსამსახურებმა სულ მცირე 15 თებერვლიდან იცოდნენ, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ ტერაქტი მზადდებოდა” – უკრაინის სამხედრო დაზვერვა

რუსულმა სპეცსამსახურებმა წინასწარ იცოდნენ, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ ტერაქტი მზადდებოდა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

„სულ მცირე 15 თებერვლიდან რუსეთმა იცოდა, რომ ტერაქტი მზადდებოდა. მეტიც, ეს ინფორმაცია სირიაში დისლოცირებული დაჯგუფების დაზვერვიდან მიიღეს. ახლა ზღაპრებს ნუ ჰყვებიან, თითქოს ეს ყველაფერი არსაიდან მოვიდა“, – განაცხადა ბუდანოვმა.

მისივე თქმით, კრემლში იცოდნენ, საიდან და რომელი ორი ქვეყნის გავლით შევიდოდნენ რუსეთში ტერორისტები.

„რატომ არ აღკვეთეს მათ ეს ტერაქტი, ამის რამდენიმე ვერსია არსებობს. პირველი ვერსიაა – იქ მიღებულია „კოშკების ბრძოლა“ და ახლა რამდენიმე მაღალჩინოსანი თანამდებობიდან მოიხსნება. მეორე ვარიანტია, რომ მათ რეალურად სათანადოდ ვერ შეაფასეს მასშტაბები. ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს უფრო ლოკალური იქნებოდა და მომხდარში უკრაინას დაადანაშაულებდნენ“, – აღნიშნა ბუდანოვმა.

მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი 22 მარტს გახსნეს. თვითმხილველის განცხადებით, ინციდენტი ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის დაწყებამდე მოხდა – დარბაზის პარტერში სულ მცირე სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა და ავტომატებიდან ცეცხლი გახსნა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ასევე ააფეთქეს ხელყუმბარა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა.

ევროპული სასამართლო პირდაპირ ეუბნება რადიკალურ ოპოზიციას – დაეტიეთ მანდ, მოიქეცით ჭკვიანურად, აქ თქვენი სარჩელები არ კმაყოფილდება -გურამ მაჭარაშვილი

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ არ მიეღო განხილვაში ნიკა გვარამიას სარჩელი წარმოებაში, მორიგ ჯერზე და მგონი, უკვე საბოლოოდ ადასტურებს რადიკალური ოპოზიციის მანიპულაციებს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„მერამდენედ უნდა უთხრას სტრასბურგის სასამართლომ რადიკალურ ოპოზიციას, უგულავას საქმე გავიხსენოთ, მელიას საქმე, სააკაშვილის საქმე, „რუსთავი 2“-ის საქმე, ახლა გვარამიას საქმე, როდესაც ევროპული სასამართლო პირდაპირ ეუბნება რადიკალურ ოპოზიციას – დაეტიეთ მანდ, მოიქეცით ჭკვიანურად, აქ თქვენი სარჩელები არ კმაყოფილდება. რატომ? იმიტომ, რომ იყო დამნაშავე რეჟიმი, რაზეს საერთაშორისო სასამართლოს ასევე აქვს გამოტანილი გადაწყვეტილება“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ცნობისათვის, ნიკა გვარამიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლის მიხედვითაც, მას „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საფუძველზე, სამი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეეფარდა. სტრასბურგის სასამართლომ სარჩელის განხილვაზე უარი თქვა.

საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, მოქალაქეთა ქონების მოტყუებით დაუფლების განზრახვით, ჩამოაყალიბეს სავაჭრო პლატფორმა, სადაც ფულადი თანხების ინვესტირების მოტივით, უკავშირდებოდნენ ძირითადად უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და ვაჭრობაში ვითომდა მოგების მიღების დაპირებებით, თანხები ირიცხებოდა ორგანიზებული ჯგუფის წევრების კონტროლის ქვეშ არსებულ ანგარიშებზე, რომელსაც შემდგომ ისინი თაღლითურად ეუფლებოდნენ.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული დანაშაულებრივი სქემით, ბრალდებულები დაეუფლნენ უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილ დაახლოებით 340 000 ლარს.
გამოძიების პროცესში, ბრალდებულების მმართველობის ქვეშ მყოფ, თბილისში განთავსებული ქოლცენტრის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია უცხოეთის მოქალაქეების პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.

ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.

“ნატო-ს აქტიურობა აღმოსავლეთ ევროპაში ჩვენს ქვეყანასთან შეტაკებისთვის მოკავშირეების მომზადებისკენაა მიმართული” – რუსეთის საგარეო უწყება

ნატო-ს ქმედებები აღმოსავლეთ ევროპასა და შავი ზღვის რეგიონში მიზნად ისახავს მოკავშირეების მომზადებას რუსეთთან პოტენციური შეტაკებისთვის, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს.

„რუმინეთის საჰაერო ბაზის გაფართოება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩრდილო ატლანტიკური ბლოკი აგრძელებს აღმოსავლეთ ევროპისა და შავი ზღვის რეგიონის აღვირახსნილ მილიტარიზაციას“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

მათი მტკიცებით, „კოალიციური პოტენციალის დაჩქარებული გაძლიერება ასევე მიმდინარეობს პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში“.

რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ასეთი აქტივობა, პროვოკაციულია, აძლიერებს სამხედრო დაძაბულობას რუსეთის საზღვრების პერიმეტრზე და დამატებით საფრთხეებს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას.

„ეს ყველაფერი მიზნად ისახავს ბლოკის მოკავშირეების მომზადებას ჩვენს ქვეყანასთან პოტენციური შეტაკებისთვის“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მათი მტკიცებით, დააკვირდებიე რუმინეთის ქმედებებს, შეაფასებენ წარმოშობილ რისკებს და გაითვალისწინებენ მათ სამხედრო დაგეგმვის დროს.