“რუსულმა სპეცსამსახურებმა სულ მცირე 15 თებერვლიდან იცოდნენ, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ ტერაქტი მზადდებოდა” – უკრაინის სამხედრო დაზვერვა

23
spot_img

რუსულმა სპეცსამსახურებმა წინასწარ იცოდნენ, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ ტერაქტი მზადდებოდა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

„სულ მცირე 15 თებერვლიდან რუსეთმა იცოდა, რომ ტერაქტი მზადდებოდა. მეტიც, ეს ინფორმაცია სირიაში დისლოცირებული დაჯგუფების დაზვერვიდან მიიღეს. ახლა ზღაპრებს ნუ ჰყვებიან, თითქოს ეს ყველაფერი არსაიდან მოვიდა“, – განაცხადა ბუდანოვმა.

მისივე თქმით, კრემლში იცოდნენ, საიდან და რომელი ორი ქვეყნის გავლით შევიდოდნენ რუსეთში ტერორისტები.

„რატომ არ აღკვეთეს მათ ეს ტერაქტი, ამის რამდენიმე ვერსია არსებობს. პირველი ვერსიაა – იქ მიღებულია „კოშკების ბრძოლა“ და ახლა რამდენიმე მაღალჩინოსანი თანამდებობიდან მოიხსნება. მეორე ვარიანტია, რომ მათ რეალურად სათანადოდ ვერ შეაფასეს მასშტაბები. ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს უფრო ლოკალური იქნებოდა და მომხდარში უკრაინას დაადანაშაულებდნენ“, – აღნიშნა ბუდანოვმა.

მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი 22 მარტს გახსნეს. თვითმხილველის განცხადებით, ინციდენტი ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის დაწყებამდე მოხდა – დარბაზის პარტერში სულ მცირე სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა და ავტომატებიდან ცეცხლი გახსნა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ასევე ააფეთქეს ხელყუმბარა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა.