საქართველოში დაბადებულთა რიცხოვნობა 5%-ით არის შემცირებული – „საქსტატი“

23
spot_img

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2023 წელს, საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 40 214 ბავშვი შეადგინა, მათ შორის 21 010 ბიჭი და 19 204 გოგოა. „საქსტატის“ ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით 5.0 პროცენტით არის შემცირებული.

„2023 წელს, დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა დაფიქსირდა თბილისში (13 697 ბავშვი), ხოლო ყველაზე მცირე – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (226 ბავშვი).

ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, რიგით პირველი დაბადებულის წილი შემცირდა 39.1 პროცენტიდან 37.7 პროცენტამდე, მეორე შვილის წილი თითქმის უცვლელი დარჩა და შეადგინა 33.6, ხოლო მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი გაიზარდა 26.6 პროცენტიდან 27.5 პროცენტამდე.

2023 წელს, ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, წინა წელთან შედარებით, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 26.5 პროცენტიდან 24.6 პროცენტამდე შემცირდა, 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის დედების წილი 69.6 პროცენტიდან 69.4 პროცენტამდე შემცირდა. ზრდა შეინიშნება 40 წლის და უფროსი ასაკის დედებში, მათი წილი 4.0 პროცენტიდან 6.0 პროცენტამდე გაიზარდა.

2023 წელს, დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 26.7 წლით განისაზღვრა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.