Home Blog Page 1436

უკრაინაში 1 მილიონზე მეტი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

რუსული ძალების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებული მასიური სარაკეტო და დრონებით თავდასხმის გამო, 1 მილიონზე მეტი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, ოლექსი კულებამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად ხარკოვის ოლქში დაახლოებით 700 000 ადამიანი დაზარალდა, მინიმუმ 200 000 ათასი სამხრეთ ოდესასში, ამდენივე სამხრეთ-აღმოსავლეთ დნეპროპეტროვსკში და 110 000 – პოლტავის ოლქში.

უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსული დრონებისა და რაკეტების სამიზნე ელექტროსადგურები, ენერგომომარაგების ხაზები, ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი და საცხოვრებელი კორპუსები იყო.

უკრაინის სახელმწიფო ჰიდროენერგეტიკული კომპანიის ცნობით, რუსეთმა ზაპოროჟიეში მდებარე ქვეყნის უდიდეს კაშხალს, „დნიპროს ჰიდროელექტროსადგურს“ დაარტყა, სადაც მაშველები ხანძარს ებრძვიან, თუმცა კაშხლის გარღვევის საფრთხე არ არსებობს. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, ჰერმან ჰალუშჩენკომ განაცხადა, რომ დღეს განხორციელებული თავდასხმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ბოლო დროს განხორციელებულ თავდასხმებს შორის ყველაზე მასშტაბური იყო. „მიზანი არის არა მხოლოდ ზიანის მიყენება, არამედ მცდელობა, რომ ისევე როგორც გასულ წელს, წელსაც ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის ფართომასშტაბიანი მარცხი გამოიწვიონ“, – დაწერა მან „ფეისბუქზე“.

„ქართულ ოცნებას“ რა სჭირს გადასარჩენი, ისე ძლიერადაა, როგორც არასდროს” – კახა კალაძე

დასამალი არაა. რა სჭირს „ქართულ ოცნებას“ გადასარჩენი, ისე ძლიერადაა, როგორც არასდროს, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებლის ნოდარ ხარშილაძის განცხადებას, რომ ოპოზიციის დაქუცმაცებით, ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ გადარჩენის შანსი აქვს.

თბილისის მერის განმარტებით, ქართველ ხალხს არ ავიწყდება ესა თუ ის პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები რას წარმოადგენენ და რა განცხადებებსაც აკეთებენ.

„ქართული ოცნება“ ხალხის მხარდაჭერას ძალიან აფასებს და უფრთხილდება. რეალურად, ხალხი ხედავს კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები რასაც ამბობენ. ხომ არ დაავიწყდა ამ კონკრეტულ პიროვნებას, რა განცხადებები კეთდებოდა რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისას, მეორე ფრონტთან დაკავშირებით რომ ამბობდნენ, ისეთ განცხადებებს აკეთებს ხელისუფლების წარმომადგენლები, სჯობს ბომბები ცვიოდეს საქართველოშიო. ყველამ ყველაფერი კარგად იცის. როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ ის გუნდი, ვინც ქვეყანაში მშვიდობას ინარჩუნებს, მხოლოდ სიტყვები არ არის, არამედ კონკრეტული საქმეები და გადადგმული ნაბიჯებია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“არჩევნები ჩატარდება მშვიდობიან და დემოკრატიულ გარემოში, სადაც ყველა პარტიას ექნება შესაძლებლობა, წარმოადგინოს საკუთარი ხედვები”

კვლევებში, რომელიც ქვეყნდება, კარგად ჩანს, რომ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ არის ძალიან დიდ უპირატესობაში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, მმართველ პარტიას აქვს უდიდესი შანსი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოიპოვოს კონსტიტუციური უმრავლესობა, რის საფუძველსაც აძლევთ ჩატარებული კვლევები და საზოგადოების მხარდაჭერა.

„ამის თქმის საშუალებას გვაძლევს უზარმაზარი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან. დღეს, საქართველოში მცხოვრებლები კარგად ხედავენ და აანალიზებენ, ვინ ვინ არის, რომელი პოლიტიკური პარტია ვის ინტერესებს ემსახურება. მთელი ამ წლების განმავლობაში, კარგად გამოჩნდა ვის რა ინტერესი ჰქონდა ქვეყნის მიმართ. რადიკალიზმით ვერავინ ვერაფერს მიაღწევს და ისინი ყოველთვის მარცხისთვის იქნებიან განწირულნი.

გარდა ამისა, კვლევებში, რომელიც ქვეყნდება, კარგად ჩანს, რომ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ არის ძალიან დიდ უპირატესობაში. გვჯერა და დარწმუნებული ვართ, რომ დღეს, ჩვენს გუნდს აქვს უდიდესი შანსი მოიპოვოს კონსტიტუციური უმრავლესობა. ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა ქვეყანაში, ვისაც რეალურად მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკური განვითარება შეუძლია, სხვების თითის დაქნევაზე არ მიიღებს ისეთი გადაწყვეტილებებს, რომელიც ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, არჩევნები მშვიდობიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება, ქვეყანაში არეულობის მოწყობის შესაძლებლობა კი არავის მიეცემა.

„არჩევნებს ვინც აყალბებდა, ყველას კარგად გახსოვთ – 2020 წლის არჩევნების პარალელური დათვლების ამბავიც და ისიც, თუ ვის ჰქონდა ქვეყანაში არეულობის მოწყობის მცდელობა. არცერთ გარე ქვეყანას არ მიეცემა შესაძლებლობა ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში, მოაწყოს რევოლუცია. 2024 წლის არჩევნები ჩატარდება მშვიდობიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში, სადაც ყველა პოლიტიკოსს, პოლიტიკურ პარტიას ექნება შესაძლებლობა, წარმოადგინოს საკუთარი ხედვები ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით. საერთოდ თუ გააჩნიათ ასეთი ხედვა, რა თქმა უნდა“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

“გავაგრძელებთ მუშაობას, რომ საზღვარგარეთ მყოფმა მოქალაქეებმა მაქსიმალურად ისარგებლონ იმ სერვისებით, რომელსაც კონკრეტულ ქვეყნებში ვთავაზობთ”

გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ არა მარტო საარჩევნო უფლების რეალიზაცია იყოს დაცული საქართველოს მოქალაქეებისთვის, არამედ მათ მაქსიმალურად ისარგებლონ იმ სახელმწიფო სერვისებით, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო კონკრეტულ ქვეყნებში სთავაზობთ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის ფორმატში გამოსვლის დროს ისაუბრა.

მინისტრმა უპასუხა ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვას, უწარმოებია თუ არა საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო კამპანია ან გაუკეთებია თუ არა აქამდე განცხადება იმის შესახებ, რომ უცხო ქვეყანაში არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში ჩართვა მათ სამართლებრივ მდგომარეობას საფრთხეს არ უქმნის და არის თუ არა გეგმაში ამგვარი კამპანიის წარმოება.

დარჩიაშვილმა დაასახელა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ჩატარებული საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები და აღნიშნა, რომ „სამინისტრო კვლავ გეგმავს მოქალაქეებისთვის ანალოგიური შესაძლებლობის შექმნას“.

„საკონსულო თანამდებობის პირები, მოქალაქეებთან კომუნიკაციის დროს, დიასპორასთან შეხვედრაზე, სხვადასხვა ღონისძიების ფარგლებში, მუდმივად ცდილობენ მოქალაქეებს განუმარტონ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მნიშვნელობა და განსაკუთრებულად გაუსვან ხაზი იმ გარემოებას, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა და არჩევნებში მონაწილეობა არ უკავშირდება მოქალაქისათვის რაიმე არასასურველ სამართლებრივ შედეგს. ამასთანავე, საარჩევნო პერიოდში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, საქართველოს საგარეო სამინისტროსთან ერთად გეგმავს აქტიურად აწარმოოს საინფორმაციო კამპანია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჯერ კიდევ 2023 წელს აწარმოა ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია, საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონული სისტემის (პორტალის- geoconsul.gov.ge) შესახებ, რომელმაც ასიათასობით მოქალაქე მოიცვა. აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავდა საზოგადოების ინფორმირებას, როგორც პორტალის, ასევე, ზოგადად საკონსულო სერვისების, მათ შორის საკონსულო აღრიცხვასთან დაკავშირებით. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, საინფორმაციო კომპანიის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე ამოქმედდა სპეციალური საძიებო ველი, რომლის მეშვეობითაც, მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ გადაემოწმებინათ საკონსულო აღრიცხვაზე მათი ყოფნის ფაქტი. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში, სამინისტრო კვლავ გეგმავს მოქალაქეებისთვის ანალოგიური შესაძლებლობის შექმნას“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს უსმენენ

პარლამენტში ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს უსმენენ. დარჩიაშვილი საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მიიწვიეს.

ოპოზიციური პარტიის წევრებს მინისტრისგან აინტერესებთ, უწარმოებია თუ არა საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო კამპანია, ან გაუკეთებია თუ არა აქამდე განცხადება იმის შესახებ, რომ უცხო ქვეყანაში არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში ჩართვა მათ სამართლებრივ მდგომარეობას საფრთხეს არ უქმნის და არის თუ არა გეგმაში ამგვარი კამპანიის წარმოება.

ოპოზიციას ასევე აინტერესებს, იგეგმება თუ არა დამატებითი საკონსულოების შექმნა, რათა საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ მაქსიმალურად დიდი რაოდენობით გაიხსნას.

შეიძლება თუ არა რუსეთს ქვემეხების მარაგი ამოეწუროს? – რას წერს „ეკონომისტი“

ბრიტანული „ეკონომისტი“ (The Economist) აქვეყნებს სტატიას სათაურით „შეიძლება თუ არა რუსეთს ქვემეხების მარაგი ამოეწუროს?“, რომელშიც განხილულია რუსული არტილერიის პერსპექტივა: რა პრობლემებია შექმნილი ქვემეხების წარმოებაში და რატომ დაიწყო მოსკოვმა ძველი მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენება.

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს მცირე შემოკლებით:

რუსეთის არმიის ქვემეხები, უკრაინულთან შედარებით, თითქმის ხუთჯერ მეტ ჭურვებს ისვრიან. ავდეევკის დაკავების შემდეგ რუსებმა საბრძოლო მოქმედებები გააგრძელეს და კიდევ რამდენიმე სოფლის გაკონტროლება შეძლეს. ამ დროს დიდ როლს ასრულებს არტილერია – „ომის ღმერთი“. სამწუხაროდ, უკრაინის არმიის ქვედანაყოფების ქვემეხებით სამხრეთის მიმართულებით, სოფელ რობოტინოსთან დღეში მხოლოდ 20-30 ჭურვის გასროლა ხდება. აშკარაა, რომ რუსების ცეცხლის ძალა ბევრად მეტია, მაგრამ საკმარისი აქვს თუ არა კრემლს ქვემეხები (ჰაუბიცები), რომ საარტილერიო ბათქები მომავალშიც ასეთი უპირატესობით გააგრძელოს?
დიდი ბრიტანეთის თავდაცვითი კვლევების გაერთიანებული სამეფო ინსტიტუტის ანალიტიკური ცენტრის მონაცემებით, 2024 წლის თებერვლისათვის რუსეთის არმიას ფრონტზე 5 ათასზე მეტი საარტილერიო ქვემეხი ჰქონდა, რომლის მთავარ ნაწილს ლულა წარმოადგენს [რომელიც ინტენსიური გამოყენების შემდეგ მწყობრიდან გამოდის]. რუსეთს ორი ქარხანა აქვს, რომლებიც სპეციალურად ლულების წარმოებაზე არიან გადასული და თვეში მხოლოდ 500 ლულის წარმოება შეუძლია. ამ რაოდენობის გაზრდა შეუძლებელია, რადგან ლულების დამზადების ტექნოლოგია რთულია: საჭიროა სპეციალური დანადგარები და მაღალი ხარისხის ფოლადი. ლულების ექსპორტს ძალიან ცოტა ქვეყანა ახორციელებს და მათგან საეჭვოა რომელიმემ თავისი პროდუქცია მოსკოვს მიჰყიდოს სანქციების შიშით.

როგორც კოსმოდიდან თანამგზავრების მიერ გადაღებული ფოტოსურათები მოწმობენ, რუსეთმა დაიწყო თავისი მწყობრიდან გამოსული მსხვილკალიბრიანი ქვემეხების გამოცვლა ისეთებით, რომლებიც დაუცველად ეყარა ღია ცის ქვეშ.

ომის დაწყების წინ რუსეთს 19 ათასი ქვემეხი ჰქონდა, რომლებიც ათეულობით წლების წინ იყო წარმოებული და კლიმატური პირობებისაგან დაუცველ საწყობებში ინახებოდა. ისინი იჟანგებოდნენ და თანდათან მწყობრიდან გამოდიოდნენ. შარშან რუსებმა მათი მდგომარეობის შემოწმება დაიწყეს სათადარიგო ნაწილების გამოყენების მიზნით, თუმცა შეუძლებელია ზუსტად იმის გაგება, რამდენია აღნიშნული 19 ათასი ქვემეხიდან მეორე მსოფლიო ომის დროს დამზადებული (ძირითადად Д-1 და М-30) და რამდენი გამოდგება სათადარიგო ნაწილებად, განსაკუთრებით ლულები.

ასევე რთულია იმის შეფასებაც, თუ რამდენი ქვემეხი გაუნადგურა უკრაინამ რუსეთს. მსხვილკალიბრიანი ჰაუბიცები, ჩვეულებრივად, ფრონტის ხაზიდან საკმაოდ მოშორებით დისლოცირება, რაც მათ დათვლას ართულებს. კიევის მტკიცებით, უკრაინის არმიამ მწყობრიდან რუსეთის 10 ათასამდე ქვემეხი გამოიყვანა, თუმცა ევროპული სამხედრო-ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს რაოდენობა ხელოვნურად არის გაზრდილი, სინამდვილეში განადგურებულია მხოლოდ 5500 ქვემეხი. და მაინც, თუ იარაღის მწყობრიდან გამოსვლა ასეთი ტემპით გაგრძელდება, მოსალოდნელია, რომ 2025 წლისათვის რუსები ლულების საჭირო რაოდენობით წარმოებას ვერ შეძლებენ და კრემლი მხოლოდ რეაქტიულ არტილერიაზე იქნება დამოკიდებული, რომელიც ასაფეთქებელი ნივთიერების უფრო მეტი რეზერვებს მოითხოვს.

გასული წლიდან უკრაინის არმიამ უფრო აქტიურად დაიწყო რუსული არტილერიის განადგურება: კიევმა მათი ზუსტი ადგილმდებარეობის აღმოჩენის სისტემები გააუმჯობესა – მოკავშირეებმა მას კონტრსაბატერიო რადარები მიაწოდეს, რომელთა მეშვეობით, გასროლილი ჭურვის კვალის მიხედვით ქვემეხის პოვნა ხდება, შემდეგ კი მათ შორიდან გაშვებული დრონი-კამიკაძეები ანადგურებენ.რასაკვირველია, რუს დამპყრობლებს შეუძლიათ ქვემეხები ფრონტის ხაზიდან უფრო შორს გადაიტანონ, მაგრამ ამ შემთხვევაში ჭურვის გასროლის სიზუსტე მცირდება.

წყარო

„პუტინი ღიად გეგმავს ომს ნატოს წინააღმდეგ, ევროპა კი ამისთვის არ ემზადება“ – უცხოური პრესა

კრემლს ნამდვილად აქვს განზრახული ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან რეალური ომის დაწყება და ამიტომ ნატოს წევრები შესაბამისად უნდა მოემზადონ, – ნათქვამია ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „პუტინი ღიად გეგმავს ომს ნატოს წინააღმდეგ, ევროპა კი ამისთვის არ ემზადება“ (ავტორი – კონ კოფლინი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ახლა, როცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ისტორიული მეხუთე ვადით საკუთარი თავის არჩევა უზრუნველყო, სრულიად აშკარაა, რომ იგი კრემლში ყოფნის დროს შეეცდება დასავლეთთან დაპირისპირებაში გამოხატული პარანოიდალური აკვიატებული იდეა განახორციელოს.

დაამყარა რა პოსტსაბჭოური რეკორდი მიღებული ხმების რაოდენობით (თითქმის 88%), ვლადიმერ პუტინმა თავისი გამარჯვება გამოიყენა, რათა გაეხსენებინა რუსებისათვის – დასავლეთი რუსეთს ვერასოდეს ვერ დააშინებს.

„იმისგან დამოუკიდებლად, ვის და რამდენად სურს ჩვენი დაშინება – ჩვენი ნება, ჩვენი ძალა ისეთია, რომ ისტორიაში ვერავინ ვერ შეძლო და ვერც შეძლებს მსგავსი მიზნის განხორციელებას“, – თქვა მან, – ჩვენი მტრების განზრახვა არც წარსულში ასრულებულა და არც მომავალში არ ასრულდება. არასოდეს“.

ვლადიმერ პუტინის ნათქვამის თანახმად, იგი ებრძვის იმ დასავლეთს, რომელიც ცდილობს რუსეთის დასუსტებას უკრაინისა და მისი მსგავსი ქვეყნების მეშვეობით. ეს ნიშნავს, რომ 71 წლის პრეზიდენტი თავს სრულიად გამართლებულად გრძნობს, სარგებლობს რა თავისი აბსოლუტური გამარჯვებით არჩევნებში საკუთარი პროგრამის განსახორციელებლად, მიმართული რუსეთის გადაქცევისათვის ზესახელმწიფოდ, თუნდაც ამით დასავლეთთან მსხვილი კონფლიქტი გამოიწვიოს.

რუსეთის პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, თემიდან არ გადაუხვევია, როცა მას კითხვა დაუსვეს – თუ რამდენად იქნება რუსეთი ჩაბმული რუსეთთან პირდაპირ კონფრონტაციაში: „ვფიქრობ, რომ თანამედროვე მსოფლიოში ყველაფერია შესაძლებელი… ყველასათვის ნათელია, რომ მესამე მსოფლიო ომის დაწყებამდე ერთი ნაბიჯი იქნება დარჩენილი“.

ვლადიმერ პუტინის ნათქვამი ადასტურებს ნატოს ლიდერების ამასწინანდელ გამაფრთხილებელ კომენტარს, რომლის მიხედვით, რუსეთის ტერიტორიული ამბიციები უკრაინის ფარგლებს მიღმა ვრცელდება.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჯერ კიდევ შარშან დეკემბერში განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს ნატოს წევრ ქვეყნებზე თავდასხმა აქვს დაგეგმილი, როგორც უკრაინის საქმეს დაასრულებს მორჩება. იგივე თქვა იანვარში ადმირალმა ბობ ბაუერმა, ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, რომელმაც ალიანსის წევრებს მოუწოდა მზად იყვნენ ტოტალური ომისათვის რუსეთის წინააღმდეგ, უახლოესი 20 წლის განმავლობაში.

არავის ეჭვი არ უნდა შეეპაროს იმაში, რომ კრემლი მართლაც აშკარად არის განწყობილი დასავლეთთან ომისათვის. ასეთი შეფასებები სიგნალი უნდა იყოს დიდი ბრიტანეთისთვის, რომ დაუნინგსთრითმა პასუხი გასცეს ვლადიმერ პუტინის გამოწვევას.

ამ კვირაში გაზეთ New Bletchley Network-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის ავტორები ფრიად პატივცემული ადამიანები არიან – ლორდი რობერტსონი (ნატოს ექს-გენმდივანი) და ლორდი სედვილი (ექს-პრემიერების – ტერეზა მეისა და ბორის ჯონსონის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში), საჯაროდ და მთელი სერიოზულობით მოუწოდეს მთავრობას დაიწყოს არმიის გადაიარაღება რუსეთთან სავარაუდო ომისათვის.

„ჩვენ გვჭირდება ისეთი არმია, რომელიც ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევს რუსეთს“, – გვაფრთხილებენ გაზეთის სტატიის ავტორები. მათი აზრით, მთავარი პრიორიტეტი უნდა გახდეს ბრიტანეთის არმიის აღდგენა, „რომელიც თავისი რიცხოვნობით (75 ათასი ჯარისკაცი) ყველაზე პატარაა ნაპოლეონის ეპოქიდან მოყოლებული და დანაშაულებრივად იქნა შემცირებული კრიტიკულ რაოდენობამდე“.

ავტორების თვალსაზრისის გათვალისწინებით, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას და არა მუდმივად გააგრძელოს თავის მართლება იმის შესახებ, რომ სამხედრო ხარჯების გაზრდა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 2%-მდე მხოლოდ მაშინ მოხდება, „როცა ამის შესაძლებლობას ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობა მოგვცემს“.

იგივე ეხება ჩვენს მოკავშირეებს ევროპაში, სადაც ზოგიერთებს თვალი მხოლოდ მას შემდეგ აეხილათ, როცა დაინახეს დონალდ ტრამპის სავარაუდო გამარჯვების შესაძლებლობა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში.

2014 წელს თავდაცვის სფეროში 2%-ზე მეტი ხარჯები მხოლოდ ნატოს წევრ სამ ქვეყანას ჰქონდა, მიმდინარე წელს ასეთი ქვეყნების რაოდენობა 19-მდე გაიზრდება, მაგრამ ჯერ კიდევ რჩება 13 სახელმწიფო, რომლებიც ალიანსის წევრობის ვალდებულებას არ იხდიან. ეს დონალდ ტრამპს შეუმჩნეველი არ დარჩება: მან წინა კვირაში ტელეარხ GB News-ის წამყვან ნაიჯელ ფარაჯს განუცხადა, რომ იგი ნატოს ერთგული იმ შემთხვევაში იქნება, თუ ყველა ევროპული წევრი სრულად გადაიხდის სავალდებულო თანხას.

ძალზე ნიშანდობლივია, რომ ახლა, როცა ვლადიმერ პუტინი ევროპის საზღვრებს ემუქრება, ხოლო დონალდ ტრამპი ეჭვქვეშ აყენებს ნატოს მომავალს, ჯერ კიდევ არიან ისეთი ქვეყნები, რომლებსაც არ სურთ თავიანთი თავდაცვითი ვალდებულების შესრულება. და თუ მათ რუსეთის პრეზიდენტის ზრახვები ვერ გამოაფხიზლებთ, მაშინ შესაძლებელია, რომ მათ გრძნობაზე უკვე ვერაფერი ვეღარ მოიყვანს.

წყარო

“თუ ქალბატონი სალომე საარჩევნო რეფორმას ხელს არ მოაწერს, ორშაბათს მე მოვაწერ”

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თუ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დაძლევის მიუხედავად, საარჩევნო რეფორმას ხელს არ მოაწერს, ამას თავად გააკეთებს.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ცვლილების მიზანია, რომ იყოს სამართლიანი არჩევნები და ეფექტიანად მომუშავე ცესკო.

„რაც შეეხება საარჩევნო რეფორმას, იცით, რომ ვეტო დაძლეულია. როგორც ჩანს, ქალბატონი სალომე ( ზურაბიშვილი) არ აპირებს, რომ ხელი მოაწეროს, მიუხედავად იმისა, რომ ვეტო დაძლეულია. არა უშავს, თუ ხელს არ მოაწერს, ორშაბათს მე მოვაწერ ხელს ამ ცვლილებას და ამოქმედდება ცვლილება, რომელიც ზუსტადაც არის გამიზნული იმისთვის, რომ იყოს სამართლიანი არჩევნები და ეფექტიანად მომუშავე ცესკო. ასე რომ, ამ მხრივ, ჩვენ ჩვენი ნაბიჯი უკვე გადავდგით სხვა საკითხებთან ერთად. რაც შეეხება სასამართლოს ნაწილში ცვლილებებს, აქაც პირველი მოსმენით მიღებულია პროექტი და მეორე, მესამე მოსმენითაც მივიღებთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტმა საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. პლენარულ სხდომაზე თავდაპირველად კენჭი ეყარა პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ კანონის პროექტს, რომელიც შედეგით 21-მომხრე, 61- წინააღმდეგი, “ჩავარდა“.

ამის შემდეგ კენჭისყრაზე კანონპროექტის პირვანდელი – ვეტოდადებული ვარიანტი დადგა, რომელსაც ხმათა უმრავლესობით 61-ხმით (13 წინააღმდეგი) დაუჭირეს მხარი.

კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს კიდევ ერთხელ გაეგზავნება და თუ ის დადგენილ ვადაში კვლავ არ მოაწერს ხელს, კანონპროექტს ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.

“საქართველო უკრაინასთან, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან შედარებით, ყველა პარამეტრით ლიდერია, თუმცა არის დაჩაგრული”

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო უკრაინასთან, მოლდოვასთან და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან შედარებით, ყველა პარამეტრით ლიდერია, თუმცა, ევროკავშირის მხრიდან მაინც დაჩაგრულია, რაც უსამართლობაა.

შალვა პაპუაშვილის შეფასებით, საქართველო დეკემბერშიც დაიჩაგრა და ახლაც იჩაგრება.

„რაც შეეხება ევროპული საბჭოს განცხადებებს და გადაწყვეტილებებს, მისასალმებელია, რომ კვლავ არის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. ამავე დროს, ჩვენ ვნახეთ გადაწყვეტილება, რომ ბოსნიას და ჰერცეგოვინასთან გაიხსნას მოლაპარაკებები. დღეის მდგომარეობით არის გადაწყვეტილება უკრაინასთან, მოლდოვასთან და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დაკავშირებით, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს გადაწყვეტილებების უსამართლობას. საქართველო, რომელიც სამივე ქვეყანასთან შედარებით ლიდერია აბსოლუტურად ყველა პარამეტრით, არის დაჩაგრული. ეს უსამართლობა ძალიან სამწუხაროა ევროკავშირის მხრიდან. კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სამწუხაროდ, გადაწყვეტილებები არ არის დაფუძნებული დამსახურებაზე. იმედი მაქვს, ევროკავშირი ამ წლის განმავლობაში მიიღებს საბოლოოდ სამართლიან გადაწყვეტილებას საქართველოსთან დაკავშირებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ყველა ობიექტური შეფასებით, მათ შორის ევროკომისიის, საქართველო ამ 3 ქვეყანასთან შედარებით, ლიდერია.

„ამ 9 დათქმიდან არცერთი რომ არ შესრულდეს, მაინც ლიდერები ვართ. მიუხედავად იმისა, რომ თავად ევროკომისიის შეფასებით, საქართველო ყველა პარამეტრით ლიდერია, საქართველო და ქართველი ხალხი იჩაგრება ასეთი უსამართლო გადაწყვეტილებებით. უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ხელისუფლება რასაც აკეთებს, მუშაობს, რათა ევროკავშირი დაარწმუნოს, გადაწყვეტილებები იყოს დამსახურებაზე დაფუძნებული და სამართლიანი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

თიბისი პროექტის „ხელოვნური ინტელექტი სკოლაში“ მხარდამჭერია

თიბისის მხარდაჭერით და ალტე უნივერსიტეტის ორგანიზებით იწყება პროექტი „ხელოვნური ინტელექტი სკოლაში“.

პროექტის მიზანია, გააცნოს პედაგოგებს ხელოვნური ინტელექტის ზოგადი მახასიათებლები, მიაწოდოს მათ ინფორმაცია ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა პლატფორმის შესახებ და გაზარდოს ხელმისაწვდომობა მასწავლებლებში ტექნოლოგიურ ცოდნაზე.

ტრენინგ კურსებზე, მასწავლებლების რეგისტრაცია, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკვე დაწყებულია და 25 მარტის ჩათვლით გრძელდება. მიღებული განაცხადებიდან შეირჩევა ოცდაათი ICT მიმართულების სკოლის მასწავლებელი, რომლებიც შეისწავლიან და გადამზადდებიან შემდეგი მიმართულებით:

  • ხელოვნური ინტელექტის ზოგადი მიმოხილვა
  • ხელოვნური ინტელექტის არსებული პლატფორმები და მათი გამოყენება
  • მობილური აპლიკაციების პროტოტიპირება MIT App Inventor
  • ხელოვნური ინტელექტის მარტივი მოდელების ინტეგრირება
  • ინფორმაციული უსაფრთხოება განათლებაში.

ტრენინგების სერია აპრილიდან დაიწყება და ჯამში 12 ონლაინ შეხვედრას მოიცავს. კურსის დასრულების შემდეგ  ჩატარდება ფინალური კონფერენცია და ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

პროექტი სრულად დაფინანსებულია. ტრენინგ კურსზე რეგისტრაცია შესაძლებელია 25 მარტის ჩათვლით შემდეგ ბმულზე: https://forms.office.com/e/xGR3VD5yrY

პროექტის პარტნიორები არიან: ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელთა ასოციაცია – „Teachers Lab“, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია და არასამთავრობო ორგანიზაცია „Techdro“.

თიბისისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. აღნიშნული პროექტის მხარდაჭერით თიბისი მასწავლებლებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, აძლევს შესაძლებლობას გაეცნონ და აიმაღლონ კვალიფიკაცია ხელოვნური ინტელექტის და საინფორმაციო ტექნოლოგიების წამყვან მიმართულებებში.

R

ევროკავშირი საქართველოს მხარდაჭერას გააგრძელებს – ევროპული საბჭო

ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს სამიტის პირველი დღის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნაში წერია.

„ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას მისი მდგრადობის გაძლიერებაში და იმ გამოწვევების მოგვარებაში, რომლის წინაშეც ის დგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ძირის გამოთხრისკენ მიმართული რუსეთის ქმედებების შედეგად და ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად“, – წერია დასკვნაში.

ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი აკვირდება საქართველოს მუდმივ ძალისხმევას და ქვეყანას პრიორიტეტული რეფორმების კუთხით წინსვლისკენ მოუწოდებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 11 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის, აჭარის, კახეთისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

„დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მომზადების, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების, გასაღების მცდელობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1988 წელს დაბადებული გ.კ., 1995 წელს დაბადებული ე.მ., 1984 წელს დაბადებული გ.ტ., 2000 წელს დაბადებული ლ.ჩ.,

1998 წელს დაბადებული მ.პ., 1999 წელს დაბადებული მ.ი., 1979 წელს დაბადებული გ.ჯ., 1969 წელს დაბადებული კ.დ. 1974 წელს დაბადებული შ.გ., ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1989 წელს დაბადებული ა.ც. და 1993 წელს დაბადებული ა.გ.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ა.ც. ინტერნეტაპლიკაცია „ტელეგრამში“ ნარკოტიკების სარეალიზაციო ე.წ. მაღაზიას ფლობდა. აღნიშნული აპლიკაციის მეშვეობით ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ რეალიზაცია ხდებოდა.

გამოძიების ფარგლებში, ამავე საქმეზე, დაკავებულია ა.ც.-ს მოკავშირე – გ.კ.-ც. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით, ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“ ამოიღეს.

ამავე, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, დაკავებული ე.მ.-ს პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ და „მარიხუანა“.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში, გ.ტ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად

20 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება “ალფა პვპ” ამოიღეს, რომლის განთავსებასაც ბრალდებული სხვადასხვა ლოკაციაზე, შემდგომი რეალიზაციის მიზნით გეგმავდა.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამი პირის – ლ.ჩ. -ს, მ.პ-ს. და მ.ი. -ს პირადი ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ლოკაციიდან, ნივთმტკიცებად, სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ამოიღეს.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმში, უცხო ქვეყნის მოქალაქე ა.გ.-ს საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს “მარიხუანა” და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული აღნიშნული მცენარის კულტივირებას საცხოვრებელ სახლში მოწყობილ სპეციალურ სათბურებში ახდენდა.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, გ.ჯ.-ს საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე სათავსოებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად „მარიხუანა“ ამოიღეს.

გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, კ.დ.-ს და შ.გ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ ამოიღეს.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მომზადების, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების, გასაღების მცდელობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე, 265-ე, 273-ე პრიმა და 19-273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.