“გავაგრძელებთ მუშაობას, რომ საზღვარგარეთ მყოფმა მოქალაქეებმა მაქსიმალურად ისარგებლონ იმ სერვისებით, რომელსაც კონკრეტულ ქვეყნებში ვთავაზობთ”

14
spot_img

გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ არა მარტო საარჩევნო უფლების რეალიზაცია იყოს დაცული საქართველოს მოქალაქეებისთვის, არამედ მათ მაქსიმალურად ისარგებლონ იმ სახელმწიფო სერვისებით, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო კონკრეტულ ქვეყნებში სთავაზობთ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის ფორმატში გამოსვლის დროს ისაუბრა.

მინისტრმა უპასუხა ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვას, უწარმოებია თუ არა საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო კამპანია ან გაუკეთებია თუ არა აქამდე განცხადება იმის შესახებ, რომ უცხო ქვეყანაში არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში ჩართვა მათ სამართლებრივ მდგომარეობას საფრთხეს არ უქმნის და არის თუ არა გეგმაში ამგვარი კამპანიის წარმოება.

დარჩიაშვილმა დაასახელა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ჩატარებული საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები და აღნიშნა, რომ „სამინისტრო კვლავ გეგმავს მოქალაქეებისთვის ანალოგიური შესაძლებლობის შექმნას“.

„საკონსულო თანამდებობის პირები, მოქალაქეებთან კომუნიკაციის დროს, დიასპორასთან შეხვედრაზე, სხვადასხვა ღონისძიების ფარგლებში, მუდმივად ცდილობენ მოქალაქეებს განუმარტონ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მნიშვნელობა და განსაკუთრებულად გაუსვან ხაზი იმ გარემოებას, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა და არჩევნებში მონაწილეობა არ უკავშირდება მოქალაქისათვის რაიმე არასასურველ სამართლებრივ შედეგს. ამასთანავე, საარჩევნო პერიოდში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, საქართველოს საგარეო სამინისტროსთან ერთად გეგმავს აქტიურად აწარმოოს საინფორმაციო კამპანია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჯერ კიდევ 2023 წელს აწარმოა ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია, საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონული სისტემის (პორტალის- geoconsul.gov.ge) შესახებ, რომელმაც ასიათასობით მოქალაქე მოიცვა. აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავდა საზოგადოების ინფორმირებას, როგორც პორტალის, ასევე, ზოგადად საკონსულო სერვისების, მათ შორის საკონსულო აღრიცხვასთან დაკავშირებით. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, საინფორმაციო კომპანიის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე ამოქმედდა სპეციალური საძიებო ველი, რომლის მეშვეობითაც, მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ გადაემოწმებინათ საკონსულო აღრიცხვაზე მათი ყოფნის ფაქტი. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში, სამინისტრო კვლავ გეგმავს მოქალაქეებისთვის ანალოგიური შესაძლებლობის შექმნას“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.