„პუტინი ღიად გეგმავს ომს ნატოს წინააღმდეგ, ევროპა კი ამისთვის არ ემზადება“ – უცხოური პრესა

58
spot_img

კრემლს ნამდვილად აქვს განზრახული ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან რეალური ომის დაწყება და ამიტომ ნატოს წევრები შესაბამისად უნდა მოემზადონ, – ნათქვამია ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „პუტინი ღიად გეგმავს ომს ნატოს წინააღმდეგ, ევროპა კი ამისთვის არ ემზადება“ (ავტორი – კონ კოფლინი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ახლა, როცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ისტორიული მეხუთე ვადით საკუთარი თავის არჩევა უზრუნველყო, სრულიად აშკარაა, რომ იგი კრემლში ყოფნის დროს შეეცდება დასავლეთთან დაპირისპირებაში გამოხატული პარანოიდალური აკვიატებული იდეა განახორციელოს.

დაამყარა რა პოსტსაბჭოური რეკორდი მიღებული ხმების რაოდენობით (თითქმის 88%), ვლადიმერ პუტინმა თავისი გამარჯვება გამოიყენა, რათა გაეხსენებინა რუსებისათვის – დასავლეთი რუსეთს ვერასოდეს ვერ დააშინებს.

„იმისგან დამოუკიდებლად, ვის და რამდენად სურს ჩვენი დაშინება – ჩვენი ნება, ჩვენი ძალა ისეთია, რომ ისტორიაში ვერავინ ვერ შეძლო და ვერც შეძლებს მსგავსი მიზნის განხორციელებას“, – თქვა მან, – ჩვენი მტრების განზრახვა არც წარსულში ასრულებულა და არც მომავალში არ ასრულდება. არასოდეს“.

ვლადიმერ პუტინის ნათქვამის თანახმად, იგი ებრძვის იმ დასავლეთს, რომელიც ცდილობს რუსეთის დასუსტებას უკრაინისა და მისი მსგავსი ქვეყნების მეშვეობით. ეს ნიშნავს, რომ 71 წლის პრეზიდენტი თავს სრულიად გამართლებულად გრძნობს, სარგებლობს რა თავისი აბსოლუტური გამარჯვებით არჩევნებში საკუთარი პროგრამის განსახორციელებლად, მიმართული რუსეთის გადაქცევისათვის ზესახელმწიფოდ, თუნდაც ამით დასავლეთთან მსხვილი კონფლიქტი გამოიწვიოს.

რუსეთის პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, თემიდან არ გადაუხვევია, როცა მას კითხვა დაუსვეს – თუ რამდენად იქნება რუსეთი ჩაბმული რუსეთთან პირდაპირ კონფრონტაციაში: „ვფიქრობ, რომ თანამედროვე მსოფლიოში ყველაფერია შესაძლებელი… ყველასათვის ნათელია, რომ მესამე მსოფლიო ომის დაწყებამდე ერთი ნაბიჯი იქნება დარჩენილი“.

ვლადიმერ პუტინის ნათქვამი ადასტურებს ნატოს ლიდერების ამასწინანდელ გამაფრთხილებელ კომენტარს, რომლის მიხედვით, რუსეთის ტერიტორიული ამბიციები უკრაინის ფარგლებს მიღმა ვრცელდება.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჯერ კიდევ შარშან დეკემბერში განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს ნატოს წევრ ქვეყნებზე თავდასხმა აქვს დაგეგმილი, როგორც უკრაინის საქმეს დაასრულებს მორჩება. იგივე თქვა იანვარში ადმირალმა ბობ ბაუერმა, ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, რომელმაც ალიანსის წევრებს მოუწოდა მზად იყვნენ ტოტალური ომისათვის რუსეთის წინააღმდეგ, უახლოესი 20 წლის განმავლობაში.

არავის ეჭვი არ უნდა შეეპაროს იმაში, რომ კრემლი მართლაც აშკარად არის განწყობილი დასავლეთთან ომისათვის. ასეთი შეფასებები სიგნალი უნდა იყოს დიდი ბრიტანეთისთვის, რომ დაუნინგსთრითმა პასუხი გასცეს ვლადიმერ პუტინის გამოწვევას.

ამ კვირაში გაზეთ New Bletchley Network-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის ავტორები ფრიად პატივცემული ადამიანები არიან – ლორდი რობერტსონი (ნატოს ექს-გენმდივანი) და ლორდი სედვილი (ექს-პრემიერების – ტერეზა მეისა და ბორის ჯონსონის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში), საჯაროდ და მთელი სერიოზულობით მოუწოდეს მთავრობას დაიწყოს არმიის გადაიარაღება რუსეთთან სავარაუდო ომისათვის.

„ჩვენ გვჭირდება ისეთი არმია, რომელიც ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევს რუსეთს“, – გვაფრთხილებენ გაზეთის სტატიის ავტორები. მათი აზრით, მთავარი პრიორიტეტი უნდა გახდეს ბრიტანეთის არმიის აღდგენა, „რომელიც თავისი რიცხოვნობით (75 ათასი ჯარისკაცი) ყველაზე პატარაა ნაპოლეონის ეპოქიდან მოყოლებული და დანაშაულებრივად იქნა შემცირებული კრიტიკულ რაოდენობამდე“.

ავტორების თვალსაზრისის გათვალისწინებით, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას და არა მუდმივად გააგრძელოს თავის მართლება იმის შესახებ, რომ სამხედრო ხარჯების გაზრდა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 2%-მდე მხოლოდ მაშინ მოხდება, „როცა ამის შესაძლებლობას ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობა მოგვცემს“.

იგივე ეხება ჩვენს მოკავშირეებს ევროპაში, სადაც ზოგიერთებს თვალი მხოლოდ მას შემდეგ აეხილათ, როცა დაინახეს დონალდ ტრამპის სავარაუდო გამარჯვების შესაძლებლობა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში.

2014 წელს თავდაცვის სფეროში 2%-ზე მეტი ხარჯები მხოლოდ ნატოს წევრ სამ ქვეყანას ჰქონდა, მიმდინარე წელს ასეთი ქვეყნების რაოდენობა 19-მდე გაიზრდება, მაგრამ ჯერ კიდევ რჩება 13 სახელმწიფო, რომლებიც ალიანსის წევრობის ვალდებულებას არ იხდიან. ეს დონალდ ტრამპს შეუმჩნეველი არ დარჩება: მან წინა კვირაში ტელეარხ GB News-ის წამყვან ნაიჯელ ფარაჯს განუცხადა, რომ იგი ნატოს ერთგული იმ შემთხვევაში იქნება, თუ ყველა ევროპული წევრი სრულად გადაიხდის სავალდებულო თანხას.

ძალზე ნიშანდობლივია, რომ ახლა, როცა ვლადიმერ პუტინი ევროპის საზღვრებს ემუქრება, ხოლო დონალდ ტრამპი ეჭვქვეშ აყენებს ნატოს მომავალს, ჯერ კიდევ არიან ისეთი ქვეყნები, რომლებსაც არ სურთ თავიანთი თავდაცვითი ვალდებულების შესრულება. და თუ მათ რუსეთის პრეზიდენტის ზრახვები ვერ გამოაფხიზლებთ, მაშინ შესაძლებელია, რომ მათ გრძნობაზე უკვე ვერაფერი ვეღარ მოიყვანს.

წყარო