Home Blog Page 1405

“კონსტიტუციის ერთი ნორმით დაწესებული დანაწესის დარღვევა ვერ გამართლდებოდა მეორე ნორმის დაცვის საბაბით” – საკონსტიტუციო სასამართლო

კონსტიტუციის ერთი ნორმით დაწესებული დანაწესის დარღვევა ვერ გამართლდებოდა კონსტიტუციის მეორე ნორმის დაცვის საბაბით, მათ შორის, კეთილი განზრახვის მოტივაციის მოშველიებით – ამის შესახებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ის გარემოება, რომ საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ ლეგიტიმურ მიზანს ისახავდა, ვერ გააუქმებდა კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევის ფაქტს, ვერ გაანეიტრალებდა მას ან/და და ვერ შესძენდა იმდენად უმნიშვნელო ხასიათს, რომელიც იმპიჩმენტურ ბრალდებას სამართლებრივ საფუძველს გამოაცლიდა.

“საკონსტიტუციო სასამართლომ გაანალიზა საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი და მისი ადგილი ხელისუფლების დანაწილების სისტემაში. კონსტიტუციის სტრუქტურის, კონსტიტუციური ორგანოების უფლებამოსილებებისა და რელევანტური კონსტიტუციური ნორმების სისტემური განმარტებისა და ურთიერთკავშირის საფუძველზე, სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მმართველობის საპარლამენტო მოდელის გათვალისწინებით, წარმოადგენს პოლიტიკურად ნეიტრალურ ფიგურას, რომელიც არ ფლობს პოლიტიკურ ძალაუფლებას. ამასთანავე, განმარტა რა საქართველოს კონსტიტუციის 49-ე (პრეზიდენტის სტატუსი) და 52-ე (პრეზიდენტის უფლებამოსილებანი) მუხლები, სასამართლომ მიუთითა, რომ პრეზიდენტის სტატუსის შესაბამისი უფლებამოსილებანი საგარეო ურთიერთობებში გათვალისწინებულია მხოლოდ კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში, ხოლო 49-ე მუხლით გათვალისწინებული პრეზიდენტის სტატუსის თითოეული ასპექტი, ისევე როგორც კონსტიტუციის 78-ე მუხლი, დამოუკიდებლად, პრეზიდენტის რაიმე უფლებამოსილებას არ ადგენს. სასამართლოს განმარტებით, საკუთრივ კონსტიტუციის მოთხოვნას წარმოადგენს რომ პრეზიდენტის ნებისმიერი უფლებამოსილება კონსტიტუციის ამა თუ იმ ნორმით იყოს პირდაპირ და სახელდებით გათვალისწინებული.

ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლომ, კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, განმარტა საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებისა და მოლაპარაკების წარმოების კონსტიტუციური შინაარსი, მათი ძირითადი მახასიათებლები და კრიტერიუმები, ასევე ხაზი გაუსვა ამ სფეროში საქართველოს მთავრობის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას და დაადასტურა, რომ არსებული კონსტიტუციური წესრიგის პირობებში, საქართველოს პრეზიდენტის ნებისმიერი საგარეო პოლიტიკური აქტივობა წინდაწინვე სავალდებულო წესით ექვემდებარებოდა საქართველოს მთავრობის მხრიდან თანხმობის არსებობას; რომ პრეზიდენტს უფლება არ აქვს საგარეო პოლიტიკის განხორციელების სფეროში მთავრობის ექსკლუზიურ კომპეტენციაში შეიჭრეს და დამოუკიდებელი, პარალელური საგარეო პოლიტიკა განახორციელოს. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ „მთავრობისგან თანხმობის მიღება“ გულისხმობდა მთავრობასთან სტრატეგიულ და ტაქტიკურ საკითხებში შეთანხმებული მოქმედების ვალდებულებას პრეზიდენტისათვის.

საკონსტიტუციო სასამართლომ დააზუსტა, რომ კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით ნაგულისხმები არ იყო და ვერც იქნებოდა მთავრობის მხრიდან პრეზიდენტისათვის თანხმობის მიცემა შემთხვევებში, როდესაც პრეზიდენტის შესაბამისი აქტივობა არ შეესაბამებოდა საგარეო პოლიტიკის სფეროში მთავრობის მიერ განსაზღვრულ ძირითად მიმართულებებს, რის გამოც, საფუძველი არ გააჩნდა მტკიცებას, რომ თითქოს პრეზიდენტს მთავრობის თანხმობა არ ესაჭიროებოდა, როდესაც მისი ქმედება ამ მიმართულებებს შეესაბამებოდა და მთავრობის პოლიტიკას აცდენილი არ იყო.

საკონსტიტუციო სასამართლომ უშუალოდ კონსტიტუციურ წარდგინებაში იმპიჩირებად ქმედებად მიჩნეულ, პრეზიდენტის მიერ განხორციელებულ სამ სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით, დადასტურებულად მიიჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, პრეზიდენტის რანგში, განახორციელა საგარეო ურთიერთობებში სახელმწიფოს წარმომადგენლობა და სამივე შემთხვევაში აწარმოვა მოლაპარაკებები უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტებთან საგარეო პოლიტიკურ საკითხზე.

საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ქმედების კონსტიტუციურობის შეფასებაზე გავლენას ვერ მოახდენდა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გათვალისწინებული დანაწესი, რამდენადაც იგი კონსტიტუციურ ორგანოებს „საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში“ ავალდებულებდა ყველა შესაძლებელი ზომის მიღებას საქართველოს ევროინტეგრაციის მიზნებისათვის, რაც იმას გულისხმობდა, რომ ეს მუხლი საქართველოს პრეზიდენტსაც მხოლოდ „საკუთარი უფლებამოსილების“ ფარგლებში მოქმედების მანდატს ანიჭებდა და შესაბამისად, ამ მიმართულებით ნებისმიერი საქმიანობაზე, სადაც საქართველოს პრეზიდენტი ახორციელებდა საგარეო ურთიერთობათა სფეროში საქართველოს წარმომადგენლობას, ვრცელდებოდა კონსტიტუციის 52-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნა მთავრობისგან თანხმობის მიღების თაობაზე.

სასამართლომ ასევე განმარტა, რომ კონსტიტუციის ერთი ნორმით დაწესებული დანაწესის დარღვევა ვერ გამართლდებოდა კონსტიტუციის მეორე ნორმის დაცვის საბაბით, მათ შორის, კეთილი განზრახვის მოტივაციის მოშველიებით. თავისთავად ის გარემოება, რომ საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ ლეგიტიმურ მიზანს ისახავდა, ვერ გააუქმებდა კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევის ფაქტს, ვერ გაანეიტრალებდა მას ან/და და ვერ შესძენდა იმდენად უმნიშვნელო ხასიათს, რომელიც იმპიჩმენტურ ბრალდებას სამართლებრივ საფუძველს გამოაცლიდა. საკონსტიტუციო სასამართლომ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ პრეზიდენტის ფიციც, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა დადო, ავალდებულებდა მას საქართველოს კონსტიტუციის დაცვას. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ პრეზიდენტს კარგად ჰქონდა გაცნობიერებული საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებისას მთავრობის თანხმობის საჭიროება, რაც არაერთი გარემოებით მტკიცდებოდა და, ამასთანავე, ემყარებოდა გონივრულ პრეზუმფციას, რომ იგი გარკვეული იყო/უნდა ყოფილიყო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.

საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა და პასუხი გასცა სხვა არაერთ სამართლებრივ საკითხს, რაც კონსტიტუციური წარდგინების ზეპირი მოსმენის დროს იქნა პროცესის მონაწილეების მხრიდან დაყენებული. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დასკვნით დაადასტურა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა 2023 წლის 31 აგვისტოს, პირველ და 6 სექტემბერს, საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დანაწესი. სასამართლო ასკვნის, რომ აღნიშნული წარმოადგენს „კონსტიტუციის დარღვევას“ საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის მიზნებისათვის“, – ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“დღეს გაიცინა საქართველოს კონსტიტუციამ და დაღვრემილია საქართველოს პრეზიდენტი” – გურამ მაჭარაშვილი

ახლა უკვე ძალაში შესული კანონიერი გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტი ცნობილია კონსტიტუციის დამრღვევად, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მიღწეულია მიზანი, რომ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა არავის შერჩება.

„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ სამართლიანი. კონსტიტუცია მხოლოდ იურისტებისთვის არ არის დაწერილი, ის ეკუთვნის საქართველოს ყველა მოქალაქეს. სამი დღის განმავლობაში ყველა მოქალაქემ კარგად გაიაზრა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. ეს საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე მის აღიარებით ჩვენებებშიც კი გამოჩნდა. დღევანდელი რეალობა არის, ერთის მხრივ, სამწუხარო, რადგან საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც ფიცი დადო კონსტიტუციაზე, დაარღვია, განუდგა საზოგადოებას, რომელმაც ის აირჩია. ახლა უკვე  ძალაში შესული კანონიერი გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტი არის ცნობილი კონსტიტუციის დამრღვევად.

რაც შეეხება შემდგომ პროცედურას, ეს პოლიტიკური ნაწილია. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტი დღეს დგას ასეთი ალტერნატივის წინაშე – ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომ გადადგეს, ან ატაროს ტვირთი, რასაც ჰქვია საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც, პრაქტიკულად, აღარც ხალხისგან აქვს ლეგიტიმაცია და აღარც საკონსტიტუციო სასამართლოსგან, რომელმაც ფიცი დაადებინა ინაუგურაციაზე და ეს ტვირთი ზიდოს კიდევ მინიმუმ ერთი წელი. ამ რეალობის წინაშე თვითონ ჩაიყენა თავი და გადაწყვეტილებაც თვითონ უნდა მიიღოს.

მე რომ მისი მრჩეველი ვიყო, ვურჩევდი, რომ ცუდსა და უარესს შორის ალტერნატივა ცუდზე გაეკეთებინა. ცუდია, რომ პრეზიდენტი გადადგება, რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მან კონსტიტუცია დაარღვია. უარესი იქნება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსაც კი არ დაუჯეროს და ამის შემდეგაც ზიდოს ის ტვირთი, რასაც კონსტიტუციის დარღვევა ჰქვია.

ჩვენი მიზანია, არავის შერჩეს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა. რეალურად, ეს მიზანი მიღწეულია. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, გასაგებია, რომ 100 ხმა ვერ მოგროვდება. ეს პოლიტიკური ნაწილია, დღეს უკვე მივიღეთ ძირითადი ნაწილი, სადაც კონსტიტუციამ პრეზიდენტს უჩივლა, მოუგო და თქვა, რომ მე, ძირითადი კანონი არავინ უნდა დამარღვიოს. არ მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი დღეს იყოს იმ ხასიათზე, რა ხასიათზეც იყო დაახლოებით ერთი თვის, თუ თვე-ნახევრის წინ, როდესაც ღიმილიან ფოტოებს უგზავნიდა საკუთარ საზოგადოებას. რეალობა სულ სხვაა, როდესაც შენ პრეცედენტულად ხარ საქართველოში ის პრეზიდენტი, რომელზეც საზოგადოებამ უკვე გაიგო, რომ დაარღვია კონსტიტუცია, თანაც საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალური, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება გაქვს, ასეთი ტვირთის მატარებელი პრეზიდენტი შესაშური ნამდვილად აღარ არის, მით უმეტეს უცხოეთში. საქართველოს პრეზიდენტს დღეს უპასუხა საქართველოს კონსტიტუციამ, იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის. დღეს გაიცინა საქართველოს კონსტიტუციამ და დაღვრემილია საქართველოს პრეზიდენტი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.

“დღეს დადასტურდა, რომ საქართველო არის ბევრად ევროპული, თავისუფალი და დემოკრატიული, ვიდრე იყო 10 წლის წინ” – არჩილ თალაკვაძე

დღეს დადასტურდა, რომ საქართველო არის ბევრად უფრო ევროპული, ბევრად თავისუფალი და დემოკრატიული, ვიდრე იყო 10 წლის წინ, როცა ხელისუფლების ყველა შტო და ინსტიტუტი იყო ერთი ადამიანის ხელში , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე, რომლის მიხედვითაც საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპაში, მთავრობის უნებართვო ვიზიტების განხორციელებით, ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, 6 მოსამართლემ მხარი დაუჭირა იმას, რაზეც მმართველი გუნდის პოზიცია იყო, რომ იყო მარტივი კაზუსი, ხოლო სამმა განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა და “ეს არის მაგალითი, როგორ ფუნქციონირებს დემოკრატია”.

მისივე თქმით, “ხელისუფლების შტოებს შორის არის ბალანსი და სასამართლოს აქვს თავის მნიშვნელოვანი როლი ქვეყანაში”.

“ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. საკონსტიტუციო სასამართლომ მხარი დაუჭირა იმას, რომ ყველა არჩეულმა ლიდერმა, ყველა ინსტიტუტმა თავის საქმე უნდა აკეთოს კონსტიტუციის დაცვით. თუ ჩვენ გვინდა ევროპული სახელმწიფო, უნდა დავიცვათ კონსტიტუცია და ის წესები, რაც სახელმწიფოსთვის არის ძირითადი და ყველასთვის სახელმძღვანელო. ამ გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ განამტკიცა ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი და უთხრა როგორც ხელისუფლებას, ისე საზოგადოებას, რომ პირველ რიგში, ყველამ უნდა დაიცვას კონსტიტუცია, წესები და მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია ვაკეთოთ ჩვენი საქმე, მათ შორის ის, რისიც ძალიან გვჯერა. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, თუ როგორ მუშაობს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია ისევე როგორც დასავლურ დემოკრატიებში, არსებობს კონსტიტუციური წესრიგი, სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსი, საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა დავა და მიიღო სწორი გადაწყვეტილება”, – განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნა გამოაქვეყნა. კერძოდ, სასამართლომ, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპაში, მთავრობის უნებართვო ვიზიტების განხორციელებით, ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. ამასთან, როგორც ტურავამ აღნიშნა, დასკვნაზე განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა სამმა მოსამართლემ – ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის ერთ-ერთი იდეოლოგი ნიკა გვარამია პირდაპირ აღიარებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში “ნაციონალურ მოძრაობას” ჰყავს სამი წარმომადგენელი”

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, „მთავარი არხის“ ყოფილი ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას განცხადებას აფასებს, რომლის თანახმადაც საკონსტიტუციო სასამართლოში „სამი ცალკეული მოსამართლე ჰყავთ.“

მეგრელიშვილის თქმით, ამჯერად „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერმა მოსამართლეებმა საბოლოო შედეგზე გავლენა ვერ მოახდინეს და კონსტიტუციის იმპერატიულ მოთხოვნებთან სამართლებრივად დამარცხდნენ.

„მეტი რა უნდა ქნას?! “ნაციონალური მოძრაობის” ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის ერთ-ერთი იდეოლოგი ნიკა გვარამია პირდაპირ აღიარებს, რომ სასამართლო სისტემაში, კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოში, “ნაციონალურ მოძრაობას” ჰყავს სამი წარმომადგენელი მოსამართლეთა სახით, რომლებიც იმდენად დავალებულნი არიან მიხეილ სააკაშვილისაგან, რომ უაპელაციოდ ასრულებენ მის დავალებებს. მინაწერი: ამჯერად “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერმა მოსამართლეებმა საკუთარი პოზიცია გამოხატეს, მაგრამ საბოლოო შედეგზე გავლენა მაინც ვერ მოახდინეს. კონსტიტუციის იმპერატიულ მოთხოვნებთან ნაც-კლანი უძლური აღმოჩნდა და სამართლებრივად დამარცხდა,“ – წერს მეგრელიშვილი ფეისბუკზე.

“ამ ყველაფრის შემდეგ, თავმოყვარე ადამიანი გადადგებოდა, თუმცა სად სალომე და სად თავმოყვარეობა?!”

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ და „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება“ უწოდა.

„ძალიან სწორი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა! ერთი, როგორც სახელმწიფოებრივად აუცილებელი, რადგან არავინაა კონსტიტუციაზე მაღლა და ნებისმიერი თვითშემოქმედება სახელმწიფოს უმაღლეს კანონთან, აუცილებლად უნდა შეფასდეს ასე. და მეორე, პოლიტიკური – უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი ზურაბიშვილი, რომელმაც ქართული ოცნების ელექტორატი გამოიყენა საარჩევნოდ, ხოლო პირველივე შემთხვევის დროს უგულებელყო საკუთარი ამომრჩეველი და მეტიც, საკუთარი ვიწრო მერკანტილური მისწრაფებების გამო კონსტიტუციაც კი დაარღვია, სამაგალითოდაა დასასჯელი, რადგან სხვა ნებისმიერი თანამდებობის პირმა ვერ გაბედოს საქართველოს უმაღლესი კანონის უგულებელყოფა და უფლებამოსილების, საკუთარი მიზანშეწონილობით გამოყენება. ძალიან მართებულად მოიქცა ქართული ოცნება, საკონსტიტუციოს როდესაც მიმართა, ხოლო ახლა პარლამენტი გამოუცხადებს თუ არა იმპიჩმენტს სალომე ზურაბიშვილს, მეორეხარისხოვანია, რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ მოახდინა ფაქტის კონსტატირება, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია! სასჯელად კი ისიც ეყოფა, თავი ყველაზე მაღალი ეგონა და ახლა ყველაზე უპერსპექტივო, ჩამოლაბორანტებული პოლიტიკოსი გახდა. ამ ყველაფრის შემდეგ, თავმოყვარე ადამიანი გადადგებოდა, თუმცა სად სალომე და სად თავმოყვარეობა?!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6977 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6977 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6977 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6984 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8418 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8393 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0025 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“ჩინეთთან განვიხილეთ ყველა ის მიმართულება, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო გააძლიერებს” – ლევან დავითაშვილი

ჩინეთთან სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომის ფარგლებში დეტალურად განვიხილეთ ყველა ის მიმართულება და მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო გააძლიერებს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პეკინში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-8 სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

სხდომაზე მხარეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობები და თანამშრომლობა ინვესტიციების დარგში, მათ შორის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში, ასევე სოფლის მეურნეობის სექტორში პოტენციური თანამშრომლობა.

მისივე თქმით, ეს იყო პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გამოცხადდა და ყველა ის პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტის დროს განისაზღვრა, უშუალო სამუშაო კომისიის ფორმატში უნდა იყოს განხორციელებული.

„კომისიის ფარგლებში შეხვედრა გვქონდა ჩინეთის კომერციის მინისტრთან, ბატონ ვანგ ვენთაოსთან, რა დროსაც ვისაუბრეთ ჩინეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობის კუთხით ახალი ეტაპის დაწყებაზე. განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი პოტენციური საინვესტიციო პროექტები, როგორიცაა შუა დერეფნის გაძლიერება, ინვესტიციები ტრანსპორტის, ლოგისტიკის სფეროში, ინვესტიციები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ასევე სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერება და სავაჭრო ბარიერების დაძლევა. რა თქმა უნდა, დავისახეთ კონკრეტული მიზნები იმისთვის რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობა შეესაბამებოდეს სტრატეგიული პარტნიორობის დონეს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, კომისიის სხდომაზე ასევე ხაზი გაესვა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას.

აღინიშნა, რომ საქართველოს მიერ ჩინელი ტურისტებისთვის ვიზის გაუქმება ხელს შეუწყობს მეტი ჩინელი ტურისტის შემოსვლას ჩვენს ქვეყანაში და კოვიდპანდემიამდე არსებული ფრენების სიხშირის აღდგენას, ასევე ახალი, პირდაპირი ავიამიმართულებების დამატებას.

ლევან დავითაშვილის თქმით, ეს ყველაფერი გაზრდის ტურისტულ ნაკადებს და მეტ შემოსავალს მოიტანს საქართველოს ეკონომიკაში.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

“მგონი, თამაშია, რასაც ახლა ვუყურებთ და სინამდვილეში „ქართული ოცნებაც“ და სალომე ზურაბიშვილიც ერთ ძალას წარმოადგენენ”

დამოუკიდებელი სასამართლოს ზეიმია ბათუმიდან, მგონი, ყველამ იცოდა ეს ამბავი და ყველამ იცოდა, რაც მოხდებოდა პროცესთან დაკავშირებით, ხმები რომ ექვსი/სამზე გაიყოფოდა, ეს ამბავიც ყველამ იცოდა, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, „ქართულ ოცნებას“ აღარ უნდა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის ბოლომდე მიყვანა.

„მგონი, ჩვენ ახლა უკვე უნდა დავადგინოთ ის მიჯნა, რომლის მერეც ქართველი ხალხი ზოგადად ასეთ დაცინვას არ აიტანს. ზოგადად, მთელი პროცესი იყო ქართველი ხალხის დაცინვა, მათი ნერვებით და მოთმინებით თამაში. როგორც ვიცი, „ქართული ოცნება“ არ არის მონდომებული ამ თვალსაზრისით და ფულს არ ხარჯავს ჩვენ კოლეგა ოპოზიციონერებში. შესაბამისად, დავასკვენი არა ის, რომ მათ ფული არ აქვთ, არამედ ის რომ მათ არ უნდათ ამ პროცესის ბოლომდე მიყვანა. მათ უნდოდათ, რომ ქალბატონი სალომე გადაეგდოთ ოპოზიციის მხარეს და ამით მოებილიზებინათ ის ხმები, რომლებიც მათი ბოლო პერიოდის პოლიტიკის გამო პროდასავლური ხმები დაკარგეს. ეს იყო ჩემი აზრით, „ქართული ოცნების“ შიგნით ინიცირებული კონფლიქტი, რომელიც ბოლომდე არ მივა და ქალბატონი სალომეც დარჩება პრეზიდენტად, ჩემი რწმენით. უბრალოდ, ადამიანთა დიდი ნაწილი წარმოიდგენს, რომ ქალბატონი სალომე მართლა ოპოზიციონერია და რაღაცნაირად ჩათვლის, რომ მას აქვს არჩევანი პროდასავლურ „ქართულ ოცნებას“ და არაპროდასავლურ „ქართულ ოცნებას“ შორის. მგონი ეს თამაშია, რასაც ახლა ვუყურებთ და სინამდვილეში „ქართული ოცნებაც“ და სალომე ზურაბიშვილიც ერთ ძალას წარმოადგენენ. უბრალოდ, ეს არის შეურაცხმყოფელი თამაში საქართველოს მოსახლეობისთვის, როდესაც მას ატყუებენ, თითქოს მათ გუნდში რაღაც ხდება, რაღაც რომ ხდებოდეს „ქართულ ოცნებას“ ქალბატონი სალომეს გადაყენება არ გაუჭირდება, ოპოზიცია სიამოვნებით დაეხმარებოდა ცოტას ფინანსურად თუ წაეშველებოდნენ ამ პროცესში“, – განაცხადა ხვიჩიამ.

საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზში გამოცხადდა.

პრეზიდენტის გადაყენების შემთხვევაში, ახალი პრეზიდენტი 45 დღეში, ახალი წესით უნდა აირჩეს -ვახუშტი მენაბდე

პრეზიდენტის გადაყენების შემთხვევაში, ახალი პრეზიდენტი 45 დღეში, ახალი წესით უნდა აირჩეს, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ახალი წესით პრეზიდენტი საარჩევნო კოლეგიამ უნდა აირჩიოს.

„სასამართლოსგან პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის დადასტურებას 9-დან 6 ხმა სჭირდებოდა. ზუსტად 6 ხმა მოგროვდა. მხარდამჭერთა შორის არის თავად სალომე ზურაბიშვილის მიერ დანიშნული მოსამართლე; პარლამენტმა 14 დღეში უნდა გადაწყვიტოს პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს თუ არა. ამისთვის 100 ხმაა საჭირო. ოფიციალურად „ოცნება“ ამდენ მანდატს ვერ აკონტროლებს; პარლამენტი ვალდებული არ არის სასამართლოს მხრიდან პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის დადასტურების შემდეგ მას იმპიჩმენტი ავტომატურად გამოუცხადოს. შეუძლია თქვას, რომ მიუხედავად ამისა, მიზანშეწონილად არ მიიჩნევს პრეზიდენტის გადაყენებას; გადაყენების შემთხვევაში ახალი პრეზიდენტი 45 დღეში უნდა ავირჩიოთ; არჩევის წესი ახალია. პრეზიდენტს პირდაპირი გზით აღარ ავირჩევთ. ამას გააკეთებს საარჩევნო კოლეგია“, – წერს ვახუშტი მენაბდე.

საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპაში, მთავრობის უნებართვო ვიზიტების განხორციელებით, ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. ამასთან, როგორც ტურავამ აღნიშნა, დასკვნაზე განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა სამმა მოსამართლემ – ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის მიერ საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1-ელ სექტემბერს, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა ჰქონდა. პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობას არ გააჩნია.

“რუსეთი ოთხ გატაცებულ უკრაინელ ბავშვს აბრუნებს” – BBC

რუსეთი ოთხი უკრაინელი ბავშვის ოჯახებში დაბრუნებას დასთანხმდა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბავშვების დაბრუნებაზე შეთანხმება კატარის შუამავლობით მოხდა და რეპატრიაცია არის საპილოტე სქემის ნაწილი, რომელიც გასულ წელს რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გატაცებული ათასობით ბავშვის დაბრუნებას ითვალისწინებს.

აღნიშნული ოთხი ბავშვიდან ყველაზე უმცროსი 2 წლისაა, უფროსი კი 17-ის.

უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ დადასტურებული მონაცემებით, რუსეთმა 20 000 ბავშვის იძულებითი და უკანონო დეპორტაცია განახორციელა, თუმცა დეპორტირებულთა რეალური რიცხვი გაცილებით მაღალია.

შეგახსენებთ, მარტში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.

“რუსული ოცნების” შოუ გრძელდება -პეტრე ცისკარიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

„რუსული ოცნების“ შოუ გრძელდება, – ასე აფასებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა მოსამართლეები, „დიდწილად კონტროლდება ისევ ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან“.

„რუსული ოცნების“ შოუ გრძელდება. ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, სადაც „ოცნებამ“ წარადგინა მოსამართლეები, დიდწილად კონტროლდება ისევ ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან, ოღონდ სიტუაცია ერთგვარად ტრაგი-კომიკურია, თვითონ დააკომპლექტეს სასამართლო, თვითონ დაწერეს კონსტიტუცია, თვითონ აირჩიეს ასევე პრეზიდენტი ზურაბიშვილი, არ მოეწონათ მისი ვიზიტი ბრიუსელში და ამის გამო ცდილობენ, რომ მოახდინონ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი ამ თანამდებობიდან. ახლა ერთი წამით წარმოვიდგინოთ პრეზიდენტი რომ წასულიყო მოსკოვში ვიზიტით, ლავროვის მოწვევით, გაბედავდა კი „ოცნება“ თუ მასთან შეთანხმებული არ იქნებოდა ამ შემთხვევაში წამოეწყო იმპიჩმენტის პროცედურა? ეს შეკითხვა უნდა დავსვათ ჩვენ და გავცეთ პასუხი და შესაბამისად, ყველაფერი იქნება ნათელი არსებულ პოლიტიკურ ლანდშაფტში“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

“საკონსტიტუციო სასამართლომ „ქართული ოცნების“ სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო” – ლევან ბეჟაშვილი

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო და ჩვენ ვამბობდით, რომ ექვსი მოსამართლე ჰყავდათ, რეალურად, საკონსტიტუციო სასამართლომ „ქართული ოცნების“ სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, კონსტიტუციური ნორმების განხილვაში არ შევიდა და ცალსახად პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

როგორც ბეჟაშვილმა განაცხადა, სამწუხაროა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა, რომ „კლანის“ წევრების მხრიდან იმართება და შანსი არ არის, რომ პრეზიდენტმა საგარეო მიმართულებით რაიმე ნაბიჯები გადადგას.

„მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებისთვის ხმები არ აქვს, ისინი შეეცდებიან, პრეზიდენტის მანდატი საგარეო ურთიერთობებში შეზღუდოს. ყველა ოპოზიციონერს მოვუწოდებთ, კენჭისყრის პროცედურა დატოვონ, რათა მანიპულაციების საშუალება არ მიეცეს უმრავლესობას და ისინი ამ პოლიტიკურ ფარსში მარტო დავტოვოთ“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზში გამოცხადდა.