“დღეს გაიცინა საქართველოს კონსტიტუციამ და დაღვრემილია საქართველოს პრეზიდენტი” – გურამ მაჭარაშვილი

102
spot_img

ახლა უკვე ძალაში შესული კანონიერი გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტი ცნობილია კონსტიტუციის დამრღვევად, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მიღწეულია მიზანი, რომ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა არავის შერჩება.

„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ სამართლიანი. კონსტიტუცია მხოლოდ იურისტებისთვის არ არის დაწერილი, ის ეკუთვნის საქართველოს ყველა მოქალაქეს. სამი დღის განმავლობაში ყველა მოქალაქემ კარგად გაიაზრა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. ეს საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე მის აღიარებით ჩვენებებშიც კი გამოჩნდა. დღევანდელი რეალობა არის, ერთის მხრივ, სამწუხარო, რადგან საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც ფიცი დადო კონსტიტუციაზე, დაარღვია, განუდგა საზოგადოებას, რომელმაც ის აირჩია. ახლა უკვე  ძალაში შესული კანონიერი გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტი არის ცნობილი კონსტიტუციის დამრღვევად.

რაც შეეხება შემდგომ პროცედურას, ეს პოლიტიკური ნაწილია. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტი დღეს დგას ასეთი ალტერნატივის წინაშე – ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომ გადადგეს, ან ატაროს ტვირთი, რასაც ჰქვია საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც, პრაქტიკულად, აღარც ხალხისგან აქვს ლეგიტიმაცია და აღარც საკონსტიტუციო სასამართლოსგან, რომელმაც ფიცი დაადებინა ინაუგურაციაზე და ეს ტვირთი ზიდოს კიდევ მინიმუმ ერთი წელი. ამ რეალობის წინაშე თვითონ ჩაიყენა თავი და გადაწყვეტილებაც თვითონ უნდა მიიღოს.

მე რომ მისი მრჩეველი ვიყო, ვურჩევდი, რომ ცუდსა და უარესს შორის ალტერნატივა ცუდზე გაეკეთებინა. ცუდია, რომ პრეზიდენტი გადადგება, რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მან კონსტიტუცია დაარღვია. უარესი იქნება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსაც კი არ დაუჯეროს და ამის შემდეგაც ზიდოს ის ტვირთი, რასაც კონსტიტუციის დარღვევა ჰქვია.

ჩვენი მიზანია, არავის შერჩეს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა. რეალურად, ეს მიზანი მიღწეულია. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, გასაგებია, რომ 100 ხმა ვერ მოგროვდება. ეს პოლიტიკური ნაწილია, დღეს უკვე მივიღეთ ძირითადი ნაწილი, სადაც კონსტიტუციამ პრეზიდენტს უჩივლა, მოუგო და თქვა, რომ მე, ძირითადი კანონი არავინ უნდა დამარღვიოს. არ მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი დღეს იყოს იმ ხასიათზე, რა ხასიათზეც იყო დაახლოებით ერთი თვის, თუ თვე-ნახევრის წინ, როდესაც ღიმილიან ფოტოებს უგზავნიდა საკუთარ საზოგადოებას. რეალობა სულ სხვაა, როდესაც შენ პრეცედენტულად ხარ საქართველოში ის პრეზიდენტი, რომელზეც საზოგადოებამ უკვე გაიგო, რომ დაარღვია კონსტიტუცია, თანაც საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალური, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება გაქვს, ასეთი ტვირთის მატარებელი პრეზიდენტი შესაშური ნამდვილად აღარ არის, მით უმეტეს უცხოეთში. საქართველოს პრეზიდენტს დღეს უპასუხა საქართველოს კონსტიტუციამ, იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის. დღეს გაიცინა საქართველოს კონსტიტუციამ და დაღვრემილია საქართველოს პრეზიდენტი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.