Home Blog Page 1394

“ზურაბიშვილი „ნაცების“ ნარატივში რომ ჩაჯდა, კიდევ უარესი ელოდება” – გურამ მაჭარაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი რომ აღარ არის იმ გონორზე, როგორზეც იყო ერთი-ორი თვის წინ, ეს ფაქტია, რადგან კითხვებს პასუხები ვერ გასცა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში მოსვლის წინა დღეს თქვა, დუმილი დავარღვიეო და ახლა ნახავთ, რა სალომე ზურაბიშვილი გავხდებიო, თუმცა არაფერი თქვა.

„დუმილი თუ დაარღვია, კითხვებს პასუხები რატომ არ გასცა? ყველაფერს უკუღმა აკეთებს. ხალხს შეჰპირდა, „ნაცების“ საწინააღმდეგო ვიქნებიო და „ნაცებთან“ გადავიდა, ევროინტეგრაციაზე ვილაპარაკებო და უცხოეთში თქვა, საქართველოში დემოკრატია არ არისო. „ნაცების“ ნარატივში რომ ჩაჯდა, კიდევ უარესი ელოდება, თუ გონს არ მოეგება. იმედი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაემორჩილება. სხვა შემთხვევაში, უკვე სხვა პასუხისმგებლობა დადგება, რადგან არც პრეზიდენტი და არც ნებისმიერი მოქალაქე უფლებამოსილი არ არის, სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაემორჩილოს. მაშინ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ჩაერთვება. იმ სიტყვებს ვერ გავიმეორებ, მას გვარამია რას უწოდებდა – რეზიდენტთან ერთად. სწორედ ის პატარა კაცი გამოუშვა და ახლა ჩვენ გვეძახის, პატარა კაცებს. ვერავის მივცემთ უფლებას, რომ კონსტიტუცია დაარღვიოს. „ნაცებსა“ და ზურაბიშვილს ერთი პატრონი ჰყავთ. არც „ნაცებს“ უნდოდათ მის ჭკუაზე გავლა, მაგრამ პატრონმა უთხრათ, ახლა ასეა საჭიროო და მისი მითითება შეასრულეს, სხდომას არ დაესწრნენ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

“იანვარ-სექტემბერში ადგილობრივი ექსპორტი 22.5 პროცენტით შემცირდა” – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 4 607.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.7 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

ადგილობრივი ექსპორტი, რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 47.2 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.5 პროცენტით შემცირდა და 2 172.7 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 75.2 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან რუსეთი – 412.3 მლნ. აშშ დოლარით, თურქეთი – 290.5 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 235.0 მლნ. აშშ დოლარით.

საქსტატის ცნობით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 433.0 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 19.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 193.0 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 140.1 მლნ. აშშ დოლარით.

არ არსებობს არანაირი რეალური არგუმენტი, რომელიც პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას გააბათილებს -ირაკლი ჩიქოვანი

გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ არსებობს ძალიან კონკრეტული სამართლებრივი არგუმენტები და არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მიუთითებს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ჩიქოვანმა.

„მეორეს მხრივ, დავინახეთ, რომ არ არსებობს არანაირი რეალური არგუმენტი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს ამ დარღვევის გასაბათილებლად“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.

პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა. სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას 86-მა დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო ერთი წინააღმდეგ წავიდა. კენჭისყრა ფარული წესით ჩატარდა. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის 100 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. რეგისტრაცია კი 90-მა დეპუტატმა გაიარა.

საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია – ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებასთან დაკავშირებით 2023 წლის 16 ოქტომბერს გამოაცხადა.

“მთავრობის სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია, რომ საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადმა პანდემიამდელ ნიშნულს 9%-ით გადააჭარბა” – მარიამ ქვრივიშვილი

„საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია პირდაპირი რეისების სტიმულირება. ამიტომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად მუშაობს პარტნიორ ავიაკომპანიებთან, რათა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტებიდან დაინიშნოს მეტი პირდაპირი რეისი და გაიზარდოს სიხშირეები. სწორედ წარმატებული მოლაპარაკებების შედეგია, რომ დღეს გვაქვს პოზიტიური მაჩვენებელი ავიაციაში მგზავრთნაკადის აღდგენის კუთხით – სასიხარულოა, რომ 2023 წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადმა პანდემიამდელ ნიშნულს 9%-ით გადააჭარბა, რაც მთავრობის სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2023 წლის პირველ ცხრა თვეში, საქართველოს აეროპორტები 4,529,466 მგზავრს მოემსახურა, რაც 37%-ით აღემატება 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობას. ამასთან, საანგარიშო პერიოდში საქართველოს აეროპორტებში დაფიქსირებული მგზავრთნაკადი, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას 9%-ით აღემატება, რაც პირველი შემთხვევაა პანდემიის გამო შეჩერებული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში იზრდება როგორც პირდაპირი რეისების რიცხვი, ისე მგზავრთნაკადი. „შედეგად, საქართველოში ჩამოდის კიდევ უფრო მეტი ტურისტი, რაც დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სექტორის გაძლიერებაზე. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ მნიშვნელოვან ზრდას ვხედავთ ევროპული ქვეყნებიდან,” – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი მგზავრთნაკადის ზრდას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, საიდანაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნების 30 – მდე მიმართულებით ხორციელდება პირდაპირი რეისები. მისი თქმით, საამაყოა, რომ აღნიშნულმა აეროპორტმა მიმდინარე წელს მილიონ მგზავრს პირველად გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის იანვარ-სექტემბერში აეროპორტის მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 93%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს აუცილებლად დაძლევს -გივი მიქანაძე

პარლამენტში შემოვიდა პრეზიდენტის შესაბამისი დასკვნა, თუ რატომ დაადო კანონპროექტს ვეტო. ვერცერთი მტკიცებულება იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ეთქვას რამე, ან სტრასბურგის გადაწყვეტილებებში იყოს რაიმე, ამ დასკვნაში წარმოდგენილი არ არის, – ასე გამოეხმაურა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომელმაც „შეკრებებისა და მენიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს ვეტო დაადო.

„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ამ ვეტოს პოლიტიკურ ხასიათზე. უმრავლესობა ამ ვეტოს აუცილებლად დაძლევს და შესაბამისად საქართველოში იმოქმედებს ის კანონი, რომელიც უპირველეს ყოვლისა ჩვენი საზოგადოების ინტერესებზეა ორიენტირებული“, – განაცხადა მიქანაძემ.

პრეზიდენტმა „შეკრებებისა და მენიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს ვეტო დაადო.

რიში სუნაკი ისრაელში ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი ისრაელში ჩავიდა.

როგორც მედია წერს, სუნაკი რეგიონში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებშიც სხვა ქვეყნებსაც ეწვევა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი შეხვდება ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს.

უკრაინის თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებმა ერთნაირსქესიანთა რეგისტრირებული პარტნიორობის კანონპროექტს მხარი დაუჭირეს

უკრაინის თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებმა მხარი დაუჭირეს რეგისტრირებული პარტნიორობის კანონპროექტს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია დეპუტატ ინა სოვსუნზე დაყრდნობით იტყობინება.

მათი ცნობით, კანონპროექტების მიზანია დაეხმაროს LGBT-წევრებს განსაზღვრონ საერთო უფლებები და ვალდებულებები, უძრავი ქონების საკითხი, მემკვიდრეობა, სოციალური დაცვა და პარტნიორის გაუჩინარების შემთხვევაში არსებული უფლებები.

სოვსუნმა კანონი უკრაინის რადას 2023 წლის მარტში წარუდგინა. დოკუმენტზე არასამთავრობო ორგანიზაციები 9 თვის განმავლობაში მუშაობდნენ. მაშინ სამინისტროებმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს, რადგან ერთნაირსქესიანთა პარტნიორობა მასში ქორწინებასთან იყო გაიგივებული. ახლა უწყებების პოზიცია შეცვლილია. იუსტიციის სამინისტრო კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისთვის შენიშვნებსაც ამზადებს.

„ახლა ინიციატივა პარლამენტის ხელშია, რომელმაც მხარი უნდა დაუჭიროს კანონპროექტს პირველი მოსმენით, რათა საშუალება მისცეს იუსტიციის სამინისტროს მეორე მოსმენაში თავისი შენიშვნების შეტანისთვის“, – განაცხადა სოვსუნმა.

“უცნაურად გამოიყურებოდა ის, რომ უმრავლესობა მშვენიერ განწყობაზე იყო მიუხედავად იმისა, რომ მათთვის სასურველი შედეგი არ დადგა”

ძალიან უცნაური პროცესი იყო. საბოლოო ჯამში ვერ გავიგე რას მიაღწია უმრავლესობამ. თან უცნაურად გამოიყურებოდა ის, როცა უმრავლესობა მშვენიერ განწყობაზე იყო მიუხედავად იმისა, რომ მათთვის სასურველი შედეგი არ დადგა, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა იმპიჩმენტის პროცესზე საუბრისას განაცხადა.

„არც პრეზიდენტს ეტყობოდა, რომ ძალიან განიცდიდა, ისიც ვერ გავიგე რატომ არ უპასუხა კითხვებს. საერთოდ ვერ გავიგე ჩემი კოლეგების ქცევა, რომლებიც დარბაზში არ შემოვიდნენ“, – აღნიშნა რაქვიაშვილმა.

პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა. სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას 86-მა დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო ერთი წინააღმდეგ წავიდა. კენჭისყრა ფარული წესით ჩატარდა. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის 100 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. რეგისტრაცია კი 90-მა დეპუტატმა გაიარა.

საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია – ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებასთან დაკავშირებით 2023 წლის 16 ოქტომბერს გამოაცხადა.

“ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის მიღწევის მიზნით, ჩინეთი ეგვიპტესთან ითანამშრომლებს” – სი ძინპინი

ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის მიღწევის მიზნით ჩინეთი ეგვიპტესთან ითანამშრომლებს, – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ეგვიპტის პრემიერ-მინისტრ მუსტაფა მადბულს პეკინში განუცხადა.

მისი თქმით, ჩინეთს სურს ეგვიპტესთან თანამშრომლობა გააძლიეროს და მეტი სტაბილურობა შესძინოს რეგიონსა და მსოფლიოს.

„ჩინეთი და ეგვიპტე კარგი მეგობრები არიან, რომლებიც იზიარებენ მსგავს მიზნებს და განვითარებისა და საერთო კეთილდღეობისთვის ერთად მუშაობენ. ამჟამად, საერთაშორისო და რეგიონული ვითარება ღრმა და კომპლექსურ ცვლილებებს განიცდის, მსოფლიო ისეთი სისწრაფით იცვლება, რომელიც ბოლო საუკუნის განმავლობაში არავის უნახავს“, – განაცხადა სი ძინპინმა, რომლის კომენტარს ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელი CCTV-ი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმების შემდეგ ეგვიპტემ ღაზას სექტორთან საზღვარი დაკეტა.

ათენში პალესტინის მხარდამჭერ აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

ათენში პალესტინის მხარდამჭერ აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც მედია წერს, დემონსტრაციაში დაახლიებით 10 000 ადამიანი მონაწილეობდა. აქციის მონაწილეები ისრაელის საელჩოსკენ მსვლელობას ცდილობდნენ, თუმცა პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და აქციის დაშლა მოახერხა.

დაკავებულების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.

შეგახსენებთ, საბერძნეთმა „ჰამასთან“ ომში მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა ისრაელს.

აშშ „ჰამასის“ ათ მთავარ წევრს სანქციებს უწესებს

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები „ჰამასის“ ათ მთავარ წევრს სანქციებს უწესებს.

„ეს პირები მხარს უჭერდნენ „ჰამასსა“ და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს, რაც საშუალებას აძლევდა „ჰამასს“, განეხორციელებინა თავისი სასტიკი ტერორიზმი, როგორიცაა თავდასხმა ისრაელზე“, – ნათქვამია სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში.

მათივე განმარტებით,  სანქციები მიმართულია „ჰამასის“ ტერორისტებისა და მათი მხარდამჭერი ქსელისკენ და არა პალესტინელებისკენ.

„ჩვენ გავაგრძელებთ გადავდგათ ყველა საჭირო ნაბიჯი იმისთვის, რომ „ჰამასის“ ტერორისტებს აღარ ჰქონდეთ შესაძლებლობა შეაგროვონ და გამოიყენონ თანხები სისასტიკის განსახორციელებლად და ისრაელის მოსახლეობის დასატერორებლად“, – განაცხადა აშშ-ის სახაზინო მდივანმა ჯანეტ იელენმა.

ერთ-ერთი სანქცირებულია აიმან ნოფალი, ჰამასის მეთაური, რომელიც მიმდინარე კვირის დასაწყისში ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად დაიღუპა.

ლიბანში „ჰეზბოლას“ სამხედრო ობიექტებზე საპასუხო დარტყმები ხორციელდება -ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ლიბანის საზღვართან „ჰეზბოლას“ სამხედრო ობიექტებზე დარტყმებს ახორციელებენ.

თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სამიზნეებს შორისაა სამხედრო სადამკვირვებლო პუნქტი, საიდანაც გუშინ, ისრაელის როშ ჰანიკრას მიმართულებით მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა გაისროლეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების განმარტებით, ისინი „ჰეზბოლას“ სამხედრო ობიექტებზე საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ.