ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის მიღწევის მიზნით ჩინეთი ეგვიპტესთან ითანამშრომლებს, – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ეგვიპტის პრემიერ-მინისტრ მუსტაფა მადბულს პეკინში განუცხადა.
მისი თქმით, ჩინეთს სურს ეგვიპტესთან თანამშრომლობა გააძლიეროს და მეტი სტაბილურობა შესძინოს რეგიონსა და მსოფლიოს.
„ჩინეთი და ეგვიპტე კარგი მეგობრები არიან, რომლებიც იზიარებენ მსგავს მიზნებს და განვითარებისა და საერთო კეთილდღეობისთვის ერთად მუშაობენ. ამჟამად, საერთაშორისო და რეგიონული ვითარება ღრმა და კომპლექსურ ცვლილებებს განიცდის, მსოფლიო ისეთი სისწრაფით იცვლება, რომელიც ბოლო საუკუნის განმავლობაში არავის უნახავს“, – განაცხადა სი ძინპინმა, რომლის კომენტარს ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელი CCTV-ი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმების შემდეგ ეგვიპტემ ღაზას სექტორთან საზღვარი დაკეტა.