Home Blog Page 1268

“რუსული კანონის შემოგდებით, ივანიშვილს სიტუაციის არევა სურს” – მიხეილ სააკაშვილი

ახლა ამ რუსული კანონის შემოგდებით, ივანიშვილს სიტუაციის არევა სურს. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი, მტკიცე და არც კანონის გატანის, არც არევის საშუალება არ უნდა მივცეთ, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც საპარლამენტო უმრავლესობის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში კვლავ დაინიცირებას გამოეხმაურა.

ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნულ კანონპროექტს პროვოკაციას უწოდებს.

„რაც შეეხება პროვოკაციას “უცხოელი აგენტების კანონის” თაობაზე, “ოცნებამ” იცის, რომ მათი მმართველობა მთავრდება. მათ გაანადგურეს ეკონომიკა, უსაშველოდ აწიეს ფასები, ასობით ათასი ქართველი იძულებული გახდა დაეტოვებინა სამშობლო.

ახლა ამ რუსული კანონის შემოგდებით, ივანიშვილს სიტუაციის არევა სურს. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი, მტკიცე და არც კანონის გატანის, არც არევის საშუალება არ უნდა მივცეთ. არჩევნებამდე გაძლიერებული უნდა მივიდეთ. მოვიყვანოთ ახალი მთავრობა, რომელიც “ოცნებასთან” ერთად სიღარიბესა და უპერსპექტივობას მოგვაშორებს,“ – წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში დაინიცირდება ზუსტად იგივე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიცირებული, ერთადერთი განსხვავებით – ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებული იქნება ტერმინი – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“, კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.

“ერევანმა გადაწყვეტილებები ყარაბაღის საკითხზე ნატო-ს გავლენით მიიღო” – მარია ზახაროვა

ერევანმა გადაწყვეტილებები ყარაბაღის საკითხზე ნატო-ს გავლენით მიიღო და განცხადებები, თითქოს მოსკოვი და „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“ არ დაეხმარნენ სომხეთს, სიცრუეა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, ყარაბაღის საკითხზე გადაწყვეტილება ოფიციალურმა ერევანმა დასავლეთთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო და რუსეთის დანაშაულის შესახებ სიცრუე ვრცელდება.

„დასავლეთის ქვეყნებმა ხელი შეუწყვეს სომხეთის მთიან ყარაბაღზე ოფიციალური უარის თქმის თემას. მთიანი ყარაბაღის მცხოვრებლების უფლებები არანაირად არ იყო გაწერილი და გარანტირებული ნატო-ს კარნახით გაფორმებულ დოკუმენტებში. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ახალი გამწვავება დამოკიდებულია მხოლოდ იმაზე, თუ რამდენად მისცემს ნებას ოფიციალური ერევანი ევროკავშირს, აშშ-სა და ბრიტანეთს დესტრუქციული გავლენა მოახდინონ რეგიონში და ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.

“როდესაც მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით კონფერენციაზე იწვევენ ადამიანს, რომელიც მართლმსაჯულების ანტიპოდია, ეს ფარისევლობის ნიშნებს შეიცავს” – შალვა პაპუაშვილი ზურაბ ადეიშვილზე

ევროკომისიამ კარგად იცოდა, ვის იწვევდა ამ კონფერენციაზე. როდესაც იწვევენ კონფერენციაზე მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით, ადამიანს, რომელიც არის ყველაფერი, გარდა მართლმსაჯულებისა, რომელიც არის ანტიპოდი მართლმსაჯულებისა, ეს არის ძალიან იმედგამაცრუებელი და შეიცავს ფარისევლობის ნიშნებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ზურაბ ადეიშვილის ჰააგაში გამართულ კონფერენციაზე მიწვევასთან დაკავშირებით განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, „მძიმე სურათია, როდესაც ჰააგაში, რომელიც მართლმსაჯულების დედაქალაქად ითვლება, ადამიანებთან ერთად, რომლებიც მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობის სფეროში მუშაობენ, ვხედავთ აღიარებულ კრიმინალს“.

„ძალიან მძიმეა ამ სურათის ნახვა, როდესაც ჰააგაში, რომელიც მართლმსაჯულების დედაქალაქად ითვლება, ადამიანებთან ერთად, რომლებიც მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობის სფეროში მუშაობენ, ვხედავთ აღიარებულ კრიმინალს, რომელსაც 5 სხვადასხვა საქმეზე მისჯილი აქვს ჯამში 18 წელი, ადამიანი, რომელმაც შექმნა წამების სისტემა საქართველოში, ადამიანი, რომლის დანაშაულებიდანაც ყველაზე გამოსაყოფია ის, რომ კობა დავითაშვილი გაატაცებინა, აცემინა და ადამიანი ამ ცემის გამო ლამის სიკვდილამდე მიიყვანეს და ჯანმრთელობა იმდენად შეერყა, რომ გავლენა ჰქონდა ბოლომდე მისი ცხოვრების ხარისხზე. ეს ადამიანი არათუ თავისუფლად გადაადგილდება, მას ხელს ართმევენ და ხვდებიან სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები. ეს არის სწორედ ის ფარისევლობა, რომელიც სამწუხაროა ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან. ბრიუსელში შეხვედრების შემდეგ, მე მგონი, ყველამ გაიგო საბოლოდ ვინ არის ზურაბ ადეიშვილი, მიუხედავად ამისა, ის აღმოჩნდა ამ კონფერენციაზე. აქ ხაზგასასმელია ერთი საკითხი, ეს კონფერენცია ორგანიზებულია ჰოლანდიისა და უკრაინის მთავრობების მიერ ევროკომისიასთან ერთად. ევროკომისია არის ამ კონფერენციის თანაორგანიზატორი, მათ შორის, მართლმსაჯულების საკითხზე ევროკომისარი იყო მთავარი ფიგურა ამ კონფერენციაზე და გახსნითი სიტყვაც თქვა მან ანუ ევროკომისიის მოწვევით იყვნენ იქ წარმოდგენილი ადამიანები. ევროკომისიამ კარგად იცოდა, ვის იწვევდა ამ კონფერენციაზე და დარწმუნებული ვარ, განსაკუთრებით უსაფრთხოების გამოწვევებიდან გამომდინარე, მონაწილეთა სია კონტროლდება და უყურებენ ვინ არის მონაწილე. და როდესაც იქ ხედავენ ადამიანს, რომელიც არის აღიარებული კრიმინალი და ამ ადამიანს შემდეგ იწვევენ კონფერენციაზე მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით, ადამიანს, რომელიც არის ყველაფერი გარდა მართლმსაჯულებისა, რომელიც არის ანტიპოდი მართლმსაჯულებისა, ეს არის ძალიან იმედგამაცრუებელი და შეიცავს ფარისევლობის ნიშნებს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

“მინდა, ბიძინა ივანიშვილს ვუთხრა, რომ არ გაგატანთ საქართველოს რუსეთში” – მამუკა ხაზარაძე

კრემლის დავალებები, რომელიც წინა წელს ჩაგივარდათ, არ გაგივათ! – “რუსული კანონი” არ გავა, ისევე როგორც ვერ დარჩება “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში – არ გაგატანთ საქართველოს რუსეთში, – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც საპარლამენტო უმრავლესობის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში კვლავ დაინიცირებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა “რუსული კანონის” შესახებ ერთი წლის წინ ჩავარდნილი ოპერაციის თავიდან გაცოცხლების დავალება კრემლიდან მიიღო, რადგან ევროკავშირის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას ხელი შეეშალოს.

“ქართულმა ოცნებამ” და პირადად ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთი დავალება მიიღო. ერთი წლის წინ ჩავარდნილი ოპერაცია “რუსული კანონის” შესახებ თავიდან გააცოცხლა. დავალება მიიღო პირდაპირ კრემლისგან, რადგან ახლა უფრო დიდ მიზანს შეუშალოს ხელი რასაც ჰქვია მოლაპარაკებების დაწყება ევროკავშირში.

მე მინდა, მივმართო ბიძინა ივანიშვილს, გამოვიდეს, როგორც ე.წ. საპატიო თავმჯდომარე პარტიის და ქართველ ხალხს უთხრას, თუ რასთან გვაქვს საქმე. გამოვიდეს და თქვას, საიდან ფინანსდება მისი პარტია, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის ერთ-ერთი მსხვილი აქციონერი რუსული კომპანიების და აქ გამოდის და ლაპარაკობს ევროპიდან შემოსული თანხების წარმომავლობაზე. ევროპიდან შემოსული თანხები არის გამჭვირვალე და არანაირი კანონი არ სჭირდება იმას, რომ საგადასახადო ინსპექციამ, ფულის მონიტორინგის სამსახურმა და უამრავმა მაკონტროლებელმა ამოიღოს ინფორმაცია, თუ საიდან შემოდის ევროპიდან ფული და რომელ ორგანიზაციაში შედის. ამას არ სჭირდება კანონი, უბრალოდ, “ქართულ ოცნებას” სჭირდება ეს კანონი, რომ გააკონტროლოს თავისუფალი აზრი, გააკონტროლოს არჩევნები და დაბლოკოს ევროპული პერსპექტივა.

მე მინდა, ბიძინა ივანიშვილს ვუთხრა, რომ არ გაგატანთ საქართველოს რუსეთში. ეს ძალიან კარგად დაიმახსოვრე ჩემგან და ჩემი მეგობრებისგან. ქართველი ხალხის გზავნილს გიგზავნი. არ გაგატან. მთელი შენი ეს ტრიუკები არის მოძველებული და უბრალოდ, მოძველებული კი არ არის, ჭაობისკენ მიმავალია. შენ არ ემსახურები ქართველ ხალხს. შენ არ ემსახურები ქართველი ხალხის ინტერესს, შენ დაცალე ეს ქვეყანა, შენ უმუშევრობის ჭაობში ჩააგდე ეს ქვეყანა, შენ არ იხდი გადასახადებს ამ ქვეყანაში, შენ არ შემოგაქვს ინვესტიცია ამ ქვეყანაში, შენ გინდა მხოლოდ ერთი რამ და ეს არის ის, რომ შენ იყო უსაფრთხოდ ზღვის სანაპიროზე მოკალათებული და შენმა გარემოცვამ აკეთოს ფული ქართველი ხალხის ხარჯზე. ეს კანონი და ყველა ის ტრიუკი, რომელიც აქამდე გაქვს ჩატარებული, არ გაგივა, იმიტომ, რომ ამ ქვეყნის პერსპექტივა არის თავისუფალი სამყარო,” – განაცხადა ხაზარაძემ.

“მაგრად „გამისწორდებოდა“ უმრავლესობა ქალები რომ იყოთ პოლიტიკაში, ბევრად სასიამოვნოდ გავატარებდი დროს საპირისპირო სქესის ადამიანებთან, მაგრამ არ არის, რა ვქნა?” – ვახტანგ მეგრელიშვილი

მაგრად „გამისწორდებოდა“ უმრავლესობა ქალები რომ იყოთ [პოლიტიკაში]. ბევრად უფრო სასიამოვნოდ გავატარებდი დროს საპირისპირო სქესის ადამიანებთან, მაგრამ არ არის, რა ვქნა? ძალით ხომ არ მოვიყვანთ?! ჩემი სიამოვნებისთვის ძალით რომ შემეძლოს ქალების მოყვანა, ხომ სხვა სახელს დამარქმევდით? ჩემი სიამოვნებისთვის ჰარემს ხომ არ გავაკეთებ? – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ.

მეგრელიშვილის თქმით, ქალებს პოლიტიკა ნაკლებად აინტერესებთ და არაა გამორიცხული, რომ საქართველოს შემთხვევაში, სადაც „პოლიტიკოსების მიმართ ხშირად უსამართლო დამოკიდებულებაა“, ქალებს კიდევ უფრო ნაკლებად უნდოდეთ ამ სფეროში მონაწილეობა.

„მიუხედავად იმისა, რომ უფლებრივად სრულიად თანასწორები უნდა ვიყოთ ადამიანები, მიუხედავად ჩვენი სქესისა, რელიგიური რწმენისა ან სექსუალური ორიენტაციის, ფაქტია, ობიექტური მოცემულობაა, რომ განსხვავებული ინტერესები გვაქვს. სადღაც ვიკვეთებით – ქალებშიც ჩნდებიან ადამიანები, რომელთაც მამაკაცური ტიპის თამაშები უყვართ და კაცებშიც არიან ადამიანები, ვისაც ქალური ტიპის თამაშები უყვართ, მაგრამ ცხადია, რომ ჭაბურღილებზე, თითქმის 100% კაცები მუშაობენ, ისევე როგორც საბავშვო ბაღებში დიდი პროცენტი ქალები არიან. ცნობილია, რომ ქალებს უყვართ ადამიანებთან ურთიერთობასთან დაკავშირებული პროფესიები და კაცები არიან წარმოდგენილები იმ პროფესიებში, რომელსაც კავშირი აქვს მექანიკურ რაღაცებთან – მანქანა იქნება ეს, მშენებლობა თუ ა.შ.

ჩემო ძვირფასო ანა [წითლიძე], მაგრად „გამისწორდებოდა“ უმრავლესობა ქალები რომ იყოთ [პოლიტიკაში]. მე, როგორც ამ პროფესიით მოხიბლული ადამიანი, ბევრად უფრო სასიამოვნოდ გავატარებდი დროს საპირისპირო სქესის ადამიანებთან, მაგრამ არ არის, რა ვქნა? ძალით ხომ არ მოვიყვანთ?! ჩემი სიამოვნებისთვის ძალით რომ შემეძლოს ქალების მოყვანა ხომ სხვა სახელს დამარქმევდით? ჩემი სიამოვნებისთვის ჰარემს ხომ არ გავაკეთებ? იმის თქმა მინდა, რომ ქალებს პოლიტიკა მართლა ნაკლებად აინტერესებთ, ვიდრე კაცებს. არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოს შემთხვევაში, სადაც საკმაოდ დაძაბული, ნევროზული, ხშირად უსამართლო დამოკიდებულებაა პოლიტიკოსების მიმართ, ქალებს კიდევ უფრო ნაკლებად უნდოდეთ ამ სფეროში მონაწილეობა. თანასწორობასა და პრივილეგიას შორის არაფერი კავშირი არ არსებობს. ლინგვისტურ დონეზე, ორი სხვადასხვა რამეა. თუ თანასწორობას ვითხოვთ, უფლებრივ თანასწორობას ვითხოვთ და არა შედეგების შესაბამისად თანასწორობას იმიტომ, რომ ისევ იქ მივდივართ, რომ შედეგების შესაბამისად თანასწორობა არის კომუნიზმი. ანუ, კომუნიზმი არის სისტემა, რომელსაც მიზნად აქვს დასახული, ადამიანები გაათანაბროს შედეგების მიხედვით“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

„თბილისი პრაიდი“ გამჭვირვალობის კანონს რუსულ კანონს უწოდებს

„თბილისი პრაიდი“ გამჭვირვალობის კანონს რუსულ კანონს უწოდებს. ამის შესახებ „თბილისი პრაიდი“ „ფეისქბუქის“ გვერდზე წერს.

„ქართული ოცნება რუსულ კანონს ხელახლა აინიცირებს! “საპარლამენტო უმრავლესობამ პოლიტსაბჭოსთან კონსულტაციით მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” – მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე გამოაცხადა. ქართულმა ოცნებამ 2023 წლის მარტში უკვე სცადა და ვერ შეძლო რუსული კანონის მიღება“, – წერს „თბილისი პრაიდი“.

საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში ხელახლა წარადგინოს.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება

თბილისში მოძრავ N313, N320, N323, N326 და N372 მარშრუტებს 6 აპრილიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ავტობუსების რაოდენობა ეტაპობრივად ემატება იმ მარშრუტებს, სადაც მგზავრთა ყველაზე დიდი დატვირთვა ფიქსირდება.

„6 აპრილიდან დედაქალაქში მოქმედ მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება.  ეს მარშრუტებია: N313, N320, N323, N326 და N372. N313-ის შემთხვევაში, მოლოდინის დრო შემცირდება 13 წუთამდე, N320-ის – 8 წუთამდე, N323-ის – 11 წუთამდე, N326-ის – 18 წუთამდე, N372-ის შემთხვევაში კი – 12 წუთამდე. ჩვენთვის ეს საკმაოდ მნიშნელოვანია, რადგან გვქონდა პრობლემური ადგილები, სადაც ადამიანებს უწევდათ 30-40 წუთი ლოდინი. ვცდილობთ, სწორედ ასეთ არეალებში დავამატოთ ავტობუსები და მოცდის დრო შევამციროთ. პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც დედაქალაქის მოსახლეობას 50 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი ემსახურება, გამოთავისუფლებული რესურსი სწორედ იმ მარშრუტებზე ნაწილდება, სადაც ყველაზე დიდი დატვირთვა ფიქსირდება.

24 სხვადასხვა მარშრუტზე ავტობუსების დამატების პროცესი 23 მარტიდან დაიწყო და 13 აპრილს დასრულდება.

 

თბილისის მერია ბიზნესსექტორს პერსონალური კონსულტანტის მომსახურებას სთავაზობს

თბილისის მერიამ პირველი აპრილიდან ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის პერსონალური კონსულტანტის მომსახურების სერვისი აამოქმედა.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ელექტრონულ პორტალზე consultant.tbilisi.gov.ge რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია.

„თბილისის მერია ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს პერსონალური კონსულტანტის მომსახურებას სთავაზობს.  სერვისი ამოქმედდა მიმდინარე წლის 1-ელი აპრილიდან და რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე consultant.tbilisi.gov.ge. აღნიშნული სერვისის ფარგლებში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, მათ მიერ რეგისტრირებულ განაცხადში წარმოდგენილ ერთ ან მეტ მიწის ნაკვეთზე ან კონკრეტულ არეალზე მიიღონ ნებისმიერი მათთვის საჭირო ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ქალაქთმშენებლობით წარმოებას, დოკუმენტის განმარტებას, სამშენებლო ნებართვასა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესზე კონსულტაციას. პერსონალური კონსულტანტის მომსახურება შესაძლებელი იქნება წარმოების ნებისმიერ ეტაპზე. განაცხადის რეგისტრაციისთანავე გამოიყოფა კონკრეტული კონსულტანტი, რომელიც დაუკავშირდება ბიზნესსექტორის წარმომადგენელს და ინდივიდუალური, სატელეფონო კონსულტაციის რეჟიმში მოემსახურება მას. თანამშრომელი შეისწავლის არეალს, უპასუხებს დამკვეთის შეკითხვებს, განუმარტავს დოკუმენტაციას და მისცემს შესაბამის მიმართულებას წარმოების შედეგიანად მიმდინარეობისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული მომსახურება ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეუქმნის ნიადაგს წარმოების სწორად და ეფექტიანად დაგეგმვისთვის, რაც საბოლოოდ შეამცირებს წარმოების დროს.

„თითოეულ განაცხადზე მომსახურების გაწევის მინიმალური ვადაა სამი თვე. რაც შეეხება მომსახურების საფასურს, 1 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთისთვის 3 თვეზე 6 000 ლარია, რაც თვეში შეადგენს 2 000 ლარს; 1-დან 5 ჰა-მდე მიწის ნაკვეთისთვის შეადგენს 12 000 ლარს; იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთის ფართობი აღემატება 5 ჰა-ს – მომსახურების საფასური შეადგენს 30 000 ლარს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე ინფორმაციით, პირადი კონსულტანტები ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ინდივიდუალურ რეჟიმში მოემსახურებიან შემდეგი მიმართულებებით: ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტის შემუშავებისა და დამტკიცებისათვის ან/და მშენებლობის ნებართვის გაცემისთვის ან/და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ადმინისტრაციულ ორგანოებში, კანონმდებლობით დადგენილი ვადების ფარგლებში ადმინისტრაციული წარმოებისთვის კოორდინაციის პროცესში ხელშეწყობა; შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული შენიშვნის/ხარვეზის/მოთხოვნის განმარტება.

„საკმაოდ მნიშვნელოვანი სერვისია, რომელიც ადამიანებს გაუადვილებს მშენებლობის ნებართვის მიღებას, სხვადასხვა დოკუმენტთან ან არეალთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებას და ა.შ. ამისთვის თანამშრომლები სპეციალურად გადავამზადეთ, გაიარეს სტაჟირება. ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს იმისთვის, რომ თითოეული კონსულტანტი ყველანაირად კვალიფიციური იყოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ზედაპირზე გამოვლენილი უსწორმასწორობის შესაბამისად, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ჭერის რეაბილიტაციის პროექტი განახლდა

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რკინა-ბეტონის თაღის გეომეტრიული პარამეტრების სივრცული სკანირება განხორციელდა, რის შედეგადაც გამოვლენილი ზედაპირის უსწორმასწორობის შესაბამისად, საპროექტო კომპანიის მიერ ჭერის პროექტი განახლდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სრულად რეაბილიტირდება და განახლდება აღნიშნული სადგურის ზედა ვესტიბიული, საესკალატორო გვირაბი, ქვედა ბაქნის ინტერიერი და შიდა ინფრასტრუქტურა.

„მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, განხორციელდა ქვედა ბაქნის ჭერზე არსებული აზბესტის ფილების დემონტაჟი, რკინა-ბეტონის თაღის გეომეტრიული პარამეტრების სივრცული სკანირება, რის შედეგადაც გამოვლენილი ზედაპირის უსწორმასწორობის შესაბამისად, საპროექტო კომპანიის მიერ განახლდა ჭერის პროექტი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, ამ ეტაპზე, მშენებელი კომპანია ჭერის მასალების დამამზადებელ კომპანიასთან ერთად ამუშავებს საინჟინრო-სამონტაჟო დეტალებს, რათა დამზადდეს ჭერის მასალები.

„ჭერის პროექტში ცვლილებების განხორციელების აუცილებლობამ გარკვეულწილად შეაფერხა სამუშაოების პროცესი, მაგრამ ვვარაუდობთ, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

“ჩვენ შევძლებთ, დავიცვათ ევროპული პერსპექტივა ქუჩებში თუნდაც გამოხატვის კონსტიტუციური ფორმებით” – ნიკა გვარამია

ბედნიერება რომ ვიპოვოთ ამ ქვეყანაში, „ქართული ოცნება“ აღარ უნდა იყოს ხელისუფლებაში, დღეს „ქართული ოცნება“ აღარ არის მხოლოდ საფრთხე ქართული დემოკრატიისთვის, ის არის ქართული სახელმწიფოებრიობისთვის საფრთხის შემცველი ძალა, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ წევრმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისი თქმით, პარტია „ახალი“ გააკეთებს ყველაფერს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი.

„მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენი პარტია „ახალი“ გააკეთებს ყველაფერს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს არის ჩვენი შექმნის მთავარი საფუძველი. ის, რომ ქართველი ხალხი შევიყვანოთ მის ისტორიულ ოჯახში, ევროკავშირში. დაჩქარებული წესით ეს კანონპროექტი არ მიიღებაო გვითხრეს დღეს უმრავლესობის წევრებმა. ეს არის ხაფანგი. კანონი არ მიიღება დაჩქარებული წესით მხოლოდ იმის გამო, რომ ივნისში იგეგმება მისი მიღება, ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში, რომ არ იყოს პროტესტები ამ დროს და ხალხს უბრალოდ არ ეცალოს პროტესტის გამოსახატავად“, – განაცხადა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას თქმით, მოქალაქეებმა უნდა დაიცვან ევროპული პერსპექტივა.

„მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ ვუგულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებს ევროპულ ოჯახში და ასევე შევძლებთ, რომ დავიცვათ ჩვენი ევროპული პერსპექტივა ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ქუჩებში თუნდაც გამოხატვის კონსტიტუციური ფორმებით, დაწესებულებებში და ნებისმიერ ადგილას, სადაც ჩვენ ეს შეგვიძლია. მივმართავ ქართულ საზოგადოებას, ამ ადამიანების, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების სიტყვას აქვს ჩალის ფასი. ნუ ენდობით მათ ნურც ერთ შემთხვევაში, რადგან ოლიგარქია, ტირანია მხოლოდ დროებით იხევს უკან. ნებისმიერ შემთხვევაში ის არის თავისუფლების მტერი და თავის მიზანს ყოველთვის განახორციელებს. მინდა, მივმართო ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ნუ ენდობით „ქართულ ოცნებას“. „ქართული ოცნების“ სიტყვას აქვს ჩალის ფასი, რადგან ოლიგარქია და ტირანია იხევს მხოლოდ დროებით და იგი არ თმობს თავისუფლებას, არ გვაძლევს თავისუფლებას. ის მას მაინც წაგვართმევს, თუ ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვიქნებით და თუ თქვენ, ძვირფასო დასავლელო მეგობრებო, ბოლომდე არ მიიყვანთ ქართველ ხალხთან ჩვენს საერთო ცივილიზაციურ ბრძოლას. ნუ დავთმობთ საქართველოს, ნუ დაუთმობთ „ქართულ ოცნებას“. კვლავ ვიმეორებ, „ქართული ოცნების“ სიტყვას აქვს ჩალის ფასი. იგი ასე იქცევა, რადგან ის არის რუსული რეჟიმი და რუსეთი ყველგან და ყოველთვის იქცევა ასე. ბრძოლა უნდა მივიყვანოთ ბოლომდე. „ქართული ოცნება“ უნდა შეიცვალოს. სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს. თუ ჩვენ გვინდა, ცივილიზაციის წევრები ვიყოთ, თუ ჩვენ გვინდა თავისუფლება, თუ ჩვენ გვინდა ბედნიერება, ჩვენ უნდა მოვიქცეთ მხოლოდ ასე და ჩვენი პარტიის მიზანი არის ქართველი ერის გაძღოლა წინ, ევროკავშირისკენ და ჩვენ ამას შევძლებთ, ამაში ვართ ღრმად დარწმუნებული“, – განაცხადა გვარამიამ.

„ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივა მორგებულია უსაფრთხოების ზომებს, ბოლო ერთ წელიწადში მსგავსი კანონი მიიღეს ევროპა”

პარტია „ხალხის ძალის“ წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივა უსაფრთხოების ზომებს არის მორგებული.

მაჭარაშვილის განმარტებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი კანონი მიიღეს ევროპარლამენტში, კანადაში, საფრანგეთში.

„მოტივად დაასახელეს, რომ მათ ქვეყანაში საჭიროა უსაფრთხოების დაცვა, რათა უცხოურმა ძალებმა ისე არ გადარიცხონ თანხები, რომ არ გაკონტროლდეს, ფინანსები სად მიდის. გვაქვს მარტივი კითხვა – თუ ეს უსაფრთხოება საჭიროა ამერიკისთვის, ევროპარლამენტისთვის, საფრანგეთისთვის, რატომ არ არის საჭირო საქართველოსთვის? ეს კანონი მორგებულია ზუსტად უსაფრთხოების ზომებს. არასამთავრობო თუ ხარ და თან გამჭვირვალე, მაშინ საქმიანობისთვის პრობლემა არ გაქვს. თუ გაუმჭვირვალე ხარ და თანხებს არ ასაჯაროებ, „მოლოტოვის კოქტეილებს“ ყიდულობ, ამ შემთხვევაში არ უნდა დარეგისტრირდეს. ვინც ამ ცვლილებებს აპროტესტებდა, ისინი დღეს სხვა შეხედულების არიან, რადგან კანონპროექტი წაიკითხეს და ნახეს, რომ მაშინდელი პროტესტი უსაფუძვლო იყო“, – განუცხადა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს.

„ქართული ოცნება“ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს ხელახლა წარადგენს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კანონპროექტი პარლამენტში დაინიცირდება ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიცირებული, ერთადერთი განსხვავებით – კანონპროექტში ტერმინი „უცხოური აგენტი“ შეიცვლება და წარდგენილი იქნება შემდეგი ვარიანტი: „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

“წარდგენილ კანონპროექტს ერთადერთი მიზანი აქვს, ვინც ფინანსდება, როგორც მედია, ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია 20%-ზე მეტით, დეკლარირება მოახდინონ” – ირაკლი ზარქუა

ამ უსამშობლოებმა და ხელმოცარულებმა საზოგადოება შეცდომაში რომ არ შეიყვანონ, კიდევ ერთხელ ვაკონკრეტებ, ცვლილებები არ ეხება არც ერთი სტუდენტის დაფინანსებას, არც ერთ სოფლის მეურნეობაში ჩართულ პროგრამას, არც შშმ პირებს, არც ერთ ფიზიკურ პირს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ეხება მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლის დაფინანსება 20%-ზე მეტია უცხოური ფონდებიდან.

„ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს, რომ დეკლარირება მოახდინონ იანვრის პირველ რიცხვში, ვინ დააფინანსა და რა მიზნით. საქართველოს ისეთი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, რომ ყველა ქვეყნის ინტერესის სფეროშია – როგორც ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან, ყველა სახელმწიფოს თავისი ინტერესი აქვს. ჩვენ ჩვენი ქვეყნის ინტერესები უნდა დავიცვათ. სულ რამდენიმე ხნის წინ მცდელობა ჰქონდათ, რომ ომში ჩავეთრიეთ. მათ შორის იმ გლობალურ ომის პარტიას. დღემდე არ ისვენებენ. პირველ შემთხვევაში, როდესაც ეს გამოვიტანეთ, საზოგადოება, ახალგაზრდები არ ჩავაყენეთ საქმის კურსში და ასე ხისტად მოგვიწია, იმიტომ რომ პრობლემები იყო – ჩვენ ომში მიგვათრევდნენ, ამ არასამთავრობოების დახმარებით. ამის შემდეგ, რომ ვნახეთ რომ გარკვეულ პროვოკაციაზეც მიდიოდნენ, რომ სისხლი დაღვრილიყო, ჩვენ ვთქვით, რომ მოდი უკან დავიხიოთ, გადავდოთ, საზოგადოების ინფორმირება მოვახდინოთ კიდევ უფრო. იქნებ ეს პრობლემა არ დადგეს. მაგრამ რას ვხედავთ, წინა კვირას ისევ მილიონობით დოლარი იხარჯება, როგორც მედიაზე, ასევე არასამთავრობოებზე. ვიკითხეთ, რა მიზნით? – კაციშვილი ხსნას არ იღებს. ჩვენ ვხედავთ, როგორ მტრობენ ჩვენს ქვეყანას. ამიტომ, ამ კანონს ერთადერთი მიზანი აქვს – ის ვინც ფინანსდება, როგორც მედია, ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია 20%-ზე მეტად, დეკლარირება მოახდინონ. უბრალოდ ჩაწერონ ვინ დააფინანსა და რა მიზნით. პრობლემა რაშია?“, – განაცხადა ზარქუამ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნება“ საკანონმდებლო ინიციატივას წარადგენს.