“მაგრად „გამისწორდებოდა“ უმრავლესობა ქალები რომ იყოთ პოლიტიკაში, ბევრად სასიამოვნოდ გავატარებდი დროს საპირისპირო სქესის ადამიანებთან, მაგრამ არ არის, რა ვქნა?” – ვახტანგ მეგრელიშვილი

11
spot_img

მაგრად „გამისწორდებოდა“ უმრავლესობა ქალები რომ იყოთ [პოლიტიკაში]. ბევრად უფრო სასიამოვნოდ გავატარებდი დროს საპირისპირო სქესის ადამიანებთან, მაგრამ არ არის, რა ვქნა? ძალით ხომ არ მოვიყვანთ?! ჩემი სიამოვნებისთვის ძალით რომ შემეძლოს ქალების მოყვანა, ხომ სხვა სახელს დამარქმევდით? ჩემი სიამოვნებისთვის ჰარემს ხომ არ გავაკეთებ? – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ.

მეგრელიშვილის თქმით, ქალებს პოლიტიკა ნაკლებად აინტერესებთ და არაა გამორიცხული, რომ საქართველოს შემთხვევაში, სადაც „პოლიტიკოსების მიმართ ხშირად უსამართლო დამოკიდებულებაა“, ქალებს კიდევ უფრო ნაკლებად უნდოდეთ ამ სფეროში მონაწილეობა.

„მიუხედავად იმისა, რომ უფლებრივად სრულიად თანასწორები უნდა ვიყოთ ადამიანები, მიუხედავად ჩვენი სქესისა, რელიგიური რწმენისა ან სექსუალური ორიენტაციის, ფაქტია, ობიექტური მოცემულობაა, რომ განსხვავებული ინტერესები გვაქვს. სადღაც ვიკვეთებით – ქალებშიც ჩნდებიან ადამიანები, რომელთაც მამაკაცური ტიპის თამაშები უყვართ და კაცებშიც არიან ადამიანები, ვისაც ქალური ტიპის თამაშები უყვართ, მაგრამ ცხადია, რომ ჭაბურღილებზე, თითქმის 100% კაცები მუშაობენ, ისევე როგორც საბავშვო ბაღებში დიდი პროცენტი ქალები არიან. ცნობილია, რომ ქალებს უყვართ ადამიანებთან ურთიერთობასთან დაკავშირებული პროფესიები და კაცები არიან წარმოდგენილები იმ პროფესიებში, რომელსაც კავშირი აქვს მექანიკურ რაღაცებთან – მანქანა იქნება ეს, მშენებლობა თუ ა.შ.

ჩემო ძვირფასო ანა [წითლიძე], მაგრად „გამისწორდებოდა“ უმრავლესობა ქალები რომ იყოთ [პოლიტიკაში]. მე, როგორც ამ პროფესიით მოხიბლული ადამიანი, ბევრად უფრო სასიამოვნოდ გავატარებდი დროს საპირისპირო სქესის ადამიანებთან, მაგრამ არ არის, რა ვქნა? ძალით ხომ არ მოვიყვანთ?! ჩემი სიამოვნებისთვის ძალით რომ შემეძლოს ქალების მოყვანა ხომ სხვა სახელს დამარქმევდით? ჩემი სიამოვნებისთვის ჰარემს ხომ არ გავაკეთებ? იმის თქმა მინდა, რომ ქალებს პოლიტიკა მართლა ნაკლებად აინტერესებთ, ვიდრე კაცებს. არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოს შემთხვევაში, სადაც საკმაოდ დაძაბული, ნევროზული, ხშირად უსამართლო დამოკიდებულებაა პოლიტიკოსების მიმართ, ქალებს კიდევ უფრო ნაკლებად უნდოდეთ ამ სფეროში მონაწილეობა. თანასწორობასა და პრივილეგიას შორის არაფერი კავშირი არ არსებობს. ლინგვისტურ დონეზე, ორი სხვადასხვა რამეა. თუ თანასწორობას ვითხოვთ, უფლებრივ თანასწორობას ვითხოვთ და არა შედეგების შესაბამისად თანასწორობას იმიტომ, რომ ისევ იქ მივდივართ, რომ შედეგების შესაბამისად თანასწორობა არის კომუნიზმი. ანუ, კომუნიზმი არის სისტემა, რომელსაც მიზნად აქვს დასახული, ადამიანები გაათანაბროს შედეგების მიხედვით“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.