Home Blog Page 1246

ფლორიდის შტატში 14 წლამდე ასაკის ბავშვებს სოციალურ მედიაში ანგარიშების შექმნა აეკრძალებათ

აშშ-ის ფლორიდის შტატის გუბერნატორმა რონ დესანტისმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მოზარდებს სოციალურ მედიაზე წვდომას უზღუდავს. როგორც Deutsche Welle წერს, კანონი ძალაში 2025 წლის 1 იანვრიდან შევა და მისი ამოქმედების შემდეგ, 14 წლამდე ბავშვებს სოციალურ მედიაში ანგარიშების შექმნა აეკრძალებათ.

„გუბერნატორმა რონ დესანტისმა ამ კანონს ხელი მოაწერა სოციალური ქსელების ნეგატიური გავლენისგან ბავშვების დაცვის მიზნით“, – წერს გუბერნატორის ოფისის წარმომადგენელი სოციალურ ქსელ X-ში. 

უფრო კონკრეტულად, 13 და უფრო პატარა ასაკის ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებში ანგარიშების შექმნა სრულად აიკრძალება, ხოლო 14 და 15 წლის ასაკის მოზარდებს სოციალური ქსელების გამოსაყენებლად მშობლების თანხმობა დასჭირდებათ.

“დღეს უკვე საქართველოს ვხედავთ როგორც წამებისგან თავისუფალ ქვეყანას, დაკავებულ თუ დაპატიმრებულ ადამიანს აღარ ეშინია იმის, რომ აწამებენ, ან ღირსებას შეულახავენ”

დღეს უკვე საქართველოს ვხედავთ როგორც წამებისგან თავისუფალ ქვეყანას და ასეთი ქვეყნების რიგში, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს დაკავებულ თუ დაპატიმრებულ ადამიანს აღარ ეშინია იმის, რომ აწამებენ, ან ღირსებას შეულახავენ.

„თუკი 2012 წელს რუსეთიც კი უსწრებდა საქართველოს, ვინაიდან საქართველოში წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა იყო სისტემის ნაწილი, პირველ რიგში საპატიმროებში და არა მხოლოდ იქ, დღეს უკვე საქართველოს ვხედავთ როგორც წამებისგან თავისუფალ ქვეყანას და ასეთი ქვეყნების რიგში. დღეს დაკავებულ თუ დაპატიმრებულ ადამიანს აღარ ეშინია იმის, რომ აწამებენ, ან ღირსებას შეულახავენ. უფრო მეტიც, საპატიმროს მიღმაც ჩვენ არაერთი რეფორმა განვახორციელეთ იმისათვის, რომ ყველა დაცული იყოს ამგვარი მოპყრობისგან“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

წამებისგან თავისუფლების ინდექსით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 50 ქვეყანას შორის მოხვდა. აღსანიშნავია, რომ 2012 წელს საქართველო 147-ე ადგილზე იყო.

„ჰამასი“ ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების საჰაერო გზით მიწოდების შეწყვეტას ითხოვს

„ჰამასი“ ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების საჰაერო გზით მიწოდების შეწყვეტას მოითხოვს.

„ჩვენ ჰუმანიტარული დახმარების საჰაერო გზით მიწოდების შეწყვეტას და სახმელეთო გადასასვლელების სწრაფ და დაუყოვნებლივ გახსნას მოვითხოვთ, რათა ჰუმანიტარული დახმარება ჩვენს პალესტინელ ხალხამდე მივიდეს“, – აცხადებს „ჰამასი“.

„ჰამასის“ ცნობით, 12 ადამიანი დაიხრჩო, ხოლო 6 ჭყლეტის შედეგად დაიღუპა, როდესაც ისინი თვითმფრინავებიდან ჩამოგდებული საკვების პაკეტებამდე მიღწევას ცდილობდნენ.

“ოპოზიცია დილემის წინაშე დადგა – დაუჭირონ მხარი ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას ვაია, არ დაუჭირონ – უი” – გურამ მაჭარაშვილი

ოპოზიცია დილემის წინაშე დადგა – დაუჭირონ მხარი ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას ვაია, არ დაუჭირონ – უი, – ამის შესახებ მედიასთან პოლიტიკური პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„თუ დაუჭერენ მხარს ფული აღარ წამოვა და პატრონები თავში წამოარტყამენ. ვერც იმას ამბობენ, რომ ამ პროპაგანდის მხარდამჭერები არიან, იმიტომ, რომ მათი ამომრჩევლები, მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა, მაინც განაწყენდებიან. მაგრამ, ვერ აუვლიან გვერდს იმ ძირითად საკითხს, რასაც ჰქვია – ხარ მომხრე საქართველოს გაელგებეტების თუ არა“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

„ქართულმა ოცნებამ“ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა.

ოპოზიციის ნაწილი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს. კონსტიტუციური კანონპროექტის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ლგბტ პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხე ხელოვნურად გამოგონილია და ამ თემით მანიპულაცია ხდება.

“ვფიქრობ, ეს საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება წყალგამყოფი ქართულ საზოგადოებასა და ოპოზიციას შორის” – თეა წულუკიანი

ვფიქრობ, ეს საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება წყალგამყოფი ქართულ საზოგადოებასა და ოპოზიციას შორის, – ამის შესახებ თეა წულუკიანმა განაცხადა. ვიცე-პრემიერს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს მიაჩნია, რომ ოპოზიცია ამ საკითხთან მიმართებაში დაბნეულია.

„ოპოზიცია დაბნეულია, ვინაიდან ერთი მხრივ ვერ ბედავენ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს დაუჭირონ მხარი, რადგან ის, ვინც მათ გარედან დავალებებს აძლევს, ძალიან გაუწყრება. მეორე მხრივ, იციან რომ გაანაწყენებენ ქართულ საზოგადოებას. იმედს მაინც ვიტოვებ, რომ დადგება დრო, როდესაც ჩვენი ოპოზიციის რადიკალური ნაწილი პირველ რიგში ქართველებს, მათ ინტერესებსა და სურვილებს უერთგულებს და უპასუხებს“, – განაცხადა წულუკიანმა.

„ქართულმა ოცნებამ“ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა.

დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7055 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7055 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7055 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7003 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0052 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9374 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9215 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0159 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“განსაკუთრებით მივესალმებით სამართალდამცავ და ძალოვან სტრუქტურებში ქალების როლის გამოკვეთას და მათ გაძლიერებას”

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული „თავდაცვის კოდექსის“ გენდერული გავლენის ანალიზის ანგარიში მოისმინა. საბჭომ, ასევე, მიმდინარე საკითხებზე იმსჯელა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა, სხდომაზე „თავდაცვის კოდექსის“ გენდერული გავლენის ანალიზის ანგარიშის გარდა განხილული იყო ის პრიორიტეტები და სამოქმედო აქტივობები, რაც სამინისტროს გენდერული თანასწორობის კუთხით აქვს.

„განსაკუთრებით მივესალმებით სამართალდამცავ და ძალოვან სტრუქტურებში ქალების როლის გამოკვეთას და მათ გაძლიერებას. ამ კუთხით თავდაცვის სამინისტრო ნამდვილად გამოირჩევა. სხდომაზე, ასევე ვიმსჯელეთ მიმდინარე პროექტებზე. აპრილის თვეში საბჭო ჩაატარებს ღონისძიებებს, რომლებიც დაკავშირებული იქნება ქალების ტექნოლოგიებში ჩართულობასთან“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

“ეს არის სასიკვდილო განაჩენი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ – სოზარ სუბარი წამებისგან თავისუფლების გაუმჯობესებულ ინდექსზე

სახალხო დამცველი ვიყავი [„ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს] და ჩემს თვალწინ ხდებოდა ყველა უბედურება, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ მაშინდელ რეიტინგებში, ქვეყანა იქნებოდა კიდევ უფრო დაბლა, ვიდრე ლიბია და სამხრეთ სუდანი, – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა, რითაც გამოეხმაურა ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნას, რომლის თანახმადაც წამებისგან თავისუფლების ინდექსით საქართველო დაწინაურდა 101 პუნქტით და 46-ე ადგილზე გადაინაცვლა. აღსანიშნავია, რომ 2012 წელს საქართველო 147-ე ადგილზე იყო.

„ეს არის სასიკვდილო განაჩენი „ნაციონალური მოძრაობისთვის“. სახალხო დამცველი ვიყავი და ჩემს თვალწინ ხდებოდა ყველა უბედურება, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ მაშინდელ რეიტინგებში ქვეყანა იქნებოდა კიდევ უფრო დაბლა, ვიდრე ლიბია და სამხრეთ სუდანი.

დღეს კი საქართველო არის ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიო მასშტაბით. უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე შეერთებულ შტატებში, ბრიტანეთში, ლიტვაში და ა.შ. ამას სჭირდებოდა ერთი რამ – პოლიტიკური ნება, რომელიც გამოავლინა ხელისუფლებამ და რომელიც დღემდე გრძელდება,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

წამებისგან თავისუფლების ინდექსით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 50 ქვეყანას შორის მოხვდა.

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვასა და გასაღებაში ბრალდებულს 14-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვასა და გასაღებაში ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით 36,4801 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „მეტამფეტამინს“ და 145,807 გრ. „მდმა“-ს, საიდანაც 0,6245 გრ. „მეტამფეტამინი“ და 1,9208 გრ. „მდმა“ მოქალაქეზე გაასაღა.

„ბრალდებულის დროებით საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა 143,8862 გრ. „მდმა“ და 35,8556 გრ. „მეტამფეტამინი“.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2023 წლის 29 ივნისს ბათუმში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა – შენახვა) და მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-7 ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება) წარედგინა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მოსკოვის სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ინასარიძეს, ყირიმის ხიდზე განხორციელებული ტერაქტის ბრალდებით, დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა

მოსკოვის სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ინასარიძეს, ყირიმის ხიდზე განხორციელებული ტერაქტის ბრალდებით, დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს.

TASS-ის ცნობით, მოსკოვის ბასმანის სასამართლომ გამოძიების მიერ ინასარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად პატიმრობის შეფარდების მოთხოვნა დააკმაყოფილა.

რამდენიმე საათით ადრე, მოსკოვის ბასმანის სასამართლომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, ვასილი მალიუკს, ტერორიზმის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

შეგახსენებთ, ყირიმის ხიდზე აფეთქება 2022 წლის 8 ოქტომბერს მოხდა. ხიდზე ასაფეთქებელი მოწყობილობით დატვირთული სატვირთო მანქანა აფეთქდა. მაშინ მოსკოვმა განაცხადა, რომ ორგანიზებაში, სავარაუდოდ, საქართველოს ორი მოქალაქე, სანდრო ინასარიძე და ბროკერი, სახელად ლევანი მონაწილეობდნენ.

ზურაბიშვილს სააკაშვილზე მეტი რეიტინგი თუ ექნება, არ შეიწყალებს და აქტორი თავად იქნება, სააკაშვილს თუ ექნება მაღალი რეიტინგი, მაშინ გამოაშვებინებენ და ის იქნება აქტორი -მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე ერთადერთი მოლოდინი არსებობს.

მისივე თმით, ზურაბიშვილს სააკაშვილზე მეტი რეიტინგი თუ ექნება, არ შეიწყალებს და აქტორი თავად იქნება, სააკაშვილს თუ ექნება მაღალი რეიტინგი, მაშინ გამოაშვებინებენ და ის იქნება აქტორი.

„სააკაშვილის შეწყალებაზე ერთადერთი მოლოდინია, სალომე ზურაბიშვილს თუ მეტი რეიტინგი ექნება, სააკაშვილს არ შეიწყალებს და ის იქნება აქტორი, სააკაშვილს თუ მაღალი რეიტინგი ექნება, გამოაშვებინებენ და ის იქნება აქტორი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

“აზერბაიჯანიდან თურქეთში მიმავალმა გზებმა, მილსადენებმა და სადენებმა სომხეთზე უნდა გაიაროს, ჩვენ მზად ვართ ასეთი გადაწყვეტილებებისთვის”

სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, აზერბაიჯანიდან თურქეთში მიმავალმა გზებმა, მილსადენებმა და სადენებმა სომხეთზე უნდა გაიაროს. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა ბერძნულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სამხრეთ კავკასიის რეგიონში ინფრასტრუქტურის გახსნის საკითხს.

„პროექტი „მშვიდობის გზაჯვარედინი“ ითვალისწინებს, მათ შორის, გამტარუნარიანობის მნიშვნელოვან ზრდას, საავტომობილო გადაზიდვებს, მილსადენების გაყვანას, ელექტროგადამცემ ხაზებს და ინტერნეტსადენებს, ერთი მხრივ, შავ ზღვასა და მეორე მხრივ, სპარსეთისა და ომანის ყურეს შორის, სომხეთის ტერიტორიის გავლით. სარკინიგზო მაგისტრალის ყველაზე ოპტიმალური მარშრუტი, რომელიც საქართველოდან სომხეთში და შემდეგ ირანში მიდის, გაივლის აზერბაიჯანის ნახიჩევანს – ეს რკინიგზა არსებობდა საბჭოთა პერიოდში. არსებობს ასევე აღმოსავლეთ-დასავლეთის ფრთა, რომელსაც შეუძლია, დააკავშიროს კასპიის და ხმელთაშუა ზღვები სომხეთის ტერიტორიის გავლით. ამისთვის აუცილებელია, რომ სარკინიგზო და საავტომობილო გზები, მილსადენები, ელექტროგადამცემი ხაზები, სადენები აზერბაიჯანიდან სომხეთის გავლით დაუკავშირდენენ თურქეთს. ჩვენ მზად ვართ ასეთი გადაწყვეტილებებისთვის“, – განაცხადა ფაშინიანმა.