Home Blog Page 1239

“გვყავს საუკეთესო გუნდი, რომელსაც გამარჯვების ჟინი აქვს და მოგება შეუძლია, მჯერა, დღეს საქართველო გაიმარჯვებს”

გვყავს საუკეთესო გუნდი, რომელსაც გამარჯვების ჟინი აქვს და მოგება შეუძლია, მჯერა, დღეს საქართველო გაიმარჯვებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ვიდეომიმართვაში აცხადებს.

მისი თქმით, ერთგულ გულშემატკივარს საფეხბურთო ნაკრები ერთი წამითაც არ მიუტოვებია.

„საქართველოს ნაკრებმა თავისი პირველი ოფიციალური მატჩი ზუსტად 30 წლის წინ 1994 წელს ითამაშა. ნაკრები ჩვენ თვალწინ დაიბადა და გაიზარდა. ყველას კარგად გვახსოვს ჩვენი ნაკრების გადადგმული თითოეული ნაბიჯი, თითოეული გამარჯვება, თითოეული გოლი, რომელიც გულში ოცნების ახდენის იმედს გვინახავდა და გვიღვივებდა. 30 წლის განმავლობაში 14-ჯერ ვცადეთ მსოფლიოზე და ევროპაზე გასვლა, მაგრამ ოცნება ვერც ერთხელ ვერ ავიხდინეთ, თუმცა ერთგულ გულშემატკივარს ნაკრები ერთი წამითაც არ მიგვიტოვებია. არასოდეს დაკვიკარგავს ქართული საფეხბურთო გენის და ჩვენი ბიჭების რწმენა, რომ ისინი ერთხელაც აუცილებლად აგვიხდენდენ ოცნებას და ახალ 13 მაისს აგვიხდენენ. ახლა, ამ ოცნების ახდენამდე ნახევარი ნაბიჯი გვაშორებს. გვყავს საუკეთესო გუნდი, რომელსაც გამარჯვების ჟინი აქვს და მოგება შეუძლია. მჯერა, რომ დღეს ბიჭები გამარჯვებაში სულს და გულს ჩადებენ და ფეხბურთის ისტორიის ახალ ფურცელს დაწერენ. მჯერა, რომ დღეს საქართველო გაიმარჯვებს“, – განაცხადა პრემიერმა.

ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ფინალში საქართველოს ნაკრები საბერძნეთს შეხვდება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

გულშემატკივარი საქართველო-საბერძნეთის მატჩის ყურებას პირველი რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზე შეძლებს

გულშემატკივრებს, რომლებიც საქართველო-საბერძნეთის მატჩის ბილეთების ყიდვას ვერ შეძლებენ, მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზე შეეძლებათ.

თბილისის მერიამ რესპუბლიკის მოედანზე კვლავ მოაწყო სამი ეკრანი, რომელზეც ქომაგებს საშუალება ექნებათ პირდაპირ ეთერში იხილონ თამაში. საღამოს 19:00 საათიდან, მოწყობილ სცენაზე გაჟღერდება ელექტრონული მუსიკა, ადგილზე მოქალაქეებისთვის სხვადასხვა გასართობი სივრცეები და კვების ობიექტები იქნება. თამაშის ტრანსლირება ცენტრალურ და ორ დამატებით ეკრანზე 21:00 საათიდან დაიწყება.

გარდა ამისა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის 02:00 საათამდე იმუშავებს, რათა „დინამო არენაზე“ და პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოსულ გულშემატკივარს სახლში დაბრუნების შესაძლებლობა ჰქონდეს.

დღეს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ მატჩს თბილისში, საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

საქართველო- ამაყი ისტორია, ევროპის ნაწილი! – ავსტრიული მედია

ავსტრიული პოპულარული ტურისტული გამოცემა T.A.I. საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას ავრცელებს.

„ამაყი ისტორია, ევროპის ნაწილი! საქართველო ვენის ტურისტულ გამოფენაზე, ავსტრიის ავიახაზების დაბრუნება საქართველოში“ – ამ სათაურით სტატიას ავტორი  საქართველოს ტურისტული პროდუქტებისა  და ქვეყნის მრავალფეროვნების შესახებ წერს.

გასულ წელს საქართველო გახლდათ ITB Berlin 2023 მასპინძელი ქვეყანა, წელს კი ქვეყანა ვენის ტურისტულ გამოფენაზე წარდგა“,-სტატიაში ხაზგასმულია საქართველოსა და ავსტრიას შორის გაზრდილი  საჰაერო კავშირები.

„ავსტრია საქართველოსთვის ახალ ტურისტულ სამიზნე ქვეყნად ითვლება. დედაქალაქ თბილისში 2024 წლის მაისიდან ავსტრიის ავიახაზები კვირაში სამჯერ განახორციელებს პირდაპირ ფრენებს – განაცხადა საქართველოს საელჩოს მრჩეველმა, ნიკა მაღრაძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა 2023 წლის დეკემბერში ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“.

სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართულ ღვინოს.

„საქართველო მსოფლიოში ღვინის მწარმოებელი უძველესი ქვეყანა, ოქროს მოპოვებისა და ტექსტილის დამუშავების ისტორიით, ქრისტიანობის დასაყრდენად ითვლება და დიდი მონარქიული ისტორია აქვს“.

ავსტრიული გამოცემა საქართველოს ტურიზმის განვითარებისა და ტურიზმიდან მიღებულ რეკორდული შემოსავლის შესახებ წერს.

„ტურიზმის განვითარებაზე პასუხისმგებელია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, რომლის ხელმძღვანელი 2022 წლიდან გახლავთ მაია ომიაძე. ეს სფერო საქართველოს ეკონომიკაში შემოსავლის ერთ-ერთ ძირითადი წყაროა. პანდემიის დაწყებამდე საქართველოში რეკორდული, 9 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი დაფიქსირდა. 2023 წელს საქართველოში არარეზიდენტი მოგზაურების შემოსვლების რაოდენობამ 7,2 მილიონს მიაღწია, მათგან 6,17 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი გახლდათ.

ტურიზმის შემოსავალმა 2023 წელს რეკორდული 4,47 მილიარდ ევრო შეადგინა, რამაც 26%-ით გადააჭარბა პანდემიამდე არსებულ ნიშნულს. გამტარუნარიანობის მხრივ, ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტები 6,01 მილიონ მგზავრს მოემსახურნენ, აღნიშნული 2019 წელთან შედარებით 15,4%-ით მეტია“.

სტატიაში აღწერილია საქართველოს საზღვაო, ზამთრის და სპა კურორტები, იუნესკოს ძეგლები და დაცული ტერიტორიები, ასევე ქართული სამზარეულო.

ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 139-მდე გაიზარდა – რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი

მოსკოვში, Crocus City Hall-ში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 139-მდე გაიზარდა, მათგან 75-ი იდენტიფიცირებულია. დაღუპულთა შორის სამი ბავშვია. დაშავებულთა რაოდენობა კი 182-ს შეადგენს, – ამის შესახებ ცნობას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი აქვეყნებს, რომელმაც კიდევ სამი ეჭვმიტანილის დაკავების განკარგულება გასცა.

მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი 22 მარტს გახსნეს. თვითმხილველის განცხადებით, ინციდენტი ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის დაწყებამდე მოხდა – დარბაზის პარტერში სულ მცირე სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა და ავტომატებიდან ცეცხლი გახსნა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ასევე ააფეთქეს ხელყუმბარა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა.

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

„ძლიერი თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ისრაელი არ შეწყვეტს ცეცხლს -ისრაელ კაცი

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ისრაელი არ შეწყვეტს ცეცხლს.

აღნიშნული განცხადება ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოითხოვდა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას რამადანის თვეში, მძევლების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას და „გადაუდებელ აუცილებლობას, გაზარდოს ჰუმანიტარული დახმარების ნაკადი ღაზაში.

„ისრაელი გაანადგურებს „ჰამასს“ და გააგრძელებს ბრძოლას, ვიდრე უკანასკნელი მძევლები არ დაბრუნდებიან სახლში“, – წერს ისრაელ კაცი „ტვიტერზე”.

გაერო-ს უშიშრობის საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტასა და მძევლების უპირობოდ გათავისუფლებას მოითხოვს. როგორც „ბიბისი“ წერს, აშშ-მა შეცვალა საკუთარი პოზიცია, თავი შეიკავა რეზოლუციის მხარდაჭერისგან, თუმცა დოკუმენტს ვეტო არ დაადო.

ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველო საქველმოქმედო აქციას დუშეთში ჩაატარებს

ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველო საქველმოქმედო აქციას დუშეთში ჩაატარებს

🔹მიმდინარე წლის 30 მარტს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველო, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტთან ერთად, დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, ჩაატარებს უფასო ოფთალმოლოგიურ გამოკვლევებს და საჭიროების შემთხვევაში, მინი-ოპერაციებს.

🔹საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობას მიიღებს კვალიფიციურ მედიკოსთა 12 კაციანი ჯგუფი (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) მაღალტექნოლოგიური აპარატურით.

🔹ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 11:00 საათიდან.

🔹მისამართი: დუშეთი; კოსტავას ქ. N 34; კულტურის ცენტრის შენობა;

წამებისგან თავისუფლების ინდექსით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 50 ქვეყანას შორის მოხვდა

წამებისგან თავისუფლების (Freedom from torture) ინდექსით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 50 ქვეყანას შორის მოხვდა (46 -ე ადგილზე), პოსტსაბჭოთა ქვეყნების საუკეთესო სამეულშია, დიდი შვიდეულის 3 ქვეყანას უსწრებს და 2012 წელთან შედარებით სარეიტინგო პოზიცია 101 ადგილით აქვს გაუმჯობესებული.

დემოკრატიის კვლევის მსოფლიოს მოწინავე ცენტრმა, ორგანიზაციამ „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-DEM) წამებისგან თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა. კვლევა, რომელიც მსოფლიოს 179 ქვეყანას და ტერიტორიას მოიცავს, კონცენტრირებულია სახელმწიფო მოხელეების ან სახელმწიფოს სხვა აგენტების (მაგ., პოლიციის, უსაფრთხოების ძალების, ციხის მცველებისა და გასამხედროებული ჯგუფების) მიერ გამოყენებული წამების შეფასებაზე.

თავის მხრივ წამება გულისხმობს უკიდურესი ტკივილის მიზანმიმართულ მიყენებას, იქნება ეს გონებრივი თუ ფიზიკური, ინფორმაციის მოპოვების ან პატიმრობის მსხვერპლთა დაშინების მიზნით.

2023 წლის რეიტინგში საქართველო წამებისგან თავისუფლებით მსოფლიოში 50 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა და 46-ე ადგილზე გავიდა, ამასთან პოსტსაბჭოთა ქვეყნების საუკეთესო სამეულშია ესტონეთის და ლიეტუვის შემდეგ მესამე პოზიციაზე. საქართველო რეიტინგში უსწრებს ამერიკის შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, იტალიას, ავსტრალიას, საბერძნეთს, რუმინეთს, პოლონეთს, სლოვაკეთს, ლატვიას და ა.შ. წამებისაგან თავისუფლებით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის ლიდერია და მათ რამდენიმე ათეული ადგილით უსწრებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველომ რეიტინგში მკვეთრი დაწინაურება 2012 წლის შემდეგ დაიწყო. ამ პერიოდიდან შეფასების სკალის პუნქტობრივი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა, ამასთან რეიტინგი 11 წელიწადში 101 ადგილით გააუმჯობესა და 2023 წელს მოდელური შეფასების ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა. 2013 წლამდე საქართველოს მოდელური შეფასება უარყოფითი ნიშნის ანუ 0 -ზე დაბალი იყო. 2012 წელს საქართველო მსოფლიოში წამებისაგან თავისუფლებით 147-ე ადგილზე გავიდა და ამ მხრივ 33 ყველაზე საშიშ ქვეყანას შორის დასახელდა.

2012 წელს საქართველო რეიტინგში ჩამორჩებოდა რუსეთს, ბელორუსს, ავღანეთს, ლიბიას, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას, სამხრეთ სუდანს და ა.შ.

ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-Dem) არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი უშუალოდ დემოკრატიაზე.

მისი სათავო ოფისი დაფუძნებულია V-Dem ინსტიტუტში, შვედეთში, გოტენბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტში.

პროექტს უძღვება 5 მთავარი გამომძიებელი, 19 პროექტის მენეჯერი, 33 რეგიონული მენეჯერი, 134-ზე მეტი კოორდინატორი და 4000-მდე ექსპერტი მსოფლიოს მასშტაბით.

ორგანიზაცია ერთ-ერთია იმ კვლევით პროექტებს შორის, რასაც მსოფლიოს ბანკის “გლობალური მმართველობის ინდიკატორები” ეფუძნება.

პუტინი ავადმყოფი და ცინიკური არსებაა – როდესაც ის გაქრება, ასევე გაქრება მოთხოვნა ძალადობასა და ტერორზე -ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრალდებები მოსკოვის რეგიონში მომხდარ ტერაქტში უკრაინის მონაწილეობის შესახებ.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, პუტინისთვის ყველა ტერორისტია საკუთარი თავის გარდა.

„დღეს პუტინი ისევ საკუთარ თავს ესაუბრა და ამას ისევ ტელევიზიით აჩვენებდნენ. ისევ უკრაინას ადანაშაულებს. ავადმყოფი და ცინიკური არსებაა. ყველა ტერორისტია საკუთარი თავის გარდა, თუმცა ზუსტად ის არის, ვინც ტერორით იკვებება უკვე ორი ათწლეულის განმავლობაში. სწორედ ის არის ტერორის ყველაზე დიდი ფანჯარა. ის და მისი დაზვერვის სამსახური. ის როცა წავა, ტერორისა და ძალადობის მოთხოვნა მასთან ერთად გაქრება, რადგან ეს მისი მოთხოვნაა, სხვა არავისი”, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მუშაობს რუსული დარტყმების შედეგების აღმოსაფხვრელად და აღნიშნა, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღების მიქცევა მათთვის, ვისაც მხარდაჭერა სჭირდება. მისი თქმით, იმ შემთხვევაშიც თუ ადამიანები უხერხულად გრძნობენ თავს სხვებისთვის დახმარების თხოვნით, მათ უნდა მიაქციონ ყურადღება, მხარი დაუჭირონ და არ დატოვონ ადამიანები სირთულეებთან.

დღეს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ მატჩს გამართავს და საბერძნეთს დაუპირისპირდება

საქართველო, მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი მატჩის მოლოდინშია. დღეს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ მატჩს თბილისში, საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

თბილისის მერიამ რესპუბლიკის მოედანზე კვლავ მოაწყო სამი ეკრანი, რომელზეც ქომაგებს საშუალება ექნებათ პირდაპირ ეთერში იხილონ თამაში. საღამოს 7 საათიდან, მოწყობილ სცენაზე გაჟღერდება ელექტრონული მუსიკა, ადგილზე მოქალაქეებისთვის სხვადასხვა გასართობი სივრცეები და კვების ობიექტები იქნება მოწყობილი. თამაშის ტრანსლირება ცენტრალურ და ორ დამატებით ეკრანზე 9 საათიდან დაიწყება.

21 მარტს, საბერძნეთის ნაკრებმა პლეიოფის ნახევარფინალში ყაზახეთის ნაკრები საკუთარ კედლებში 5:0 დაამარცხა, საქართველომ კი ლუქსემბურგს 2:0 მოუგო. ფინალური შეხვედრა დღეს, „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება, გამარჯვებული კი ევრო 2024-ის საგზურს მოიპოვებს

ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ არ გააგზავნის დელეგაციას აშშ-ში

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ არ გააგზავნის დელეგაციას ვაშინგტონში მას შემდეგ, რაც აშშ-მა ვეტო არ დაადო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს.

„აშშ-ის პოზიციის ცვლილების ფონზე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გადაწყვიტა, რომ დელეგაცია არ გაემგზავრება აშშ-ში“, – განაცხადეს ნეთანიაჰუს ოფისში.

თეთრმა სახლმა უარყო, რომ აშშ-ის თავშეკავება ასახავს აშშ-ის პოლიტიკაში ცვლილებას.

„ეს იმედგაცრუებაა. ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, რომ ისინი არ ჩამოვლენ ვაშინგტონში, რათა შევძლოთ საუბარი მათთან რაფაჰში შესვლის ეფექტური ალტერნატივების შესახებ. არაფერი შეცვლილა ჩვენს შეხედულებებში, რომ რაფაჰზე შესაძლო სახმელეთო შეტევა დიდი შეცდომა იქნება“, – განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ჯონ კირბიმ.

გაერო-ს უშიშრობის საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და მძევლების უპირობოდ გათავისუფლებას მოითხოვს. როგორც „ბიბისი“ წერს, აშშ-მა შეცვალა საკუთარი პოზიცია, თავი შეიკავა რეზოლუციის მხარდაჭერისგან, თუმცა დოკუმენტს ვეტო არ დაადო.

დანაშაული რადიკალმა ისლამისტებმა ჩაიდინეს, მაგრამ ჩნდება კითხვა – ვის აწყობდა ეს? – ვლადიმირ პუტინი

აშშ სხვადასხვა არხით ცდილობს, დაარწმუნოს თავისი თანამოაზრეები და მსოფლიოს სხვა ქვეყნები, რომ, მათი სადაზვერვო მონაცემებით, მოსკოვის ტერაქტში, სავარაუდოდ, არ არსებობს კიევის კვალი, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომელმაც ვიდეოკონფერენციის საშუალებით მთავრობის, რეგიონების, სპეცსამსახურებისა და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა.

მისი თქმით, დანაშაული ჩაიდინეს რადიკალი ისლამისტების ხელით, თუმცა მოსკოვს აინტერესებს, ვინ არის დამკვეთი.

„ჩვენ ვიცით, რომ დანაშაული ჩაიდინეს რადიკალი ისლამისტების ხელით, რომელთა იდეოლოგიას თავად ისლამური სამყარო საუკუნეების განმავლობაში ებრძოდა, თუმცა ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ აშშ სხვადასხვა არხით ცდილობს, დაარწმუნოს თავისი თანამოაზრეები და მსოფლიოს სხვა ქვეყნები, რომ, მათი სადაზვერვო მონაცემებით, მოსკოვის ტერაქტში, სავარაუდოდ, არ არსებობს კიევის კვალი. ჩვენ ვიცით, ვისი ხელით ჩაიდინეს ეს სისასტიკე რუსეთისა და მისი ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ გვაინტერესებს, ვინ არის დამკვეთი. ჩვენს სადაზვერვო სამსახურებსა და სამართალდამცავ უწყებებს შორის ერთობლივი მუშაობისას აუცილებელია რიგ კითხვებზე პასუხის მიღება. მაგალითად: არიან თუ არა რეალურად დაინტერესებული რადიკალური და თუნდაც ტერორისტული ისლამური ორგანიზაციები რუსეთზე დარტყმით, რომლებიც დღეს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის სამართლიანი გადაწყვეტის მომხრე არიან? და რადიკალი ისლამისტები, რომლებსაც, სხვათა შორის, მორწმუნე მუსლიმებად აფასებენ, როგორ ჩადიან სერიოზულ სისასტიკეს და დანაშაულს რამადანის წმინდა თვეში? ერთი რამ ცხადია: 22 მარტს რუსეთის დედაქალაქში ჩადენილი საშინელი დანაშაული, როგორც უკვე ვთქვი, არის დაშინების აქტი“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ტერაქტი შეიძლება, გამოყენონ უკრაინაში იმის საჩვენებლად, რომ „ყველაფერი დაკარგული არ არის“ და წაახალისონ მობილიზაცია.

„მიზანი, როგორც უკვე ვთქვი, არის ჩვენს საზოგადოებაში პანიკის დათესვა და ამავდროულად, საკუთარი მოსახლეობისთვის ჩვენება, რომ კიევის რეჟიმისთვის ყველაფერი დაკარგული არ არის. თქვენ, უბრალოდ, უნდა შეასრულოთ თქვენი დასავლელი კურატორების ბრძანებები, იბრძოლოთ ბოლო უკრაინელამდე, დაემორჩილოთ ვაშინგტონის ბრძანებას და მიიღოთ ახალი კანონი მობილიზაციის შესახებ, მოიპოვოთ ახალი იარაღი და დამატებითი თანხა, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს მოიპარავთ და ჯიბეში ჩაიდებთ, როგორც ეს დღეს ჩვეულებრივად ხდება უკრაინაში. რა თქმა უნდა, პასუხი უნდა გავცეთ კითხვაზე: რატომ ცდილობდნენ ტერორისტები დანაშაულის ჩადენის შემდეგ უკრაინაში წასვლას, ვინ ელოდა მათ იქ? ნათელია, რომ მათ, ვინც კიევის რეჟიმს უჭერს მხარს, არ უნდათ, იყვნენ ტერორის თანამონაწილეები და ტერორიზმის დამფინანსებლები, მაგრამ მართლაც ბევრი კითხვაა“, – განაცხადა პუტინმა.