Home Blog Page 1230

გიერთდებით, არა რუსულ კანონს -მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან არაერთი დეზინფორმაცია ვრცელდება.

მამუკა მდინარაძემ განმარტა, სინამდვილეში რას მოიცავს კანონპროექტი და ასევე აღნიშნა, რომ ქართულ პროექტში არცერთი შეზღუდვა არ არის.

„მთელი ამ დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა უამრავი დეზინფორმაცია კანონპროექტთან დაკავშირებით. ერთი წელია, ჩვენ მომსწრენი ვართ დიდი აფერის, თითქოს ეს კანონი არის რუსული. რაც არ უნდა სენსაციურად მოეჩვენოს ვიღაცას, მთელი პასუხისმგებლობით დაგიდასტურებთ – არა რუსულ კანონს. მე გიერთდებით ამაში. რუსული კანონი საქართველოში არ მიიღება. ამავე დროს, არა მონობას. ჩვენ მივიღებთ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, შეიძლება, არავის აწყობდეს, საქართველოს გარდა, მაგრამ ჩვენ გამოვდივართ საქართველოს ინტერესებიდან.

ვეთანხმები მიდგომას, რომ ევროპული ყაიდის კანონმდებლობა უნდა მივიღოთ, მაქსიმალურად შევუსაბამოთ ევროდირექტივას, რომელიც ჯერ არ არის მიღებული, მაგრამ არის ფრანგული კანონი, რომელიც უკვე მიღებულია ქვედა პალატის მიერ. ამ ეგრეთ წოდებულ ბანერზე რაც ამოგიწერიათ რუსული კანონიდან, არცერთი შეზღუდვა არ არის ჩვენს კანონპროექტში. რომელიმეს თუ ნახავთ, პირობას გაძლევთ, ამოვიღებთ. არათუ უმკაცრესი, არამედ არცერთი შეზღუდვა არ არის ქართულ კანონმდებლობაში. ტყუილია, რომ კანონპროექტი ფიზიკურ პირებზე ვრცელდება, ასევე კრძალავს აქტიურ საარჩევნო უფლებას, პედაგოგიურ საქმიანობას, ჩვენთან მსგავსი არ არსებობს; ასევე ტყუილია, რომ ზღუდავს უფლებებს ქონებათა ფინანსურ ტრანზაქციებზე, ჩვენს კანონპროექტში მსგავსი არ არსებობს, რეესტრში ქვეკონტრაქტორებიც კი შეჰყავსო, საჯაროობისას აწესებს გავლენის აგენტად მოხსენიების ვალდებულებასო, ჩვენთან მსგავსი არ არსებობს; აწესებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასო, არც ასეთი არსებობს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი სახმელეთო მომსახურების უსაფრთხოების საერთაშორისო აკრედიტაციის (ISAGO) მფლობელი გახდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი სახმელეთო მომსახურების უსაფრთხოების საერთაშორისო აკრედიტაციის (ISAGO) მფლობელი გახდა.

როგორც “ჯორჯიან თაიმსს” აცნობეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა წარმატებით გაიარა აკრედიტაცია IATA-ს სახმელეთო მომსახურების უსაფრთხოების აუდიტის (ISAGO) პროგრამის ფარგლებში, რომელიც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ორგანიზაცია და მართვა, ჩატვირთვის კონტროლი, მგზავრთა გადაყვანა, საბარგო და საჰაერო ხომალდის სახმელეთო მომსახურება.

ISAGO-ს სერთიფიკატი ადასტურებს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი სახმელეთო მომსახურებას ახორციელებს უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და IATA -ს მოთხოვნების და რეკომენდაციების სრული დაცვით.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება, როგორც არსებული, ასევე ქართული საავიაციო ბაზრით დაინტერესებული ახალი ავიაკომპანიებისთვის, რამდენადაც ISAGO-ს სერთიფიკატის ქონა მათთვის უსაფრთხო ოპერირების, მაღალი ხარისხისა და საერთაშორისო რეგულაციების დაცვის გარანტს წარმოადგენს. აკრედიტაციის პროცესში ჩართული იყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შესაბამისი დეპარტამენტების თანამშრომლებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელთა ძალისხმევისა და ეფექტური მუშაობის შედეგად გათვალისწინებულ ვადებში მოხდა სერთიფიცირების წარმატებით დასრულება.

IATA-ს სახმელეთო მომსახურების უსაფრთხოების აუდიტი (ISAGO) წარმოადგენს საავიაციო ინდუსტრიის გლობალურ, მსოფლიოში აღიარებულ პროგრამას სახმელეთო მომსახურების პროვაიდერების ზედამხედველობისათვის. ISAGO უზრუნველყოფს საექსპლუატაციო პროცედურების სტანდარტიზაციას და ზრდის საუკეთესო პრაქტიკის ჰარმონიზაციას საავიაციო ინდუსტრიაში.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აკრედიტაციის პროცესი 2023 წელს დაიწყო, რომლის შედეგადაც IATA-ს აუდიტორების მხრიდან განხორციელდა სახმელეთო მომსახურების პროცესების სრულმაშტაბიანი აუდიტი. ISAGO-ს აკრედიტაცია კომპანიას ენიჭება 2 წლის ვადით, რომლის ვადის გასვლის შემდგომ IATA-ს მხრიდან ჩატარდება რესერთიფიცირების აუდიტი. აკრედიტაციის ფლობა კიდევ უფრო მნიშნელოვანია დღეს, რამდენადაც თბილისის საერთაშირისო აეროპორტის მმართველი კომპანიის ძირითადი აქციონერი ფრანგული ADP ჯგუფი გახდა, რომელიც მსოფლიოში 110 აეროპორტში ოპერირებს.

“იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 6.5 პროცენტით შემცირდა” – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 699.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6.5 პროცენტით ნაკლებია.

აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 1 325.7 მლნ. აშშ დოლარი იყო. წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით შემცირდა 9.3 პროცენტით, ხოლო იმპორტი 3 373.6 მლნ. აშშ დოლარი – კლებამ 5.3 პროცენტი შეადგინა.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-მარტში 2 047.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.6 პროცენტია.

“ივანიშვილი დღეს პირდაპირ კრემლიდან წამოსულ დავალებას ასრულებს” – საბა ბუაძე

კარგად ჩანს, რომ „ქართული ოცნება” ჭიპლარით არის მიერთებული კრემლზე. ამიტომ ჩვენი სათქმელი უნდა იყოს – “არა რუსულ კანონს, არა რუსულ მთავრობას“, – ამის შესახებ პარლამენტის უკანა შესასვლელთან მიმდინარე აქციაზე პარტია „ლელოს“ წევრმა საბა ბუაძე განაცხადა.

მისი შეფასებით, ხელისუფლება რუსეთიდან წამოსულ დავალებებს ასრულებს.

„ივანიშვილი დღეს პირდაპირ კრემლიდან წამოსულ დავალებას ასრულებს. კრემლის და პუტინის ინტერესებშია, რომ საქართველოს ევროპული მომავალი მოუკლან. ამ სპეცოპერაციის ერთ-ერთი ნაწილია იურიდიულ კომიტეტზე ამ კანონპროექტის განხილვა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი დავიცვათ. რუსეთის სამსახურში მყოფი ხელისუფლების წინააღმდეგ უნდა გამოვიდეს ყველა, ვინც თვლის, რომ ამ ქვეყნის მომავალი არის ევროპაში. სხვაგვარად ჩვენ ეს ხალხი ევროპულ პერსპექტივას დაგვაკარგვინებს. კარგად ჩანს, რომ “ქართული ოცნება” ჭიპლარით არის მიერთებული კრემლზე. ამიტომ ჩვენი სათქმელი უნდა იყოს – “არა რუსულ კანონს, არა რუსულ მთავრობას”, რომელიც ამ ქვეყნის მშვიდობიან მომავალს არყევს. მთავარია ყველამ თავისი სათქმელი თქვას, ამ ხელისუფლების პირობებში, დამატებითი დივერსიების მოლოდინი უნდა გვქონდეს”, – განაცხადა საბა ბუაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების აქცია მიმდინარეობს. აქციაზე მყოფები აპროტესტებენ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით განიხილავს.

სამწუხაროდ, ლობისტების კანონს და „ფარას“ კანონს ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ ვერ ასხვავებს ერთმანეთისგან -მამუკა მდინარაძე

სამწუხაროდ, ლობისტების კანონს და „ფარას“ კანონს ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ ვერ ასხვავებს ერთმანეთისგან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„სამწუხაროდ, ლობისტების კანონს და „ფარას“ კანონს ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ ვერ ასხვავებს ერთმანეთისგან. არის ასეთი წარმოდგენები, რომ „ენჯეოებს“ არ ეხებათ „ფარას“ კანონი და ა.შ. შეგიძლიათ ახლავე გახსნათ, შეხვიდეთ საიტზე და ვინ არის დარეგისტრირებული ნახოთ. „ფარას“ კანონისა და ლობისტების კანონის განსხვავება დღემდე, ამ წუთამდე ბევრმა არ იცის და უკაცრავად, შეიძლება ასეთი ამ დარბაზშიც იყოს და შეიძლება ეგონოს, რომ ლობისტების კანონია „ფარა“ და ეხება ლობისტებს და არ ეხება „ენჯეო“ სექტორის წარმომადგენელ ორგანიზაციებს და არ ეხება მედია ორგანიზაციებს და ა.შ.“, – აღნიშნა მდინარაძემ.

პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავს. „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ პროექტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში პირველი მოსმენით განხილვა დაიწყო.

“არაფრის გაწვევა არ არის საჭირო, ეს არის ევროპული კანონმდებლობა და ეხება მხოლოდ გამჭვირვალობას, მეტს არაფერს”

არანაირი რუსული კანონი არ არსებობს, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა.

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას დაიწყო. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები კი კანონპროექტის გაწვევას ითხოვენ, რაზეც მათიკაშვილი აღნიშნავს, რომ არაფრის გაწვევა არ არის საჭირო.

„არანაირი რუსული კანონი არ არსებობს. არაფრის გაწვევა არ არის საჭირო. ეს არის ევროპული კანონმდებლობა, ეხება მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას და მეტს არაფერს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან.

რატომ უნდა ბედავდეს სხვა ქვეყნის კანცლერი და მიგითითებდეს, რომელი კანონი უნდა მიიღო ქვეყანაში და რომელი არა?! -ზაზა შათირიშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეთავაზებას ელჩების მიმართ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე გაიმართოს საჯარო დისკუსია, ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი ეხმაურება და მიმართვას ავრცელებს.

როგორც შათირიშვილი აღნიშნავს, „ელჩები წლებია, უკვე გაცდენილები არიან თავიანთ უფლებამოსილებას და პირდაპირ ერევიან ქვეყნის შიდა საქმეებში“. მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის შეთავაზება აუცილებელი იყო.

„რამდენიმე დღის წინ, ქართველ უსამშობლოებს მივმართე, რომელთა ფართე დიაპაზონი ფორმალური პრეზიდენტიდან, ზურაბიშვილიდან იწყება და რადიკალური ოპოზიციის კლოუნით, ნათელაშვილით მთავრდება. ამ დიაპაზონში ყველა რადიკალს თავისი „საპატიო“ ადგილი აქვს და ისეთ მდაბიო აგენტურულ კოჰორტას აერთიანებს, როგორებიც არიან სააკაშვილი, ლომჯარია, გახარია, ხაზარაძე, გვარამია, ჯაფარიძე და ძმანნი მათნი. მივმართე და აღვნიშნე, რომ საკუთარი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გაკრიტიკება იმის გამო, რომ მან ღირსეული პასუხი გასცა გერმანელ კოლეგას, მთავარი მანიშნებელია მათი უსამშობლო ბუნების.

ჩვენ, ჯანსაღი საზოგადოება მოვლენას ასე ვხედავთ – რატომ უნდა ბედავდეს სხვა ქვეყნის კანცლერი და მიგითითებდეს, რომელი კანონი უნდა მიიღო ქვეყანაში და რომელი არა?! ჩვენ შოლცის ამ პოზიციას ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევად და სუვერენიტეტის შებღალვად ვაფასებთ. უსამშობლოები, რომელათა გვარებს აღარ ჩამოვთვლი, მოვლენებს უცხო ქვეყნის პრიზმიდან უყურებენ და აფასებენ. მათ საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის განცდა ბუნებრივად არ გააჩნიათ, რადგან გარედან მართული, დავალებების შემსრულებელი სუბიექტები არიან – ამიტომ ჰყავთ პრიორიტეტში აყვანილი ყველა სხვა, გარდა ქართველისა, გარდა ჩვენი ქვეყნისა. მათი მონური აზროვნებით – კობახიძეს ვერ უნდა გაებედა და პასუხი ვერ უნდა გაეცა კოლეგისთვის…

ზემოთნახსენები თემა გაგრილებულიც კი არ იყო, როდესაც უსამშობლო რადიკალებმა ბუნებრივი თვითლუსტრაციის ახალი სერია აჩვენეს მთელ ერს. მათთვის სრული ფსიქოზის და ისტერიის საბაბი გახდა პრემიერის შეთავაზება დიპლომატიური კორპუსის მიმართ – რომ საჯაროდ გაირჩეს გამჭირვალობის კანონი, რამეთუ ელჩები ჯერ კიდევ ახერხებენ და მცდარ ინფორმაციას აწვდიან ამ თემაზე საზოგადოებას. რადიკალური ოპოზიცია პრემიერის ამ ღირსეულმა ნაბიჯმა წყობიდან გამოიყვანა. მათი ლოგიკით – კობახიძე ვერ უნდა ბედავდეს და ელჩებს ამ ტონალობით არ უნდა ელაპარაკებოდეს. თურმე ეს არის დიპლომატიური ეთიკის დარღვევა და არც ერთ სხვა ქვეყანაში მსგავსი რამ არ მომხდარა…

ჰოდა რადგან ამ უსამშობლოებს ისედაც დაბეჩავებული ინსტიქტები ქვეყნის საწინაღმდეგოდ აქვთ მომართული, აუცილებლად მიმაჩნია სიმართლე ვუთხრა. ამ პროცესში თუ ვინმე რამეს არასწორად ბედავს, ეს არის დიპლომატიური კორპუსი. ელჩები წლებია უკვე გაცდენილები არიან თავიანთ უფლებამოსილებას და პირდაპირ ერევიან ქვეყნის შიდა საქმეებში. უფრო მეტიც – ხშირად მათ შეთავსებული აქვთ ხელისუფლების პოლიტიკური ოპონირების ფუნქცია გავერანებული რადიკალური ოპოზოციის ნაცვლად და პირდაპირ კანონშემოქმედებით საქმიანობაში უხეში ფორმებით მონაწილეობენ. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი სწორედ გამჭირვალობის კანონია.

და რადგან ჩვენი ქვეყანა სუვერენიტეტის აღდგენის გზაზე პირველ ნაბიჯებს დგამს, რადგან ჯერ არ შეგვწევს იმის ძალა, რომ ამ ქვეყანაში ყველამ იცოდეს საკუთარი ადგილი, ელჩმა ელჩის ფუნქციები შეასრულოს ხოლო ოპოზიციამ და ენჯეომ თავისი უფლებამოვალეობები, პრემიერის აუცილებელი შეთავაზებაც სწორედ ამ მოცემულობიდან გამომდინარეობს.

პრემიერის მიზანი მარტივია – თუკი ელჩები უხეშად მონაწილეობენ კანონშემოქმედებით საქმიანობაში, იქნებ იმდენი მაინც მოხერხდეს, რომ სიცრუის გავრცელება ავირიდოთ თავიდან. ცალკე საუბრის თემაა თუ რატომ არის გასული დიპლომატიური კორპუსი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებიდან. ამ ყველაფერს „საფუძველი“ სწორედ რომ რადიკალების ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ჩაეყარა, 2003 წლიდან ქვეყანა სწორედ გარედან, აგენტურის ხელით იმართებოდა და ამ პროცესში ელჩებს განსაკუთრებული როლი ჰქონდათ. ფაქტობრივად, ადგილზე სწორედ ელჩები იყვნენ დავალებების გამცემები და 2012 წელს საქმე იქამდე მივიდა, რომ ჩინოვნიკები ელემენტალურ გადაწყვეტილებებსაც კი სვადასხვა ქვეყნის საელჩოებთან ათანხმებდნენ. აღარაფერს ვამბობ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაბიჯებზე – სადაც ხელისუფლების მმართველებს აზრსაც კი არ ეკითხებიდა დიპლომატიური კორპუსი.

აი, ამ უმძიმესი მემკვიდრეობის გამოსწორების გზას გადის ნაბიჯ-ნაბიჯ დღეს ეროვნული ხელისუფლება. ამიტომ კიდევ ერთხელ მკაფიოდ მინდა ვუთხრა უსამშობლო ოპოზიციას – სწორედ დიპლომატიური ეთიკის და ნორმების ფეხქვეშ გათელვაა ის, რომ დღეს სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატები უხეშად ერევიან ქვეყნის სუვერენულ საკითხებში და მიგვითითებენ, რომელი კანონი მიიღოს და რომელი არა ხალხის უმრავლეოსობის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი – როდესაც უსამშობლო სუბიექტები ამბობენ, რომ ელჩებისადმი დისკუსიაში შემოსვლის მოწოდება არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა, აქ მთავარ ფაქტორს შეგნებულად მალავენ. თქვენ ვერ დამისახელებთ ვერც ერთ სუვერენულ, თავმოყვარე სახელმწიფოს, სადაც სხვა ქვეყნის დიპლომატი გაბედავს და ხელისუფლებას მოუწოდებს ამათუიმ კანონის დაბლოკვას. ვერ დაასახელებთ ერთ ნორმალურ ქვეყანასაც კი, სადაც ელჩები უხეში ფორმებით ერევიან კანონშემოქმედებით საქმიანობაში. ნებისმიერ თავმოყვარე ქვეყანაში მსგავსი ფაქტი დიპლომატიური სკანდალის საფუძველი გახდებოდა.

საქართველოს პრემიერის, ირაკლი კობახიძის მხრიდან ელჩების მიმართ გაკეთებული თავაზიანი შეთავაზება ერთადერთ მიზანს ემსახურება – მოხერხდეს მათი მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელების პრევენცია და დიპლომატიური უხერხულობის თავიდან არიდება. ამ შეთავაზებაზე ადგილობრივი რადიკალების მძაფრი რეაქცია კი მათი თვითლუსტრაციის მორიგი თვალსაჩინო მაგალითია. რადიკალების ისტერიამ აჩვენა, საიდან და ვისგან იმართებიან ეს სუბიექტები და რომ მათთვის უმნიშვნელოვანესია ის დაფარული დაფინანსება, რომელიც უცხოეთიდან შემოედინება და შემდგომში ჩვენ ქვეყანაში მხოლოდ ანტიქართულ საქმეში გამოიყენება“,- აცხადებს ზაზა შათირიშვილი.

პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს

პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დაიწყო. ფრაქცია „ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ პროექტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით განიხილავს.

მასთან ერთად განიხილავენ ორ ალტერნატიულ პროექტს – ერთია, „ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ” პროექტი და თანმდევი “სისხლის სამართლის კოდექსში” შესატანი ცვლილებები, ხოლო მეორე – „გრანტების შესახებ” კანონსა და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ” კანონში მომზადებული ცვლილებები.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის პროექტი შინაარსით გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების ფონზე “ჩაგდებული” პროექტის იდენტურია.

კანონპროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით”, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა – კერძოდ კი, 20%-ზე მეტი – უცხოეთიდან არის მიღებული. კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად” მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს.

რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.

კანონპროექტი “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციის გამოსავლენად” იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს.

პროექტით, მონიტორინგის დაწყების საფუძველი იქნება იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება და იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას შეიცავს”.

პროექტის გათვალისწინებით, თუ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სუბიექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, მაგრამ მან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას თავი აარიდა, სააგენტო, იუსტიციის სამინისტროს “შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე”, მას უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დაარეგისტრირებს, რაც აღნიშნულ სუბიექტს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან არ გაათავისუფლებს.

უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არ შევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით.

პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: – იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას – 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არ გამოსწორების შემთხვევაში – 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა – 20 ათასი ლარი.

რაც შეეხება ალტერნატიულ კანონპროექტებს, ის საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “საქართველოსთვის” წევრების მიერ არის ინიცირებული. “ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ” პროექტით განისაზღვრება ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის ფედერაციის ძალა, ოკუპანტი ქვეყნის გავლენის აგენტი, ხოლო ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და მის სასარგებლოდ ისეთი საქმიანობები იკრძალება, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანებას, მათ შორის – ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის ხელის შეშლას. “გრანტების შესახებ” კანონსა და “ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ” კანონში მომზადებული ცვლილებებით, რაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის კიდევ ერთი ალტერნატივაა, ნებისმიერი როგორც ქართული, ასევე უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული გრანტის მიმღები ვალდებული იქნება შესაბამის ორგანოს წარუდგინოს საქმიანობის წლიური ანგარიში საანგარიშო წლის დასრულებიდან სამი თვის ვადაში. წლიური ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას გრანტის მიმღების მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული თითოეული გრანტის შესახებ, მათ შორის გრანტის გაცემის მიზანი, მოცულობა და სხვა ძირითადი მოთხოვნების შესახებ, რომელიც ასახულია საგრანტო ხელშეკრულებაში.

“წაიკითხე გამჭვირვალობის კანონი, თავი არავის მოატყუებინო!”

წაიკითხე გამჭვირვალობის კანონი, თავი არავის მოატყუებინო! დადექი საქართველის მხარეს! – ამ წარწერით ქალაქში პლაკატები გამოჩნდა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პლაკატები პარტია „ქართული ოცნების“ დაკვეთით არის დაბეჭდილი.

პლაკატებზე დატანილია QR კოდი, საიდანაც მოქალაქეებს შეუძლიათ, გადავიდნენ ბმულზე და „უცხოური გვალენის გამჭვირვალობის  შესახებ“ კანონპროექტს გაეცნონ.

“სათქმელი ითქვა: კანონი არაა ევროპული, არც მისი დაბრუნება წარადგება ევროპულ მიზანს!” – პრეზიდენტი

დებატი ჩატარდა ბერლინში პრემიერთა შორის! სათქმელიც ითქვა: კანონი არაა ევროპული, არც მისი დაბრუნება წარადგება ევროპულ მიზანს! მეტი რა?!, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დაიწყო. ინიციატივას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პროტესტის ფონზე განიხილავს.

“გამჭვირვალობის კანონპროექტი არის ქართული ინტერესების დამცველი ინიციატივა” – ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ „ქართული ოცნების“ ინიციატივა ქართული ინტერესების დაცვას ემსახურება.

„დღეს გამოაქვეყნეს მარაზმი, თურმე რუსულია იმიტომ, რომ რეგისტრაცია უნდა გაიაროს. ბიჭო, შე დალოცვილო, თუ ლენჩი ხარ, რატომ გგონია, რომ ქართველ ხალხს შეცდომაში შეიყვან? „ფარა“ ამერიკულია და რეგისტრაცია აუცილებელია. რაღაც წითელ ფონზე გამოაქვეყნეს, ეს ხომ ბოლშევიზმია, ბოლშევიკები არიან. იქ წერია, თურმე ამათ უნდათ არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების გამჭვირვალობაო. რატომ ვითხოვთ ევროკავშირთან და სხვა ელჩებთან დებატებს? მათ არგუმენტები არ აქვთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მოვუწოდებთ ყველა დეპუტატს პერსონალურად, მტერს დაარქვით მტერი და მოყვარეს მოყვარე, არავინ გაპატიებთ ქვეყნისთვის მომავლის წართმევას -პარტია “გახარია საქართველოსთვის”

მოვუწოდებთ ყველა დეპუტატს პერსონალურად, მტერს დაარქვით მტერი და მოყვარეს მოყვარე! არავინ გაპატიებთ ქვეყნისთვის მომავლის წართმევას და პასუხისმგებლობები იქნება პერსონალიზებული, – ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის წევრებმა ბრიფინგზე განაცხადეს.

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაიწვიოს რუსული კანონი. არც ჩვენ და არც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არ დავუჭერთ მხარს კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება ეროვნულ ინტერესებს.

ჩვენი მხარს დავუჭერთ ერთადერთ კანონს, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებში შემავალ ორ პირობას, პირველი – კანონი უნდა გვიცავდეს მტრებისგან, კონკრეტულად კი ოკუპანტი სახელმწიფოს მტრული გავლნებისგან. მეორე – კანონი არ უნდა ხლეჩდეს და აპირისპირებდეს საზოგადოებას, მათი ნაწილის აგენტებად და მოღალატეებად გაფორმებით.

აი, სწორედ ასეთი ეროვნული კანონია საფრანგეთში, ბრიტანეთში, ავსტრალიაში კანადაში და სხვა დასავლურ და ცივილიზებულ ქვეყნებში. ოცნება კი, რომელიც ამბობს, რომ თითქოს ამერიკული და ევროპული კანონები გადმოიღო, რეალურად აპირებს მიიღოს რუსული კანონი. როგორიც მიიღეს, მაგალითად, ყირგიზეთმა, უნგრეთმა, ბოსნიამ. როგორც ყოველთვის, ოცნება ამბობს ერთს – საქმით, კი აკეთებს მეორეს!

თუ „ოცნება“ უარს იტყვის ეროვნული მიზნების დაცვაზე და დაარღვევს ამ ორ პირობას, სახელს ვერ დაარქმევს მტერს და ვერ მიმართავს თავის რუსულ კანონს კონკრეტულად ოკუპანტის წინააღმდეგ, მაშინ საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს, რომ მათ აქვთ ერთადერთი მიზანი, გამოგონილი გამჭვირვალობის საფარქვეშ, საზოგადოება დაყონ აგენტებად და მოღალატეებად და ერთმანეთს დაუპირისპირონ.

თუ ეს ესე არ არის, გაიწვიონ რუსული კანონი და დააწესონ ანგარიშგების საერთო სტანდარტი, გრანტის ყველა მიმღებისთვის, იქნება ეს კეზერაშვილის მიერ გაცემული, ივანიშვილის მიერ გაცემული თუ სხვა ვინმეს მიერ გაცემული გრანტი. ვიმორებ, საქართველოში უნდა არსებობდეს ერთადერთი კანონი, რომელიც ევროკავშირს კი არ აცხადებს მტრად, არამედ აღკვეთს ოკუპანტის გავლენებს.

თუკი „ოცნება“ რუსულ კანონს მიიღებს, დადასტურდება, რომ ივანიშვილის „ოცნების“ პირობებში საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი და დარჩება რუსული გავლენების ქვეყნების ჯგუფში.

მოვუწოდებთ ყველა დეპუტატს პერსონალურად, მტერს დაარქვით მტერი და მოყვარეს მოყვარე! არავინ გაპატიებთ, ქვეყნისთვის მომავლის წართმევას და პასუხისმგებლობები იქნება პერსონალიზებული!“, – განაცხადეს პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრებმა.