Home Blog Page 1225

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7259 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7259 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7259 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7274 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0015 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9546 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9639 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0093 ლარი შეადგინა.

თიბისი, Visa და Kovzy E-commerce განვითარების მიზნით ერთობლივ პროექტს განახორციელებენ

Ecommerce in a box” წარმოადგენს თიბისის, Visa-ს და Kovzy-ის ერთობლივ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს საკვები ინდუსტრიის მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების (SME-ების) ხელშეწყობას მათი ონლაინ აქტიურობისა და ელექტრონული კომერციის შესაძლებლობების შექმნასა და გაზრდაში. პროგრამა მონაწილე ბიზნესებს სთავაზობს წვდომას მრავალფეროვან რესურსებსა და ინსტრუმენტებზე, მათ შორის ონლაინ მაღაზიის შექმნაზე, გადახდის დამუშავების გადაწყვეტებსა და მარკეტინგულ მხარდაჭერაზე.

იმ შემთხვევაში, თუ თიბისის  SME  მომხმარებელი გადაწყვეტს ამ მომსახურებას მიღებას, მას თიბისი ბიზნესი 3 დამატებით სარგებელს სთავაზობს: 

  1. ბიზნესს ეხსნება ყოველთვიური შევსებადი საკომისიო;
  2. 6 თვის განმავლობაში ხდება თიბისის ბიზნეს ნაკრების მომხმარებელი უფასოდ;
  3. E-commerce – ით Visa – ს ბარათით გადახდის შემთხვევაში, მას უკან დაუბრუნდება საკომისიო თანხა, მაქსიმუმ 300 ლარი.

პროგრამის მთავარი მიზანია საშუალება მისცეს მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს ისარგებლონ ციფრული კომერციისა და ონლაინ შოპინგის მზარდი ტენდენციით. ელექტრონული კომერციის აუცილებელი ინსტრუმენტებისა და რესურსების მიწოდებით, პროგრამა მიზნად ისახავს დაეხმაროს მცირე და საშუალო ბიზნესს გადალახოს ციფრულ ბაზარზე შესვლასთან დაკავშირებული წინაღობები, გააფართოოს მომხმარებელთა ბაზა და გაზარდოს შემოსავლის წყაროები.

პროგრამა გათვლილია ქვეყნის მასშტაბით არსებულ სწრაფი კვების ობიექტებზე, კაფე-რესტორნების კატეგორიაში 100 მცირე და საშუალო ბიზნესზე.

r

“რუსეთის არმიის დაბომბვების პირობებში, უკრაინა ცდილობს მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის მიწოდება უზრუნველყოს”-The New York Times

„უკრაინის მთავრობამ, პირველად ომის ორი წლის განმავლობაში, გადაწყვიტა შემოეღო ელექტროენერგიის დროებითი ციკლური გამორთვები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, თვით ზაფხულის პერიოდშიც კი, ეკონომიკური ხარჯვის მიზნით“, – ნათქვამია აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) დაბეჭდილ სტატიაში, სათაურით: “რუსეთის არმიის დაბომბვების პირობებში, უკრაინა ცდილობს მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის მიწოდება უზრუნველყოს” (ავტორები – კონსტან მეხე, მარია ვარენიკოვა).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკრაინის არმიის სარდლობა მთელი ძალების დაძაბვით ცდილობს წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის ჯარების წინსვლას, პარალელურად კი მთავრობა აცხადებს, რომ კვლავ დადგა ძნელად გადასალახავი პრობლემის წინაშე: აუცილებელია ელექტროენერგიის მიწოდების შენარჩუნება ისეთ პირობებში, როცა რუსეთის არმია სულ უფრო ხშირად ბომბავს უკრაინის ელექტროსადგურებს და მათ ანგრევს.

ელექტროენერგიის ეკონომიის მიზნით მთავრობამ დაადგინა, რომ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, საერთო-ეროვნული მასშტაბით, რეგულარულად იქნება შემოღებული, თვით ზაფხულის პერიოდშიც კი, ელექტროენერგიის ვეერული – დროებით-ციკლური – გამორთვები. მსგავსი ფაქტები ადრეც ხდებოდა, მაგრამ მხოლოდ რეგიონებში, ახლა კი ხელისუფლება იძულებული გახდა გამორთვები მთელი ქვეყნის მასშტაბით განახორციელოს.

„ბრძოლა ელექტროენერგიის წარმოების შესანარჩუნებლად ჩვენთვის ახალ ფრონტს წარმოადგენს”, – დაწერა გასულ კვირას სოციალურ ქსელებში მაქსიმ ტიმჩენკომ, რომელიც უკრაინის ყველაზე მსხვილ კერძო ელექტროენერგეტიკულ კომპანიას (DTEK) ფლობს.

მისი თქმით, კომპანიის თანამშრომლები „დროსთან ბრძოლაში“ არიან ჩაბმულნი, რომ რაც შეიძლება მალე აღადგინონ დაზიანებული ელექტროსადგურები და მომხმარებლები ენერგიით უზრუნველყონ.
ელექტროენერგიის საყოველთაო გამორთვები დაგეგმილია საღამოს 6 საათიდან და შუაღამემდე გაგრძელდება. გრაფიკი პირველად გავრცელდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, თუმცა გაურკვეველია, თუ როდემდე იქნება დენის მიწოდება შეზღუდული – ვადები, თუნდაც მიახლოებითი, ჯერ-ჯერობით განსაზღვრული არ არის.
უკრაინელებისათვის განსაკუთრებით მძიმე იყო 2022/2023 წლების ზამთარი, როცა რუსეთის ჯარი მეთოდურად ურტყამდა ქვეყნის მრავალრიცხოვან ელექტროსადგურებს, რის შედეგადაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სინათლისა და გათბობის გარეშე დარჩა, თუმცა უკრაინის არმიამ სწრაფად ისწავლა რუსული რაკეტების ჩამოგდების ხერხები, გააძლიერა ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა და მეტ-ნაკლებად სიტუაცია გააუმჯობესა. ასე იყო მიმდინარე წლის გაზაფხულამდე.

იმდენად, რამდენადაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჯერ-ჯერობით ისევ არ ჰყოფნით იარაღი და საბრძოლო მასალები, განსაკუთრებით აშშ-ის კონგრესში გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურების გამო (მართალია, კონგრესმენებმა დახმარების პაკეტი საბოლოოდ მიიღეს, მაგრამ იარაღის უკრაინამდე მიტანას დრო ჭირდება), დღეს კიევს რუსეთის დარტყმებისადმი წინააღმდეგობის გაწევა უძნელდება, თანაც ისეთისა, რომელიც სულ უფრო გაწაფული და დახვეწილი ხდება.
რუსეთის გააქტიურება უკრაინის ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვაში აძლიერებს იმის საფრთხეს, რომ ელექტროენერგიის გამორთვები ნეგატიურად იმოქმედებს არამარტო კერძო მომხმარებლებზე, არამედ ზიანს მიაყენებს სამხედრო-თავდაცვით მრეწველობასაც და თანაც ზუსტად იმ დროს, როცა პროდუქციის გამოშვება მწვავედ არის აუცილებელი.

„რა თქმა უნდა, ელექტროენერგიის გამორთვა წარმოების ტემპებს ანელებს, რომელიც სულ უფრო ძვირადღირებული ხდება“, – ამბობს ალექსანდრე დმიტრიევი, რომელიც უკრაინის არმიისათვის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მიწოდების საკოორდინაციო ჯგუფში მუშაობს, – სამოქალაქო მოსახლეობას ელექტროენერგიის პრობლემის გადატანა შედარებით იოლად შეუძლია, მაგრამ სამხედრო მრეწველობისათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა, უბრალოდ, კოლაფსს იწვევს“.

უკრაინა ცდილობს დახმარება გარედან მიიღოს – მეზობლების მხრიდან: კიევმა უკვე მიმართა დასავლელ პარტნიორებს ელექტროქსელური მოწყობილობებითა და დანადგარებით დახმარების უზრუნველყოფის მიზნით. გარდა ამისა, უკრაინა უკვე იღებს ელექტროენერგიას რუმინეთიდან, სლოვაკეთიდან, პოლონეთიდან, უნგრეთიდან და მოლდოვადან – მართალია, არასაკმარისად, მაგრამ მაინც.
„ჩვენ ასევე მივმართეთ დასავლეთის ქვეყნებს მოგვაწოდონ ნახმარი მოწყობილობები, რომლებიც მათ აღარ ჭირდებათ, ჩვენ კი მათ შეძლებისდაგვარად გამოვიყენებთ“, – ამბობს „ნიუ-იორკ თაიმსის“ ჟურნალისტთან საუბარში კომპანია DTEK-ის პრეს-მდივანი პავლე ბელოდედი, – „ელექტრომოწყობილობების სწრაფად ყიდვა ან შეკვეთა შეუძლებელია, ამიტომ ერთადერთი, რის მიღებაც დაუბრკოლებლად შეიძლება, ნახმარი აპარატურა წარმოადგენს. ამისთვის საჭიროა მხოლოდ ამა თუ იმ ქვეყნის ხელმძღვანელთა პოლიტიკური ნება, დანარჩენს ჩვენ თვითონ მოვაგვარებთ“.

უკრაინაში შეიძლება იმ ელექტრომოწყობილობების გამოყენება, რომლებიც საბჭოური წარმოებისაა და ევროპის ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებს აღარ სჭირდებათ. ზოგიერთი პოსტკომუნისტური ქვეყნიდან ჩამოწერილი ელექტროდანადგარების მიწოდების პროცესი უკვე დაიწყო.

ცნობილი უკრაინელი მოკრივე ალექსანდრე უსიკი, რომელიც გასულ კვირას მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი გახდა მძიმე წონაში, ამ კამპანიას შეუერთდა და გაავრცელა ვიდეორგოლი, რომელშიც მას მაისური აცვია წარწერით „ბრძოლა სინათლისათვის“. მოკრივემ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინელი ხალხი რუსების შეტევას ელექტროენერგიით უზრუნველყოფის საკითხშიც გაუძლებს.

უკრაინა თავისი ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის განსამტკიცებლად ითხოვს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების მიწოდებას, განსაკუთრებით კი ამერიკული წარმოების „პეტრიოტის“ (Patriot) სისტემებს, რათა თბოელექტროსადგურები და ჰესები რუსული რაკეტებისა და დრონებისაგან დაიცვას. „პეტრიოტის“ ორი კომპლექსი ხარკოვის ოლქში რეალურად უზრუნველყოფს ენერგეტიკული ობიექტებისა და მოსახლეობის დაცვას’, – თქვა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან შეხვედრისას. პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა მოსახლეობას პასუხისმგებლობით მიუდგნენ ელექტროენერგიის მოხმარებას: „ჩვენ გვინდა საზოგადოებას ვაუწყოთ, თუ რა მძიმე მდგომარეობაა შექმნილი ელექტროენერგიის წარმოებაში, ამიტომ უკრაინის ყოველმა მოქალაქემ მაღალი შეგნებითა და პასუხისმგებლობით უნდა იმოქმედოს“, – განაცხადა მან ვიდეომიმართვაში.
თერძმა (ტანსაცმლის მკერავმა) ალექსანდრემ, რომელიც ელექტროენერგიის რიგით მომხმარებელს წარმოადგენს, გაზეთის ჟურნალისტთან საუბარში თქვა, რომ მას ძალიან აშფოთებს დენის ვეერული გამორთვები, რადგან მისი ბიზნესი დაზარალდება. სხვა კერძო მომხმარებლებიც უკმაყოფილონი არიან მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო.

„როცა ელექტროდენის მოწოდება ითიშება ხოლმე, ჩემი ოჯახის წევრები ამისთვის მზად არიან და აცნობიერებენ, რომ ენერგიის ხარჯვის შემცირება აუცილებელია… მაგრამ მე ყველაზე უფრო სამუშაოზე დენის გამორთვისა მეშინია. ელექტროენერგიის გარეშე მუშაობა, უბრალოდ, შეუძლებელია“, – ამბობს ალექსანდრე, რომელმაც თავისი გვარი არ გაამჟღავნა და ანონიმად დარჩენა ისურვა.

წყარო:

მგონია, “ნაცები” სასოწარკვეთილებისგან გაგიჟდნენ – რატი იონათამიშვილი

„ნაცებს”, ქვეყნის ასარევად მეტი რომ აღარაფერი დარჩათ, მორიგ უზნეო პროპაგანდაზე გადავიდნენ – ამერიკელებს “ქართული ოცნების” ხალხზე კომპრომატები აქვთო და ამით იმუქრებიან, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, “უჩა აბაშიძის მორალის ხალხი, კასრის სინდრომისგან ვერ გათავისუფლდა, რაც დიაგნოზია და ოპონენტების სასოწარკვეთილებაზე მეტყველებს”.

“ნაცებს”, ქვეყნის ასარევად მეტი რომ აღარაფერი დარჩათ, მორიგ უზნეო პროპაგანდაზე გადავიდნენ – ამერიკელებს “ქართული ოცნების” ხალხზე კომპრომატები აქვთო და ამით იმუქრებიან. უჩა აბაშიძის მორალის ხალხი კასრის სინდრომისგან რომ ვერ გათავისუფლდა, ეს უკვე დიაგნოზია, მაგრამ საინფორმაციო გამოშვებებს ამით იწყებენ და სოცქსელებშიც სტატუსს სტატუსზე წერენ.

ანუ, იმედი აქვთ, რომ ვაშინგტონში არსებობს კასრები, სადაც ჩვენზე კომპრომატები ინახება, რომელსაც გამოგვიქვეყნებენ და ჩამოგვშლიან. მე მაინც მგონია, რომ სასოწარკვეთილებისგან გაგიჟდნენ”, – წერს იონათამიშვილი.

ცნობისთვის, „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, წყარო „რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტს ვაშინგტონში ეუბნება, რომ შეერთებული შტატები ფლობს ინფორმაციას, რომელსაც “ქართული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლების რეპუტაციის გაცამტვერება შეუძლია“.

გარდა აღნიშნულისა განმარტავენ, რომ „რადიო თავისუფლების“ ვაშინგტონის ბიუროს ჟურნალისტს კანონპროექტზე მომუშავე გუნდის წევრმა ანონიმურობის პირობით განუცხადა, რომ MEGOBARI Act-ზე მუშაობა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, რამდენადაც კონგრესში ექსპერტები მოელოდნენ, რომ “ქართული ოცნება” შარშან პროტესტის ფონზე გაწვეული კანონპროექტის ხელახლა მიღებას შეეცდებოდა. „რადიო თავისუფლების“ ცნობით, კანონპროექტი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ავალდებულებს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის გავლენის შესწავლას, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში.

„რადიო თავისუფლებაში“ განმარტავენ, რომ კანონპროექტში ჩახედული წყაროს ცნობით, ამ საკითხზე გადაწყვეტილება – მათ შორის სანქციებსა და რუსეთისა და ჩინეთის მავნე გავლენის საკითხებზე – შესაძლოა მალე გამოცხადდეს MEGOBARI Act-ის მიღების შემთხვევაში.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, წყარო ასევე განმარტავს: „ქართულ პოლიტიკურ ელიტაში რუსი აგენტების გამოაშკარავება, ისევე როგორც ჩინეთის გავლენის შემთხვევების გამოვლენა, საფუძველს გამოაცლის „ქართული ოცნების“ ნარატივს, რომლის თანახმად, ის ქვეყნის სუვერენიტეტს იცავს „უცხოური აგენტების“ კანონპროექტით”.

სასამართლომ ,,ქურდული სამყაროს“ საქმეზე ბრალდებული 9 პირი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ,,კანონიერ ქურდობაში“, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობაში“, ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერასა და ,,ქურდული სამყაროსთვის“ მიმართვაში ბრალდებული 9 პირი დამნაშავედ ცნო, – ინფორმაციას ამის შესახებ გენერალური პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი ,,კანონიერი ქურდების“ დავალებით, ,,ქურდული სამყაროს“ წევრები ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერ პირებთან ერთად, ქ. თბილისში, ერთ-ერთი ,,ქურდული სამყაროს“ წევრის საცხოვრებელ სახლში სისტემატიურად აწყობდნენ ე.წ. ,,ქურდულ გარჩევებს“, სადაც განიხილავდნენ მოქალაქეთა შორის არსებულ დავებს, მათ ქმედებებს აფასებდნენ, გადაწყვეტილებებს იღებდნენ და მათ შორის პირებს თანხის გადახდას აკისრებდნენ.

“პროკურატურამ ორ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223’-ე მუხლის მე-2 ნაწილით (,,კანონიერი ქურდობა“), ხუთ ბრალდებულს – სსკ-ის 223’-ე მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა), ერთ პირს – სსკ-ის 223’’’-ე მუხლის მე-2 ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა) და ერთ ბრალდებულს – სსკ-ის 223’’’’-ე მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრზე მიმართვა) წარუდგინა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ,,კანონიერ ქურდობაში“ ბრალდებულ 2 პირს 11-11 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობაში ბრალდებულთაგან 3 პირს სასჯელის სახით 9 წლით, ხოლო 2 პირს – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და ასევე, ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში და ,,ქურდული სამყაროსთვის“ მიმართვაში ბრალდებულ 2 პირს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

პროკურატურა აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს”, – საუბარია გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ევროკავშირის ქვეყნები საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ, “რუსული კანონის” გამო: ქართველებს შეიძლება უვიზო რეჟიმი შეუჩერდეთ”-Financial Times

ბრიტანული „ფაინენშელ თაიმსი“ (Financial Times) 22 მაისს აქვეყნებს სტატიას სათაურით: “ევროკავშირის ქვეყნები საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ, „რუსული კანონის“ გამო: ქართველებს შეიძლება უვიზო რეჟიმი შეუჩერდეთ” (ავტორები – ლორა დიუბუა, ანასტასია სტოგნეი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა დაბეჯითებით ითხოვს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შეჩერების ჩათვლით – იმიტომ, რომ საქართველომ გამომწვევი პოზიცია დაიკავა რუსეთის კანონის მსგავსი კანონპროექტის მიღებით, „უცხოელი აგენტების შესახებ“.

საქართველომ, რომელსაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი აქვს, უარყო როგორც ბრიუსელის გაფრთხილება, ასევე ქვეყნის შიგნით მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნა და მაინც მიიღო ისეთი კანონპროექტი, რომელიც ძალიან ჰგავს რუსულ კანონს. ორივე სამართლებრივი აქტი მიმართულია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წინააღმდეგ, აიძულებს მათ, უცხოეთიდან დაფინანსების პირობებში, რეგისტრაცია გაიარონ უცხოეთის ინტერესების გამტარებელ იურიდიულ პირებად.

როგორც წყაროები იტყობინებიან, ეს საკითხი ესტონეთის, ნიდერლანდების, ჩეხეთის, პოლონეთისა და შვედეთის ინიციატივით, განხილული იქნება მომავალ კვირას დაგეგმილ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე. არსებობს დადგენილების ერთ-ერთი ვარიანტი, რომლის თანახმად, შესაძლოა საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი შეუჩერდეთ, აგრეთვე დაუწესდეს გარკვეული სანქციები.

ზოგიერთი ევროპელი ჩინოვნიკის ცნობით, რომლებიც სიტუაციას კარგად იცნობენ, „ევროპული დედაქალაქები განიხილავენ სხვადასხვა ზომების მიღებას საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის მოხდენის მიზნით“.

თავის დროზე ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა თბილისი გააფრთხილეს, რომ „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღება, ერთი მხრივ, სერიოზული ბარიერი გახდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ხოლო მეორე მხრივ, ქვეყანა სულ უფრო მეტად იქნება მიზიდული რუსეთის ორბიტაზე.

მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ კანონპროექტის მიღების პროცესს უახლოეს დღეებში დაასრულებს, იმავდროულად დაგმო საერთაშორისო ზეწოლის მცდელობა მას შემდეგ, რაც ამერიკელმა კონგრესმენებმა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ანტიქართული სანქციების მომზადებისაკენ მოუწოდეს.

„ზოგიერთი ამერიკელი პოლიტიკოსი და ოფიციალური პირი… საქართველოსთან ურთიერთობებში შანტაჟის ენას იყენებს“, – განაცხადა „ქართულმა ოცნებამ“.

პარტიის მტკიცებით, კანონპროექტის მიღება აუცილებელი იყო, რადგან 2020 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაციები ორჯერ შეეცადნენ „რევოლუციის დაწყებას და ამიტომ მთავრობას არ შეუძლია უმოქმედო იყოს მესამე მცდელობის მოლოდინში“.

ევროკავშირი, სავარაუდოდ, ვაშინგტონთან შედარებით უფრო დაყოვნებით იმოქმედებს იმდენად, რამდენადაც ზოგიერთი წევრი სახელმწიფო შიშობს, ვაითუ უვიზო რეჟიმის შეჩერებამ არასასიამოვნო შედეგები გამოიწვიოს იმ ათასობით ქართველისათვის, რომლებიც „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციებზე ევროკავშირის დროშებით გამოდიან.

„ევროკავშირმა ძალიან ფრთხილად უნდა იმოქმედოს, რათა თავისი მხარდამჭერები არ დააზარალოს“, – აღნიშნა ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა.

უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას და ამიტომ ბუდაპეშტს შეუძლია გადაავადოს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული სავარაუდო სანქციების გამოცხადება, რომლებიც ერთხმად, 27-ვე წევრის თანხმობით უნდა იქნეს მიღებული, კონსენსუსის წესით. სხვათა შორის, უნგრეთსაც აქვს მიღებული მსგავსი კანონი – შექმნილია სპეციალური სამთავრობო ორგანო, რომელიც ამოწმებს უცხოურ დაფინანსებას, მიღებულს ოპოზიციური პოლიტიკოსების, მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ.

ქეთევან ჩაჩავამ, რომელიც თბილისში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციას „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრს“ ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ სამთავრობო ჩინოვნიკების წინააღმდეგ მიმართული სანქციები გამართლებულია, მაგრამ მან უარყოფითად შეაფასა უვიზო რეჟიმის შეჩერების შესაძლებლობა.

„ქართველები ყველაზე ნაკლებად იმსახურებენ ასეთ სასჯელს“, – თქვა მან, – „ვიზა-ლიბერალიზაციის გაუქმება ან შეჩერება ძალიან უსამართლო გადაწყვეტილება იქნებოდა და იმავდროულად, კონტრპროდუქტიულიც“.
საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო რეჟიმით უკვე შვიდ წელზე მეტია, რაც სარგებლობენ.

2022 წელს უკრაინაში რუსეთის არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ საქართველომ ოფიციალური განაცხადი შეიტანა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე და მიიღო წევრობის კანდიდატის სტატუსი. თუმცა ამ მიზნით მოლაპარაკება ჯერ არ დაწყებულა, სანამ არ იქნება განხორციელებული ისეთი რეფორმები, რომლებიც „უცხოეთის აგენტობის“ კანონის მოქმედებას წინააღმდეგობას გაუწევს.

წყარო

რუსთაველის გამზირზე, ასევე, რესპუბლიკისა და თავისუფლების მოედნებზე გადაადგილება შეიზღუდება

x

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო და შემდგომ, ღონისძიებების პერიოდში დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.

21 მაისიდან უკვე შეზღუდულია მოძრაობა რესპუბლიკის მოედანზე. სატრანსპორტო საშუალებები მარჯვნივ მოხვევით კოსტავას ქუჩისკენ გადაადგილებას 27 მაისამდე ვერ შეძლებენ.

23 მაისის 23:00 საათიდან 24 მაისის 07:00 საათამდე მოძრაობა შეიზღუდება და საპარკინგე ზოლი გათავისუფლდება რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში; 24 მაისის 23:00 საათიდან 27 მაისის 12:00 საათამდე სრულად დაიკეტება რესპუბლიკის მოედანი და რუსთაველის გამზირი თავისუფლების მოედნის ჩათვლით; 27 მაისის 23:00 საათიდან 28 მაისის 07:00 საათამდე კი შეზღუდვა იმოქმედებს თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე.

აღნიშნულ პერიოდში გადაადგილება ასევე შეზღუდული იქნება კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით. კერძო სატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა დასაშვები იქნება გიორგი ლეონიძის, პავლე ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ალექსანდრე გრიბოედოვის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და რევაზ თაბუკაშვილის ქუჩების დახმარებით; ივანე მაჩაბლის ქუჩაზე შეიცვლება ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულება და გიორგი ლეონიძის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ლადო ასათიანის ქუჩიდან, ივანე მაჩაბლის ქუჩის გავლით.

პეტრე მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენ ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება სიმონ ჯანაშიას, ივანე თარხნიშვილის, თამარ ჭოველიძის, მიხეილ ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდგომ, ვასილ ბარნოვის, იაკობ გოგებაშვილისა და პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩების გამოყენებით. მთაწმინდის რაიონის დანარჩენი ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა კი დასაშვები იქნება ალექსანდრე გრიბოედოვის, კოტე მაყაშვილის, ვასილ ბარნოვისა და აკაკი შანიძის ქუჩების გავლით.

შეზღუდვის პერიოდში შეიცვლება აღნიშნულ ტერიტორიებზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. მელიქიშვილის გამზირიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება ზეთისხილის ხემდე, საიდანაც მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას, მოუხვევს ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისთან და შემდეგ გზას დადგენილი სქემით გააგრძელებს. ის ავტობუსები კი, რომლებიც გორგასლის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობენ, გადაადგილდებიან ევროპის მოედანზე, მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ხიდის გავლით დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას, შემდეგ კი იმოძრავებენ დადგენილი სქემით. თბილისი-კოჯრის გზატკეცილზე მოძრავი ტრანსპორტი გაჩერდება ამაღლების ქუჩის N11-თან და მგზავრებს უკუმიმართულებითაც იმავე მისამართიდან მოემსახურება.

ოპოზიციაში ალტერნატიული ცენტრები არ არსებობს, მხოლოდ რადიკალური ჯგუფია -ანრი ოხანაშვილი

სააკაშვილის მოწოდება იმ ჟანრიდანაა, როცა ის კვდებოდა და წამების მსხვერპლი იყო, თუმცა სტრასბურგის სასამართლომ ამხილა ტყუილებში. იგივე ჟანრია, როცა სააკაშვილი საუბრობს, რომ ქვეყანა დაიღუპება, თუ მთავარი პირი არ იქნება და მის გარშემო არ იტრიალებს ყველაფერი, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

„რაც შეეხება ალტერნატიულ ცენტრებს, ოპოზიციაში მსგავსი არ არსებობს. მხოლოდ რადიკალური ჯგუფი არსებობს, ეს იქნება გვარამია, მელია, თუ ხაბეიშვილი. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიის ჯგუფი. მათ აქვთ ბელადის იდეოლოგია. მათ არავინ მისცემს უფლებას, მისი მითითებების გარეშე რაიმე ნაბიჯი გადადგან“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: „სასოწარკვეთაში ვვარდები, როცა ლაპარაკობენ პარტიულ განსხვავებებზე, მზად ვართ ნებისმიერი დათმობისთვის, ნეიტრალური ნომერი, საერთო სია, ასეთი სიმშვიდე, როგორც მთავრობას უნდა, სასაფლაოზეა“.

“მეორე ფრონტი” არ არის ჩემი მოგონილი – არის კონკრეტული ფაქტები, სადაც ამასთან დაკავშირებით განცხადებები კეთდებოდა -კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მიუღებელია ისეთი მოწოდებები, რომლებიც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ეხება. ამის შესახებ კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მანვე განმარტა, რომ ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანას მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით შესაბამისი რეაქცია ექნებოდა.

„მე არ მომიგონია ჩვენს ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით მოსაზრებები. ამასთან დაკავშირებით უკრაინის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელს გაუკეთებია არაერთი განცხადება, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობდნენ, გვირჩევნია, ჩვენს ქვეყანაში ბომბები ცვიოდესო და ა.შ. მძიმე იყო ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ჩამოსვლა საქართველოში, ანტისამთავრობო მიტინგზე მათი გამოსვლა და კონკრეტული მესიჯების გაჟღერება. ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში ასეთი ფაქტი რომ მომხდარიყო, ალბათ ხვდებით, როგორი დამოკიდებულება ექნებოდათ მათ მიმართ. ვგმობთ ასეთ ფაქტებს. ეს არ არის არც მეგობრობა და არც პარტნიორობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 ხაზარაძე მიხვდა, რომ საერთო სიაში მისი ადგილი ძალიან მოკრძალებული იქნებოდა-ირაკლი ქადაგიშვილი

უკეთესი იქნებოდა, თუ საერთო სია იქნებოდა, მაგრამ ხაზარაძე მიხვდა, რომ საერთო სიაში მისი ადგილი ძალიან მოკრძალებული იქნებოდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილმა კომენტარი გააკეთა „ლელოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძის იმ განცხადებაზე, სადაც ხაზარაძე ამბობს: „არ მჯერა არანაირი ერთიანი სიის, გავაგრძელებთ მუშაობას ალტერნატიული ცენტრის შექმნაზე, რომელიც იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე“.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, საერთო სია, რომელზეც საუბარია, ძირითადად არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ამჟამად რამდენიმე ნაწილადაა დაყოფილი.

„ამომრჩევლის ერთი ბაზა აქვთ „ნაციონალური მოძრაობის“ სახით. ცალ-ცალკე იქნებიან თუ ერთად, ეს პრინციპულ ცვლილებას ვერ მოიტანს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კახა კალაძე, რაღაც არასწორად გაიგეთ: რევოლუციას არა არასამთავრობო ორგანიზაციები ან ახალგაზრდა თაობა, არამედ მმართველი პარტია გეგმავს -მაიკლ როთი

საქართველოს მომავალი თავისუფალი ევროპაა და არა ავტორიტარიზმი, – ასე ეხმაურება გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი თბილისის მერის განცხადებას, რომლის მიხედვით „ბოლო წლების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან პირდაპირ არის ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობა“.

„მერო კახა კალაძე, თქვენ რაღაც ნამდვილად არასწორად გაიგეთ: რევოლუციას არა არასამთავრობო ორგანიზაციები ან საქართველოს ახალგაზრდა თაობა, არამედ თქვენი ქვეყნის მმართველი პარტია გეგმავს. საქართველოს მომავალი თავისუფალი ევროპაა და არა ავტორიტარიზმი!“, – წერს მაიკლ როთი X-ზე.

ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა დაასახელა იმ ფეხბურთელების ვინაობა, რომლებიც ქვეყანას ევროპის ჩემპიონატზე წარადგენენ.

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი.

მცველები: სოლომონ კვერკველია, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გოჩოლეიშვილი.

ნახევარმცველები/თავდამსხმელები: გიორგი ჩაკვეტაძე, ანრი მექვაბიშვილი, ჯაბა კანკავა, ოთარ კიტეიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ქოჩორაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, ლევან შენგელია, გიორგი წიტაიშვილი, საბა ლობჟანიძე, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ქვილითაია, ხვიჩა კვარაცხელია.

ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ზე ჩეხეთის, თურქეთისა და პორტუგალიის ნაკრებებს დაუპირისპირდება. მანამდე კი, 9 ივნისს ნაკრები ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს პოდგორიცაში, სადაც მონტენეგროს ნაკრებს დაუპირისპირდება.