მგონია, “ნაცები” სასოწარკვეთილებისგან გაგიჟდნენ – რატი იონათამიშვილი

19
spot_img

„ნაცებს”, ქვეყნის ასარევად მეტი რომ აღარაფერი დარჩათ, მორიგ უზნეო პროპაგანდაზე გადავიდნენ – ამერიკელებს “ქართული ოცნების” ხალხზე კომპრომატები აქვთო და ამით იმუქრებიან, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, “უჩა აბაშიძის მორალის ხალხი, კასრის სინდრომისგან ვერ გათავისუფლდა, რაც დიაგნოზია და ოპონენტების სასოწარკვეთილებაზე მეტყველებს”.

“ნაცებს”, ქვეყნის ასარევად მეტი რომ აღარაფერი დარჩათ, მორიგ უზნეო პროპაგანდაზე გადავიდნენ – ამერიკელებს “ქართული ოცნების” ხალხზე კომპრომატები აქვთო და ამით იმუქრებიან. უჩა აბაშიძის მორალის ხალხი კასრის სინდრომისგან რომ ვერ გათავისუფლდა, ეს უკვე დიაგნოზია, მაგრამ საინფორმაციო გამოშვებებს ამით იწყებენ და სოცქსელებშიც სტატუსს სტატუსზე წერენ.

ანუ, იმედი აქვთ, რომ ვაშინგტონში არსებობს კასრები, სადაც ჩვენზე კომპრომატები ინახება, რომელსაც გამოგვიქვეყნებენ და ჩამოგვშლიან. მე მაინც მგონია, რომ სასოწარკვეთილებისგან გაგიჟდნენ”, – წერს იონათამიშვილი.

ცნობისთვის, „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, წყარო „რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტს ვაშინგტონში ეუბნება, რომ შეერთებული შტატები ფლობს ინფორმაციას, რომელსაც “ქართული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლების რეპუტაციის გაცამტვერება შეუძლია“.

გარდა აღნიშნულისა განმარტავენ, რომ „რადიო თავისუფლების“ ვაშინგტონის ბიუროს ჟურნალისტს კანონპროექტზე მომუშავე გუნდის წევრმა ანონიმურობის პირობით განუცხადა, რომ MEGOBARI Act-ზე მუშაობა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, რამდენადაც კონგრესში ექსპერტები მოელოდნენ, რომ “ქართული ოცნება” შარშან პროტესტის ფონზე გაწვეული კანონპროექტის ხელახლა მიღებას შეეცდებოდა. „რადიო თავისუფლების“ ცნობით, კანონპროექტი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ავალდებულებს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის გავლენის შესწავლას, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში.

„რადიო თავისუფლებაში“ განმარტავენ, რომ კანონპროექტში ჩახედული წყაროს ცნობით, ამ საკითხზე გადაწყვეტილება – მათ შორის სანქციებსა და რუსეთისა და ჩინეთის მავნე გავლენის საკითხებზე – შესაძლოა მალე გამოცხადდეს MEGOBARI Act-ის მიღების შემთხვევაში.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, წყარო ასევე განმარტავს: „ქართულ პოლიტიკურ ელიტაში რუსი აგენტების გამოაშკარავება, ისევე როგორც ჩინეთის გავლენის შემთხვევების გამოვლენა, საფუძველს გამოაცლის „ქართული ოცნების“ ნარატივს, რომლის თანახმად, ის ქვეყნის სუვერენიტეტს იცავს „უცხოური აგენტების“ კანონპროექტით”.