რუსთაველის გამზირზე, ასევე, რესპუბლიკისა და თავისუფლების მოედნებზე გადაადგილება შეიზღუდება

29
x
spot_img

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო და შემდგომ, ღონისძიებების პერიოდში დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.

21 მაისიდან უკვე შეზღუდულია მოძრაობა რესპუბლიკის მოედანზე. სატრანსპორტო საშუალებები მარჯვნივ მოხვევით კოსტავას ქუჩისკენ გადაადგილებას 27 მაისამდე ვერ შეძლებენ.

23 მაისის 23:00 საათიდან 24 მაისის 07:00 საათამდე მოძრაობა შეიზღუდება და საპარკინგე ზოლი გათავისუფლდება რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში; 24 მაისის 23:00 საათიდან 27 მაისის 12:00 საათამდე სრულად დაიკეტება რესპუბლიკის მოედანი და რუსთაველის გამზირი თავისუფლების მოედნის ჩათვლით; 27 მაისის 23:00 საათიდან 28 მაისის 07:00 საათამდე კი შეზღუდვა იმოქმედებს თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე.

აღნიშნულ პერიოდში გადაადგილება ასევე შეზღუდული იქნება კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით. კერძო სატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა დასაშვები იქნება გიორგი ლეონიძის, პავლე ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ალექსანდრე გრიბოედოვის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და რევაზ თაბუკაშვილის ქუჩების დახმარებით; ივანე მაჩაბლის ქუჩაზე შეიცვლება ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულება და გიორგი ლეონიძის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ლადო ასათიანის ქუჩიდან, ივანე მაჩაბლის ქუჩის გავლით.

პეტრე მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენ ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება სიმონ ჯანაშიას, ივანე თარხნიშვილის, თამარ ჭოველიძის, მიხეილ ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდგომ, ვასილ ბარნოვის, იაკობ გოგებაშვილისა და პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩების გამოყენებით. მთაწმინდის რაიონის დანარჩენი ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა კი დასაშვები იქნება ალექსანდრე გრიბოედოვის, კოტე მაყაშვილის, ვასილ ბარნოვისა და აკაკი შანიძის ქუჩების გავლით.

შეზღუდვის პერიოდში შეიცვლება აღნიშნულ ტერიტორიებზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. მელიქიშვილის გამზირიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება ზეთისხილის ხემდე, საიდანაც მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას, მოუხვევს ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისთან და შემდეგ გზას დადგენილი სქემით გააგრძელებს. ის ავტობუსები კი, რომლებიც გორგასლის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობენ, გადაადგილდებიან ევროპის მოედანზე, მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ხიდის გავლით დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას, შემდეგ კი იმოძრავებენ დადგენილი სქემით. თბილისი-კოჯრის გზატკეცილზე მოძრავი ტრანსპორტი გაჩერდება ამაღლების ქუჩის N11-თან და მგზავრებს უკუმიმართულებითაც იმავე მისამართიდან მოემსახურება.