Home Blog Page 1216

საზოგადოება მშვიდად უნდა იყოს, რადგან ძლიერი დემოკრატია და სახელმწიფო ინსტიტუტები გვაქვს, ქვეყნის უსაფრთხოებას ბოლომდე დავიცავთ – რატი იონათამიშვილი

საზოგადოება მშვიდად უნდა იყოს, რადგან ძლიერი დემოკრატია და სახელმწიფო ინსტიტუტები გვაქვს. არც არეულობას და არც პოლარიზაციის გაღრმავებას, მით უმეტეს, ტერორისტული აქტების მოწყობას არ დავუშვებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითაც ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის საუბარს გამოეხმაურა.

იონათამიშვილის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის უსაფრთხოებას ბოლომდე დაიცავს.

“პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ ოპოზიციამ თქვა, მსგავსი არაფერი ყოფილაო, ვარჰეისგან კი, აღიარებითი ჩვენება მოვისმინეთ. სინამდვილეში, ეს აღიარებითი ჩვენება უფრო მძიმე იყო, რადგან, სიცოცხლის ხელყოფის მუქარასთან ერთად, იყო მუქარა ქუჩაში არეულობის. ზოგიერთებს სწორედ ამის შემჩნევა არ უნდათ. ეს ყველაფერი საზოგადოებას აჩვენებს, როგორი ენით გვესაუბრებიან ცალკეული აქტორები და რა მასშტაბი აქვს შანტაჟის ენას საქართველოს წინააღმდეგ. საზოგადოება მშვიდად უნდა იყოს, რადგან ძლიერი დემოკრატია და ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები გვაქვს. შესაბამისად, არ დავუშვებთ არც არეულობას და არც პოლარიზაციის გაღრმავებას, მით უმეტეს – ტერორისტული აქტების მოწყობას. ქვეყნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ბოლომდე დავიცავთ,” – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

“ხალხის ძალის” დეპუტატის, სოზარ სუბარის შეფასებით კი, “ძალები, რომლებიც ამ შემთხვევაში ასე იბრძვიან საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ, მართლა ყველაფერზე არიან წამსვლელი.”

“როდესაც მსგავსი ტერორისტული აქტის მოხსენიება ხდება, რომ “ფრთხილად იყავით” – ეს გარკვეულწილად არის მუქარა, გაფრთხილებაც და შესაბამისად, აქედან გამომაქვს დასკვნა, რომ ძალები, რომლებიც, ამ შემთხვევაში, ასე იბრძვიან საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ, მართლა ყველაფერზე არიან წამსვლელი – მათთვის არ არსებობს არანაირი მუხრუჭი. ეს ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ დასავლეთი, დასავლეთის დემოკრატია ჩემთვის დღემდე, ჯერ კიდევ რჩება, მიუხედავად მათი ორმაგი სტანდარტებისა, დემოკრატიის ციტადელად და სტანდარტად. იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ არ დაიმსხვრევა არც ჩემში და არც ქართველ ხალხში ჩვენი ეს აღქმა დასავლური დემოკრატიის მიმართ,” – აცხადებს სოზარ სუბარი.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: “ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა… – “ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო.”

საპასუხოდ, ვარჰეიმ ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უპასუხა, რომელშიც პრემიერი ერთ-ერთი ევროკომისრის მხრიდან, სატელეფონო საუბრის დროს, მუქარაზე და სლოვაკეთის პრემიერზე განხორციელებულ თავდასხმაზე მიანიშნებდა. ვარჰეის განცხადებით, მისი სატელეფონო საუბრის კონკრეტული ნაწილი კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი. “საუბრის დროს, საჭიროდ ჩავთვალე პრემიერ-მინისტრის ყურადღება მიმექცია იმის მნიშვნელობაზე, რომ ამ კანონის მიღებით, კიდევ უფრო არ გამწვავდეს ისედაც მყიფე ვითარება, რამაც უფრო გაღრმავებულ პოლარიზაციამდე და თბილისის ქუჩებში შესაძლო უკონტროლო ვითარებამდე მიიყვანოს საქმე. ამ მხრივ, ბოლო ტრაგიკული შემთხვევა სლოვაკეთში მაგალითად იქნა მოყვანილი იმისთვის, თუ სადამდე შეუძლია პოლარიზაციის ასეთმა მაღალმა დონემ მიიყვანოს საზოგადოება, თუნდაც ევროპაში,” – წერს ვარჰეი.

თიბისის ბიზნეს მობაილ და ინტერნეტ ბანკში სიახლეა

თიბისი, ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, მობაილ და ინტერნეტ ბანკის მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს.

დღეიდან მომხმარებლები, რომლებიც საერთაშორისო გადარიცხვებით სარგებლობენ, მარტივად შეძლებენ შეამოწმონ ტრანზაქციის შესასრულებლად საჭირო საფეხურები და შუმავალ ბანკებთან დაკავშირებული დეტალები.

ამ ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ტრანაქციის დეტალების გვერდზე, სადაც დაგხვდებათ ჩამოსაშლელი მენიუ, რომლის დახმარებით შეძლებთ შეამოწმოთ ჩაერიცხა თუ არა მიმღებს თანხა, ან თუკი ტრანზაქცია ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია, ნახავთ მის მიმდინარე სტატუსს.

(R)

 სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეში დემოკრატიული სახელმწიფოს მხრიდან მძევლად აყვანის პოლიტიკა, ბოლშევიკური მიდგომაა გამოყენებული -ირაკლი ქადაგიშვილი

სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეში დემოკრატიული სახელმწიფოს მხრიდან მძევლად აყვანის პოლიტიკა, ბოლშევიკური მიდგომაა გამოყენებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

“რამდენჯერ გვქონდა საუბარი, რომ ვინმეს კანონზე საქმიანი, სამართლიანი და კონსტრუქციული მოსაზრება თუ გაქვთ, მზად ვართ, დავსხდეთ და ვისაუბროთო. ყველა მხრიდან ყრუ კედელს წავაწყდით. არავის სურს საუბარი საქართველოსთან, როგორც სუვერენულ სახელმწიფოსთან. აქედან გამომდინარე, ჩვენ ან უნდა ვთქვათ, რომ ნეოკოლონიალური მმართველობის ამღიარებელი სახელმწიფო ვართ, ან ვთქვათ, რომ სუვერენული სახელმწიფო ვართ, რომელსაც გვაქვს უფლება, მივიღოთ ისეთი კანონი, რომელსაც ლამის ნახევარი მსოფლიო იღებს და ჩვენი კანონი ყველაზე ჰუმანურია. გამოყენებულია ბოლშევიკური, ნაცისტური მიდგომა, როდესაც ადამიანზე ზემოქმედება რომ მოგეხდინათ, მძევლად უნდა აგეყვანათ მისი ოჯახიც. სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეში დემოკრატიული სახელმწიფოს მხრიდან მძევლად აყვანის პოლიტიკაა. ფინანსების გაუმჭვირვალობის მთავარი ამოცანაა, ნებისმიერ მომენტში ვითარების დესტაბილიზაციის საშუალება ჰქონოდათ“, – განაცხადა  ირაკლი ქადაგიშვილმა.

სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება, სადაც აღნიშნულია: „სახელმწიფო დეპარტამენტს შემოაქვს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა, რომელიც გავრცელდება იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, ასევე, მათი ოჯახის წევრების მიმართ“.

ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, შეგვიძლია, საქართველოში წავიდეთ, ქართველებო, იბრძოლეთ თავისუფლებისთვის -ალექსეი გონჩარენკო

საქართველოს ბელარუსიზაცია ხდება. შემდეგი ნაბიჯი იქნება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია, ზუსტად ისე, როგორც ეს ბელარუსთან მოხდა, – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„საქართველოს წარმომადგენლის მხრიდან ბევრი ტყუილი მოვისმინე, მათ შორის, სპიკერისგან. რეალობა ძალიან მკაფიოა, საქართველოს ბელარუსიზაცია ხდება. შემდეგი ნაბიჯი იქნება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია, ზუსტად ისე, როგორც ეს ბელარუსთან მოხდა. ჩვენ აქ ვართ ბელარუსიდან სულ რაღაც 25 კილომეტრში და თუ გვინდა, ვიხილოთ კიდევ ერთი ახალი ლუკაშენკო, კიდევ ერთი ახალი რეჟიმი, რომელიც იწყება სამოქალაქო საზოგადოებაზე იარლიყის მიწებებით, სტიგმატიზაციით, მერე არჩევნების გაყალბებით, ოპოზიციონერების მოკვლით, დაპატიმრებით, შემდეგ ჩვენ უბრალოდ ვიტყვით: ო, კიდევ ერთი ოპოზიციონერი მოკლეს, კიდევ ათი მოკლეს, კიდევ ასობით არის ციხეში, კიდევ ერთი ქვეყანა აღარ არის ევროპულად, არამედ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩვენ ან უბრალოდ უნდა ვისაუბროთ, ან ვიმოქმედოთ, ეს არის, რაც უნდა გავაკეთოთ. რისი გაკეთება შეგვიძლია? ეს არის კითხვა. ბიძინა ივანიშვილი, რომელიც საქართველოს ნამდვილი მფლობელია, სამწუხაროდ, ახლა პუტინის ენაზე გადადის. ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ განაცხადა საქართველოში, რომ რუსეთი არ დასხმია თავს საქართველოს 2008 წელს. რუსეთი არ ყოფილა, ვინც თავს დაესხა უკრაინას 2014 და 2022 წლებში, ეს არის „გლობალური ომის პარტია“, ეს ჩვენ ვართ. ეს ვენეციის კომისიაა, რომელმაც თქვა, რომ კანონი სისულელეა და საერთოდ არაა კანონი. ეს ყველა ჩვენგანი ვართ, ვისაც გვსურს, ვიხილოთ საქართველო აყვავებული, თავისუფალი, ევროპული. ჩვენ ვართ ომის პარტია, პუტინი კი დიდებულია, რადგან პუტინი ივანიშვილის ნამდვილი მეგობარია. ეს არის რეალობა, რომელიც დღეს გვაქვს“, – განაცხადა გონჩარენკომ.

ამასთან, გონჩარენკომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მიმართა:

„ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. დიახ, შეგვიძლია, იქ წავიდეთ. პრეზიდენტო, თქვენ არ უნდა წახვიდეთ იქ მარტო ან მხოლოდ გენერალურ მდივანთან, გენერალური მდივნის მოადგილესთან ერთად. წაგვიყვანეთ ყველა თქვენთან ერთად – კომიტეტის წევრები, საიდანაც, ვფიქრობ, ბევრი ჩვენგანი მზადაა, წამოვიდეს, რათა ვისაუბროთ, ქართველი ხალხი ამას იმსახურებს. შემდეგში – სანქციები, შემდეგში – ძალა. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ივანიშვილს და ე.წ. ქართულ ოცნებას, რადგან, სამწუხაროდ, ის ქართული არ არის, უფრო მეტად რუსულ ოცნებას ჰგავს, რომ მიუღებელია, რასაც აკეთებენ და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს. მინდა, მივმართო ქართველებს, ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო ძმებო, საქართველოს გაუმარჯოს, ქართველებო, იბრძოლეთ თავისუფლებისთვის. დიდება საქართველოს“, – მიმართა გონჩარენკომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს.

ჯაბა კანკავა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე არ ითამაშებს

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ჯაბა კანკავამ განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს. ამის შესახებ “ჯვაროსანთა” ყოფილმა კაპიტანმა პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

“საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე დებიუტამდე რამდენიმე კვირა რჩება. მინდა, რომ ჩვენმა გუნდმა გერმანიაში მაქსიმალურად კარგი შედეგი აჩვენოს და კიდევ ერთხელ იზეიმოს ქართველ გულშემატკივართან ერთად, როგორც ეს 26 მარტს თბილისში იყო. მიხარია, რომ პლეიოფის ნახევარფინალსა და ფინალში გუნდთან ერთად ვიყავი და ამ ისტორიული გამარჯვების მონაწილე გავხდი.

თუმცა, მინდა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ გითხრათ, რომელიც მარტის თამაშების შემდეგ მივიღე: სანაკრებო გამოძახების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატზე არა როგორც მოთამაშე, არამედ რიგითი გულშემატკივრის სტატუსით გავემგზავრებოდი.

ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სამწვრთნელო შტაბს იმ ნდობისთვის რომელიც მარტში გამომიცხადეს, მაშინ როცა ყველას ერთად ყოფნა და ისტორიულ ჩემპიონატზე გასვლა მთავარი მიზანი იყო. ასევე მადლობა იმ ნდობისთვის რაც ახლაც დავიმსახურე, როგორც სამწვრთნელო შტაბს, ისე გუშემატკივარს, რომლისგანაც ძალიან დიდი მხარდაჭერას ვგრძნობ.

გერმანიაში ნაკრებს მეც, როგორც გულშემატკივარი ისე დავუდგები მხარში და წარმატებებს ვუსურვებ იმ 26 ფეხბურთელს, რომელიც საქართველოს სახელის დაცვას გერმანიის სტადიონებზე შეეცდება”, – წერს კანკავა.

ოპოზიციური პარტიები სანქციებთან დაკავშირებით აშშ-ს პოზიციაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები სანქციებთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას ეხმაურებიან და აღნიშნულთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აშშ-ს ამგვარი მხარდაჭერა საქართველოს თავისუფალი მოქალაქეების უწყვეტი, პრინციპული, მშვიდობიანი პროტესტის დამსახურებაა, რომელსაც ოლიგარქ ივანიშვილის მთავრობა ძალადობით პასუხობს.

„ჩვენ, პროდასავლური, დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები ვაფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების ურყევ და ქმედით ძალისხმევას საქართველოს კონსტიტუციის, სუვერენიტეტისა და თავისუფლების, ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის დაცვის საქმეში. აშშ-ს ამგვარი მხარდაჭერა საქართველოს თავისუფალი მოქალაქეების უწყვეტი, პრინციპული, მშვიდობიანი პროტესტის დამსახურებაა, რომელსაც ოლიგარქ ივანიშვილის მთავრობა ძალადობით პასუხობს. გვინდა მივმართოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებიან რუსული რეჟიმის სამსახურში: იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტთ, ჩამოშორდეთ რუსულ რეჟიმს და შეუერთდეთ ქართველ ხალხს ჩვენი სამშობლოს ევროკავშირისა და ნატოში გაწევრიანებისთვის ბრძოლაში, კიდევ გრჩებათ შანსი, დაიცვათ საკუთარი თავი და ოჯახები საერთაშორისო სანქციებისგან. გადმოდით სიმართლის მხარეს. ამ შემთხვევაში მზად ვართ ვიმოქმედოთ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, რომ ხელი შევუწყოთ თქვენი და თქვენი ოჯახების განრიდებას სანქციების მძიმე შედეგებისგან. საქართველო ეკუთვნის არა რუს ოლიგარქს, არამედ თითოეულ ჩვენგანს! კი ევროპას, არა რუსულ რეჟიმს!” -აღნიშნულია ოპოზიციური პარტიების განცხადებაში.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე. ეს მოიცავს პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების აღკვეთაზე ძალადობის ან დაშინების კამპანიის გზით. ენტონი ბლინკენის განცხადებით, დღესვე იწყებს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას.

ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი პარტიები: „ახალი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“, „გირჩი“, „ლელო“, „ნაციონალური მოძრაობა“

“ქვეყნის სუვერენიტეტითა და უსაფრთხოებით ვაჭრობას არ ვაპირებთ, შანტაჟი ვერ გვაიძულებს, გადავდგათ ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯი, სანქციები თავად სანქციის დამწესებელს აზიანებს”-“ქართული ოცნება”

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო ენტონი ბლინკენის განცხადებას ეხმაურება.

„ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის სახელით დაანონსდა სავიზო შეზღუდვების შესაძლო დაწესება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ, რაც არის იმ ანტიქართული რიტორიკის გაგრძელება, რომელსაც 2012 წლიდან ვისმენთ და რომელიც განსაკუთრებით 2021-22 წლებში გააქტიურდა. შანტაჟისა და მუქარის პოლიტიკა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ წარმოებს, არ შეესაბამება არათუ სტრატეგიული პარტნიორობის, არამედ, ზოგადად, პარტნიორულ სულისკვეთებას, რომელიც ორ სუვერენულ სახელმწიფოს შორის უნდა იყოს ჩამოყალიბებული.

ენტონი ბლინკენის სახელით გაკეთებული განცხადება და სავიზო შეზღუდვებით შანტაჟი სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შეზღუდვის უხეში მცდელობა, რაც განსაკუთრებით ცინიკურად წარმოგვიდგება იმ ფონზე, რომ საქართველო ორ დღეში ეროვნული დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

ეს არის უპრეცედენტო მოვლენა მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში, როდესაც ერთი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი ემუქრება მეორე ქვეყნის კანონმდებელს სანქციებით მხოლოდ იმის გამო, რომ მან გამჭვირვალობის კანონს მისცა ხმა. ეს მოვლენა ნაცრისფერი ასოებით ჩაიწერება მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში.

აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგოდ დღემდე ვერავინ ვერავითარი არგუმენტი ვერ წარმოგვიდგინა. აღარც იმაზე ვამბობთ აღარაფერს, რომ მსგავსი კანონები ბევრად უფრო მკაცრი ფორმით მოქმედებს თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, არაერთ სხვა სახელმწიფოში, რომელთა მიმართაც აშშ-ს არავითარი სანქციები არ დაუწესებია. აგრეთვე, ამგვარი კანონპროექტი აქტიურად განიხილება ევროკავშირშიც. მეტიც, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირში დაინიცირებული კანონი მისი საარჩევნო კამპანიის წამყვანი ხაზი იქნება, რადგან დღეს ევროპისთვის უცხოური გავლენები და ჩარევა ყველაზე დიდი გამოწვევაა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სანქციების გავრცელება ოჯახის წევრებზე, მათ შორის არასრულწლოვან შვილებზე, არის სანქციის ფორმა, რომელზეც არა მხოლოდ ევროპამ თქვა გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან მკაცრად უარი, არამედ 60-იანი წლებიდან საბჭოთა კავშირშიც კი აღარ გამოიყენებოდა. ცივილიზებულ სამყაროში ათწლეულების მანძილზე საყოველთაოდ იყო აღიარებული, რომ ე.წ. სუბიექტური შერაცხვის პრინციპის უარყოფა, ანუ სანქციის ოჯახის წევრებზე გავრცელება ფაშისტურ-ბოლშევიკური მოვლენაა. ახლა კი, სანქციის ამ ფორმას ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენელი იყენებს, რაც გამაოგნებელია.

თუმცა, მას შემდეგ, რაც შესაბამისმა ძალებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან საუბარში ერთ-ერთი ევროკომისარის პირით სლოვაკეთის პრეზიდენტზე ტერორისტული თავდასხმა მაგალითად მოიყვანეს და ამით, საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები სიცოცხლის მოსპობით დააშანტაჟეს, სავიზო შეზღუდვის დაწესებაზე საუბარი აღარც მოულოდნელია და აღარც გასაკვირი.

იმასაც შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ანალოგიური სავიზო შეზღუდვა, ასევე ყოველგვარი დასაბუთების და ფაქტების გარეშე, ბლინკენის სახელით ქართველ მოსამართლეებს დაუწესდა, შემდეგ კი ცინიკურად განაცხადეს, რომ ფაქტების მოწოდებას არ აპირებდნენ და საკითხი ჩვენ თავად უნდა გამოგვეძიებინა. სავიზო შეზღუდვის მიუხედავად, სასამართლო სისტემა აგრძელებს გამართულად ფუნქციონირებას და ამ გადაწყვეტილებამ ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ვერავითარი გავლენა ვერ მოახდინა. მეტიც, მას შემდეგ სტრასბურგის სასამართლომ კიდევ არაერთგზის დაადასტურა, რომ ქართული სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებებს იღებს და სამართალს ემსახურება.

იმასაც შეგახსენებთ, რომ დღეს ევროკავშირის ორი კანდიდატი ქვეყნის – სერბეთისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირებს აქვთ აშშ-ს მხრიდან დაწესებული სანქციები, თუმცა, ორივე ქვეყანა აგრძელებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს და ამ მხრივ არავითარი შეფერხება არ იქმნება.

დასასრულს, კიდევ ერთხელ მკაფიოდ გვინდა აღვნიშნოთ, რომ არ ვაპირებთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტითა და უსაფრთხოებით ვაჭრობას. ვერავითარი შანტაჟი ვერ გვაიძულებს ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯი გადავდგათ. ასეთ ვითარებაში, სანქციები მხოლოდ კონტრპროდუქტიულია და თავად სანქციის დამწესებელს აზიანებს. შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველას, იმოქმედონ პრაგმატულად და გადადგან ქმედითი ნაბიჯები ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის, რაც თანაბრად შედის როგორც ქართველი, ისე ამერიკელი ხალხის ინტერესებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

თიბისის მხარდაჭერით, ანტიკური კოლხეთის ქალაქი – ვანი, ეტრუსკული ცივილიზაციისადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს

თიბისის მხარდაჭერით და იტალიის საელჩოს ორგანიზებით, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, გამოფენას „ეტრუსკების სამყარო. საგანძური კიუზის, კიანჩანოს და ფლორენციის მუზეუმებიდან“ მასპინძლობს.

ექსპოზიცია, რომელიც თავდაპირველად საქართველოს დედაქალაქში, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში იხილა დამთვალიერებელმა, ახლა ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმშია წარმოდგენილი.

გამოფენაზე მოსული დამთვალიერებელი, იმოგზაურებს იდუმალებით აღსავსე ეტრუსკულ სამყაროში და გაეცნობა რომამდელ პერიოდში იტალიის ტერიტორიაზე არსებულ ყველაზე განვითარებულ ცივილიზაციას – ეტრუსკების ყოფასა და სარწმუნოებას, მათ წარმოდგენებს იმქვეყნიურ ცხოვრებაზე, ადათ-წესებსა და ტრადიციებს, დამწერლობასა და ადამიანთა გამოსახულებებს.

სკულპტურები, ბუკეროსა და ბრინჯაოს ჭურჭელი, კერამიკული და ოქროს ნაკეთობები, სახელგანთქმული კანოპების (ცხედრის ფერფლის შესანახი ჭურჭელი, რომლებიც კიუზის არეალისთვის იყო დამახასიათებელი) და მრავალი სხვა უნიკალური ნივთი დამთვალიერებლისთვის ეტრუსკული სამყაროს მრავალფეროვნებას წარმოაჩენს. გამოფენილ ექსპონატებს შორისაა კოლხეთთან დაკავშირებულ ორ ნაკეთობაც: ძვ.წ.400-380წწ. დათარიღებული თიხის თასი და ძვ.წ.300-275 წლების ბრინჯაოს სარკე არგონავტების მითის გამოსახულებით.

გამოფენა საქართველოში ხორციელდება თიბისის მხარდაჭერით, იტალიის საელჩოს მიერ, ტოსკანას მუზეუმების რეგიონულ დეპარტამენტთან თანამშრომლობით, იტალიური კომპანია “Glocal Project Consulting“-ისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის საორგანიზაციო ხელშეწყობით.

თიბისი, ქვეყნის მასშტაბით, კულტურის და განათლების სფეროს ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია. ამ პროცესში თიბისის მიზანია, როგორც კულტურული ინსტიტუციების, ისე ცალკეული სახელოვნებო პროექტების გრძელვადიანი და თანმიმდევრული ხელშეწყობა. ამის მაგალითია ეს შესანიშნავი გამოფენა, რომელიც თავდაპირველად ჩვენს დედაქალაქში, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში იხილა დამთვალიერებელმა, ახლა კი, ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში, აგვისტოს ბოლომდე იქნება წარმოდგენილი.

(R)

როდესაც პრემიერ-მინისტრს ვიღაც ეუბნება, რომ თუკი ის მოიქცევა ისე, რისთვისაც ფიცომ 5 ტყვია მიიღო, ეს არის მუქარა -დიმიტრი ხუნდაძე

ევროკომისარ ვარჰეისა და პრემიერ-მინისტრს შორის საუბარი, შესაძლოა, მუქარისთვის არ იყო გამიზნული, მაგრამ ასეთი საუბარი მაინც მუქარად აღიქმება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

ხუნდაძის თქმით, დაცული იქნება ყველას, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის უსაფრთხოება.

„პრემიერს თუ ვინმე ეუბნება, რომ ის თუ მოიქცევა იმდაგვარად, რისთვისაც ფიცომ ხუთი ტყვია მიიღო, ეს მუქარაა. დაცული იქნება ყველას უსაფრთხოება, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის. ჩვენ გამჭვირვალობის კანონი გვჭირდება ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად და ჩვენს ვითომდა მეგობრებს გაუმჭვირვალობა, როგორც ჩანს, სჭირდებათ არეულობისა და რევოლუციის მოსაწყობად“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა… – „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“.

აღნიშნულ განცხადებას სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი გამოეხმაურა. ვარჰეი აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძესთან საუბრისას სლოვაკეთის ტრაგიკული მოვლენა იქნა მოყვანილი, როგორც მაგალითი და მითითება, თუ სად შეიძლება მიგვიყვანოს პოლარიზაციის მაღალმა დონემ საზოგადოებაში, თუნდაც ევროპაში.

7 ნოემბრის საქმეზე დავით კეზერაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა უცვლელად დარჩათ

7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულებს, ძებნაში მყოფ დავით კეზერაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა უცვლელად დარჩათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე მხოლოდ კეზერაშვილისა და ადეიშვილის მიმართ შეფარდებული პატიმრობა გადაისინჯა.

როგორც სასამართლო პროცესზე პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ განმარტა, ბრალდებულებთან გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში უნდა დარჩენილიყო.

„ორივე ბრალდებული ძებნილია, შესაბამისად, ყველა ის საფრთხე, რაც პირველი წარდგენის სხდომაზე იქნა გათვალისწინებული და შემდეგში, უამრავჯერ ძალაში დატოვებული, კვლავ სახეზეა. ახალი გარემოება გამოვლენილი არ არის, ჩვენ კვლავ ვშუამდგომლობთ, პატიმრობა ძალაში იყოს დატოვებული”, – განაცხადა კოტრიკაძემ.

აღნიშნულს ბრალდებულების ადვოკატები არ დაეთანხმნენ. როგორც ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, „საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და კეზერაშვილ-ადეიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა არ უნდა გამოეყენებინათ“.

მოსამართლეთა კოლეგიის თავმჯდომარის, ნინო ელიეშვილის განმარტებით, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ბრალდებულების მხრიდან აღუსრულებელი განაჩენებიც არსებობს.

„სასამართლო მიიჩნევს, რომ დღეის მოცემულობით შეცვლილი არ არის ის ფაქტობრივი და ფორმალური საფრთხეები, რაც საფუძვლად დაედო პირველი წარდგენის სხდომას და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას. ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ აღუსრულებელი განაჩენებიც არსებობს კონკრეტული პირების მიმართ და შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, სასამართლოს სხვა მოცემულობა არ აქვს, რომ სხვა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით იმსჯელოს“, – განაცხადა ელიეშვილმა.

სასამართლო პროცესს კლინიკა „ვივამედიდან“ არ დასწრებია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. როგორც სასამართლოში წარდგენილი ოქმიდან გაირკვა, მან როგორც სხდომაზე გამოცხადებაზე, ასევე დისტანციურად ჩართვაზე უარი განაცხადა.

7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულებიდან აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მხოლოდ დავით კეზერაშვილს და ზურაბ ადეიშვილს აქვთ შეფარდებული.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.

ბერძენი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საბერძნეთში პოპულარული მედია პლატფორმა „Athinorma“-ს ჟურნალისტებს უმასპინძლა.

ბერძნული მედიის წარმომადგენლებმა თბილისი დაათვალიერეს, გაეცნენ დედაქალაქის ტურისტულ ადგილებს. ბერძენი ჟურნალისტები კახეთში გაემგზავრნენ, სადაც ალავერდის მონასტერი მოინახულეს, ეწვივნენ სიღნაღს, დაათვალიერეს ღვინის მარნები და ვენახები. კახეთის შემდეგ უცხოელი ჟურნალისტები ყაზბეგს ესტუმრნენ, დაათვალიერეს გერგეტის სამება.

ტურის ფარგლებში „Athinorma”-ს წარმომადგენლებმა მცხეთა და უფლისციხე მოინახულეს. შიდა ქართლში ეწვივნენ ღვინის მარნებს, სადაც გაიმართა ღვინისა და ქართული კერძების დეგუსტაცია. ბერძნული მედიის წარმომადგენლები
ძირითად ინტერესს წარმოადგენს თანამედროვე გასტრონომიული ტენდენციები, ღვინო, გალერეები, ღვინის ბარები.

თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის 26-ე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, წიგნის 26-ე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. თიბისი, ტრადიციულად, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მთავარი მხარდამჭერია.

ფესტივალი ტრადიციული მასშტაბითა და ფორმატით, მკითხველებს ექსპო ჯორჯიას პავილიონებში უმასპინძლებს.  მე-11 პავილიონში წარმოდგენილი იქნება ქართველი გამომცემლებისა და სხვადასხვა ორგანიზაციის სტენდები, ხოლო მე-6 და მე-5 პავილიონებში მოეწყობა საბავშვო წიგნების და მათთან დაკავშირებული საბავშვო აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა.

წელს, პირველად ფესტივალის გარე სივრცეში, მე-4 და მე-5 პავილიონების მოპირდაპირედ, გაიმართება ფლიმარკეტი. ადგილობრივი მეწარმეები მკითხველსა და დამთვარიელებელს სხვადასხვა აქსესუარსა და ქართულ ნაწარმს შესთავაზებენ.

თიბისისთვის მნიშვნელოვანია განათლების და ახალი თაობის განვითარების ხელშეწყობა. ფესტივალზე, შერჩეულ გამომცემლებთან, თიბისის მოსწავლისა და სტუდენტის ვიზა ბარათის მფლობელები განსაკუთრებული შეთავაზებით ისარგებლებენ და გადახდილი თანხის 40%-ს უკან დაიბრუნებენ. თიბისის სივრცეში, მე-11 პავილიონში, სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა უფასოდ შეუკვეთონ და ადგილზე გაიაქტიურონ მოსწავლისა და სტუდენტის ვიზა ბარათები და ისარგებლონ საფესტივალო შეთავაზებებით.

(R)