საზოგადოება მშვიდად უნდა იყოს, რადგან ძლიერი დემოკრატია და სახელმწიფო ინსტიტუტები გვაქვს, ქვეყნის უსაფრთხოებას ბოლომდე დავიცავთ – რატი იონათამიშვილი

25
spot_img

საზოგადოება მშვიდად უნდა იყოს, რადგან ძლიერი დემოკრატია და სახელმწიფო ინსტიტუტები გვაქვს. არც არეულობას და არც პოლარიზაციის გაღრმავებას, მით უმეტეს, ტერორისტული აქტების მოწყობას არ დავუშვებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითაც ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის საუბარს გამოეხმაურა.

იონათამიშვილის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის უსაფრთხოებას ბოლომდე დაიცავს.

“პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ ოპოზიციამ თქვა, მსგავსი არაფერი ყოფილაო, ვარჰეისგან კი, აღიარებითი ჩვენება მოვისმინეთ. სინამდვილეში, ეს აღიარებითი ჩვენება უფრო მძიმე იყო, რადგან, სიცოცხლის ხელყოფის მუქარასთან ერთად, იყო მუქარა ქუჩაში არეულობის. ზოგიერთებს სწორედ ამის შემჩნევა არ უნდათ. ეს ყველაფერი საზოგადოებას აჩვენებს, როგორი ენით გვესაუბრებიან ცალკეული აქტორები და რა მასშტაბი აქვს შანტაჟის ენას საქართველოს წინააღმდეგ. საზოგადოება მშვიდად უნდა იყოს, რადგან ძლიერი დემოკრატია და ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები გვაქვს. შესაბამისად, არ დავუშვებთ არც არეულობას და არც პოლარიზაციის გაღრმავებას, მით უმეტეს – ტერორისტული აქტების მოწყობას. ქვეყნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ბოლომდე დავიცავთ,” – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

“ხალხის ძალის” დეპუტატის, სოზარ სუბარის შეფასებით კი, “ძალები, რომლებიც ამ შემთხვევაში ასე იბრძვიან საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ, მართლა ყველაფერზე არიან წამსვლელი.”

“როდესაც მსგავსი ტერორისტული აქტის მოხსენიება ხდება, რომ “ფრთხილად იყავით” – ეს გარკვეულწილად არის მუქარა, გაფრთხილებაც და შესაბამისად, აქედან გამომაქვს დასკვნა, რომ ძალები, რომლებიც, ამ შემთხვევაში, ასე იბრძვიან საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ, მართლა ყველაფერზე არიან წამსვლელი – მათთვის არ არსებობს არანაირი მუხრუჭი. ეს ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ დასავლეთი, დასავლეთის დემოკრატია ჩემთვის დღემდე, ჯერ კიდევ რჩება, მიუხედავად მათი ორმაგი სტანდარტებისა, დემოკრატიის ციტადელად და სტანდარტად. იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ არ დაიმსხვრევა არც ჩემში და არც ქართველ ხალხში ჩვენი ეს აღქმა დასავლური დემოკრატიის მიმართ,” – აცხადებს სოზარ სუბარი.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: “ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა… – “ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო.”

საპასუხოდ, ვარჰეიმ ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უპასუხა, რომელშიც პრემიერი ერთ-ერთი ევროკომისრის მხრიდან, სატელეფონო საუბრის დროს, მუქარაზე და სლოვაკეთის პრემიერზე განხორციელებულ თავდასხმაზე მიანიშნებდა. ვარჰეის განცხადებით, მისი სატელეფონო საუბრის კონკრეტული ნაწილი კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი. “საუბრის დროს, საჭიროდ ჩავთვალე პრემიერ-მინისტრის ყურადღება მიმექცია იმის მნიშვნელობაზე, რომ ამ კანონის მიღებით, კიდევ უფრო არ გამწვავდეს ისედაც მყიფე ვითარება, რამაც უფრო გაღრმავებულ პოლარიზაციამდე და თბილისის ქუჩებში შესაძლო უკონტროლო ვითარებამდე მიიყვანოს საქმე. ამ მხრივ, ბოლო ტრაგიკული შემთხვევა სლოვაკეთში მაგალითად იქნა მოყვანილი იმისთვის, თუ სადამდე შეუძლია პოლარიზაციის ასეთმა მაღალმა დონემ მიიყვანოს საზოგადოება, თუნდაც ევროპაში,” – წერს ვარჰეი.