როდესაც პრემიერ-მინისტრს ვიღაც ეუბნება, რომ თუკი ის მოიქცევა ისე, რისთვისაც ფიცომ 5 ტყვია მიიღო, ეს არის მუქარა -დიმიტრი ხუნდაძე

31
spot_img

ევროკომისარ ვარჰეისა და პრემიერ-მინისტრს შორის საუბარი, შესაძლოა, მუქარისთვის არ იყო გამიზნული, მაგრამ ასეთი საუბარი მაინც მუქარად აღიქმება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

ხუნდაძის თქმით, დაცული იქნება ყველას, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის უსაფრთხოება.

„პრემიერს თუ ვინმე ეუბნება, რომ ის თუ მოიქცევა იმდაგვარად, რისთვისაც ფიცომ ხუთი ტყვია მიიღო, ეს მუქარაა. დაცული იქნება ყველას უსაფრთხოება, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის. ჩვენ გამჭვირვალობის კანონი გვჭირდება ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად და ჩვენს ვითომდა მეგობრებს გაუმჭვირვალობა, როგორც ჩანს, სჭირდებათ არეულობისა და რევოლუციის მოსაწყობად“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა… – „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“.

აღნიშნულ განცხადებას სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი გამოეხმაურა. ვარჰეი აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძესთან საუბრისას სლოვაკეთის ტრაგიკული მოვლენა იქნა მოყვანილი, როგორც მაგალითი და მითითება, თუ სად შეიძლება მიგვიყვანოს პოლარიზაციის მაღალმა დონემ საზოგადოებაში, თუნდაც ევროპაში.