Home Blog Page 1155

“პირობა თუ იქნება, რომ ევროკავშირში მხოლოდ მაშინ მიგვიღებენ, თუ საზოგადოებას სიმართლე არ ეცოდინება, შეიძლება, ამ პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობას დავარქვათ „მეგობრობა ძალადობით“

პირობა თუ იქნება, რომ ევროკავშირში მხოლოდ იმ შემთხვევაში მიგვიღებენ, თუ საზოგადოებას სიმართლე არ ეცოდინება და დასამალია ის, რაც გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს მომწოდებლისგან, რადგან ქართულ პოლიტიკაში ფული შავი გზებით იხარჯება, მაშინ შეიძლება, ამ პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობას დავარქვათ „მეგობრობა ძალადობით“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, ეს მიუღებელია და სჯერა, რომ ჭეშმარიტი პარტნიორები საქართველოს გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას არ აუკრძალავენ.

„ეს კანონი რუსული ვეღარ არის. გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის პირველი ინიცირებიდან ერთი წელი გავიდა და ოპოზიციას არცერთი კონკრეტული არგუმენტი არ აქვს. უფრო მეტიც, გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი თავად ევროკავშირმა დააინიცირა, ხოლო საფრანგეთმა ქვედა პალატის თანხმობით მიიღო. ეს კანონი თუ ევროკავშირში არის ამერიკულ-ბრიტანული, საქართველოში რატომ არის რუსული? აჟიოტაჟი ძირითადად ატეხილია არასამთავრობო სექტორიდან. ფაქტია, რომ ქართულ პოლიტიკაში მოქმედებს შავი ფული და ძირითადი გამტარი არის არასამთავრობო სექტორი. კანონის მოთხოვნა არის მხოლოდ ის, რომ საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე, უცხოური ფული დადეკლარირდეს და საზოგადოებისთვის იყოს ხელმისაწვდომი, საიდან შემოედინება, რა მიზნობრიობით, რისთვის იხარჯება და ვინ ხარჯავს მას.

არსებობს გარე ძალების მნიშვნელოვანი წარმომადგენლობა, რომლებიც აყენებენ პირობას, რომ საქართველო თუ ამ კანონს მიიღებს, ევროკავშირში ვერ შევა. იბადება კითხვა, თუკი თავად ევროკავშირში ასეთი კანონი არსებობს, მაშინ რატომ არ შეიძლება, ეს კანონი საქართველოს ჰქონდეს? პირობა თუ იქნება, რომ ევროკავშირში მხოლოდ იმ შემთხვევაში მიგვიღებენ, თუ საზოგადოებას სიმართლე არ ეცოდინება, სიმართლე არის დასამალი – დასამალი კი არის ის, რაც გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს მომწოდებლისგან, რადგან ქართულ პოლიტიკაში ფული შავი გზებით იხარჯება – მაშინ შეიძლება, ამ პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობას დავარქვათ „მეგობრობა ძალადობით“. ეს, მინიმუმ, მიუღებელია. მჯერა, რომ ქვეყნის გარეთ ჭეშმარიტი პარტნიორები ჭეშმარიტი დასავლური ურთიერთობებით საქართველოს გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას არ აუკრძალავენ. თავად ევროკავშირში დგას საკითხი, რომ საჭიროა ამდაგვარი კანონის მიღება. გარე დაფინანსების თაობაზე ცოდნა საზოგადოებისთვის საჭიროა, რადგან „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლის მოწოდების დაფინანსება გარედან ხდება და საზოგადოება მასში არ უნდა ჩაერთოს“, – განაცხადა ხუნდაძემ.

„ერთადერთი ამერიკელი კანონმდებელი, რომელიც წარმოშობით უკრაინელია, სკეპტიკურად არის განწყობილი კიევისათვის დამატებითი დახმარების გაწევის მიმართ“ – The Wall Street Journal

ამერიკული გაზეთი „უოლ სთრით ჯორნელი“ (The Wall Street Journal) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ერთადერთი ამერიკელი კანონმდებელი, რომელიც წარმოშობით უკრაინელია, სკეპტიკურად არის განწყობილი კიევისათვის დამატებითი დახმარების გაწევის მიმართ“ (ავტორი – ქეით ფერეკი).

„რატომ გამოდის უკრაინაში დაბადებულ-გაზრდილი ამერიკელი კონგრესვუმენი კიევის დახმარების წინააღმდეგ? ვიქტორია სპარტცი საუბრობს რუსების მიერ ჩადენილი მხეცობის შესახებ უკრაინაში, რომლის მოწმენი მისი მეგობრები და ნათესავები გახდნენ, მაგრამ იმავდროულად იგი იმასაც ამბობს, რომ ხმას არ მისცემს კიევისადმი დახმარებას 60 მილიარდი დოლარის ოდენობით. კონგრესვუმენი დარწმუნებულია, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ, უკრაინის პარალელურად, მეტი ყურადღება აშშ-ის საშინაო პრობლემების მოგვარებასაც უნდა დაუთმოს“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლების პალატის წევრი ვიქტორია სპარტცი ძალზე ემოციურად ჰყვება იმ საშინელებებზე, რომლებიც მისმა უკრაინელმა მეგობრებმა და ნათესავებმა გადაიტანეს მას შემდეგ, რაც რუსეთმა ორი წლის წინ ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ. თუმცა იგი იმავდროულად ძალიან სკეპტიკურად და კრიტიკულადაა განწყობილი იმ დახმარების მიმართ, რომელსაც ვაშინგტონი კიევს უგზავნის.

ვიქტორია სპარტცი წარმომადგენლების პალატის რესპუბლიკელი წევრია ინდიანას შტატიდან, რომელიც დეპუტატთა შორის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტულ პიროვნებას წარმოადგენს. მისი თქმით, იგი მხარს არ უჭერს უკრაინისადმი დახმარებას 60 მილიარდი დოლარის ოდენობით. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული ეს კანონპროექტი დიდი ხანია სადავოა რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის, თუმცა მოსალოდნელია, რომ აპრილის მეორე ნახევარში დოკუმენტი მაინც გაიტანონ განსახილველად.

უკრაინისადმი დახმარების გაწევის საკითხი, რასაკვირველია, 45 წლის ვიქტორია სპარტცისთვისაც მნიშვნელოვანია. თავის მრავალრიცხოვან ინტერვიუებში იგი ცდილობს არგუმენტირებულად დაამტკიცოს, რომ აშშ-ის ადმინისტრაციამ, უკრაინისათვის გაწეულ მრავალმილიარდიან დახმარების პარალელურად, ყურადღება უნდა დაუთმოს ქვეყნის საშინაო პრობლემების მოგვარებას. იმავდროულად აუცილებელია უკრაინისადმი დახმარების მიმართ განხორციელდეს მკაცრი კონტროლი და მოხდეს ანგარიშგება. ამასთან, საბოლოო ჯამში უკრაინას დახმარება უანგაროდ (საჩუქრად) კი არ უნდა გადაეცეს, არამედ მხოლოდ კრედიტების (სესხების) სახით.

„მე ძალიან კარგად მესმის ამ ომის მნიშვნელობა და ვაცნობიერებ იმ შედეგებს, თუ რა მოჰყვება რუსეთის სავარაუდო გამარჯვებას. ამასთან, გულუბრყვილო ნამდვილად არ ვარ. თუ ჩვენ ჩვენივე თანხებზე კონტროლი და ზედამხედველობა არ გავაძლიერებთ, ჩვენ ისე მიზანს ვერ მივაღწევთ. ამერიკას არ შეუძლია დაუსრულებლად დაეხმაროს უკრაინას. ამერიკას თავისი პრობლემებიც ბევრი უგროვდება, რომლებიც უნდა მოგვარდეს“, – ამბობს ვიქტორია სპარტცი. კონგრესვუმენის თქმით, მის საარჩევნო ოლქში, ინდიანაპოლისში, ამომრჩევლები უკრაინისათვის გაწეული დახმარების წინააღმდეგ გამოდიან სხვადასხვა მიზეზების გამო.

ვიქტორია სპარტცი თავდაპირველად, როცა ომი დაიწყო, ემოციური გამოსვლებით მხარს უჭერდა კიევს, ჰყვებოდა იმ ნგრევაზე და სამოქალაქო მოსახლეობის გაჭირვებაზე, რაც უკრაინაში ხდებოდა და რასაც უკრაინელები გმირულად იტანდნენ. იგი აქტიურად აკრიტიკებდა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას და მეტი დახმარებისაკენ მოუწოდებდა, იმავდროულად ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგაც გამოდიოდა. მაგრამ ვიქტორია სპარტცი ასევე აკრიტიკებდა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, რითაც კიევის საყვედურები და ამრეზული დამოკიდებულება გამოიწვია.

დღეს კონგრესვუმენი ამბობს, რომ უკრაინისადმი დახმარებას იგი უკვე ნაკლებ ყურადღებას უთმობს: „მე რაც შემეძლო, გავაკეთე. ყველაფრის განხორციელება არ შემიძლია. უკრაინაზეც ვფიქრობ, მაგრამ ვალდებული ვარ ამერიკაზე უფრო მეტი ვიფიქრო“, – ამბობს ვიქტორია სპარტცი და აცხადებს, რომ 60-მილიარდიან კანონპროექტს მხარს იმ შემთხვევაში დაუჭერს, თუ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია თანხებს აშშ-ის საზღვრის გასამაგრებლადაც გამოყოფს მექსიკასთან.

სხვათა შორის, დემოკრატებს იმედი ჰქონდათ, რომ რესპუბლიკელი ვიქტორია სპარტცი, იმის გათვალისწინებით, რომ იგი წარმოშობით უკრაინელი იყო, განსაკუთრებით მტკიცე მომხრე იქნებოდა უკრაინისადმი დახმარების გაწევის საკითხის მიმართ, მაგრამ ისინი შეცდნენ.

„დიახ, მართლაც გვქონდა იმის შეგრძნება, რომ რესპუბლიკელი ვიქტორია სპარტცი რეალურად ჩვენს გვერდით დადგებოდა და მზად იქნებოდა ყოველნაირ რისკზე წასულიყო უკრაინისათვის მხარდასაჭერად“, – ამბობს წარმომადგენლების პალატის წევრი, დემოკრატი სარა ჯეიკობსი, რომელიც ვიქტორია სპარტცთან ერთად რამდენჯერმე იყო კიევში ჩასული, – სამწუხაროდ, მან არ ისარგებლა თავისი უკრაინული წარმომავლობით და ცოდნით, რათა თანაპარტიელები კიევის მხარდაჭერისათვის დაერაზმა“.

ვიქტორია სპარტცი იმ დროს, როცა უკრაინა დამოუკიდებელი გახდა, პატარა გოგონა იყო. იგი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ნოსოვკაში დაიბადა. ბავშვობაში პაპამისი უყვებოდა ხოლმე, თუ როგორი შიმშილობა და გაჭირვება, რეპრესიები გადაიტანეს უკრაინელებმა საბჭოთა წყობილების დროს. თავისი მომავალი ქმარი ვიქტორიამ 1999 წელს გაიცნო, შემდეგ ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად და უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა ფინანსების აღრიცხვის დარგში, მუშაობაც დაიწყო. 2020 წელს ვიქტორია სპარტცი კონგრესის ქვედა სტრუქტურის – წარმომადგენლების პალატის წევრად აირჩიეს. დღეისათვის იგი ერთ-ერთია პალატის იმ წევრთაგან, რომლებიც ევროპაში არიან დაბადებულნი და ერთადერთი, რომელიც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკიდან – უშუალოდ უკრაინიდან არის.

თებერვალში ვიქტორია სპარტცი მიუნჰენის უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობდა და ევროპელ ლიდერებს არწმუნებდა, რომ უკრაინისათვის მეტი დახმარება გაეწიათ და საკუთარი თავდაცვისუნარიანობის განსამტკიცებლადაც მეტი თანხები დაეხარჯათ.

როგორც ვაშინგტონის ანალიტიკური ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი სეთ ჯონსი ამბობს, ვიქტორია სპარტცი ერთ-ერთი ის კანონმდებელია, რომელიც, სხვებისაგან გამორჩეულად დიდ ყურადღებას უთმობს ჩინეთისა და რუსეთის კავშირების საფრთხეს ამერიკისათვის.

2023 წლის თებერვალში ვიქტორია სპარტცმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ, კონგრესიდან წავიდოდა, რათა თავისი ორი შვილის აღსაზრდელად მეტი ყურადღება დაეთმო, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა იმ მიზეზით, რომ ის კანდიდატი-რესპუბლიკელები, რომლებიც კონგრესში მის ნაცვლად მივიდოდნენ, მუშაობას სათანადო დონეზე ვერ შეძლებდნენ. მას ახლა განზრახული აქვს რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზში მონაწილეობა მეორე ვადით არჩევის მიზნით, რომელიც 7 მაისს არის დანიშნული. მისი მთავარი კონკურენტია რესპუბლიკელი ჩაკ გუდრიჩი, ინდიანას შტატის ადგილობრივი მდიდარი კანონმდებელი, რომელმაც უკვე დახარჯა მილიონ ნახევარი დოლარი წინასაარჩევნო რეკლამისათვის და ვიქტორია სპარტცს მწვავედ აკრიტიკებს უკრაინის დახმარების გამო.

„ვიქტორია სპარტცი ჩვენი, ამერიკელების ფულს უკრაინაში გზავნის, ამ დროს კი საზღვარი საზღვარს არ ჰგავს, ყველა უკონტროლოდ შემოდის და გადის. რატომ აყენებს ვიქტორია წინა ადგილზე უკრაინას და უკან სწევს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს?“, – ნათქვამია ჩაკ გუდრიჩის 30-წამიან წინასაარჩევნო ვიდეორგოლში. გამოდის, რომ ვიქტორია სპარტცს იმის გამო აკრიტიკებენ, რისი მოწინააღმდეგეც თვითონ არის.

წყარო

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი დააკავა, მათ შორის შვიდი ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის, ქვემო ქართლის, აჭარის, იმერეთისa და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი დააკავეს, მათ შორის შვიდი ნარკორეალიზატორია.

შსს-ს ცნობით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან კი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განხორციელდა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მომზადებისა და გასაღების მცდელობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების და გასაღების მომზადების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1986 წელს დაბადებული ს.მ., 2006 წელს დაბადებული გ.ხ., 1993 წელს დაბადებული თ.ხ., 1986 წელს დაბადებული ზ.შ. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1999 წელს დაბადებული დ.ე., 1979 წელს დაბადებული მ.მ., 1967 წელს დაბადებული დ.ლ., 1982 წელს დაბადებული დ.ჟ., 1970 წელს დაბადებული პ.ჯ. ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 2003 წელს დაბადებული ბ.შ., 2002 წელს დაბადებული დ.ხ. და 1985 წელს დაბადებული მ.ე., 1966 წელს დაბადებული ს.თ. და 2003 წელს დაბადებული კ.პ. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე, ასევე, დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე დაკავებულია დ.ე. ამოღებულია მის მიერ უკანონოდ გასაღებული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ „მდმა“ და „ჰაშიში“.

ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღების ფაქტზე დაკავებული ს.მ.-სგან და მ.მ.-სგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო გადაღება. ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას კი სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად „მარიხუანა“ და ელექტროსასწორია ამოღებული.

ასევე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულები არიან დ.ჟ. და თ.ხ. გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ხ.-მ რეალიზაციის მიზნით შეიძინა ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“. ხოლო დ.ჟ.-ს პირადი და კუთვნილი ავტომობილის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ ამოიღეს.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე – ბ.შ., დ.ხ. და მ.ე. დააკავეს.

ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი ბინის და ავტომანქანის ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ლოკაციიდან სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები – 62 შეკვრა ,,მარიხუანა”, 65 შეკვრა ,,ალფა პვპ” და მცირე ზომის ელექტროსასწორი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქე კ.პ.-სთან განხორციელებული საკონტროლო შესყიდვების, ასევე პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოიღეს „მარიხუანა“.
ხოლო ამავე მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ბრალდებული გ.ხ.-ს მიერ მითითებული სხვადასხვა ლოკაციიდან სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ზ.შ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ნარკორეალიზაციის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა ზ.შ.-სგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სხვადასხვა დროს განახორციელეს ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო გადაღება.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის მოქალაქის, ს.თ.-ს პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.

იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პ.ჯ.-სთან განახორციელეს საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო გადაღება. ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“.

გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ბრალდებულ დ.ლ.-ს ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ნარკოტიკული საშუალებები „მეტადონი“, „სუბოტექსი“ და „მარიხუანა” ამოიღეს. ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია პისტოლეტი, მჭიდი და 3 ვაზნა.

ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე, 19-260-ე, 273-ე პრიმა, 18-273-ე პრიმა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

“ხელისუფლებას კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს გაერო, ნატო-ს, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, აღარავინ დარჩა, მამა ღმერთი ხომ არ დარეკავს?”

კანონპროექტის ხელახალი ინიცირების მიზანი ევროკავშირისკენ სვლის დაბრკოლებაა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, უნდა დავფიქრდეთ, ვისია კანონი, რომელიც მოსწონს მხოლოდ პესკოვს და სხვას არავის.

„ვისაც რეალობის დანახვა უნდა, საკითხი მარტივია, ხელისუფლებას კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევისკენ მოუწოდებს გაერო, კანონის მიღების მცდელობას ეწინააღმდეგება ნატო-ს გენერალური მდივანი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი. არავინ აღარ დარჩა. მართლა მამა ღმერთი ხომ არ დარეკავს? კანონი მოსწონს პესკოვს. დავფიქრდეთ, ვისია კანონი, რომელიც მოსწონს მხოლოდ პესკოვს და სხვას არავის. ის, ვინც საფრანგეთს ახსენებს, ფრანგული კანონი ან წაკითხული არ აქვს, ან მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს. ფრანგული კანონპროექტის განხილვა ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და საფრანგეთი შეთანხმდა, რომ ტერორიზმთან დაკავშირებით თვალთვალისა და მიყურადების ალგორითმი შეიცვალა. ამ კანონის მიხედვით, მეგობარი და მტერი სახელმწიფოები განისაზღვრა, რეგულაციები მეგობარ სახელმწიფოებზე არ ვრცელდება.

ველოდები, შალვა პაპუაშვილი როდის გამოვა და როდის ამხელს ნატო-ს გენერალურ მდივანს, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს და გაერო-ს საქართველოს წინააღმდეგ მტრულ ქმედებებში. კანონპროექტის ხელახალი ინიცირების მიზანი ევროკავშირისკენ სვლის დაბრკოლებაა, რადგან „ქართული ოცნებისთვის“ საქართველო ბოსტანია და საძოვარია, ამიტომ ბევრი ევროპა არ უნდა. გაკვირვებული ვარ, რა გამჭვირვალობას ითხოვს ის ხალხი, ვისაც ირაკლი ღარიბაშვილის გამჭვირვალობა ვერ ჩაუტარებია? იმ ადამიანის გამჭვირვალობა, რომელიც ამბობდა, რომ ნაჩუქარი ათასი დოლარით ისწავლა და დღეს ამბობს, რომ მამამისი მილიონერია. „ქართული ოცნების“ რომელი წევრი დაინტერესდა ირაკლი ღარიბაშვილის ქონების გამჭვირვალობით? ამ კითხვას უნდა უპასუხოს ცრუპენტელა, გადამგდებმა, ცრუ და თაღლითმა „ქართულმა ოცნებამ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე დაინიცირდა. ცვლილებები მომავალი კვირის ორშაბათს ბიუროს სხდომას წარედგინება, რის შემდეგაც მასზე მსჯელობა დაიწყება. „ქართულ ოცნებაში“ განმარტეს, რომ კანონპროექტი პარლამენტში დაინიცირდა ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიცირებული, ერთადერთი განსხვავებით – კანონპროექტში ტერმინი „უცხოური აგენტი“ შეიცვალა და წარდგენილია შემდეგი ვარიანტი: „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

“თებერვალში საქართველოში მშენებლობა 2.6 პროცენტით გაძვირდა” – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის თებერვალში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.6 პროცენტით გაიზარდა.

საქსტატის ცნობით, აღნიშნული ცვლილება ძირითადად განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 16.7 პროცენტიანი ზრდით, რამაც 2.84 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

„წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 9.9 პროცენტით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 46.8 პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 2.5 პროცენტიანი გაძვირებით, რამაც, შესაბამისად, 8.4 და 1.44 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 15.1 პროცენტით“, – აცხადებენ საქსტატში.

„მოლოტოვის კოქტეილი“ საქართველოს ისტორიაში პირველად ესროლეს ხალხს” – შალვა პაპუაშვილი

პასუხი უნდა გაეცეს, როგორ ფინანსდება საქართველოში რადიკალური ჯგუფები, როგორ ფინანსდება „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზება ამერიკელი ხალხის ფულით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, გაუგებარია რატომ მიედინება ამერიკის მოქალაქეების ფული უცხო ქვეყანაში „მოლოტოვის კოქტეილის“ იდეის პოპულარიზაციისკენ. ეს არ არის კეთილსინდისიერი ქცევა.

„კამპანია „მე ვისროლე“ დაფინანსებული არის ამერიკის ბიუჯეტიდან, რომელსაც ამტკიცებს კონგრესი. ამიტომ, ვფიქრობ, კითხვები ჩვენ კი არ უნდა დაგვისვან, არამედ კითხვები უნდა დაუსვან NED-ს და მოიკითხონ, ამერიკის გადასახადის გადამხდელების, ამერიკის მოქალაქეების ფული რატომ მიედინება უცხო ქვეყანაში „მოლოტოვის კოქტეილის“ იდეის პოპულარიზაციისკენ. ვფიქრობ, ეს უფრო სწორი საქციელი იქნებოდა. იქნებ დაინტერესდნენ, რატომ და როგორ აფინანსებენ ამერიკული ფონდებიდან საქართველოში პარტიებს, რადიკალურ და ექსტრემისტულ ჯგუფებს? არის თუ არა ეს ამერიკელი ხალხის ინტერესებში? უპირველეს ყოვლისა, ამერიკელი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება, როცა სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში, რომელიც შენს ჯარისკაცებთან ერთად მხარდამხარ იდგა ავღანეთში – და ჩვენ დავკარგეთ უფრო მეტი ჯარისკაცი ავღანეთში, ვიდრე ევროკავშირის ბევრ ქვეყანას საერთოდ იქ ჯარისკაცი ჰყავდა – შენი ბიუჯეტიდან რომელიღაც ორგანიზაცია „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზებაში ხარჯავს ფულს. არის თუ არა ეს კეთილსინდისიერი საქციელი? რა თქმა უნდა, ეს არ არის კეთილსინდისიერი ქცევა და ამაზე ჩვენ გვინდა პასუხები, ეს არ არის ჩავლილი საკითხი. პასუხი უნდა გაეცეს, როგორ ფინანსდებიან საქართველოში რადიკალური ჯგუფები, როგორ ფინანსდება „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზება ამერიკელი ხალხის ფულით,” – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი განცხადებით, პლაკატი – მე ვესროლე, არის ორგანიზაცია „სირცხვილიას“ მიერ წარმოებული კამპანიის ნაწილი და ვინც ამ კამპანიებს აფინანსებს, გაუგებარია მათ რამე კარგი უნდოდეთ ქართველი ხალხისთვის.

„დღეს ვნახე NED-ის ხელმძღვანელობის გამოხმაურება, როგორ არ მიესალმება გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს და ამბობს, თითქოს მათი დაფინანსება მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესებისთვის არის. პლაკატი – მე ვესროლე, არის ორგანიზაცია „სირცხვილიას“ მიერ წარმოებული კამპანიის ნაწილი. „მოლოტოვის კოქტეილი“ შარშან, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად ესროლეს ქართველ ხალხს და ცოცხლად წვავდნენ პოლიციელს. ორგანიზაცია „სირცხვილია“, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ ფრთასთან ერთად, არის რადიკალური ჯგუფი და მას ჰქონდა კამპანია – მე ვესროლე. აი, ეს კამპანია ფინანსდებოდა ამერიკელი და ევროპელი მოქალაქეების ფულით. იმას, ვინც ამას აფინანსებს, რამე კარგი უნდა ქართველი ხალხისთვის? არ უნდა გვითხრას, რას აფინანსებს და რისთვის ამ ქვეყანაში?“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

“ღრმად ვართ შეშფოთებული, რომ პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზასმეთიუ მილერი – ღრმად ვართ შეშფოთებული, რომ პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას” – მეთიუ მილერი

ღრმად ვართ შეშფოთებული, რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა სოციალურ ქსელ X-ში (Twitter) დაწერა, რითაც საქართველოს პარლამენტში „უცხოური ძალის ინტერესებით მოქმედი ორგანიზაციების“ შესახებ კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა.

სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ევროკავშირის მისწრაფებებს მიჰყვეს.

„ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული, რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ მიჰყვეს ევროკავშირის მისწრაფებებს“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.

“კოლექტიური ბექა ოდიშარიების არსებობა ხელისუფლებაში ცუდი საერთოდ არ არის იმიტომ, რომ ოდიშარია არის დღევანდელი „ოცნების“ სახე”

საბოლოო ჯამში, კოლექტიური ბექა ოდიშარიების არსებობა ხელისუფლებაში, პრინციპში, ცუდი საერთოდ არ არის იმიტომ, რომ ბექა ოდიშარია არის დღევანდელი „ოცნების“ სახე – უღირსიც აღარ ჰქვია, სიტყვას ვერ ვპოულობ, რომლითაც შეიძლება ბექა ოდიშარიას საქციელი აღვწეროთ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის” დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ბექა ოდიშარია 2012 წელს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აფინანსებდა, დღეს კი “ოცნების” სახეა.

„ბექა ოდიშარია არის ის ადამიანი, რომელმაც გადამწყვეტი პოლიტიკური ბრძოლის დროს, 2012 წელს, აფინანსებდა „ნაცმოძრაობას“ და დღეს არის „ოცნების“ სახე. ეს არის ის ადამიანი, რომელიც 2012-ში „ოცნების” წინააღმდეგ იბრძოდა და დღეს არის „ოცნების“ სახე. უღირსიც აღარ ჰქვია, ვერ ვპოულობ სიტყვას, რომლითაც შეიძლება აღვწეროთ მისი საქციელი“, – განაცხადა ბუჩუკურმა.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ბექა ოდიშარიამ შეურაცხმყოფელი რეპლიკა მაშინ გამოიყენა, როცა პარლამენტის ტრიბუნიდან გენდერული კვოტირების გაუქმების კრიტიკით „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი გამოდიოდა.

თიბისი ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებისთვის

პროექტი ,,TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის’’, რომელიც ქვეყანაში ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად, გრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს. პროექტის ფარგლებში 10,000-მდე აპლიკანტმა გაიარა რეგისტრაცია და დაინტერესდა საკუთარი კარიერის ტექნოლოგიებში ტრანსფორმაციითა თუ არსებული ცოდნისა და უნარების განვითარებით.

ამჟამად მიმდინარე რვა სასწავლო პროგრამაზე 350 მონაწილეა ჩართული. სასწავლო პროგრამები სრულად დაფინანსებულია, მათ საერთაშორისო გამოცდილებისა და განათლების მქონე ტექლიდები და წამყვანი დეველოპერები პრაქტიკული სწავლების მეთოდოლოგიითა და რეალური სამუშაო გარემოს პრინციპის გამოყენებით უძღვებიან. კონკრეტული მიმართულებების სწავლებისთვის შექმნილია პრაქტიკული სამუშაო ლაბები, სადაც სტუდენტები რეალურ სამუშაო გარემოში არსებულ ამოცანებს ასრულებენ, რათა პროგრამის დასრულების შემდეგ მზად იყვნენ სამუშაო გარემოში ინტეგრაციისთვის.

პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი ტექნოლოგიებში ქალებისა და რეგიონების გაძლიერებაა, მათი დასაქმების პოტენციალის ზრდის მიზნით. აღსანიშნავია, რომ პროექტის აქამდე არსებულ მონაწილეთა 40% ქალია, ხოლო მონაწილეების 35% საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდანაა.

,,TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის’’ პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა Training of Trainer (ToT) for Tech People პროგრამა, სადაც ტექნოლოგიური განათლების ხელშეწყობისთვის 50 პროფესიონალი გადამზადდა. ისინი ამჟამად ტექპროფესიების სწავლებას სხვადასხვა აკადემიასა თუ უმაღლეს სასწავლებლებში TOT-ზე ათვისებული პრაქტიკების გამოყენებით აგრძელებენ.

პროექტის პირველ ეტაპზე ასევე ჩატარდა iOS Bootcamp, სადაც 5 თვიანი ინტენსიური სწავლების შედეგად 30-მდე მონაწილემ საბაზისო დონიდან შეისწავლა iOS Development-ი. თავიანთი შექმნილი iOS აპლიკაციებით დემო დღეზე წარდგნენ დამსაქმებლების წინაშე, აქვე მიიღეს შეთავაზებები და რამდენიმე მათგანი უკვე საკუთარ კარიერას Junior iOS Developer-ის პოზიციაზე აგრძელებს ისეთ დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებში, როგორიცაა თიბისი, TNET, SPACE და სხვა.

პროექტის მნიშვნელოვანი მხარეა ისიც, რომ პროცესში ჩართულია 20-მდე ტექნოლოგიური კომპანია, დემო დღეზე მათ უკვე შეარჩიეს და სამომავლოდაც დაინტერესებულნი არიან ტექსპეციალისტების დასაქმებით.

„TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“ გრძელდება და ზაფხულში კვლავ გამოცხადდება რეგისტრაცია სრულად დაფინანსებულ 8 ტექნოლოგიურ მიმართულებაზე, სადაც დამატებით 350 სტუდენტი გაივლის ინტენსიურ გადამზადებას. მათი დასრულების შემდეგ წარმატებულ კურსდამთავრებულებს მიეცემათ შესაძლებლობა დაიწყონ ან განავითარონ საკუთარი კარიერა ტექნოლოგიურ სფეროში და დასაქმდნენ თიბისიში და მის პარტნიორ ტექნოლოგიურ კომპანიებში.

 

R

„კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება – რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება” – ირაკლი ნადარეიშვილი

„როდესაც ვსაუბრობთ  სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, ეს არის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალ დონეზე განვითარებული საბანკო სექტორი, მაგრამ გვაქვს ჩანასახოვან მდგომარეობაში მყოფი კაპიტალის ბაზარი. ამავე დროს ბიზნესს და ეკონომიკას სჭირდება როგორც კაპიტალის მოზიდვის, ასევე ინვესტირების  დივერსიფიცირებული და სხვადასხვა რისკის პროფილის მქონე ინსტრუმენტები. რომ შევედაროთ განვითარებულ ქვეყნებს, მაგალითად, აშშ-ში კაპიტალის ბაზრის ზომა მშპ-ს აჭარბებს დაახლოებით 150 პროცენტით, პოლონეთში ეს მაჩვენებელი შეადგენს 40 პროცენტს, ჩვენ ვსაუბრობთ,  დღევანდელი მოცემულობით, 5-6 პროცენტზე საქართველოში, თუმცა,  არაერთგზის ითქვა, რომ საქართველოში კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რაც აშკარა და დათვლადია” – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.
ირაკლი ნადარეიშვილმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში „მარეგულირებელი გარემო,” რომელიც საპენსიო სააგენტოს 2023 წლის და ბოლო 5 წლის საინვესტიციო საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში გაიმართა.
როგორც ნადარეიშვილმა აღნიშნა, კაპიტალის ბაზრის რეფორმა, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს, ახალ აქტიურ ფაზაში შედის. მისი შეფასებით, ამის მყარ საფუძველს წარმოადგენს ის საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში შეიქმნა.  მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, შარშან მაგალითად გაორმაგდა სავალო ფასიანი ქაღალდების ბაზარი, რაც პირდაპირი ინდიკატორია რომ ბაზარი იწყებს სწრაფ განვითარებას.
„გასულმა წელმა გვაჩვენა, რომ საკმაოდ მარტივი ინტერვენციით არის შესაძლებელი ამ ბაზრის სტიმულირება – დაახლოებით ორ კვირაში დაიწყება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” ახალი პროგრამა, რომლის მიზანია ბიზნესისთვის ალტერნატიულ ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება და კაპიტალის ბაზრის ხელშეწყობაა ფასიანი ქაღალდების განთავსების სტიმულირების გზით. ასევე წელს პარტნიორებთან ერთად უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა წილობრივი საინვესტიციო ფონდების შექმნის ხელშეწყობაზე, რომლებიც, მათ შორის, შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი საინვესტიციო ინსტრუმენტი საპენსიო ფონდისთვის” – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პორტფელებში მობილიზებული კაპიტალის ზრდასთან ერთად  კიდევ უფრო დაიხვეწოს და გაუმჯობესდეს საპენსიო ფონდის მმართველობითი სისტემა, მათ შორის მართვაში პროფესიონალური კომპონენტის გაძლიერების გზით.
„ჩვენ საპენსიო ფონდს  და სააგენტოს ვუყურებთ, როგორც მზარდ ორგანიზმს.  პარტნიორებთან და კოლეგა უწყებებთან ერთად  ვმუშაობთ და ვფიქრობთ, რომ  წელს პარლამენტს წარვუდგენთ კონკრეტულ ინიციატივებს, რაც ხელს შეუწყობს უფრო ეფექტური მართვის მოდელის ჩამოყალიბებას.  ჩვენ ასევე განვიხილავთ, რომ ეროვნული ბანკი იყოს არა მხოლოდ საინვესტიციო ნაწილის, არამედ მთლიანი საპენსიო სქემის ზედამხედველი.” – აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების უკანონოდ რეალიზაციის ფაქტზე პასუხისგებაში სამი იურიდიული და ექვსი ფიზიკური პირი მიეცა

საგამოძიებო სამსახურმა კანონდარღვევით მოქმედი აფთიაქი გამოავლინა, საიდანაც უკანონოდ ხდებოდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია.

აღნიშნულ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარის რეგიონში, გამოვლინდა კანონდარღვევით მოქმედი აფთიაქი, საიდანაც რიგ შემთხვევაში, უნებართვოდ, ანდა შესაბამისი სანებართვო პირობების დარღვევით, რეცეპტის გარეშე, სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია ხდებოდა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ აფთიაქის კანონდარღვევით საქმიანობის დაფარვის მიზნით, ობიექტი ფუნქციონირებდა სამი სხვადასხვა იურიდიული პირის სახელით, რომელთაც ფაქტობრივად ერთი და იგივე პირები მართავდნენ. გამოძიების პროცესში, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა სამი იურიდიული პირი, ხოლო, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ექვსი ფიზიკური პირის მიმართ, რომელთაგან ხუთი პირია დაკავებული.

გამოძიებით დადგინდა, რომ აფთიაქის ხელმძღვანელებმა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად, ჯამში დაახლოებით 1 მილიონი ლარის ოდენობის უკანონო შემოსავალი მიიღეს, რომელსაც შემდგომ, სხვადასხვა პირის საბანკო ანგარიშებზე გადარიცხვის გზით, მისცეს კანონიერი სახე და მისი ლეგალიზაცია მოახდინეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი, ასევე, ბრალდებულების მფლობელობაში არსებული ორი ძვირადღირებული ავტომანქანა.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე და 194-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით ითვალისწინებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

“სხვა სახელმწიფო თუ მოქმედებს შენი ქვეყნის შიგნით, აფინანსებს ღონისძიებებს, ეს უნდა იყოს გამჭვირვალე” – შალვა პაპუაშვილი

სახელმწიფოები ზრუნავენ იმაზე, რომ სხვა სახელმწიფო თუ მოქმედებს ქვეყნის შიგნით, აფინანსებს რაღაც ღონისძიებებს, ეს იყოს გამჭვირვალე, რათა ვიცოდეთ, რომელი სახელმწიფო დგას ამა თუ იმ პროექტის, პოლიტიკის უკან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ბევრ ქვეყანაში არსებობს სხვადასხვა სახის კანონმდებლობა, რომელიც აწესრიგებს გამჭვირვალობას ამ სფეროში.

მისი თქმით, გარკვეული სახის გავლენები უნდა იყოს ღია და არა ფარული.

„სინამდვილეში, საუბარი გვაქვს მარტივ ჭეშმარიტებაზე, რომ ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელსაც აქვს საკუთარი ინტერესები. ჩვენ მიღმა კიდევ არსებობს 200-მდე სახელმწიფო, ყველას თავისი ინტერესები აქვს და ხანდახან ჩვენს ინტერესებს სხვების ინტერესები არ ემთხვევა. ამიტომ, სახელმწიფოები ზრუნავენ იმაზე, რომ სხვა სახელმწიფო თუ შემოდის ქვეყნის შიგნით, მოქმედებს ქვეყნის შიგნით, აფინანსებს რაღაც ღონისძიებებს, ეს იყოს გამჭვირვალე, რათა ვიცოდეთ, რომელი სახელმწიფო დგას ამა თუ იმ ღონისძიების, პროექტის, იდეის, პოლიტიკის უკან. ეს იცოდეს საზოგადოებამ და იცოდეს სახელმწიფომ. სწორედ ამიტომ, ბევრ ქვეყანაში არსებობს სხვადასხვა სახის კანონმდებლობა, რომელიც აწესრიგებს გამჭვირვალობას ამ სფეროში. ევროკავშირის წევრ 16 ქვეყანაში არის სხვადასხვა ტიპის გამჭვირვალობის რეესტრი. ზოგან ამას ლობისტების რეესტრი ჰქვია, ზოგან -გამჭვირვალობის რეესტრი და სხვა სახელწოდებებია. დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში ახლა დამატებითი რეგულაციები მიიღეს. ამერიკის შეერთებული შტატები, ავსტრალია, ისრაელი – განსაკუთრებით თანამედროვე ეპოქაში ყველა სახელმწიფო ცდილობს, რომ ამ სფეროში იყოს გამჭვირვალობა. წავიკითხავ ევროკავშირის დირექტივიდან ამონარიდს, რომელიც უკვე დამტკიცებულია ევროკომისიის მიერ და პარლამენტში განიხილება, რას ეფუძნება საერთოდ ეს მოსაზრება, რას ფიქრობს ევროკავშირი და შემდეგ დავფიქრდეთ, საქართველოს მოქალაქეები ვართ თუ არა ღირსი, ისეთივე წუხილები გვქონდეს, როგორიც აქვთ ევროპელ მოქალაქეებს. კერძოდ, დასაბუთებაში წერია: „ოფიციალურ დიპლომატიურ არხებთან ერთად, მესამე ქვეყნების მთავრობები სულ უფრო ხშირად იყენებენ ინტერესთა წარმომადგენლობას, რათა ხელი შეუწყონ თავიანთი პოლიტიკით დადგენილი მიზნების შესრულებას. ეს ვითარება წევრი სახელმწიფოების მიერ აღიარებულია, როგორც შესაძლებლობა მესამე ქვეყნებისთვის, თავი აარიდონ გამჭვირვალობის მოთხოვნებს და ფარულად მოახდინონ გავლენა გადაწყვეტილების მიღებასა და დემოკრატიულ პროცესზე. მესამე ქვეყნების ინტერესების წარმოდგენა, როდესაც ის ფარულად ხორციელდება, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დემოკრატიაში ჩარევის საშუალებად განიხილება. საზოგადოებრივი აზრის ფორმირებით ამან შეიძლება, გავლენა მოახდინოს პოლიტიკურ არჩევანზე წევრ სახელმწიფოებში და მთლიანად ევროკავშირის პოლიტიკაში ჩამოყალიბდეს“. თანამედროვე სამყაროში დიპლომატიურ არხებთან ერთად, რომლითაც სახელმწიფოები კომუნიცირებენ ერთმანეთთან, მათ შორის გავლენას ახდენენ სხვა სახელმწიფოს პოლიტიკაზე, ასევე სულ უფრო ხშირად გამოიყენება სხვა არხები პროექტების სახით, რათა საკუთარი ინტერესები განხორციელდეს, რომელიც შეიძლება, კარგიც არის, ჩვენ ერთმანეთისგან ვსწავლობთ. როგორც ადამიანები ვსწავლობთ ერთმანეთისგან რაღაცას, ასევე სახელმწიფოები სწავლობენ ერთმანეთისგან. სხვა ქვეყნებისგან ჩვენ ვსწავლობთ, როგორ დავიცვათ გარემო უფრო კარგად, სხვები შეიძლება, ჩვენგან სწავლობენ რაღაცებს. ეს გავლენები კარგია, ისევე როგორც ადამიანებს შორის გავლენებია კარგი, მაგრამ ეს უნდა იყოს ღია და არა ფარული, ამაზეა საუბარი. სწორედ ამიტომ ევროკავშირმა შეიმუშავა ეს დირექტივა, რომელსაც მალე მიიღებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.