„ერთადერთი ამერიკელი კანონმდებელი, რომელიც წარმოშობით უკრაინელია, სკეპტიკურად არის განწყობილი კიევისათვის დამატებითი დახმარების გაწევის მიმართ“ – The Wall Street Journal

58
spot_img

ამერიკული გაზეთი „უოლ სთრით ჯორნელი“ (The Wall Street Journal) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ერთადერთი ამერიკელი კანონმდებელი, რომელიც წარმოშობით უკრაინელია, სკეპტიკურად არის განწყობილი კიევისათვის დამატებითი დახმარების გაწევის მიმართ“ (ავტორი – ქეით ფერეკი).

„რატომ გამოდის უკრაინაში დაბადებულ-გაზრდილი ამერიკელი კონგრესვუმენი კიევის დახმარების წინააღმდეგ? ვიქტორია სპარტცი საუბრობს რუსების მიერ ჩადენილი მხეცობის შესახებ უკრაინაში, რომლის მოწმენი მისი მეგობრები და ნათესავები გახდნენ, მაგრამ იმავდროულად იგი იმასაც ამბობს, რომ ხმას არ მისცემს კიევისადმი დახმარებას 60 მილიარდი დოლარის ოდენობით. კონგრესვუმენი დარწმუნებულია, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ, უკრაინის პარალელურად, მეტი ყურადღება აშშ-ის საშინაო პრობლემების მოგვარებასაც უნდა დაუთმოს“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლების პალატის წევრი ვიქტორია სპარტცი ძალზე ემოციურად ჰყვება იმ საშინელებებზე, რომლებიც მისმა უკრაინელმა მეგობრებმა და ნათესავებმა გადაიტანეს მას შემდეგ, რაც რუსეთმა ორი წლის წინ ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ. თუმცა იგი იმავდროულად ძალიან სკეპტიკურად და კრიტიკულადაა განწყობილი იმ დახმარების მიმართ, რომელსაც ვაშინგტონი კიევს უგზავნის.

ვიქტორია სპარტცი წარმომადგენლების პალატის რესპუბლიკელი წევრია ინდიანას შტატიდან, რომელიც დეპუტატთა შორის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტულ პიროვნებას წარმოადგენს. მისი თქმით, იგი მხარს არ უჭერს უკრაინისადმი დახმარებას 60 მილიარდი დოლარის ოდენობით. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული ეს კანონპროექტი დიდი ხანია სადავოა რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის, თუმცა მოსალოდნელია, რომ აპრილის მეორე ნახევარში დოკუმენტი მაინც გაიტანონ განსახილველად.

უკრაინისადმი დახმარების გაწევის საკითხი, რასაკვირველია, 45 წლის ვიქტორია სპარტცისთვისაც მნიშვნელოვანია. თავის მრავალრიცხოვან ინტერვიუებში იგი ცდილობს არგუმენტირებულად დაამტკიცოს, რომ აშშ-ის ადმინისტრაციამ, უკრაინისათვის გაწეულ მრავალმილიარდიან დახმარების პარალელურად, ყურადღება უნდა დაუთმოს ქვეყნის საშინაო პრობლემების მოგვარებას. იმავდროულად აუცილებელია უკრაინისადმი დახმარების მიმართ განხორციელდეს მკაცრი კონტროლი და მოხდეს ანგარიშგება. ამასთან, საბოლოო ჯამში უკრაინას დახმარება უანგაროდ (საჩუქრად) კი არ უნდა გადაეცეს, არამედ მხოლოდ კრედიტების (სესხების) სახით.

„მე ძალიან კარგად მესმის ამ ომის მნიშვნელობა და ვაცნობიერებ იმ შედეგებს, თუ რა მოჰყვება რუსეთის სავარაუდო გამარჯვებას. ამასთან, გულუბრყვილო ნამდვილად არ ვარ. თუ ჩვენ ჩვენივე თანხებზე კონტროლი და ზედამხედველობა არ გავაძლიერებთ, ჩვენ ისე მიზანს ვერ მივაღწევთ. ამერიკას არ შეუძლია დაუსრულებლად დაეხმაროს უკრაინას. ამერიკას თავისი პრობლემებიც ბევრი უგროვდება, რომლებიც უნდა მოგვარდეს“, – ამბობს ვიქტორია სპარტცი. კონგრესვუმენის თქმით, მის საარჩევნო ოლქში, ინდიანაპოლისში, ამომრჩევლები უკრაინისათვის გაწეული დახმარების წინააღმდეგ გამოდიან სხვადასხვა მიზეზების გამო.

ვიქტორია სპარტცი თავდაპირველად, როცა ომი დაიწყო, ემოციური გამოსვლებით მხარს უჭერდა კიევს, ჰყვებოდა იმ ნგრევაზე და სამოქალაქო მოსახლეობის გაჭირვებაზე, რაც უკრაინაში ხდებოდა და რასაც უკრაინელები გმირულად იტანდნენ. იგი აქტიურად აკრიტიკებდა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას და მეტი დახმარებისაკენ მოუწოდებდა, იმავდროულად ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგაც გამოდიოდა. მაგრამ ვიქტორია სპარტცი ასევე აკრიტიკებდა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, რითაც კიევის საყვედურები და ამრეზული დამოკიდებულება გამოიწვია.

დღეს კონგრესვუმენი ამბობს, რომ უკრაინისადმი დახმარებას იგი უკვე ნაკლებ ყურადღებას უთმობს: „მე რაც შემეძლო, გავაკეთე. ყველაფრის განხორციელება არ შემიძლია. უკრაინაზეც ვფიქრობ, მაგრამ ვალდებული ვარ ამერიკაზე უფრო მეტი ვიფიქრო“, – ამბობს ვიქტორია სპარტცი და აცხადებს, რომ 60-მილიარდიან კანონპროექტს მხარს იმ შემთხვევაში დაუჭერს, თუ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია თანხებს აშშ-ის საზღვრის გასამაგრებლადაც გამოყოფს მექსიკასთან.

სხვათა შორის, დემოკრატებს იმედი ჰქონდათ, რომ რესპუბლიკელი ვიქტორია სპარტცი, იმის გათვალისწინებით, რომ იგი წარმოშობით უკრაინელი იყო, განსაკუთრებით მტკიცე მომხრე იქნებოდა უკრაინისადმი დახმარების გაწევის საკითხის მიმართ, მაგრამ ისინი შეცდნენ.

„დიახ, მართლაც გვქონდა იმის შეგრძნება, რომ რესპუბლიკელი ვიქტორია სპარტცი რეალურად ჩვენს გვერდით დადგებოდა და მზად იქნებოდა ყოველნაირ რისკზე წასულიყო უკრაინისათვის მხარდასაჭერად“, – ამბობს წარმომადგენლების პალატის წევრი, დემოკრატი სარა ჯეიკობსი, რომელიც ვიქტორია სპარტცთან ერთად რამდენჯერმე იყო კიევში ჩასული, – სამწუხაროდ, მან არ ისარგებლა თავისი უკრაინული წარმომავლობით და ცოდნით, რათა თანაპარტიელები კიევის მხარდაჭერისათვის დაერაზმა“.

ვიქტორია სპარტცი იმ დროს, როცა უკრაინა დამოუკიდებელი გახდა, პატარა გოგონა იყო. იგი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ნოსოვკაში დაიბადა. ბავშვობაში პაპამისი უყვებოდა ხოლმე, თუ როგორი შიმშილობა და გაჭირვება, რეპრესიები გადაიტანეს უკრაინელებმა საბჭოთა წყობილების დროს. თავისი მომავალი ქმარი ვიქტორიამ 1999 წელს გაიცნო, შემდეგ ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად და უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა ფინანსების აღრიცხვის დარგში, მუშაობაც დაიწყო. 2020 წელს ვიქტორია სპარტცი კონგრესის ქვედა სტრუქტურის – წარმომადგენლების პალატის წევრად აირჩიეს. დღეისათვის იგი ერთ-ერთია პალატის იმ წევრთაგან, რომლებიც ევროპაში არიან დაბადებულნი და ერთადერთი, რომელიც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკიდან – უშუალოდ უკრაინიდან არის.

თებერვალში ვიქტორია სპარტცი მიუნჰენის უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობდა და ევროპელ ლიდერებს არწმუნებდა, რომ უკრაინისათვის მეტი დახმარება გაეწიათ და საკუთარი თავდაცვისუნარიანობის განსამტკიცებლადაც მეტი თანხები დაეხარჯათ.

როგორც ვაშინგტონის ანალიტიკური ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი სეთ ჯონსი ამბობს, ვიქტორია სპარტცი ერთ-ერთი ის კანონმდებელია, რომელიც, სხვებისაგან გამორჩეულად დიდ ყურადღებას უთმობს ჩინეთისა და რუსეთის კავშირების საფრთხეს ამერიკისათვის.

2023 წლის თებერვალში ვიქტორია სპარტცმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ, კონგრესიდან წავიდოდა, რათა თავისი ორი შვილის აღსაზრდელად მეტი ყურადღება დაეთმო, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა იმ მიზეზით, რომ ის კანდიდატი-რესპუბლიკელები, რომლებიც კონგრესში მის ნაცვლად მივიდოდნენ, მუშაობას სათანადო დონეზე ვერ შეძლებდნენ. მას ახლა განზრახული აქვს რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზში მონაწილეობა მეორე ვადით არჩევის მიზნით, რომელიც 7 მაისს არის დანიშნული. მისი მთავარი კონკურენტია რესპუბლიკელი ჩაკ გუდრიჩი, ინდიანას შტატის ადგილობრივი მდიდარი კანონმდებელი, რომელმაც უკვე დახარჯა მილიონ ნახევარი დოლარი წინასაარჩევნო რეკლამისათვის და ვიქტორია სპარტცს მწვავედ აკრიტიკებს უკრაინის დახმარების გამო.

„ვიქტორია სპარტცი ჩვენი, ამერიკელების ფულს უკრაინაში გზავნის, ამ დროს კი საზღვარი საზღვარს არ ჰგავს, ყველა უკონტროლოდ შემოდის და გადის. რატომ აყენებს ვიქტორია წინა ადგილზე უკრაინას და უკან სწევს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს?“, – ნათქვამია ჩაკ გუდრიჩის 30-წამიან წინასაარჩევნო ვიდეორგოლში. გამოდის, რომ ვიქტორია სპარტცს იმის გამო აკრიტიკებენ, რისი მოწინააღმდეგეც თვითონ არის.

წყარო