“სხვა სახელმწიფო თუ მოქმედებს შენი ქვეყნის შიგნით, აფინანსებს ღონისძიებებს, ეს უნდა იყოს გამჭვირვალე” – შალვა პაპუაშვილი

16
spot_img

სახელმწიფოები ზრუნავენ იმაზე, რომ სხვა სახელმწიფო თუ მოქმედებს ქვეყნის შიგნით, აფინანსებს რაღაც ღონისძიებებს, ეს იყოს გამჭვირვალე, რათა ვიცოდეთ, რომელი სახელმწიფო დგას ამა თუ იმ პროექტის, პოლიტიკის უკან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ბევრ ქვეყანაში არსებობს სხვადასხვა სახის კანონმდებლობა, რომელიც აწესრიგებს გამჭვირვალობას ამ სფეროში.

მისი თქმით, გარკვეული სახის გავლენები უნდა იყოს ღია და არა ფარული.

„სინამდვილეში, საუბარი გვაქვს მარტივ ჭეშმარიტებაზე, რომ ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელსაც აქვს საკუთარი ინტერესები. ჩვენ მიღმა კიდევ არსებობს 200-მდე სახელმწიფო, ყველას თავისი ინტერესები აქვს და ხანდახან ჩვენს ინტერესებს სხვების ინტერესები არ ემთხვევა. ამიტომ, სახელმწიფოები ზრუნავენ იმაზე, რომ სხვა სახელმწიფო თუ შემოდის ქვეყნის შიგნით, მოქმედებს ქვეყნის შიგნით, აფინანსებს რაღაც ღონისძიებებს, ეს იყოს გამჭვირვალე, რათა ვიცოდეთ, რომელი სახელმწიფო დგას ამა თუ იმ ღონისძიების, პროექტის, იდეის, პოლიტიკის უკან. ეს იცოდეს საზოგადოებამ და იცოდეს სახელმწიფომ. სწორედ ამიტომ, ბევრ ქვეყანაში არსებობს სხვადასხვა სახის კანონმდებლობა, რომელიც აწესრიგებს გამჭვირვალობას ამ სფეროში. ევროკავშირის წევრ 16 ქვეყანაში არის სხვადასხვა ტიპის გამჭვირვალობის რეესტრი. ზოგან ამას ლობისტების რეესტრი ჰქვია, ზოგან -გამჭვირვალობის რეესტრი და სხვა სახელწოდებებია. დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში ახლა დამატებითი რეგულაციები მიიღეს. ამერიკის შეერთებული შტატები, ავსტრალია, ისრაელი – განსაკუთრებით თანამედროვე ეპოქაში ყველა სახელმწიფო ცდილობს, რომ ამ სფეროში იყოს გამჭვირვალობა. წავიკითხავ ევროკავშირის დირექტივიდან ამონარიდს, რომელიც უკვე დამტკიცებულია ევროკომისიის მიერ და პარლამენტში განიხილება, რას ეფუძნება საერთოდ ეს მოსაზრება, რას ფიქრობს ევროკავშირი და შემდეგ დავფიქრდეთ, საქართველოს მოქალაქეები ვართ თუ არა ღირსი, ისეთივე წუხილები გვქონდეს, როგორიც აქვთ ევროპელ მოქალაქეებს. კერძოდ, დასაბუთებაში წერია: „ოფიციალურ დიპლომატიურ არხებთან ერთად, მესამე ქვეყნების მთავრობები სულ უფრო ხშირად იყენებენ ინტერესთა წარმომადგენლობას, რათა ხელი შეუწყონ თავიანთი პოლიტიკით დადგენილი მიზნების შესრულებას. ეს ვითარება წევრი სახელმწიფოების მიერ აღიარებულია, როგორც შესაძლებლობა მესამე ქვეყნებისთვის, თავი აარიდონ გამჭვირვალობის მოთხოვნებს და ფარულად მოახდინონ გავლენა გადაწყვეტილების მიღებასა და დემოკრატიულ პროცესზე. მესამე ქვეყნების ინტერესების წარმოდგენა, როდესაც ის ფარულად ხორციელდება, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დემოკრატიაში ჩარევის საშუალებად განიხილება. საზოგადოებრივი აზრის ფორმირებით ამან შეიძლება, გავლენა მოახდინოს პოლიტიკურ არჩევანზე წევრ სახელმწიფოებში და მთლიანად ევროკავშირის პოლიტიკაში ჩამოყალიბდეს“. თანამედროვე სამყაროში დიპლომატიურ არხებთან ერთად, რომლითაც სახელმწიფოები კომუნიცირებენ ერთმანეთთან, მათ შორის გავლენას ახდენენ სხვა სახელმწიფოს პოლიტიკაზე, ასევე სულ უფრო ხშირად გამოიყენება სხვა არხები პროექტების სახით, რათა საკუთარი ინტერესები განხორციელდეს, რომელიც შეიძლება, კარგიც არის, ჩვენ ერთმანეთისგან ვსწავლობთ. როგორც ადამიანები ვსწავლობთ ერთმანეთისგან რაღაცას, ასევე სახელმწიფოები სწავლობენ ერთმანეთისგან. სხვა ქვეყნებისგან ჩვენ ვსწავლობთ, როგორ დავიცვათ გარემო უფრო კარგად, სხვები შეიძლება, ჩვენგან სწავლობენ რაღაცებს. ეს გავლენები კარგია, ისევე როგორც ადამიანებს შორის გავლენებია კარგი, მაგრამ ეს უნდა იყოს ღია და არა ფარული, ამაზეა საუბარი. სწორედ ამიტომ ევროკავშირმა შეიმუშავა ეს დირექტივა, რომელსაც მალე მიიღებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.