Home Blog Page 1092

უკრაინიზაციის თავიდან აცილება არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის უცილებელი პირობა და ამ კანონის უმთავრესი მიზანი”- პრემოერი

კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” პირველ რიგში საქართველოს უკრაინიზაციისგან დაცვას – საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებასა და ქვეყნის სტაბილური განვითარების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად, რაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, უკრაინიზაციის თავიდან აცილება არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის უცილებელი პირობა და ეს არის ამ კანონპროექტის უმთავრესი მიზანი.

„ენჯეოებს რომ გამოსვლოდათ ის, რასაც 2020-2022 წლებში აქტიურად ცდილობდნენ, ეს იყო რევოლუციის გზით ხელისუფლების შეცვლა, დღეს საქართველო იქნებოდა უკრაინაზე მძიმე მდგომარეობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ უკან მოგვრჩებოდა როგორც მშვიდობა, ისე ევროინტეგრაცია. კონკრეტულ ენჯეოებს რომ გამოსვლოდათ ის, რასაც ცდილობდნენ – რევოლუციის მოწყობა, ამ შემთხვევაში, უკან მოგვრჩებოდა როგორც მშვიდობა, ისე ევროინტეგრაცია. მადლობა ღმერთს, მათი მცდელობები აღმოჩნდა წარუმატებელი.

კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” პირველ რიგში საქართველოს უკრაინიზაციისგან დაცვას – საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებასა და ქვეყნის სტაბილური განვითარების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად, რაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობაა. უკრაინიზაციის თავიდან აცილება არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის უცილებელი პირობა და ეს არის ამ კანონპროექტის უმთავრესი მიზანი. შესაბამისად, ეს კანონპროექტი არათუ ვერ დააშორებს საქართველოს ევროპას, არამედ თვისებრივად დაგვაახლოებს ჩვენი უმთავრესი საგარეოპოლიტიკური მიზნის – ევროკავშირში ინტეგრაციის მიღწევასთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პირობა ევროკავშირში ინტეგრაციისთვის”, – განაცხადა პრემიერმა

„ენჯეოებს“ არასდროს დაუგმიათ მოწოდებები მეორე ფრონტზე, მაშინ გამჭვირვალობის კანონს რომ ემოქმედა, ეს ორგანიზაციები ომის პროპაგანდისგან უფრო მეტად შეიკავებდნენ თავს”

„ენჯეოებს“ არასდროს დაუგმიათ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მოწოდებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით. მაშინ გამჭვირვალობის შესახებ კანონს რომ ემოქმედა, ეს ორგანიზაციები ომის პროპაგანდისგან უფრო მეტად შეიკავებდნენ თავს და საკუთარ დონორებს უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააგდებდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, ახლა თავხედურად საუბრობენ რუსულ ინტერესებზე.

„2022 წელს „ენჯეოები“ ღიად შეუერთდნენ მეორე ფრონტის კამპანიას. ისინი ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში ითხოვდნენ სანქციების დაწესებას, უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას მთავრობის ოფიციალური თანხმობით, რაც ნიშნავდა ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლას. პირველივე წელს გვექნებოდა, ეკონომიკის, სულ მცირე, ათპროცენტიანი ვარდნა, რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე მილიარდ დოლარს დაკარგავდა ჩვენი ეკონომიკა. კოვიდის დროს ჩვენ გვქონდა მინუს ექვს-ნახევარი პროცენტი. შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, რას გამოიწვევდა პირველივე წელს, სულ მცირე, ათი პროცენტით ეკონომიკის შემცირება. ეკონომიკური კოლაფსი იყო მათი მიზანი.

რაც შეეხება მეორე მოთხოვნას, ეს იყო უკრაინაში მთავრობის თანხმობით მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა. ეს პირდაპირ ნიშნავდა საქართველოს ჩართვას სამხედრო კონფლიქტში. შეგახსენებთ, რომ კონკრეტული „ენჯეოები“, შესაბამის პარტიებთან ერთად, ითხოვდნენ ამ ყველაფერს. ასევე, კიდევ ერთხელ გვინდა, შეგახსენოთ მათი ერთ-ერთი ლიდერის ცნობილი ფრაზა, ვციტირებ: „რუსეთი აგებს ომს უკრაინაში, იქ არ ჰყოფნის რესურსი, ამიტომ ვერ დაიწყებს ყველა მიმართულებით საომარ მოქმედებებს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს შესაძლებლობის ფანჯარა გამოვიყენოთ. ახლა ეს კონკრეტული ლიდერი, „ენჯეოს“ ლიდერი თავხედურად გვესაუბრება რუსულ ინტერესებზე. ზუსტად ამ ადამინებმა შემოიყვანეს 2008 წელს რუსული ტანკები საქართველოში, იმავე მიზანს ემსახურებოდა მათი ეს განცხადებები 2022 წლის თებერვალ-მარტში და მოგვიანებით. ასევე, მინდა შეგახსენოთ, რომ ამ „ენჯეოებს“ არასდროს დაუგმიათ, მაგალითად, უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მოწოდებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით. უნდა დაეგმოთ, თუ მეორე ფრონტი არ შედიოდა მათ ინტერესებში. არცერთხელ დაუგმიათ არცერთი ასეთი განცხადება, რომელიც პირდაპირ მოგვიწოდებდა საქართველოს მეორე ფრონტად ქცევისკენ. დარწმუნებული ვარ, მაშინ რომ ემოქმედა კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ეს ორგანიზაციები ომის პროპაგანდისგან უფრო მეტად შეიკავებდნენ თავს და უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააგდებდნენ საკუთარ დონორებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ სიბინძურეში სპორტსმენების გასვრის მცდელობა უმდაბლესი საქციელია”- კობახიძე

კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ სიბინძურეში სპორტსმენების გასვრის მცდელობა უმდაბლესი საქციელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის კანცელარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბოლო ორი დღის განმავლობაში სპორტსმენები დიდი ზეწოლის ქვეშ იყვნენ იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც 2 წლის წინ თორნიკე შენგელია და ხვიჩა კვარაცხელია „მოღალატეებად შერაცხეს“.

„ორი სიტყვა მინდა ვთქვა ჩვენი საამაყო სპორტსმენების შესახებ, რომლებიც ამ ორი დღის განმავლობაში განსაკუთრებულ ზეწოლას განიცდიდნენ. ამ ზეწოლას უსამშობლო ადამიანები ახორციელებდნენ, რომლებმაც სულ რაღაც 2 წლის წინ თორნიკე შენგელია და ხვიჩა კვარაცხელია მოღალატეებად შერაცხეს. შეგვიძლია ამოვიღოთ „ფეისბუქის“ “სქრინებიც” ვნახოთ რას საუბრობდნენ მაშინ და როგორ ზეწოლას ახორციელებენ ახლა. მტკიცებულებები გვაქვს, რომ ზუსტად იგივე ადამიანები არიან.

მე თითოეულ სპორტსმენს ვპირდები, რომ საქართველოს მთავრობა ყველა ვითარებაში მათ გვერდით იქნება. ჩვენი ფეხბურთელების გვერდით ვიქნებით, როდესაც ისინი ჯგუფიდან გავლენ და ისინი ჩვენს გვერდით იქნებიან, როდესაც ყველა ერთად ევროკავშირის წევრი გავხდებით.

გავიმეორებ, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ სიბინძურეში სპორტსმენების გასვრის მცდელობა უმდაბლესი საქციელია, რომელიც ამ ადამიანებს ძალიან ზუსტად ახასიათებთ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

“ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების განცხადებებში ვნახეთ ნული არგუმენტი” – პრემიერი

უარგუმენტო განცხადებები ვერ გახდება ჩვენი გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არ შეიძლება დიპლომატებმა და პოლიტიკოსებმა განცხადებები ცალმხრივად, არგუმენტების გარეშე აკეთონ.

„რაც შეეხება ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებებს, სამწუხაროა, რომ არც ერთი არგუმენტი არ იყო მოყვანილი, ვნახეთ შოლცის, სტოლტემბერგის განცხადება, დღეს გავრცელდა კიდევ კონკრეტული დიპლომატის განცხადება, რომელიც საქართველოში მუშაობს, არც ერთი არგუმენტი კანონის წინააღმდეგ არ იყო მოყვანილი, ნული არგუმენტი, გეუბნებიან, რომ კანონი ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება, რა ნაწილში, რომელი მუხლი, რატომ? – ნული არგუმენტი. ასეთ პირობებში რა თქმა უნდა, უარგუმენტო განცხადებები ვერ გახდება ჩვენი გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველი. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ყველას ვთავაზობ ღია დისკუსიას კანონპროექტის შესახებ, ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ქართულმა საზოგადოებამ სრული ინფორმაცია მიიღოს კანონპროექტთან დაკავშირებით. თქვენ ხედავთ, როგორ გაურბოდნენ ქართველი პოლიტიკოსები დისკუსიას საქართველოს პარლამენტში, სათქმელი არ ჰქონდათ არაფერი. რაც შეეხებათ უცხოელებს, დიპლომატებს, პოლიტიკოსებს, არ შეიძლება ცალმხრივად განცხადებების კეთება არგუმენტების გარეშე“, – განაცხადა კობახიძემ.

“გამჭვირვალობა ვერ იქნება ვერავის წინააღმდეგ მიმართული” – პრემიერი

შარშან იტყუებოდნენ და წელსაც იტყუებიან, რომ თითქოს ისედაც გამჭვირვალეა, თითქოს სახელმწიფო უწყებებს ისედაც მიეწოდებოდათ ყველა ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით რაც საპარლამენტო განხილვებმაც დაადასტურა რომ ტყუილი იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გამჭვირვალობა ვერ იქნება ვერავის წინააღმდეგ მიმართული და ყველაზე თანაბრად ვრცელდება – მტერზეც და მეგობარზეც.

„ჩვენი ამოვიღეთ 7 ყველაზე მდიდარი ენჯეობის მონაცემები და გაირკვა, რომ ამ ორგანიზაციების ფინანსები მაქსიმუმ 18 % იყო არა გამჭვირვალე, არამედ ხელმისაწვდომი სახელმწიფო უწყებებისთვის. რაც შეეხება საჯაროობას, ამ თანხების ნული პროცენტია საჯარო. ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი იკავებს საკუთარი ფინანსების გასაჯაროებისგან. უნდა დაისვას მარტივი კითხვა – როდესაც ფულს იღებ და ხარჯავ, რატომ არ უნდა გინდოდეს ამ ფულის საზოგადოებისთვის ჩვენება? რატომ უმალავ ამას საზოგადოებას? რატომა არ გინდა საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი იყოს გამჭვირვალე თუ საკუთარ კეთილსინდისიერებაში დარწმუნებული ხარ. ამასთან დაკავშირებით პასუხი არ არსებობს. ზოგადად გამჭვირვალობა ვერ იქნება ვერავის წინააღმდეგ მიმართული, მითუმეტეს ვერ გაარჩევს გამჭვირვალობა ერთმანეთისგან მტრებს და მეგობრებს. ყველაზე თანაბრად ვრცელდება გამჭვირვალობა, მტერზეც და მეგობარზეც. ის როს აქართველოს მთავრობა მაგალითად არის სრულად გამჭვირვალე საზოგადოების წინაშე, იცით რომ ჩვენ ვაქვეყნებთ ყველა სამთავრობო განკარგულებას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საკუთარ თავს ვინმეს მტრად განვიხილავთ. გამჭვირვალობა არის პირველ რიგში მეგობრების პასუხისმგებლობა“, – განაცხადა კობახიძემ.

“საპარლამენტო განხილვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კანონპროექტის ოპონენტებს არ აქვთ არც ერთი და არავითარი არგუმენტი კანონპროექტის წინააღმდეგ” – ირაკლი კობახიძე

მინდა გამოვეხმაურო საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. საპარლამენტო განხილვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კანონპროექტის ოპონენტებს არ აქვთ არც ერთი და არავითარი არგუმენტი კანონპროექტის წინააღმდეგ., – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, სინამდვილეში, კანონი არის სწორედ ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას – ეს არის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება.

„ასევე, ევროპულთან ერთად ეს კანონპროექტი არის ქართული, გამომდინარე იქიდან, რომ იცავს ჩვენი სახელმწიფოებრიობის უმთავრეს პრინციპს – ეს არის საქართველოს ეროვნული სუვერენიტეტი.

კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს – ეს არის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების მიერ მიღებული და დახარჯული ფულის ყოველწლიური დეკლარირება. ეს არის გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი. ყველას მოგეხსენებათ, რომ გამჭვირვალობის ამაზე ბევრად უფრო მკაცრი სტანდარტი მოქმედებს აშშ-ში, ასევე ევროკომისიამ მოიწონა ბევრად უფრო მკაცრი სტანდარტების მქონე კანონპროექტი, და ასევე ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში მოქმედებს ბევრად უფრო მკაცრი სტანდარტის შესაბამისი კანონები“, – აღნიშნა კობახიძემ.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 აპრილისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6753 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6753 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6710 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0043 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8473 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8387 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0086 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 18 აპრილს ამოქმედდება.

“კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა” – პრეზიდენტი

კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა BBC News-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„შეშფოთება მთავარი საგანი ის არის, რომ ეს პუტინის კანონის ზუსტი ასლია, რომელიც 2012 წელს მიიღეს და თანდათან გაიზარდა და განვითარდა. ეს არის კანონი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის წინააღმდეგ, მედიის საქმიანობის წინააღმდეგ და ეს არის კანონი ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, ევროპის ქვეყნების, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს დამოუკიდებლობას, სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობას, ჩვენი ეკონომიკის განვითარებას უკანასკნელ 30 წელზე მეტია. ამიტომ ეს ძალიან დიდ შეშფოთებას იწვევს. შარშან იგივე კანონი მასიური დემონსტრაციების შედეგად იქნა უარყოფილი და მისი მიღება ვერ მოხდა. ამჯერად, ამ კანონის თავიდან გამეორება პირდაპირ პროვოკაციას წარმოადგენს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიღებული დაფინანსების შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალეა, ხოლო პრეზიდენტის შეფასებით „რაც არ არის გამჭვირვალე ეს არის კორუფცია ხელისუფლების მაღალ დონეზე“.

„თქვენ იცით, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს, ძალიან მკაცრი წესები აქვთ, როდესაც ისინი ფინანსდებიან, მათი მხარდაჭერის გამჭვირვალობის მხრივ. ეს ნათელია. ამ დეტალების პოვნა ყველას შეუძლია. რაც არ არის გამჭვირვალე ეს არის კორუფცია ხელისუფლების მაღალ დონეზე. იგი გადაწყვეტილებების მიღებისას გამჭვირვალე არ არის, განსაკუთრებით ამ გადაწყვეტილების შესახებ, კანონის ხელახლა შემოტანის შესახებ, როდესაც ყველა ჩვენმა ევროპელმა პარტნიორმა განაცხადა, რომ ეს ეწინააღმდეგება ევროკავშირში მომავალ ინტეგრაციას. ვინ გადაწყვიტა, რომ ეს კანონი ხელახლა უნდა შემოღებულიყო, ამ გადაწყვეტილების მიღება საქართველოში მოხდა თუ ჩვენს საზღვრებს გარეთ, მოსკოვში? გამჭვირვალობის შესახებ ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც ქართველები სვამენ, დიდი რაოდენობით ქართველი სვამს. დღეს უკვე მასიური დემონსტრაციების მესამე დღეა, მშვიდობიანი დემონსტრაციების და მე მოვუწოდებ ხელისუფლებას პირდაპირ თუ არაპირდაპირ აგრესიას არ მიმართოს“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა კანონის მიღების შემთხვევაში ევროკავშირში გაწევრიანების შანსების შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ „ეს არის კანონი, რომელიც ხელისუფლების ზოგიერთი წევრის განზრახვას ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ხელი შეუშალონ“.

„მაგრამ ის, რაც ქუჩებში ხდება, გვაჩვენებს, რომ ხალხს ამ მიმართულებით გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. მთავარი ამოცანა 26 ოქტომბერს, არჩევნებთან ერთად იქნება და ასევე, ეს კანონი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის ხელის შეშლის საშუალებაც არის. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს მოხდება, რადგან საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობა საუკუნეების მანძილზე ჰქონდა გადაწყვეტილი“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა და დასძინა, რომ კანონს ვეტოს დაადებს.

„მე კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ, ისევე როგორც ყველა სხვა კანონის შემთხვევაში ვაკეთებ. რადგან ეს მხოლოდ ერთი არ არის, ეს არის მთელი სტრატეგია, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება. ჩემი ვეტო პარლამენტში დაძლეული იქნება, სადაც უმრავლესობას ეს შეუძლია. მაგრამ ჩემი ვეტო ხალხის ხმაა და ამ ხმის გაგონება ხმამაღლა და ნათლად მოხდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

“გამოვლინდა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაში უსაფუძვლო ჩარევის შემთხვევები” – ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველი 16-17 აპრილის ღამეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავთა მხრიდან ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების ფაქტებს ეხმიანება და მონიტორინგის პირველად შედეგებს ასაჯაროებს.

ომბუდსმენის განცხადებით, ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე გამოვლინდა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაში უსაფუძვლო ჩარევის შემთხვევები. ასევე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულ კადრებში აშკარად იკვეთება სპეციალური დანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება.

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, 11 დაკავებული, რომელიც ლევან იოსელიანმა უშუალოდ მოინახულა, არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე მიუთითებდა და რეაგირებას ითხოვდა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შემაშფოთებელია აქციაზე ცალკეული ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტები, ასევე ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებისთვის საქმიანობის ხელშეშლის ფაქტი.

სახალხო დამცველი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, აღნიშნულ ფაქტებზე დროული და მკაცრი რეაგირება მოახდინოს.

„შეკრების თავისუფლების დარღვევა – ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე გამოვლინდა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაში უსაფუძვლო ჩარევის შემთხვევები. 16 აპრილს საღამოს საათებში მას შემდეგ რაც სამართალდამცავებმა სპეციალური გასასვლელის მოწყობით უზრუნველყვეს პარლამენტის წევრთა ტერიტორიიდან გაყვანა, აქციის მონაწილეებს ეზღუდებოდათ უკანა შესასვლელთან მიახლოებისა და ამგვარი ფორმით პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა; სახალხო დამცველი განმარტავს, რომ შეკრების თავისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი შეკრების ადგილმდებარეობის არჩევის თავისუფლებაა, რასაც განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ადგილი/დაწესებულება პროტესტის ობიექტია ან კონკრეტულ ლოკაციაზე შეხედულებების გამოხატვა ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა აზრისა თუ პროტესტის ადრესატამდე მისაღწევად. აღნიშნული სტანდარტი დაცული უნდა იყოს ყველა შემთხვევაში, თუ სახეზე არ არის კონკრეტული შეზღუდვის დაწესების დაუძლეველი მიზეზი. 16 აპრილის საღამოს საათებში აქციის მიმდინარეობისას სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, რა დროსაც სამართალდამცავების მხრიდან მომიტინგეთა არაძალადობრივი მიახლოების შემთხვევაშიც ხდებოდა ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენება. ასევე გამოიკვეთა მშვიდობიან მონაწილეებზე დადევნების შემთხვევები, ტერიტორიის დატოვების იძულების მიზნით. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ამგვარი ქმედებები ცალსახად წარმოადგენს შეკრების თავისუფლებაში გაუმართლებელ ჩარევას; ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენების შემდეგ, აქციის მონაწილეთა მისამართით გაისმა გამაფრთხილებელი სიგნალი და შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა.

სამინისტროს მხრიდან გაფრთხილების გაჟღერების მომენტისთვის, აქციას ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობდა მონაწილეთა დაშლისკენ მოწოდების საფუძველი. სახალხო დამცველი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ შესაძლო ძალადობის იზოლირებული ინციდენტები არ არის საკმარისი მთლიანი შეკრების ძალადობრივად მიჩნევისთვის. ამგვარ გაფრთხილებას აქვს „მსუსხავი ეფექტი“ შეკრების თავისუფლებით სარგებლობაზე, მას შეუძლია შეაკავოს საერთო იდეებისა და ინტერესების მხარდამჭერი ადამიანები თავიანთი აზრის ღიად გამოხატვისაგან.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ძალის გამოყენების გაუმართლებელი შემთხვევები იწვევს სიტუაციის ხელოვნურ ესკალაციას. სავარაუდო არასათანადო მოპყრობა და დაკავებულების უფლებები – მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულ კადრებში აშკარად იკვეთება სპეციალური დანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება.

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ სამართალდამცავების უფლებამოსილება, გამოიყენონ პროპორციული ძალა სამართალდარღვევის აღსაკვეთად, არ უნდა იყოს გამოყენებული ბოროტად, აქციის მონაწილეთა დასჯისა თუ შეშინების მიზნით და არ უნდა მიიღოს ძალადობრივი ხასიათი. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, გავრცელებულ რამდენიმე კადრში ჩანს სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქეებზე აქტიური ძალადობა, რასაც აუცილებლად უნდა მოჰყვეს დროული და ეფექტიანი გამოძიება.

გარდა ამისა, სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები 16 აპრილის ღამისა და 17 აპრილის დღის განმავლობაში აქტიურად ხვდებოდნენ დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოთავსებულ დაკავებულებს და მოინახულეს 16 აპრილის აქციაზე დაკავებული ყველა პირი. კერძოდ, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მოინახულეს 16 პირი (მათგან ორი მონახულების მომენტისათვის იმყოფებოდა კლინიკაში და აპარატის ინფორმაციით, იყვნენ ხელწერილით გათავისუფლებული). დამატებით, პირადად სახალხო დამცველმა 17 აპრილს მოინახულა 18 დაკავებული პირი, მათ შორის 15 აპრილის აქციაზე დაკავებულები. 16-დან 11 პირი მიუთითებდა არასათანადო მოპყრობაზე, არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე და ითხოვდნენ რეაგირებას. ყველა შემთხვევის შესახებ სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ აცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და აპარატი განახორციელებს გამოძიების ეფექტიანობის მონიტორინგს. გარდა ამისა, 3 პირი მიუთითებდა არასათანადო მოპყრობის გარემოებებზე, თუმცა ითხოვდნენ ინფორმაციის კონფიდენციალურად დაცვას და რეაგირებაზე უარს აცხადებდნენ. ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტები – შემაშფოთებელია აქციაზე ცალკეული ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტები, ასევე ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებისთვის საქმიანობის ხელშეშლის ფაქტი. გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ გამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტ ალექსანდრე ქეშელავას და წაართვეს ტელეფონიც, რომელიც მოგვიანებით დაუბრუნეს. გავრცელებულ ვიდეო კადრში ნათლად ჩანს როგორ ურტყამენ ჟურნალისტს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია „ტაბულას” ჟურნალისტ გიორგი ბადრიძეზე ფიზიკური ძალადობის და ტელეფონის წართმევის და „აპრილი მედიის” ჟურნალისტის გიორგი ბასხაჯაურის ცემისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის თაობაზე. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჟურნალისტებს უნდა მიეცეთ საკუთარი საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების შესაძლებლობა, მათ შორის შეკრების მონაწილეების მხრიდან. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით დასჯადია ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლა. კიდევ უფრო მძიმეა დანაშაული, როდესაც ხდება ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორება მათი საქმიანობიდან გამომდინარე. მსგავსი ფაქტები არსებით საფრთხეს უქმნის ქვეყანაში მედიის თავისუფლების ხარისხს, შეიცავს საშიშ გზავნილს, რომ მედიის წარმომადგენლები, მათი საქმიანობის გამო, შესაძლოა, ანგარიშსწორებას დაექვემდებარონ და ამდენად, მსუსხავი ეფექტის მატარებელია მათ მიერ გამოხატვის თავისუფლების რეალიზებაზე. სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მოახდინოს დროული და მკაცრი რეაგირება ყველა ზემოაღნიშნულ ფაქტზე და უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. საგამოძიებო უწყებების სათანადო რეაგირებას, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება როგორც ინდივიდუალურ შემთხვევებში კანონის უზენაესობის აღსრულებისთვის, ისე, ზოგადად მედიის წარმომადგენლებისა და საპროტესტო აქციის მშვიდობიანი მონაწილეებისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

“კადრებში ჩანს, სააკაშვილის ხელისუფლების დროს რომ მაკავებდნენ, სალომე ზურაბიშვილი ქოლგას ურტყამს პოლიციელებს”

მე როცა მაკავებდნენ, სალომე ზურაბიშვილი კადრებში ჩანს, ქოლგას ურტყამს პოლიციელებს, რომლებიც მიჭერდნენ, – ამის შესახებ ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა გოგა ხაინდრავამ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც 7 ნოემბრის საქმეზე მოწმის სახით დაიკითხა.

ხაინდრავას დაკითხვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

მოსამართლეთა კოლეგიამ, როგორც მოწმე ხაინდრავას, ასევე, მხარეებს შეურაცხყოფისგან თავის შეკავებისკენ და კორექტულობისკენ არაერთხელ მოუწოდა.

ხაინდრავამ 2007 წლის აქციის დარბევა და იმჟამინდელი ხელისუფლების საქმიანობა გაიხსენა.

“ყველაზე დიდი ვნებათაღელვა ამ ვაჟბატონის [მიხეილ სააკაშვილის] მეგობრის, კახა ოქრუაშვილის გადაყენებას მოჰყვა. ამის შემდეგ შეიქმნა ოპოზიციის ეროვნული საბჭო, სადაც ლევან გაჩეჩილაძე და მე ვიყავით. ყველა აქცია საქართველოში ჩვენს მიერ იგეგმებოდა და იმართებოდა.

[ოქრუაშვილმა] მსჯავრდებულ სააკაშვილს დაადო ხელი, რომ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა მან შეუკვეთა. ეს ჩვენება აქვს მას მიცემული [ოქრუაშვილს], ის სააკაშვილის უახლოესი მეგობარი იყო. ეს იყო უპრეცედენტო განცხადება, რომელმაც ქართულ საზოგადოებაზე იმოქმედა, ეს იყო ბანდა და ამას ვხედავდი შიგნიდან… იქ ზურაბ ჟვანიას მოთხოვნით მოვხვდი, სააკაშვილს არც ვიცნობდი, თანამდებობას დავთანხმდი. გასაგები გახდა ჩემთვის, რას წარმოადგენდა ეს ჯგუფი.

ეს იყო კრიმინალების ბანდა, ეს არ იყო ხელისუფლება, რომელიც საკუთარი გამორჩენიდან მოქმედებდა და არა სახელმწიფოს ინტერესებიდან… ცხინვალის ტერიტორიაზე შეჭრის მცდელობა ჰქონდათ, ზურაბ ჟვანიას და ამერიკის ელჩის ჩარევით, ეს აღარ მოხდა“, – განაცხადა ხაინდრავამ.

მისი თქმით, სააკაშვილმა მას სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში “დასწამა ცილი”.

„ვასილ მაღლაფერიძისგან ვიცი, მაშინ გუბერნატორი იყო, 4 ნოემბერს, ვანო მერაბიშვილთან შედგა შეხვედრა, სადაც ჩვენი დასჯა დაიგეგმა, აღნიშნულში მერაბიშვილი, ადეიშვილი, ძმები ახალაიები, ქარდავა, მონაწილეობდნენ, სადაც პირდაპირ დაიგეგმა ჩვენი, იმ მოქალაქეების დასჯა, ვინც ჩვენ მხარს გვიჭერდნენ…. იქ იყო ჯარი, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყვანილი. იქ ნათელი გახდა, რომ ეს მანქანა არ გაჩერდებოდა, ისე იყვნენ აღგზნებული ეს ალქაჯები…. მის [სააკაშვილის] გვერდით უნდა იჯდეს ადეიშვილი, ოქრუაშვილი, მერაბიშვილი, მაგრამ სამწუხაროდ, ვერავის ვხედავ“, – განაცხადა ხაინდრავამ.

ადვოკატის კითხვაზე, მის ბიოგრაფიაში სხვა დროსაც ხომ არ იყო სახელმწიფო გადატრიალების მსგავსი ბრალდება, მაგალითად, ზვიად გადამსახურდიას დროს, ხაინდრავამ ადვოკატებს მიმართა, რომ „რუსეთიდან ისინი არიან და ვინ თანამშრომლობდა რუსეთთან, ეს ფაქტებით ჩანს“.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.

“83-მა დეპუტატმა ხელი მოაწერა ქვეყნის გაყიდვას და ისინი სამარცხვინო სიაში უნდა შევიყვანოთ” – თამარ კორძაია

დღეს, საქართველოს ახალგაზრდებს გადაახიეს დამოუკიდებლობის მონაპოვარი, რომელიც 35 წლის წინ 9 აპრილს მოიპოვეს ახალგაზრდებმა – ეს ბრძოლა ისევ ახალგაზრდებისაა, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღეს კანონის ხელმოწერით 83-მა დეპუტატმა ღალატს მოაწერა ხელი.

„რა უნდა ვუთხრათ მათ შვილებს, ვინც აქ სისხლი დაღვარა, რათა დამოუკიდებელი სახელმწიფო ვყოფილიყავით? ამიტომ, ეს ბრძოლა ისევ ახალგაზრდებისაა, რომელთან ერთადაც ვართ. ხვალ თავი დასახრელი არ უნდა გვქონდეს. უნდა ვიბრძოლოთ, რათა ეს ქვეყანა რუსეთი არ გახდეს. ყველა ახალგაზრდა, ყველა დედა, რომელიც გუშინ უყურებდა როგორ სცემდნენ მათ შვილებს; როგორ მიერეკებოდა ეს რუსი ხელისუფლება ქართველ ახალგაზრდებს – უნდა ვიდგეთ აქ და არ დავუთმოთ ჩვენი შვილების მომავალი. რაც აქ ხდება, კატასტროფაა, ქვეყნის გაყიდვა. 83-მა დეპუტატმა ხელი მოაწერა ქვეყნის გაყიდვას და ისინი სამარცხვინო სიაში უნდა შევიყვანოთ“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

ცნობისთვის, პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 83 ხმით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის კენჭისყრას სამდღიანი ხმაურიანი საკომიტეტო და სასესიო განხილვა უძღოდა წინ.

“დემოკრატიულ ქვეყანაში ნებისმიერი მხრიდან ძალადობა მიუღებელია, ვიმედოვნებ, ეს არ მოხდება საქართველოში”

ძალადობა მიუღებელია. ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლებას, დემოკრატიულ ქვეყანაში ნებისმიერი მხრიდან ნებისმიერი ფორმის ძალადობა მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომელსაც კითხვა დაუსვეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციაზე ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტზე თავდასხმასთან დაკავშირებით.

ელჩს ასევე ჰკითხეს: როგორ შეაფასებდა, რომ „მოხდა წიწაკის სპრეის გამოყენება და იყო სამართალდამცველთა მხრიდან აქციის მონაწილეებზე ძალადობის ფაქტები“. პაველ ჰერჩინსკიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ნებისმიერი მხრიდან ძალადობა მიუღებელია.

„გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ ნებისმიერი მხრიდან რაიმე საბაბით ძალადობა მიუღებელია. გულწრფელად ვიმედოვნებ, ეს არ მოხდება საქართველოში“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.