Home Blog Page 1090

“მე ალეკო ელისაშვილს ჭკუას ვერ დავარიგებ, უკვე დიდია, მაგრამ ვურჩევ, რომ ბოდიშის მოხდა არის საჭირო!”

ეს იყო ლაჩრული თავდასხმა კოლეგაზე! – მას ვურჩევ და ვეტყვი, რომ ბოდიშის მოხდა არის საჭირო! – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რითაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მომხდარ შემთხვევას გამოეხმაურა, როცა „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, სადაც მთავრდება არგუმენტები, სწორედ იქ იწყება აგრესია და ძალადობა.

„მინდა გამოვეხმაურო, გუშინ, საკომიტეტო მოსმენაზე მომხდარ ფაქტს. ცხადია, სადაც მთავრდება არგუმენტები, სწორედ იქ იწყება აგრესია და ძალადობა. ძალადობის ამ ფაქტმა სწორედ ეს დაადასტურა ოპოზიციის მხარეს. მამუკა მდინარაძემ ამ აგრესიასა და თავდასხმას უკვე უპასუხა ღირსეულად. აჩვენა, რომ ქვეყანა არის უპირველესი და ის, რაც ჩვენ გვევალება და ამომრჩეველმა დაგვავალა, არის უპირველესი. არა პირადი ემოციები, არა აგრესია, არა თავზე კონტროლის დაკარგვა, არამედ ღირსება, სიმშვიდე და პროფესიონალიზმი არის უპირველესი. მან უკვე გასცა ამას პასუხი, მაგრამ მეც მინდა გამოვეხმაურო მომხდარს. ეს იყო ლაჩრული თავდასხმა კოლეგაზე. რა მაგალითი მისცა ალეკო ელისაშვილმა ბავშვებს, როგორ დარჩება ეს ფაქტი ისტორიაში, რა მაგალითი მისცა ჩვენს მტრებსაც, ვისაც პარლამენტის ასეთი შეურაცხყოფა და ღირსების შელახვა ნამდვილად გაუხარდებათ? მე მას ჭკუას ვერ დავარიგებ, უკვე დიდია, მაგრამ ვურჩევ და ვეტყვი, რომ ბოდიშის მოხდა არის საჭირო!“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, გუშინ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე წარადგენდა, „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ტრიბუნასთან მივარდა და მას ხელი დაარტყა.

“ვინც ახალისებს ელისაშვილის მოქმედებას, ზუსტად ის არის წამახალისებელი ქვეყანაში არეულობის, რადიკალიზმის, რევოლუციური სცენარების”

„ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ალექსანდრე ელისაშვილის მიერ მამუკა მდინარაძეზე თავდასხმას გამოეხმაურა.

„ვინც ახლა ახალისებს ელისაშვილის ამ მოქმედებას, ზუსტად ის არის წამახალისებელი ქვეყანაში არეულობის, რადიკალიზმის, რევოლუციური სცენარების. ამას ვამბობთ ზუსტად, რომ არასამთავრობო სექტორი, რომელიც გუშინ გაჩუმებული იყო, ხმა არ ამოუღიათ ელისაშვილის უმსგავსო საქციელზე. კლასიკური მაგალითი იყო მათი დუმილი“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დეტალები დეპუტატებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გააცნო. კითხვებზე პასუხის გაცემის პროცესში კანონპროექტის განხილვა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ალეკო ელისაშვილი მამუკა მდინარაძეს სიტყვით გამოსვლისას თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, რაიმე ხელშესახები მტკიცებულება უნდა წარმოადგინოს -შალვა პაპუაშვილი

ჩვენ დღემდე განმარტებას ველოდებით ნიკა გვარამიას მოსამართლე ჩხიკვაძის თაობაზე ამერიკის საელჩოსგან. განმარტება უნდა იყოს, რასთან გვქონდა საქმე, რატომ იყო მოსამართლეზე ზეწოლა უცხო ქვეყნის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლის მხრიდან და ეს წარმოადგენს როგორც ვენის კონვენციის დარღვევას, ასევე საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედებას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის მიერ სანქცირებულ ქართველ მოსამართლეებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას. მილერის თქმით, მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, გადადგას ნაბიჯები „კორუმპირებული აქტორების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების უზრუნველსაყოფად“.

პაპუაშვილმა მილერის საპასუხოდ აღნიშნა, რომ საბოლოო ჯამში, სტრასბურგის მიერ გაირკვა, რომ ეს ზეწოლა ეფუძნებოდა მცდარ არგუმენტებს თუ მოსაზრებებს.

„მცდარიც იყო და ამავე დროს იყო მიღმა პარტნიორული ურთიერთობებისა. ამ ზეწოლის შედეგად, რომელიც მოახდინა ამერიკის საელჩოს რამდენიმე თანამშრომელმა მოახდინა მოსამართლეზე და რომელმაც სამიზნე გახადა მორალური ტერორის ენჯეოებისა და ოპოზიციის მხრიდან, ამ მორალური ტერორის შედეგად ჯანმრთელობის ზიანი განიცადა მისმა მცირეწლოვანმა შვილმა. სანამ განმარტებას, წუხილს და ბოდიშს არ მოვისმენთ მოსამართლისა და მისი ოჯახის მიმართ, რომ ამერიკის საელჩოს ქმედებების გამო მორალური ტერორის წინაშე აღმოჩნდა საქართველოს მოქალაქე და მისი მოსამართლე, რა თქმა უნდა, ეს განმარტებები უნდა მოვისმინოთ. ფაქტია, რომ ამერიკის საელჩოს თანამშრომლები მოსამართლესთან მივიდნენ და მას ანგარიში მოსთხოვეს. ამით ის ადამიანი და მისი ოჯახი მორალური ტერორის ობიექტი გახადეს. ამან ზიანი გამოიწვია მისი არასრულწლოვანი შვილის. არგუმენტებია მოცემული, რომ ამერიკის საელჩოს განმარტებებს დაველოდოთ. ჯერ განმარტებები უნდა მოვისმინოთ. რაც შეეხება სანქციებს, უკვე ამ საკითხზე მსჯელობა არასერიოზულია, რადგან არაერთხელ ითქვა, რომ ერთი ფაქტი მაინც მიგვაწოდონ, აქაც დოგმებია, დოგმის დონეზე გვეუბნებიან, რომ ვიღაც ავტორიტეტმა თქვა და ამიტომ გამოძიება უნდა დაიწყოს. სახელმწიფო ასე არ მუშაობა. საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, რაიმე ხელშესახები მტკიცებულება უნდა წარმოადგინოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

“დღეს, სასესიო დარბაზში არ არის ჩვეულებრივი კანონის განხილვა” – ხატია დეკანოიძე

როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს, რომ საბოლოოდ უარი თქვას ევროინტეგრაციაზე – ყველა ის ადამიანი, ვინც ამ კანონპროექტის კენჭისყრაზე ხელს დააჭერს მწვანე ღილაკს, საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოს ევროინტეგრაცია დაბრკოლდეს.

„ბიძინა ივანიშვილსა და მისი პარტიის წარმომადგენლებს გასაგებად გასცა პასუხი გუშინ ქართველმა ხალხმა იმ დემაგოგიური განცხადებების შემდეგ, რომელიც ისმოდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე. გუშინ კომიტეტზე და დღეს, სასესიო დარბაზში არ არის ჩვეულებრივი კანონის განხილვა. ეს გეოპოლიტიკური არჩევანია, რომელიც, სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ ევროინტეგრაციის საწინააღმდეგოდ აირჩია. ქართველი ხალხი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ახალგაზრდები, ყველა ის ადამიანი, ვისაც სჯერა და სწამს ამ ქვეყნის მომავლის, ცალსახად ეუბნება „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს, რომ ამ კანონის მიღება შექმნის ძალიან სერიოზულ დაბრკოლებას საქართველოსთვის ევროინტეგრაციის მიმართულებით. როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს, რომ საბოლოოდ უარი თქვას ევროინტეგრაციაზე. ჩემს დასმულ კითხვებზე, რომელიც შეეხებოდა იმას, არის თუ არა „ოცნება“ მზად, ამ კანონის სანაცვლოდ უარი თქვას ევროკავშირზე, პასუხი ვერ მოვისმინე. როგორც ჩანს, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული აქვს ბიძინა ივანიშვილს. თუ დღეს სესიაზე განსახილველად და კენჭისყრაზე გამოიტანეს კანონპროექტი, ყველა ის ადამიანი, ვინც ხელს დააჭერს მწვანე ღილაკს, იქნება საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო. გუშინდელ არგუმენტებს რაც შეეხება, არგუმენტები იყო საკმარისზე მეტი, რომელიც შეეხებოდა როგორც ევროსასამართლოს, ისე ვენეციის კომისიის გადაწყვეტილებას; ასევე ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას, რომელიც გუშინ იდგა საქართველოს პარლამენტთან და სკანდირებდა – „არა რუსულ კანონს“. არცერთი ამ გადაწყვეტილების მოსმენა არ უნდა „ქართულ ოცნებას“, რადგან ისინი აკეთებენ ყველაფერს, რათა საქართველოს ევროინტეგრაცია დაბრკოლდეს, შეჩერდეს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისინი არიან საკუთარი ქვეყნის დამაბრკოლებლები და პრობლემა განვითარებისთვის. ამიტომ ჩვენი პოლიტიკური ჯგუფი გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ქართველმა ხალხმა გაიგოს, რამდენად მძიმეა ეს კანონი საქართველოს მომავლისთვის. ყველას უნდა ესმოდეს შედეგები, რომელიც ამ კანონის მიღების შემდეგ დადგება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ყველაზე მარტივია, NED-ის ყველა პროექტი გაასაჯაროონ, ხომ ყველაფერი გამჭვირვალეა? -შალვა პაპუაშვილი

შინაარსობრივად არგუმენტები არ არსებობს, რატომ არ შეიძლება და უფლება არ აქვს ქართველ ხალხს, ისევე იზრუნოს საკუთარ ეკონომიკურ-პოლიტიკურ უსაფრთხოებაზე, უცხოური გავლენების გამჭვირვალეობაზე, როგორც ამას აკეთებს ფრანგი, ინგლისელი, თუ გერმანელი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის 16 ქვეყანაშია სხვადასხვა კანონმდებლობა, რომელიც გამჭვირვალეობის და ლობისტური საქმიანობის რეგულაციებს ეხება.

„ის, რაც დასაშვებია იუპიტერისთვის, დასაშვები არ არის ხარისთვის. უკვე სერიოზული აღარც არის, ამაზე მსჯელობა. იქაც დოგმების დონეზეა ყველაფერი დასული, შინაარსში შესვლა მინიმალურია. შინაარსობრივად არგუმენტები არ არსებობს, რატომ არ შეიძლება და უფლება არ აქვს ქართველ ხალხს, ისევე იზრუნოს საკუთარ ეკონომიკურ-პოლიტიკურ უსაფრთხოებაზე, უცხოური გავლენების გამჭვირვალეობაზე, როგორც ამას აკეთებს ფრანგი, ინგლისელი, თუ გერმანელი. ევროკავშირის 16 ქვეყანაშია სხვადასხვა კანონმდებლობა, რომელიც გამჭვირვალეობის და ლობისტური საქმიანობის რეგულაციებს ეხება. სულ უფრო იმატებს საჭიროება ასეთი კანონმდებლობის. ეს გასაგებიცაა, რადგან ახლა ჩვენ ვცხოვრობთ ჰიბრიდული ომების ეპოქაში, სადაც მთავარი იარაღი არის უხილავი გავლენები და დეზინფორმაცია. ამას ცდილობს ყველა საზოგადოება საკუთარი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე რომ უპასუხოს.

მსგავს კანონებს თუ ვნახავთ, რომელიც ლობისტურ საქმიანობას, უცხოური დაფინანსების გამჭვირვალეობას ეხება, ჩვენი კანონპროექტი არის ყველაზე მინიმალური რეგულაციით. ორგანიზაციებს მხოლოდ ერთი ვალდებულება აქვთ, წელიწადში ერთხელ დეკლარაცია შეავსონ. რა გახდა უსაშველო? ამას აკეთებს ხუთი ათასი საჯარო მოხელე, ყველა საჯარო დაწესებულება, რომელთა ბიუჯეტი გამჭვირვალეა. ერთადერთია ეს სექტორი, რომელიც ფინანსების დაფარვას ცდილობს. რეაქციები აჩვენებს ეჭვს, რომ დასამალი ბევრია. განსაკუთრებით აგრესიული ვინც არის არასამთავრობო სექტორიდან და მედიიდან, ოპოზიციიდან, თუ დააკვირდებით, ყოველთვის კვალს მიაგნებთ „ევროპის დემოკრატიული ფონდის“, ასევე „დემოკრატიის ნაციონალური ფონდის“ დაფინანსების. ამ ორი ფონდის კვალს ყველგან მიაგნებთ. ერთგვარი ტესტია – როგორც კი დაინახავთ რადიკალ „ენჯეოშნიკს“, მედიის წარმომადგენელს, ან ოპოზიციონერს, ჩაეძიეთ, მიიკითხ-მოიკითხეთ, რაღაცას გაარკვევთ, ვიღაც რაღაცას გეტყვით და ყოველთვის კვალს მიაგნებთ – „დემოკრატიის ეროვნული ფონდსა“ (NED) და „ევროპის დემოკრატიის ფონდს“ (EED).

ეს ორი ორგანიზაციაა, ვის მიმართაც საუბარი მქონდა, მათ შორის დიპლომატებთან და თავად დონორთან. დაპირებები იყო, რომ გამჭვირვალე იქნებოდა. ახლა რას ვხედავთ? – ორი კვირა გავიდა, რაც პროექტი ინიცირებულია. თუ ყველაფერი უპრობლემოა, ამ ორგანიზაციებმა გაასაჯაროონ, რატომ არ ასაჯაროებენ, საკუთარი პროექტების სიას? რა პრობლემაა? ორი-სამი კვირაა ნერვებს იშლის „ენჯეო“ სექტორი, მედია, უცხოელი აქტორი და ამ ნერვების შლას, Ned-ის და EED-ს პროექტების სია დადონ. რას მალავენ? – ატვირთონ, რა პროექტებს აფინანსებდნენ და აფინანსებენ საქართველოში. ყველა რადიკალური ჯგუფის უკან ეს ორი ორგანიზაცია დგას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ექვსი განცხადების გაკეთების ნაცვლად, უფრო მარტივი იქნებოდა, გააკეთონ ის, რაც მათზეა დამოკიდებული, რომ გაასაჯაროონ „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ (NED) ყველა პროექტი.

„ყველაზე მარტივი ხომ არის, რომ „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ (NED) ყველა პროექტი გაასაჯაროონ. ის დაფინანსებულია აშშ-ის ბიუჯეტიდან, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტი იქნება ამ საკითხებში ჩართული. ექვს განცხადებას, უფრო მარტივი არაა, თქვან, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა და აი, აქ დევს NED-ის დაფინანსება. რატომ არ ასაჯაროებენ? ხომ უმარტივესი კითხვაა? ხომ ყველაფერი გამჭვირვალეა? ხომ ამბობენ, რომ ქართველი ხალხის სიკეთისთვის აკეთებენ ამ ყველაფერს, არაფერი დასამალი არაა და ეს მეგობრული ფულია. რატომ არის საჯაროობის შიში? ეს ყველაფერი არის არა არგუმენტები, არამედ დოგმები, რომ გადაგვახვევინებს თუ არა [ევროინტეგრაციის გზიდან]. წარმოდგენაც კი შეუძლებელია, საერთოდ როგორ აღმოვჩნდით ასეთ მდგომარეობაში, რომ ასეთ მარტივ ჭეშმარიტებებზე გვიწევს საუბარი, რომ რაღაც იყოს საჯარო. გუშინ კომიტეტის სხდომაზე ხომ ვნახეთ, რომ ყველა თანხმდება, რომ უნდა იყოს საჯარო – ყველა თანხმდება, ენჯეოებიც და ოპოზიციაც. მეორე კითხვა – რატომ არ არის საჯარო? ექვსი განცხადების ნაცვლად, უფრო მარტივი იქნებოდა, გააკეთონ ის, რაც მათზეა დამოკიდებული. კანონის მიღება ან არ მიღება ხომ არ არის მათზე დამოკიდებული. მათზეა დამოკიდებული ის, რომ თქვან, ყველაფერი არის გამჭვირვალე, – აი, ეს არის NED-ის დაფინანსება. სხვათა შორის, ეს ფონდი პირადად მე რამდენჯერმე დამპირდა, რომ გაასაჯაროებდა ამას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

“ირანის წინააღმდეგ უმცირეს ქმედებასაც კი მკაცრი, ფართო და მტკივნეული პასუხი მოჰყვება” – ებრაჰიმ რაისი

ირანი უპასუხებს ნებისმიერ ქმედებას, რომელიც მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ იქნება მიმართული, – ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისმა განაცხადა.

„კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ირანის ინტერესების წინააღმდეგ უმცირეს ქმედებასაც კი, რა თქმა უნდა, მოჰყვება მკაცრი, ფართო და მტკივნეული პასუხი ნებისმიერი დამნაშავის წინააღმდეგ”, – განაცხადა რაისმა.

ამასთან, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალი ბაგერი კანიმ ადგილობრივ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ თეირანის კონტრშეტევა ისრაელის ნებისმიერი ქმედების შემდეგ “წამების საკითხი იქნება და ირანი პასუხისთვის კიდევ 12 დღეს არ დაელოდება“.

შეგახსენებთ, გუშინ, ისრაელის ომის კაბინეტმა ირანის წინააღმდეგ საპასუხო იერიშის ვარიანტები განიხილა. ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ჰერცი ჰალევიმ განაცხადა, რომ ქვეყანა ირანის სარაკეტო და უპილოტო შეტევას უპასუხებს.

შეგახსენებთ, ისრაელის მიერ 1-ელ აპრილს სირიაში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, ირანმა შაბათს ღამით ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა.

პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დაემატა – საკითხი განსახილველად პირველი მოსმენით გადის

პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დაემატა. საკითხი განსახილველად პირველი მოსმენით გადის.

მასთან ერთად, პარლამენტს განსახილველად ორი ალტერნატიული საკანონმდებლო პაკეტი – “ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ” პროექტი და “სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, ასევე – “გრანტების შესახებ“ კანონსა და “ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებები წარედგინება.

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის პროექტის ავტორი და ინიციატორია ფრაქცია “ქართული ოცნება”. ის შინაარსით გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების შედეგად “ჩაგდებული” პროექტის ანალოგიურია.

კანონპროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით”, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა – კერძოდ კი, 20%-ზე მეტი – უცხოეთიდან არის მიღებული. კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად” მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.

რაც შეეხება ალტერნატიულ კანონპროექტებს, ის საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “საქართველოსთვის“ წევრების მიერ არის ინიცირებული. “ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ” პროექტით განისაზღვრება ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის ფედერაციის ძალა, ოკუპანტი ქვეყნის გავლენის აგენტი, ხოლო ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და მის სასარგებლოდ ისეთი საქმიანობები იკრძალება, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანებას, მათ შორის – ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის ხელის შეშლას.

„გრანტების შესახებ“ კანონსა და “ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებებით, რაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის კიდევ ერთი ალტერნატივაა, ნებისმიერი როგორც ქართული, ასევე უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული გრანტის მიმღები ვალდებული იქნება შესაბამის ორგანოს წარუდგინოს საქმიანობის წლიური ანგარიში საანგარიშო წლის დასრულებიდან სამი თვის ვადაში. წლიური ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას გრანტის მიმღების მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული თითოეული გრანტის შესახებ, მათ შორის გრანტის გაცემის მიზანი, მოცულობა და სხვა ძირითადი მოთხოვნების შესახებ, რომელიც ასახულია საგრანტო ხელშეკრულებაში.

“მამუკა მდინარაძეზე თავდასხმა წინასწარ დაგეგმილი აქტი იყო” – შალვა პაპუაშვილი

არ ვიცი, ვისი დაკვეთა იყო, მაგრამ ფაქტია, მამუკა მდინარაძეზე თავდასხმა წინასწარ დაგეგმილი აქტი იყო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, აუხსნელია, რა შეიძლებოდა ყოფილიყო თავდასხმის მოტივი.

„აქ ორი მომენტია მნიშვნელოვანი, ერთი, რომ შევეცადოთ, ავხსნათ ეს საქციელი. პრობლემა არ არის შეფასებაში, გასაგებია, რომ არის თავდასხმა, ძალადობა, მაგრამ უფრო პრობლემურია იმის ახსნა, რატომ მოხდა და მოხდა ამ ფორმით თავდასხმა. შემდეგ ვნახეთ შეგულიანებები, მათ შორის, მედიის საშუალებითაც, რომლებიც ამ ფაქტის პოზიტიურ ჭრილში წარმოდგენას ახდენდნენ. ვფიქრობ, ამან გააჩინა ეჭვები და გააღრმავა აღქმა, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი. არ ვიცი, ვისი დაკვეთა იყო, მაგრამ ფაქტია, იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი, ზუსტად ამ ფორმით და ამ სახით. ყოფილა სხვადასხვა შემთხვევა პარლამენტში, მაგრამ რთულია, რაიმე შეფასება მოუძებნო ასეთი ფორმით, სახით თავდასხმას, რომელიც უპირველეს ყოვლისა, კითხვებს აჩენს თავად თავდამსხმელთან დაკავშირებით. მთავარი პრობლემა არის, როდესაც ცდილობ ახსნას, რა იყო ამ საქციელის განმაპირობებელი. ერთადერთი ახსნა არის ის, რომ გარკვეული დაკვეთა იყო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

“სამარცხვინო ზურაბიშვილი გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით ამბობდა, რომ პოლიცია და „სპეცნაზი“ მობილიზებული იყო, რათა გასწორებოდნენ მოქალაქეებს” – ნინო წილოსანი

სამარცხვინო ზურაბიშვილი გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით ამბობდა, რომ პოლიცია და „სპეცნაზი“ მობილიზებული იყო, რათა გასწორებოდნენ მოქალაქეებს – ამის საპირისპიროდ, პოლიცია ღირსეულად და მშვიდობიანი ფორმით მართავდა პროცესებს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

ნინო წილოსანი აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილი გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით დრამატულ შედეგებს აანონსებდა, „ამის საპირისპიროდ აქცია ყოველგვარი გამწვავების გარეშე დასრულდა“.

წილოსანის თქმით, სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური პროცესების პროვოცირებისთვის და ესკალაციისთვის ყველაფერს აკეთებს.

„სამარცხვინო სალომე ზურაბიშვილი გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით დრამატულ შედეგებს აანონსებდა, ამბობდა რომ პოლიცია და „სპეცნაზი“ მობილიზებული იყო, რათა გასწორებოდნენ მოქალაქეებს. ამის საპირისპიროდ, პოლიცია ღირსეულად და მშვიდობიანი ფორმით მართავდა პროცესებს, აქციაც ყოველგვარი გამწვავების გარეშე დასრულდა.

ეს პრეზიდენტის პოსტიდან გადაყენებული პირი, რომელიც ადგილს მხოლოდ იმიტომ იკავებს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეიფარა, პოლიტიკური პროცესების პროვოცირებისთვის და ესკალაციისთვის ყველაფერს აკეთებს. ეს მის ქმედებებში ახალი თავია“, – წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „საქართველო თავიდან გასაბჭოებას არ შეურიგდება“.

„სამოქალაქო საზოგადოების მასობრივი მშვიდობიანი დემონსტრაცია თბილისში „რუსული კანონის“ წინააღმდეგ. სპეცრაზმი წყლისა და გაზის ჭავლებით მზად არის, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც თავიანთ ევროპულ მომავალს იცავენ, მოქმედებაზე გადავიდეს. დაკავებები მიმდინარეობს. საქართველო თავიდან გასაბჭოებას არ შეურიგდება!“, – წერს X-ზე სალომე ზურაბიშვილი.

 

 

“არ დავუშვებთ არჩევნების მოპარვას!” – ბექა ლილუაშვილი

გუშინ ხელისუფლებამ არ გამოიყენა ჩვენ მიერ შეთავაზებული გამოსავალი და ჩააგდო ჩვენი ალტერნატიული პროექტები – ეს იყო ერთიანობის უნიკალური შანსი მომიტინგეების და ხელისუფლების გაერთიანების და ერთად ევროპისკენ სვლისთვის, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ლილუაშვილის თქმით, მათი პარტიის მიერ შეთავაზებული ალტერნატიული პროექტის არ გამოყენებით გამოჩნდა რომ „ ქართული ოცნების“ მიზანი „საზოგადოების გახლეჩა, რადიკალიზება და არჩევნების მოპარვის მცდელობაა.“

„მადლობა თითოეულ მოქალაქეს, ახალგაზრდებს, რომლებიც გუშინ აქციაზე იდგნენ და იცავდნენ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს. ხალხმა ხელისუფლების მიერ მათი ხელოვნურად დაპირისპირების მცდელობას, უპასუხა ერთიანობით, ზუსტად ერთიანობით უნდა მივიდეთ არჩევნებამდე და დავიცვათ ქვეყნის მომავალი, რაც არჩევნების დაცვაზე გადის.

გუშინ ხელისუფლებამ არ გამოიყენა ჩვენ მიერ შეთავაზებული გამოსავალი და ჩააგდო ჩვენი ალტერნატიული პროექტები. ეს იყო ერთიანობის უნიკალური შანსი მომიტინგეების და ხელისუფლების გაერთიანების და ერთად ევროპისკენ სვლისთვის. ამის არ გამოყენებით გამოჩნდა, რომ „ოცნების“ მიზანი საზოგადოების გახლეჩა, რადიკალიზება და არჩევნების მოპარვის მცდელობაა.

ახლაც ხელისუფლება ცდილობს არჩევნების მოპარვას. დღეს „ოცნება“, სატელიტებთან ერთად, კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს არჩევნების გაყალბებისკენ. მიმდინარე პროტესტის ფონზე მიმდინარეობს ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევა; ცესკოს საბოლოოდ დაქვემდებარებით და ადგილობრივი ფეოდალების გაძლიერებით კანონში, კიდევ უფრო ნათელს ხდის „რუსული კანონის“ მიღების მიზანსაც: ამ კანონის მიღებით, ხელისუფლება გეგმავს ჩვენი პარტნიორები მტრად გამოაცხადოს, მათი რეპუტაციის შტურმით – სცადოს მოპარული არჩევნების შედეგების „გაპრავება“.

დღეს გამოჩნდება ვინ მიიღებს მონაწილეობას არჩევნების მოპარვაში მცდელობაში და გააკეთებს არჩევანს ევროპის საწინააღმდეგოდ და ოკუპანტის სასარგებლოდ.

ჩვენ, არ დავუშვებთ არჩევნების მოპარვას! დღეს კიდევ უფრო ნათელია, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი არჩევნების დაცვაზე გადის და როგორი და რამდენი კანონიც არ უნდა მიიღოს „ოცნებამ“ არჩევნებამდე დარჩენილ მოკლე დროში, ის უკვე დამარცხებულია.

საქართველო უკვე ევროპაა. არა – რუსეთს“, – აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

2024 წლის „საქართველოს მთიანი რეგიონების სკოლებში მეცნიერების პოპულარიზაცია და სამეცნიერო კვლევის სტიმულირება” საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

გამოცხადდა   2024 წლის „საქართველოს მთიანი რეგიონების სკოლებში მეცნიერების პოპულარიზაცია და სამეცნიერო კვლევის სტიმულირება” საგრანტო კონკურსი.
კონკურსის მიზანია საქართველოს მთიანი რეგიონების სკოლებში მეცნიერების პოპულარიზაცია, სამეცნიერო კვლევების სტიმულირება, საჯარო სკოლების უფროსკლასელებში კვლევითი უნარ-ჩვევების გამომუშავება, პედაგოგთა მოტივაციის ამაღლება მოსწავლეთა კვლევებში ჩასართავად, მეცნიერთა, მათ შორის, ახალგაზრდა მეცნიერთა ინტერესის გაზრდა სასკოლო პროცესში მონაწილეობისათვის, სასწავლო პროცესში ისეთი სიახლეების დანერგვა, რომლებიც ხელს შეუწყობს სკოლის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდას, გაზარდოს  მოსწავლეების დაინტერესება მეცნიერებისადმი.
დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ  გთხოვთ, იხილოთ ფონდის ვებგვერდზე: https://shorturl.at/bcozM

“Hey Matthew, are you kidding my friend?” – ირაკლი ზარქუა მეთიუ მილერის განცხადებაზე

Hey Matthew, are you kidding my friend? (სალამი მეთიუ, ხუმრობ ჩემო მეგობარო?) – საქართველოში, სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა არის 50%-ზე მეტი. თქვენს ქვეყანაში, ამერიკაში, მხოლოდ 25 % გენდობათ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ზარქუამ აღნიშნა, საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლოს მოსამართლეები დასანქცირდნენ და დღემდე ელოდებიან მიზეზების დასაბუთებას.

„Hey Matthew, are you kidding my friend? რაზეა საუბარი? საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლოს მოსამართლეები დასანქცირდნენ, დღემდე ველოდებით კონკრეტულად რის საფუძველზე. შეგახსენებთ, კიდევ ერთ „ქეისს“, მოსამართლე ჩხიკვაძე, რომელიც დაასანქცირეს იმიტომ, რომ გადაწყვეტილება მიიღო გვარამიასთან დაკავშირებით, რომელმაც რამდენიმე მილიონი მოჰპარა „რუსთავი 2“-ს. ეს თემა შემდეგ გასაჩივრდა სტრასბურგში. სტრასბურგმა თქვა, რომ საერთოდ განხილვაშიც არ მივიღებთ, იმიტომ რომ ჩხიკვაძის გადაწყვეტილება სამართლიანი და ობიექტური იყო. ბოდიში უნდა მოგეხადათ თქვენ და საელჩოს, ვინც „აბულინგებდით“ ამ მოსამართლეებს და მისი ოჯახის წევრებს. რა კანონის უზენაესობაზე საუბრობთ? მათ შორის თქვენი კვლევებით, საქართველოში კანონის უზენაესობით ევროკავშირის 7 სახელმწიფოს უსწრებს, მათ შორის ნატო-ს 11 სახელმწიფოს. საქართველოში, სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა არის 50%-ზე მეტი. თქვენს ქვეყანაში, ამერიკაში, მხოლოდ 25 % გენდობა. What are talking about my friend? გაოგნებული ვარ“,- აღნიშნა ზარქუამ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი სანქცირებულ ქართველ მოსამართლეებთან დაკავშირებით მოუწოდებს „ხელისუფლებას, რომ კორუმპირებული აქტორების პასუხისგებაში მიცემის მიზნით ნაბიჯები გადადგას“.

„სანქციები დაწესდა, რათა იმ ბოროტი აქტორებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ხელი შეუწყოს, რომლებმაც დაუსჯელობით ისარგებლეს, ასევე, [დაწესდა] ქართულ საზოგადოებასა და სასამართლო სისტემაში კანონის უზენაესობის შელახვისთვის გაწეული სამუშაოსთვის. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებასთან კომუნიკაციას, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ კორუმპირებული აქტორების პასუხისგებაში მიცემის მიზნით ნაბიჯები გადადგას“, – აღნიშნა მეთიუ მილერმა.