როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს, რომ საბოლოოდ უარი თქვას ევროინტეგრაციაზე – ყველა ის ადამიანი, ვინც ამ კანონპროექტის კენჭისყრაზე ხელს დააჭერს მწვანე ღილაკს, საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოს ევროინტეგრაცია დაბრკოლდეს.
„ბიძინა ივანიშვილსა და მისი პარტიის წარმომადგენლებს გასაგებად გასცა პასუხი გუშინ ქართველმა ხალხმა იმ დემაგოგიური განცხადებების შემდეგ, რომელიც ისმოდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე. გუშინ კომიტეტზე და დღეს, სასესიო დარბაზში არ არის ჩვეულებრივი კანონის განხილვა. ეს გეოპოლიტიკური არჩევანია, რომელიც, სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ ევროინტეგრაციის საწინააღმდეგოდ აირჩია. ქართველი ხალხი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ახალგაზრდები, ყველა ის ადამიანი, ვისაც სჯერა და სწამს ამ ქვეყნის მომავლის, ცალსახად ეუბნება „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს, რომ ამ კანონის მიღება შექმნის ძალიან სერიოზულ დაბრკოლებას საქართველოსთვის ევროინტეგრაციის მიმართულებით. როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს, რომ საბოლოოდ უარი თქვას ევროინტეგრაციაზე. ჩემს დასმულ კითხვებზე, რომელიც შეეხებოდა იმას, არის თუ არა „ოცნება“ მზად, ამ კანონის სანაცვლოდ უარი თქვას ევროკავშირზე, პასუხი ვერ მოვისმინე. როგორც ჩანს, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული აქვს ბიძინა ივანიშვილს. თუ დღეს სესიაზე განსახილველად და კენჭისყრაზე გამოიტანეს კანონპროექტი, ყველა ის ადამიანი, ვინც ხელს დააჭერს მწვანე ღილაკს, იქნება საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო. გუშინდელ არგუმენტებს რაც შეეხება, არგუმენტები იყო საკმარისზე მეტი, რომელიც შეეხებოდა როგორც ევროსასამართლოს, ისე ვენეციის კომისიის გადაწყვეტილებას; ასევე ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას, რომელიც გუშინ იდგა საქართველოს პარლამენტთან და სკანდირებდა – „არა რუსულ კანონს“. არცერთი ამ გადაწყვეტილების მოსმენა არ უნდა „ქართულ ოცნებას“, რადგან ისინი აკეთებენ ყველაფერს, რათა საქართველოს ევროინტეგრაცია დაბრკოლდეს, შეჩერდეს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისინი არიან საკუთარი ქვეყნის დამაბრკოლებლები და პრობლემა განვითარებისთვის. ამიტომ ჩვენი პოლიტიკური ჯგუფი გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ქართველმა ხალხმა გაიგოს, რამდენად მძიმეა ეს კანონი საქართველოს მომავლისთვის. ყველას უნდა ესმოდეს შედეგები, რომელიც ამ კანონის მიღების შემდეგ დადგება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.